Freedom House: საქართველოს ქულა ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში გაუმჯობესდა

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | სტატია 17 ნოემბერი 2017

14 ნოემბერს მსოფლიოში ინტერნეტ თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. საქართველომ 100-დან 24 ქულა აიღო და ინტერნეტ თავისუფლების მხრივ შეფასდა, როგორც „თავისუფალი“ ქვეყანა. 2016 წელთან შედარებით, ქვეყნის ქულამ ერთით მოიმატა.

სხვა მოვლენებთან ერთად, ანგარიშში განხილულია საქართველოს ხელისუფლების მიერ ვიდეო პლატფორმა „ვიმეოს“ მცირეხნიანი დაბლოკვის შემთხვევა, რაც განპირობებული იყო ხელისფლების მცდელობით, შეეზღუდა ქართველი პოლიტიკოსების ამსახველი ვიდეოების გავრცელება. დაბლოკვის ამ შემთხვევის მიუხედავად, ანგარიში აღნიშნავს, რომ საქართველოში ინტერნეტი ცენზურისგან შედარებით თავისუფალი იყო. ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობამ მოსახლეობის 50%-ს მიაღწია.

 

ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის კუთხით, Freedom House-ის ანგარიში განიხილავს ინტერნეტ მომსახურების სხვადასხვა მომწოდებლებს შორის მომხმარებელთა გადანაწილების, სოციალური ქსელების გამოყენებისა და ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელობის საკითხებს. უფრო კონკრეტულად, ნათქვამია, რომ ბაზარზე კონკურენცია „მინიმალურია”, რადგან ბაზრის ორ მესამედს ორი მიმწოდებელი აკონტროლებს (სადენიანი ინტერნეტი). მობილური ინტერნეტის ბაზარზეც ორი პროვაიდერი დომინირებს. არასათანადო ინფრასტრუქტურა, ინტერნეტის დაბალი სიჩქარე და ციფრული ნაპრალი მთავარ დაბრკოლებებად რჩება. ამ გამოწვევების დასაძლევად, მთავრობამ შექმნა არაკომერციული იურიდიული პირი Open Net, რათა განევითარებინა ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა. ანგარიშში ნახსენებია სამოქალაქო უკმაყოფილება პროექტის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის დონით. ასევე, არასაკმარისი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი პროექტის მიმდინაროების შესახებ.

ონლაინ აქტივობასთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია ინფორმაციის გავრცელების, ხალხის მობილიზებისა და ონლაინ კამპანიების ჩატარების მიზნით ინტერნეტის გამოყენების მზარდი ტენდენცია. მაგალითად, კვლევაში ნახსენებია კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ წარმოებული ციფრული კამპანია მიყურადების კანონმდებლობის წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც 300 საკონსტიტუციო საჩივარი შეგროვდა

ონლაინ მედია კონტენტთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მედია ლანდშაფტი უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება, თუმცა მიკერძოებული და არასანდო მედია კონტენტის, განსაკუთრებით ანტი-დასავლური პროპაგანდის, ფართო გავრცელება დაფიქსირდა.

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის თვალსაზრისით Freedom House-ის ანგარიში ახსენებს პოლიციის მიერ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით „ბირჟა მაფიას“ წევრი რეპერების დაკავების შემთხვევას. თუმცა, როგორც ბრალდებულები და მათი მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, ბრალდებები გაყალბებული იყო, დაკავება კი უკავშირდებოდა Youtube-ზე მათ მიერ განთავსებულ ვიდეოს, რომელიც პოლიციის მიმართ დამცინავი შინაარსის იყო. მასობრივი დემონსტრაციის შემდეგ, რეპერები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ იზოლირებული შემთხვევის მიუხედავად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საქართველოს მოქალაქეებს, როგორც წესი, თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი აზრი ინტერნეტ სივრცეში“.

 

ანგარიში ასევე განიხილავს სახელმწიფო მიყურადების საკითხს და ამ მხრივ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარგლებში ახლად შექმნილი უწყების - „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ ფუნქციებს. დოკუმენტში ნახსენებია სააგენტოს უფლებამოსილებების მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილება, კერძოდ მისი პირდაპირი წვდომა სატელეკომუნიკაციო მონაცემებთან და უფლება, აიძულოს ინტერნეტის მიმწოდებლები ითანამშრომლონ მასთან და უარის შემთხვევაში დააჯარიმოს ისინი.

 

თითოეული ქვეყნის შეფასება მოიცავს დეტალურ ნარატიულ ანგარიშსა და ქულებს, რომლებიც სამ კატეგორიად იყოფა: 1. ხელმისაწვდომობის დაბრკოლებები, 2. კონტენტის შეზღუდვა და 3. მომხმარებელთა უფლებების დარღვევა. 2017 წლის ანგარიში 2016 წლის ივნისიდან 2017 წლის მაისამდე პერიოდს ფარავს.

 

აღსანიშნავია, რომ IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის) წარმომადგენელი თეონა ტურაშვილი 2013 წლიდან არის Freedom On the Net-ის პროგრამის დამხმარე ავტორი. შესაბამისად, ის ჩართული იყო ქვეყნის 2017 წლის ანგარიშის მომზადებაში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024