ღია და გამჭვირვალე მმართველობის საპარლამენტო საბჭოს გასვლითი შეხვედრა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 30 იანვარი 2017

ავტორი: ნატალია ვარაზი

 

2017 წლის 18 იანვარს, სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომში“ გაიმართა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი გასვლითი შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა საპარლამენტო ღიაობის საკითხები და სამომავლო ნაბიჯები.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ახლადარჩეული წევრები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გახსნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა, საბჭოს ახალმა თავჯდომარემ ირინა ფრუიძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გრიგოლ ბრეგაძემ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა, საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარემ გიორგი კლდიაშვილმა.

 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი, ასევე ნორმატიული აქტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებისა და საქართველოს პარლამენტის წევრების ეთიკის კოდექსის პროექტები,რომლებიც წინა მოწვევის საბჭომ დაამტკიცა. ამასთან, განხილულ იქნა ღია მმართველობის პარტნიორობის პარიზის გლობალური სამიტის შედეგები და საქართველოს ღია პარლამენტის ახალი გეგმის (2017-2018) პერსპექტივები.

 

საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების ახალი სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, მხარეები შეთანხმდნენ, 2017 წლის 15 თებერვლამდე წარმოადგინონ ახალ სამოქმედო გეგმაში შესატანი ვალდებულებები, ხოლო 2017 წლის მარტში, საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, გამართონ კიდევ ერთი გაფართოებული შეხვედრა.

 

შეხვედრაზე შეკრებილებმა ასევე გადაწყვიტეს სამოქალაქო საზოგადოებიდან და პარლამენტის წევრებისგან დაკომპლექტებული სამი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლებიც იმუშავებენ 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის ვალდებულებების დასრულებაზე.

 

შეხვედრაზე შეკრებილებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ კანონპროექტებზე კომენტარის დატოვების ფუნქციის დანერგვა, რაც 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვალდებულება იყო.

 

ამასთან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორმა, ლევან ავალიშვილმა, ხაზი გაუსვა კომენტარის დატოვების ფუნქციის გაფართოების აუცილებლობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ღია პარლამენტის ახალ სამოქმედო გეგმაში შესაძლებელია გაიწეროს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ კანონპროექტებზე დატოვებული კომენტარების საფუძველზე დასკვნების შემუშავების ვალდებულება, რაც საგრძნობლად გაზრდის მოსახლეობის ჩართულობას კანონშემოქმედებით პროცესში.

 

გარდა ამისა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააყენეს პარლამენტის ვებგვერდზე დოკუმენტაციის ადვილად დამუშავებად ფორმატში (Open Data) ატვირთვის აუცილებლობა.  

 

გასვლითი შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილ იქნა საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ანგარიში. მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, ვალდებულებების დაგვიანებით მიღება ან შეუსრულებლობა სამი ძირითადი მიზეზით იყო განპირობებული: ზოგიერთი ვალდებულების განხორციელების ზუსტი ინდიკატორების არარსებობა, ღია და გამჭვირვალე მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებსა და პარლამენტის სხვა წევრებს შორის კოორდინაციის პრობლემა და არსებითი რეფორმების განხორციელებაზე პოლიტიკური ნების არარსებობა. 

 

შეხვედრაზე შემოთავაზებულ ახალ იდეებს შორის იყო კანონპროექტში პირველიდან მესამე მოსმენამდე შესული ცვლილებების ვიზუალური ასახვა. ასევე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) შემოთავაზებული იდეა მობილური აპლიკაციის შესახებ, რომლის საშუალებითაც, პარლამენტის ვებგვერდზე ახალი კანონპროექტის ატვირთვის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას განახლების თაობაზე.

 

შეხვედრაზე მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ღია პარლამენტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა თანხვედრაში უნდა იყოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG). სამოქმედო გეგმის და მდგრადი განვითარების მიზნების თანხვედრაში მოყვანის საკითხი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დააყენა.  

 

საქართველოს ღია პარლამენტის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება იგეგმება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ახორციელებს.

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024