2015 წლის 18 ნოემბერს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) და საქართველოს პარლამენტის სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი კახიანის ინიციატივით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის შენობაში გაიმართა საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის და საკრებულოს, ასევე, განათლების, კულტურის და სამედიცინო სფეროს, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. კერძოდ, შეხვედრას ესწრებოდნენ: სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქ სამტრედიის საჯარო სკოლების დირექტორები და მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის ხელმძღვანელები. შეხვედრის მონაწილეებმა ერთის მხრივ განიხილეს საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა, ხოლო მეორე მხრივ ისაუბრეს რეგიონული მასშტაბით მოქალაქეთა ჩართულობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შემდგომ დინამიკაზე ინფორმაციის საჯაროობის თვალსაზრისით. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრმა - გიორგი კახიანმა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენლებმა დავით მაისურაძემ და დავით უჩაძემ.
დავით მაისურაძემ ისაუბრა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ინიციატივაზე და საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე. საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა პასუხობს OGP-ის ოთხ ძირითად გამოწვევას, კერძოდ, მხარს უჭერს მოქალაქეთა ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში,
ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას და საქართველოს პარლამენტის ანგარიშვალდებულების გაზრდას.
დავით მაისურაძემ განიხილა საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული და სამოქალაქო საზოგადოების სამუშაო ჯგუფების მუშაობის და თანამშრომლობის საკითხები, ისაუბრა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ჩართულობაზე სამოქმედო გეგმის შემუშავების დროს. ასევე, ხაზი გაუსვა საერთაშორისო აღიარებას, რომელიც საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმამ მოიპოვა. 2015 წლის 14-15 სექტემბერს, თბილისში ჩატარებულმა საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციამ და 2015 წლის 27-29 ოქტომბერს, მექსიკაში, ქალაქ მეხიკოში ჩატარებულმა OGP-ის საერთაშორისო სამიტმა და სამოქალაქო საზოგადოების დღემ, დაადასტურა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის საერთაშორისო მნიშვნელობა. 27 ოქტომბერს, სამოქალაქო საზოგადოების დღეზე, საქართველოს ინტერფრაქციულ ჯგუფს გადაეცა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ჩემპიონთა ჯილდო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისა და ინიციატივების გათვალისწინებისათვის.
საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი კახიანმა ისაუბრა უშუალოდ საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებზე. კერძოდ, განიხილა კანონპროექტებზე კომენტარის დატოვების, საკანონმდებლო ინიციატივისა და საკანონმდებლო წინადადების ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობები, მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა, საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის შემუშავების, ღია და გამჭვირვალე მმართველობის საპარლამენტო საბჭოს შექმნის საკითხი, ასევე, სამოქმედო გეგმით აღებული სხვა ვალდებულებანი. გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება 2015-2016 წლებში უნდა მოხდეს. ,,ცოტა ხნის წინ პარლამენტმა შეიმუშავა და მიიღო საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმა, რაც ითვალისწინებს მოქალაქეების ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში. დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის გავაცნოთ მოქალაქეებს გეგმის შესახებ. ბუნებრივია ეს თემა გაშუქდება და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ინფორმაცია სამოქმედო გეგმის შესახებ. ამ სამოქმედო გეგმის მიხედვით საქართველო არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მეტი ჩართულობა და ინფორმირებულობა’’- განაცხადა პარლამენტის წევრმა.
შეხვედრაზე ადგილობრივ დონეზე თვითმმართველობის რეფორმის შემდგომი დინამიკის საჯაროობისა და მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა ძიძიგურმა ისაუბრა. მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა სოფიო კირთაძემ საზოგადოებას გააცნო მუნიციპალიტეტში მოქმედი მოქალაქეთა ჩართულობისა და კომუნიკაციის მექანიზმები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამტრედიის ოფიციალური ვებგვერდი www.samtredia.com.ge არის ის ინფორმაციული საშუალება, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია მოსახლეობამ სწრაფად და კომფორტულად მიიღოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა პროექტის ,,ღია მმართველობის ინიციატივაში" საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის," ფარგლებში რომელსაც IDFI 2014 წლიდან ახორციელებს. პროექტი დაფინანსებულია და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხილვა პირველად ჩატარდა მუნიციპალიტეტის მონაწილეობით. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ მომავალშიც გეგმავს საქართველოს სხვა რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას.