ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი მეხიკოში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 30 ოქტომბერი 2015

28 - 29 ოქტომბერს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში გაიმართა ,,ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი მექსიკაში 2015". ხოლო 27 ოქტომბერს სამიტის ფარგლებში OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების დღე ჩატარდა.


ღია მმართვლეობის პარტნიორობის გლობალური სამიტზე სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორისა და მთავრობის 1500-მდე წარმომადგენელი შეიკრიბა. სამიტში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოდან, მათ შორის იყვნენ IDFI-ის დელეგატები: დირექტორი - გიორგი კლდიაშვილი, თავმჯდომარე - ლევან ავალიშვილი და პროექტის კოორდინატორი - დავით მაისურაძე. საქართველოს წარმოადგედნენ ასევე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები - ქეთევან ცანავა და ზურაბ სანიკიძე, და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - გიორგი ონიანი.


IDFI-მ, დონორი ორგანიზაციების: UNDP-სა და EU-ს მხარდაჭერით უზრუნველყო პარლამენტარი თამარ კორძაიასა და საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის ნინო ბერაძის მექსიკაში გამართულ სამიტზე დასწრება.

 

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) მრავალმხრივ ინიციატივას წარმოადგენს; პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეების ჩართულობის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით.

 

საქართველო OGP-ის წევრი 2011 წელს გახდა და ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატების გამო ღია მმართველობის კუთხით, 2014 წლის დეკემბერში საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს ორი წლით.

 

2014 წლიდან კი, IDFI ახორციელებს პროექტს ,,ღია მმართველობის ინიციატივაში" საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერას," რომელიც დაფინანსებულია და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა.

 

OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების დღე ტრადიციულად ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტამდე 1 დღით ადრე ჩატარდა. მის მიზანას წარმოადგენდა სამიტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პროფესიული ინტერაქციისა და სოციალიზაციის უზრუნველყოფა, რაც მომავალში ეროვნულ დონეზე ხელს შეუწყობს ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების დანერგვისათვის შემუშავებული პროცესების გაღრმავებასა და გაუმჯობესებას.

 

OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების დღე შემდეგ მიზნებს ისახავს:

 

• გაფართოება - რამდენად შეიძლება აქტორების, საკითხებისა თუ ღია მმართველობის პარტნიორობაში ჩართული სახელმწიფოების რაოდენობის გაზრდა;

• გაღრმავება - როგორ შეიძლება OGP-ის სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის გაღრმავება და ქვეყნების წახალისება, რომ უკეთესი ეროვნული სამოქმედო გეგმები შეიმუშაონ;
• დაკავშირება - კავშირი იმ ხალხთან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულ საკითხებზე მუშაობენ, მაგრამ ერთი და იმავე გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დგანან;
• შთაგონება - სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან შთამაგონებელი ისტორიებისა და ამბების გაზიარება. 

 

სამოქალაქო საზოგადოების დღე მრავალ სესიასა და სამუშაო შეხვედრას მოიცავდა და ღონისძიება მეტწილად იდეების, გამოცდილების გაზიარებას ემყარებოდა. OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების დღეზე დამსწრეები განიხილავდნენ, თუ როგორ შეიძლება იყოს ღია მმართველობის პარტნიორობა უფრო ეფექტური და შედეგიანი სამოქალაქო საზოგადოებისათვის და რამდენად გრძნობს სამოქალაქო საზოგადოება ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის შედეგს. ამ თემის განხილვისთვის ღონისძიებაზე სხვადასხვა სახის მონაცემები გამოიყენეს განსხვავებული წყაროებიდან, მათ შორის - 2015 წლის OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის კვლევა, რომელიც 600-მა ადამიანმა შეავსო.


ასევე, OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების დღეზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა IDFI-ის კუთხე მოაწყვეს, სადაც ღონისძიების მონაწილეებს სხვადასხვა ლიტერატურის მეშვეობის ინსტიტუტის მისიისა და აქტივობების შესახებ გააცნეს ინფორმაცია.

 

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ღია მმართველობის პარტნიორობის გუნდმა გამოაცხადა OGP-ის ჩემპიონთა კონკურსი, რომლის მიზანია სამთავრობო და სამოქალაქო სექტორებს შორის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას თანამშრომლობის იდეალური შემთხვევის წარმოჩენა და შესაბამისი სახელისუფლებო გუნდის დაჯილდოება. 3 ფინალისტიდან (საქართველო, კოსტა რიკა და სიერა ლეონე), გამარჯვებული ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა.

