საქართველოს პროკურატურის მიერ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების 2017-2018 წლების მონიტორინგის ანგარიში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში 29 ოქტომბერი 2019

საქართველოს პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების 2017-2018 წლების მონიტორინგის ანგარიში აფასებს პროკურატურის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, მიმოიხილავს მათი შესრულების მდგომარეობას და განსაზღვრავს რეკომენდაციებს სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების უკეთ მიღწევის მიზნით.

 

მონიტორინგის ანგარიშის ძირითადი მიგნებები


საერთაშორისო რეკომენდაციებისა და ანგარიშების, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ პროკურატურის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ყველა იმ მნიშვნელოვან გამოწვევას, რაც მათი შემუშავების დროს პროკურატურასთან დაკავშირებით იდგა. თუმცა, აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ დაგეგმილი ღონისძიებები, ხშირ შემთხვევაში, არასაკმარისი და არაამბიციურია. ამავდროულად, მოგვიანებით დაწყებული და განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები (შსს-სა და პროკურატურის უფლებამოსილების გამიჯვნა, საქართველოს პროკურატურის გამოყოფა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან) სტრატეგიულ დოკუმენტებში არ მოხვდა.


პროკურატურის სამოქმედო გეგმის ზოგიერთი მიმართულებისთვის არასაკმარისი ღონისძიებების არსებობა (აგრეთვე, მიმდინარე გამოწვევების საპასუხოდ სამოქმედო გეგმის განახლების არარსებობა) და ნაკლებ მნიშვნელოვანი, დროში გაწელილი ღონისძიებებით მისი გადატვირთვა სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის დაბრკოლება და შესაბამისად, სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ხარვეზია.


პროკურატურის სამოქმედო გეგმაში მიზნისა და ამოცანის ტერმინების აღრევა, არასაკმარისად კონკრეტული და არაგაზომვადი ამოცანების არსებობა, მიზნის მიღწევის მექანიზმის გრაფის დამატება, რომლის ქვეშ მიზნები, ამოცანები და აქტივობებია აღრეული, დამაბნეველია და პროკურატურის სამოქმედო გეგმის სერიოზულ ხარვეზს წარმოადგენს.


საქართველოს პროკურატურის სამოქმედო გეგმაში ინდიკატორების, საბაზისო, შუალედური და სამიზნე მაჩვენებლების არარსებობა აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტების ხარვეზს და შესრულების მონიტორინგისთვის გამოწვევას წარმოადგენს.


სხვადასხვა სექტორულ სამოქმედო გეგმასა და პროკურატურის სამოქმედო გეგმას შორის მნიშვნელოვანი აცდენაა ღონისძიებების თანამიმდევრულობის თვალსაზრისით, რაც პრობლემურია, რადგან უწყების სამოქმედო გეგმაში საჭიროა ასახული იყოს ყველა ის ვალდებულება, რაც აღნიშნულ უწყებას აღებული აქვს სხვადასხვა ფორმატში.


2018 წლის მდგომარეობით, პროკურატურის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შუალედური შესრულების მაჩვენებელი დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაითვალოს იმის გათვალისწინებით, რომ უწყებას 2021 წლის ბოლომდე აქვს ვადა სამოქმედო გეგმის სრულად შესრულებისთვის. პროკურატურის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 10 ამოცანიდან ერთი სრულად შესრულებულად ჩაითვალა, შვიდი მეტწილად შესრულებულია, ხოლო ნაწილობრივ შესრულებულია ორი ამოცანა.

 

 

 

 

 

 

როგორც დიაგრამებზე გამოსახული მონაცემებიდან ჩანს, ღონისძიებების შესრულების მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 2018 წელს გაუარესდა. სრულად შესრულებული ღონისძიებები 2018 წელს 13%-ით ნაკლებია, შეუსრულებელი ღონისძიებები კი 23%-ით გაიზარდა.


