Freedom House: საქართველოს ქულა ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში გაუარესდა

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ანალიზი 6 ნოემბერი 2018

1 ნოემბერს მსოფლიოში ინტერნეტ თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. 2018 წელს საქართველომ 100-დან 25 ქულა აიღო და ინტერნეტ თავისუფლების მხრივ შეფასდა, როგორც „თავისუფალი“ ქვეყანა. 2017 წელთან შედარებით, ქვეყნის ქულა ერთით გაუარესდა.


2017 ივნისსა და 2018 მაისის პერიოდში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს შორის გამოყოფილია შემდეგი ფაქტები:


- საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობა ადამიანის ძირითად უფლებად იქნა აღიარებული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ცვლილება საკონსტიტუციო კომისიას ადგილობრივმა ორგანიზაციამ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) წარუდგინა.


- მთავრობის მიერ ელექტრონული პეტიციების პლატფორმის – www.ichange.gov.ge -ის შექმნა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შეუძლიათ პეტიციის შექმნა, ხოლო, საკმარისი ხელმოწერის მოგროვების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია უპასუხოს პეტიციას და ეს პასუხი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს პორტალზე.


- 2017 წლის ივნისში პოლიციის მიერ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით „ბირჟა მაფიას“ წევრი რეპერების დაკავების შემთხვევა. როგორც ბრალდებულები და მათი მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, ბრალდებები გაყალბებული იყო, დაკავება კი უკავშირდებოდა Youtube-ზე მათ მიერ განთავსებულ ვიდეოს, რომელიც პოლიციის მიმართ დამცინავი შინაარსის იყო. მასობრივი დემონსტრაციის შემდეგ, რეპერები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოგვიანებით, საგამოძიებო მედია ორგანიზაცია „სტუდია მონიტორის“ მიხედვით, პოლიციელები, რომლებმაც რეპერების წინააღმდეგ მტკიცებულებები გააყალბეს, ჯერ კიდევ პასუხისგებაში არ მიცემულან.


- 2018 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება, რომელმაც პრეზერვატივების მწარმოებელ კომპანია „აიისას“ რელიგიური გრძნობების შელახვის მოტივით 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და აუკრძალა პროდუქციის გაყიდვა და რეკლამირება, მათ შორის Facebook-ზე.


- 2017 წლის მაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების შემთხვევა. ანგარიშში ნათქვამია, რომ, მართალია, ოფიციალური პირები უარყოფენ, მაგრამ არსებობს ეჭვები, რომ მის გატაცებაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახური იყო გარეული.


ქვეყანაში ინტერნეტ ხელმისაწვდომობისა და თავისუფლების ხარისხის შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და მისი გამოყენება ზრდას განაგრძობს. ასევე, ნაკლებად შეინიშნება ინტერნეტ ცენზურისა და ონლაინ კონტენტის მანიპულაციის შემთხვევები. ინტერნეტ აქტივისტებს თავისუფლად შეუძლიათ გამოიყენონ სოციალური მედია ინფორმაციის გავრცელების, ხალხის მობილიზებისა და ონლაინ კამპანიების ჩატარების მიზნით.


ინტერნეტ მედია კონტენტთან დაკავშირებით ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მედია ლანდშაფტი უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება, თუმცა მიკერძოებული და არასანდო მედია კონტენტის, განსაკუთრებით ანტი-დასავლური პროპაგანდის, ფართო გავრცელება დაფიქსირდა.


Freedom House-ის ანგარიში განიხილავს ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებს შორის მომხმარებელთა გადანაწილების საკითხსაც. ნათქვამია, რომ ბაზარზე კონკურენცია „მინიმალურია“, რადგან ბაზრის ორ მესამედს ორი მიმწოდებელი აკონტროლებს (საკაბელო ინტერნეტი). მობილური ინტერნეტის ბაზარზეც ორი პროვაიდერი დომინირებს.


ანგარიში ასევე განიხილავს სახელმწიფო მიყურადების საკითხს და ამ მხრივ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარგლებში ახლად შექმნილი უწყების – „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს“ ფუნქციებს. დოკუმენტში ნახსენებია სააგენტოს უფლებამოსილებების მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილება, კერძოდ მისი პირდაპირი წვდომა სატელეკომუნიკაციო მონაცემებთან და უფლება, აიძულოს ინტერნეტის მიმწოდებლები ითანამშრომლონ მასთან და, უარის შემთხვევაში, დააჯარიმოს ისინი.


თითოეული ქვეყნის შეფასება მოიცავს დეტალურ ნარატიულ ანგარიშსა და ქულებს, რომლებიც სამ კატეგორიად იყოფა: 1. ხელმისაწვდომობის დაბრკოლებები; 2. კონტენტის შეზღუდვა; და 3. მომხმარებელთა უფლებების დარღვევა. 2018 წლის ანგარიში 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024