 

ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების დღეზე, IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა, თუ რატომ იმსახურებს ამ ჯილდოს სწორედ საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციული ჯგუფი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა, ნომინაციაზე წარადგინა. გიორგი კლდიაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართვეელოში (EU).

 

სამი ფინალისტი ქვეყნის წარმომადგენლების გამოსვლის შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებს საბოლოო საშუალება ჰქონდათ დაეფიქსირებინათ საკუთარი არჩევანი. კონკურსში გამარჯვებული OGP-ის 66 წევრი ქვეყნიდან სწორედ საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი გახდა. საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდოს მოპოვებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი: ,,25 წლის თავზე, საქართველოს პარლამენტის სახელი უკვე მსოფლიოშია ცნობილი. მექსიკაში, მეხიკოში მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიებაზე, საქართველოს პარლამენტში შექმნილი ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა პარლამენტის ღიაობის და საკანონმდებლო საქმიანობის გამჭვირვალობის სამუშაო გეგმა და დანერგა ახალი სტანდარტები, აღიარდა მსოფლიო ჩემპიონად. ჩვენი კოლეგა, თამარ კორძაია, წარმოადგენს პარლამენტს ამ ღონისძიებაზე. სამუშაო ჯგუფი არის მრავალპარტიული, ყველა ფრაქციის წარმომადგენელი ბრძანდებოდით ამ ჯგუფში, ასე რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი ამ სტანდარტების ცხოვრებაში დასანერგად." 

 

ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადობის დღის გახსნაზე, საქართველო წარმოჩნდა, როგორც საუკეთესო მაგალითი - სამოქმედო გეგმის დანერგვის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის კუთხით.

 

OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების დღეზე IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, Sunglight Foundation-ის პოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელ ჯონ ვანდერლიჰთან ერთად მონაწილეობა მიიღო სესიაში ,,საკანონმდებლო ორგანოს პარტნიორობაში ჩართვის საუკეთესო გზები". სესიის მიზანად ისახავდა საერთო ხედვის ჩამოყალიბება სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და პარლამენტის ურთიერთობისთვის, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება საპარლამენტო ღიაობის ქსელის შექმნა.

 

გიორგი კლდიაშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო სესიაში სახელწოდებით ,,ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ცოდნის გაზიარება - ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის მთავრობასთან თანამშრომლობა." კერძოდ, გამომსვლელებმა, OpenTheGovernment.org-ის აღმასრულებემა დირექტორმა პატრის მაქდერმონტმა, იორდანიის გამჭვირვალობის ცენტრის პრეზიდენტმა ჰილდა შაფიქ ახელატმა და სხვამ, ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილებაზე, მათ მიერ განხორციელებულ ეფექტურ პრაქტიკებზე ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების დანერგვის პროცესში და წარმოქმნილი გამოწვევების გამკლავებაზე. სესიაზე გიორგი კლდიაშვილი მექსიკის წარმომადგენელთან ერთად წარსდგა და მათი საუბრიდან შესაძლოა შემდეგი დასკვნა გაკეთდეს:


• საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებსა და მთავრობას ერთგვარი ინტერესები აკავშირებდათ ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, რომელმაც გარკვეულ წილად ხელი შეუწყო ვალდებულებების ჩამოყალიბების პროცესს; ხოლო მექსიკაში მთავრობას არ გააჩნდა პოლიტიკური ნება ემუშავა ადამიანის უფლებების შელახვის აღმოსაფხვრელად. შესაბამისად, მექსიკის სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის ინტერესები და იდეები ამ კუთხით განსხვავდებოდა.
• საქართველოში, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მთავრობას უნდოდათ წარმოეჩინათ რომ ისინი წინა ხელისუფლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ და არ იყვნენ კორუმპირებულნი. მექსიკაში კი, კორუფცია ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს.
• საქართველოში ეროვნული სამოქმედო გეგმის ყველაზე მნიშვნელობანი და ძლიერი ვალდებულებები ხელისუფალთა ანგარიშვალდებულების ზრდას ეხება, ხოლო მექსიკაში მეტწილად გამჭვირვალობას. აღსანიშნავია, განსხვავება ანგარიშვალდებულებიანობასა და გამჭვირვალობას შორის, რამდენადაც ეს უკანასკნელი ინფორმაციაზე წვდომას გულისხმობს, რაც მექსიკაში უზრუნველყოფილია, მაგრამ არ არის ანგარიშვალდებულების საკმარისი დონე, რასაც სამართლიანობის პრობლემებამდე მივყავართ. ინფორმაციაზე წვდომა არ არის სამართლიანობის ექვივალენტური. 