სამოქმედო გეგმის ამოცანებისა და ღონისძიებების შესრულების მონიტორინგისას გამოიკვეთა კონკრეტული გამოწვევები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს:


- პროკურორების ინდივიდუალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით გენერალური პროკურორის უფლებამოსილების შემცირება კოლეგიური ორგანოების უფლებამოსილების გაზრდის ხარჯზე სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია, თუმცა ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა;

 

- პროკურორების ინდივიდუალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია მათი სამსახურში აყვანისა და დაწინაურების პროცესის გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და ობიექტურობის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი ფიქსირდება, თუმცა, მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ სახეზეა;

 

- პროკურორების ინდივიდუალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია პროკურატურაში დისციპლინური წარმოების პროცესის გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და ობიექტურობის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით, მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ სახეზეა;

 

- ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია პროკურორთა დატვირთულობის სრულყოფილი მონიტორინგის მექანიზმის არსებობა, რაც მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით ჯერ-ჯერობით დანერგილი არ არის;

 

- ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად ასევე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით რთულ/პრობლემურ საქმეებზე (კიბერდანაშაული, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულები და ა.შ.) მხოლოდ ან უპირატესად სპეციალიზებული პროკურორები მუშაობდნენ, რაც მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, გამოწვევად რჩება;

 

- მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება წამებისა და არასათანადო მოპყრობის, აგრეთვე სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.

 

რეკომენდაციები


1. საქართველოს პროკურატურამ განაახლოს პროკურატურის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიმდინარე გამოწვევების საპასუხოდ და უზრუნველყოს აღნიშნულ პროცესში როგორც პროკურატურის სამსახურების, ისე საზოგადოების ჩართულობა;


2. საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყოს თანამშრომლებისთვის უწყების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გაცნობა და საქმიანობის მათზე დაყრდნობით განხორციელება;


3. საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყოს, პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად სამოქმედო გეგმით საკმარისი და მნიშვნელოვანი ღონისძიებების გათვალისწინება;


4. საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყოს უწყების სამოქმედო გეგმის ტექნიკური გამართულობა, კერძოდ, სამოქმედო გეგმის ფარგლებში:


4.1. გაზომვადი ამოცანებისა და ღონისძიებების გათვალისწინება;


4.2. ამოცანებისა და ღონისძიებების შედეგების ინდიკატორების განსაზღვრა;


4.3. საბაზისო, შუალედური და სამიზნე მაჩვენებლების განსაზღვრა;


4.4. მიზნისა და ამოცანის ტერმინების არსებული სტანდარტების შესაბამისად გამიჯვნა.


5. საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყოს უწყების სამოქმედო გეგმის იმ სექტორულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებთან თანხვედრაში მოყვანა, რომლებიც ითვალისწინებს პროკურატურის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს;


6. საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყოს, რომ 2017 წელთან შედარებით 2018 წელს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების გაუარესებული მაჩვენებელი მომდევნო წლებში გამოსწორდეს;


7. საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყოს უწყების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა;


8. სამოქმედო გეგმის ამოცანებისა და ღონისძიებების შესრულების მონიტორინგისას გამოკვეთილი კონკრეტული გამოწვევების აღმოსაფხვრელად, მნიშვნელოვანია პროკურატურამ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების შესრულება და დამატებითი ზომების მიღება სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული ამოცანების მისაღწევად შემდეგი მიმართულებებით:


8.1. კოლეგიური ორგანოების უფლებამოსილების გაზრდა;


8.2. პროკურორების სამსახურში აყვანისა და დაწინაურების პროცესის გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და ობიექტურობის უზრუნველყოფა;


8.3. პროკურატურაში დისციპლინური წარმოების პროცესის გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და ობიექტურობის უზრუნველყოფა;
8.4. პროკურორთა დატვირთულობის სრულყოფილი მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება;


8.5. განსაკუთრებით რთულ/პრობლემურ საქმეებზე (კიბერდანაშაული, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულები და ა.შ.) მხოლოდ ან უპირატესად სპეციალიზებული პროკურორების მუშაობის უზრუნველყოფა;


8.6. წამებისა და არასათანადო მოპყრობის, აგრეთვე სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება.

 

დოკუმენტი მომზადდა ინფორაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ასოციაცია „დეა“ და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI) თანამშრომლობით. ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი (EU). 

 

დოკუმენტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია IDFI მის პარტნიორებთან ერთად და მისი შინაარსის აღქმა ევროკავშირის პოზიციად დაუშვებელია.  

 

 

 

ანგარიშის მოკლე ვერსია იხილეთ აქ.  

 

 

/public/upload/IDFI_2019/PrIME/report_29_october_2019_GEO_full_document.pdf 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023