IDFI-ის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა განიხილა ,,მოქალაქეზე ორიენტირებული ანტი-კორუფციული ინიციატივები". სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს იმ მეთოდებსა და მექანიზმებზე, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობისას, კორუფციის პრობლემის გადასაჭრელად. სამუშაო შეხვედრა აერთიანებდა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ისე მთავრობის წარმომადგენლებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც სისტემური კორუფციის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლით არიან დაინტერესებულნი, მათ შორის იყვნენ ვინეი ბარგეივი, პარტნიორობა გამჭვირვალე ფონდისთვის (PTF) მთავარი ტექნიკური მრჩეველი, სარა ლითლი, PTF-ის პროგრამებისა და კომუნიკაციის მენეჯერი და სხვანი. 

 

ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების დღის სხვა განსახილველი თემები იყო: „სამოქალაქო საზოგადოების როლი ახალგაზრდების ჩართულობით ანგარიშვალდებულების მიღწევის მხარდაჭერაში“ “სამოქალაქო საზოგადოების ხელთ არსებული მექანიზმები ძლიერი ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის“. „სამოქალაქო სივრცის გააზრება: კონცეპტები, ტენდენციები და გავლენა“ „პოლიტიკის გამჭვირვალობა“ „ღია მმართველობის მომავალი“ და სხვა.


ღია მმართველობის სამოქალაქო საზოგადოების დღეზე საერთაშორისო გამჭვირვალობა - მექსიკამ წარადგინა წიგნი სახელწოდებით ,,ღია პარლამენტი, შედეგები და მოლოდინები". წიგნი ედუარდო ბორკესის ედიტორობით გამოიცა, ხოლო ერთ-ერთი თანა-ავტორია IDFI-ის დირექტორი და OGP-ის საქართველოს ფორუმის თანა-თავმჯდომარე, გიორგი კლდიაშვილი. პრეზენტაციას ინტერვიუ მოყვა, როდესაც დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წიგნის ავტორებისთვის კითხვები დაესვათ იმ თემებზე, რაზეც ისინი წიგნში წერენ და ამგვარად, გაეგოთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების შესახებ ღია პარლამენტის კუთხით. 


გიორგი სტატიაში - ,,ღია პარლამენტი საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში" - მოკლედ მიმოიხილავს საქართველოს ბოლო წლების ისტორიას და ცხად წარმოდგენას უქმნის მკითხველს თუ რა ისტორიულ საფუძველზე მოუხდა საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება.

გიორგი ხაზს უსვამს ღია მმართველობის პარტნიორობის მნიშვნელობას საქართველოსთვის, რადგან სწორედ ეს ინიციატივა გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ბაზისი ქვეყნისთვის ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის, სამოქალაქო ჩართულობის, სამთავრობო სექტორში ინოვაციებისა და საჯარო სერვისების განსავითარებლად და უზრუნველსაყოფად.


IDFI-ის დირექტორი, ასევე ეხება 2015-2016 წლების საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმას და დასკვნის სახით, აღნიშნავს, რომ საქართველოში საკანონმდებლო პროცესების ღიაობა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული საქართველოს პარლამენტის კეთილ ნებაზე. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ამ პროცესებში პირადად იყო ჩართული.


,,ღია პარლამენტი, შედეგები და მოლოდინები" ასევე მოიცავს ისეთ თავებს როგორც არის: ,,სამოქალაქო ჩართულობა საკანონმდებლო ორგანოში: არგუმენტი წარმომადგენლობის გაძლიერებისათვის," ,,ჭეშმარიტი პარტნიორობა ორს მოიცავს," ,,ღია პარლამენტი და საკანონდებლო ორგანოს შეფასებასთან დაკავშირებული გამოწვევები" და სხვა.


ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქალაქო საზოგადოების დღის შემდეგ, OGP გლობალური სამიტი, რომელიც მექსიკის დედაქალ მეხიკოში ტარდება, ოფიციალურად გაიხსნა.


გახსნის ცერემონიაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში - სამანტა პაუერმა OGP იდეის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ღია მმართველობის პარტნიორობის მიზნების მიღწევის პროცესში გაეროს მდგრადი განვითარების პროგრამის (SDGs) განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, გაეროს მდგრადი განვითარების პროგრამა ეხმარება OGP-ს წევრ ქვეყნებს სიღარიბისა და უთანასწორობის უფრო სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრაში. სამანტა პაუერმა მსოფლიოს ლიდერებს მეტი ანგარიშვალდებულებიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამის ნაწილია სამოქალაქო სექტორსა და მთავრობას შორის ეფექტური კომუნიკაციის არსებობა.


სამანტა პაუერის გამოსვლის სრული ვერსიის წაკითხვა შემდეგ ბმულზეა შესაძლებელი. 


ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტის გახსნის ცერემონიაზე კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამოსვლა შემოსავლების მონიტორინგის ინსტიტუტის ვიცე-დირექტორს, ბუნებრივი რესურსების ქარტიის და სამოქალაქო საზოგადოების თავჯდომარეს - სუნიტა კაიმალს ეკუთვნის. მან საზოგადოებაში არსებული სიტუაციის გამოსწორების პროცესში OGP-ის შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ მთავრობისთვის შეუძლებელია ეფექტური შედეგების მიღწევა სამოქალაქო საზოგადოების მოსმენის გარეშე.


აუცილებელია აღინიშნოს, რომ სუნიტა კაიმალიმ OGP-ის წარმატებულ მაგალითად საქართველო მოიყვანა. „საქართველო ყველა ხერხს იყენებს ღია მმართველობის პარტნიორობის წარმატებულად დანერგვისთვის, რასაც OGP-ის მიზნებისა და საზოგადოების მოთხოვნის ერთმანეთთან თანხვედრის საშუალებით ახერხებს. საქართველო ცდილობს ხელისუფლება მეტად ეფექტიანი გახადოს, აღმოფხვრას კორუფცია და გააუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა. საქართველოს პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმის ძირითადი მიზანი ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფა იყო. მეორე სამოქმედო გეგმა კი, მთელ რიგ ახალ და მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, დაწყებული საჯარო მოხელეების დასაქმებიდან დამთავრებული თვითმმართველობის დონეზე ჩართულობით. საქართველოს მთავრობამ OGP-ის დანერგვის პროცესში სხვადასხვა სამინისტროების ჩართულობა უზრუნველყო და შექმნა ღია მმართველობის პარტნიორების ეროვნული ფორუმი, რომელიც მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აქტიურ კომუნიკაციას უწყობს ხელს."


სუნიტა კაიმალიმ საქართველოს მაგალითით, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ღია მმართველობის პარტნიორობს სიძლიერე პრობლემებთან კოლექტიურად ბრძოლაშია.


ორდღიანი სამიტის ფარგლებში, IDFI-ის დირექტორმა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა არაერთ სესიასა და პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. გიორგი კლდიაშვილი სიტყვით გამოვიდა სესიაში ,,ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმები - იდეებიდან განხორციელებამდე", რომლის მოდერატორიც გაეროს განვითარების პროგრამის ბრიუსელის ოფისის პროგრამების სპეციალისტი, ჯულია კეუთგენი იყო. სესიის მიზანი იყო, საქართველოს, საფრანგეთის, ჩილესა და მექსიკის მაგალითზე გაეანალიზებინათ სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება.


იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქეთევან ცანავამ და ზურაბ სანიკიძემ მონაწილეობა მიიღეს შემდეგ დისკუსიებში: ,,გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორცილება" და ,,მუდმივი კონსულტაციების ფორუმი: ღია მმართველობის პარტნიორობაში ინოვაციებისა და ანგარიშვალდებულების განვითარება." საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ონიანი კი, სიტყვით გამოვიდა სესიაზე ,,ფული, პოლიტიკა და გამჭვირვალობა: როგორ შეუძლია ღია მმართველობის პარტნიორობას პოლიტიკოსთა მიერ ფინანსებისა და მათი დაფინანსების წყაროების ღიაობის უზრუნველყოფა."

აღსანიშნავია, რომ IDFI-ის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი და გამგეობის თავმჯდომარე, ლევან ავალიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრ, თამარ კორძაიასთან ერთად, კოსტა რიკის რესპუბლიკის საკანონმდებლო ასამბლეის (პარლამენტის) პრეზიდენტს, რაფაელ ორზიტს შეხვდნენ მექსიკაში გამართული სამიტის ფარგლებში. სამუშო შეხვედრა მიზნად ისახავდა ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს გამოცდილების გაზიარებას, საკანონმდებლო ცვლილებებისა და პროგრესის, საზოგადოებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების საკანონმდებლო პროცესში ჩართულობის შესახებ ინფორმაციის გაცვლას.


გიორგი კლდიაშვილმა და ლევან ავალიშვილმა, რაფაელ ორზიტთან შეხვედრაზე, ვრცლად ისაუბრეს სამოქალაქო სექტორის როლზე საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. გიორგი კლდიაშვილმა საუბრისას აღნიშნა, რომ 2015-2016 წლის ღია პარლამენტის სამოქმედი გეგმის წარმატება დიდ წილად დამოკიდებულია უმაღლესი ხელისუფლების მზაობასა და მათ პოლიტიკურ ნებაზე. ლევან ავალიშვილმა ყურადღება გაამახვილა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მოქალაქეთა ჩართულობის, ანგარიშვალდებულების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პრინციპების ეფექტურად და სრულყოფილად შესრულების ვალდებულებებზე. 

კოსტა რიკის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტი, რაფაელ ორზიტი, ღია მმართველობის პარტნიორობის სხვა ასპექტებითაც დაინტერესდა. შესაბამისად, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმირებისა და მათი მუშობის პროცესიც. ასევე, ისაუბრეს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის გაფორმებულ მემორანდუმსა და პარლამენტის ღიაობის დეკლარაციაზე, მათ მნიშვნელობასა და მათ ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებზე.

აღსანიშნავია, რომ კოსტა რიკის პარლამენტის თავმჯდომარემ სურვილი გამოთქვა კოსტა რიკაში საპარლამენტო ღიაობის სტანდარტების დანერგვაზე ქართული საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმის სტანდარტების მიხედვით, რაზეც მას ქართულმა მხარემ სრული მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს კოსტა რიკისა და საქართველოს შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობეზე. კერძოდ, ხაზი გაესვა კოსტა რიკის ევროპაში არსებული საელჩოებიდან საქართველოს დიპლომატიური დაფარვის შესაძლებლობას.

 

"მზად ვარ, განვიხილო თქვენ მიერ დაყენებული საკითხი კოსტა რიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ვიმსჯელოთ საქართველოს ევროპიდან დაფარვის პერსპექტივაზე" - განაცხადა კოსტა რიკის საკანონმდებლო ასამბლეის პრეზიდენტმა, რაფაელ ორზიტმა.

 

საქართველოს პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ, საქართველოსა და კოსტა რიკას შორის არსებულ პოზიტიურ, მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და გამოთქვა იმედი, რომ არსებული მეგობრული დამოკიდებულება ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება საერთო ინტერესების არეალში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ, კოსტა რიკის საკანონმდებლო ასამბლეის პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის საქართველოში მოწვევა გადასცა. რაფაელ ორზიტმა, მადლიერება გამოხატა მოწვევისთვის და თავის მხრივ ქართული მხარე მიიწვია კოსტა რიკაში.

თამარ კორძაიამ მადლობა გადაუხადა კოსტა რიკის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და გამოთქვა იმედი, რომ კოსტა რიკა კვლავ გააგრძელებს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერას. კოსტა რიკის საკანონმდებლო ასამბლეის პრეზიდენტმა, განმარტა, რომ ეწინააღმდეგება ყოველგვარ აგრესიას სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.


ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალური სამიტი მექსიკაში 2015 აერთიანებდა მრავალ წარმომადგენელს, როგორც სამოქალაქო ისე სამთავრობო სექტორიდან, რომლებმაც ერთმანეთს გაუზიარეს იდეები, გამოცდილება. მიღებული ინფორმაცია კი, სამომავლოდ არაერთ რეფორმასა და ცვლილებას დაუდებს საფუძველს და ხელს შეუწყობს მთავრობების მიერ უფრო ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმების შემუშავებას, რომლებიც უფრო ადეკვატური პასუხი იქნება სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებებზე. მეორეს მხრივ, საინტერესოა ალექსანდრე ჰოვარდის ხედვა მექსიკაში გამართულ სამიტზე. იგი Huffington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აკრიტიკებს სამიტს და აღნიშნავს, რომ ლიდერებმა არ ისაუბრეს იმ რეალურ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც მათი ქვეყნები დგას. მაგალითად მას მოყავს, მექსიკის პრეზიდენტის ენრიკე პიენა ნიეტოს გამოსვლა, რომელმაც მექსიკაის მიერ ღია მმართველობის კუთხით მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა და არაფერი უთქვამს მაგალითად მექსიკაში ადამიანის უფლებების შელახვის მრავალ ფაქტზე, კორუფციაზე თუ იმ შეტევაზე, რომელიც წინა წელს 43 მექსიკელ გოგოზე განხორციელდა. ისევე, როგორც რუმინეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ პონტამ გამოსვლა ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების ხსენების გარეშე დაასრულა. თუმცა ამასთანავე, ავტორი აღნიშნავს, რომ კონფერენციაზე პარტნიორობის წარმატებული მაგალითებიც იყვნენ. წარმატებულად კი ავტორი საქართველოს ასახელებს, რომლის სამოქმედო გეგმა გასცდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მოთხოვნებს და უფრო ღრმა სოციალური პრობლემების გადაჭრით დაიტვირთა.  

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024