გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგი - ანგარიში 2020

სიახლეები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში | რეგიონული და გლობალური საქმიანობა 28 იანვარი 2021

ანგარიშის მიზანია მკითხველს წარუდგინოს გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგში (Transparent Public Procurement Rating - TPPR) შემავალი ქვეყნების შეფასებები, გამოკვეთოს ძირითადი ტენდენციები, სახელმწიფო შესყიდვების სისტემათა ძლიერი და სუსტი მხარეები და განიხილოს რეიტინგის მოწინავე და ისევე როგორც ბოლო პოზიციებზე მყოფ სახელმწიფოთა შეფასებები.


ანგარიში ეფუძნება 40 ქვეყნის შეფასებას, რომელიც მოიცავს ევროპის, აზიის, აფრიკის, ოკეანეთისა და ამერიკის რეგიონებს. კონკრეტული ქვეყნების შეფასებები მომზადდა TPPR-ის ქსელის წევრების მიერ (ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები და ინდივიდუალური ექსპერტები). შეფასებათა საბოლოო დოკუმენტების მიღების შემდეგ ინფორმაცია განთავსდა გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის ვებგვერდზე www.tpp-rating.org.


გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების მეთოდოლოგია არის უნივერსალური და მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობათა შეფასებას გლობალური მასშტაბით და საკანონმდებლო ჩარჩოთა ძლიერი და სუსტი მხარეების გამოკვეთას. მეთოდოლოგია შედგება 64 კითხვის/ინდიკატორისგან. თითოეული შეკითხვა ფასდება მაქსიმალური 1 ქულით. შეფასების სიმარტივისთვის რეიტინგები დგება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით (1%-100%).


შეფასების მეთოდოლოგია ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციათა მიერ შემუშავებულ ისეთ მეთოდოლოგიებს, როგორებიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მეთოდოლოგია და სტანდარტები, მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის სტანდარტები, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მეთოდოლოგია და პრინციპები, ევროკავშირის სტანდარტები (დირექტივა 2014/24/EU) და ღია კონტრაქტირების მონაცემთა სტანდარტები (Open Contracting Data Standard (OCDS)).


კითხვები დაჯგუფებულია 5 საბაზისო ინდიკატორის მიხედვით, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვათა სისტემების ძირითად მახასიათებლებს წარმოადგენენ. ესენია: საკანონმდებლო ჩარჩოს ერთიანობა, ეფექტურობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და კეთილსინდისიერება, კონკურენტუნარიანობა და მიუკერძოებლობა. მეთოდოლოგია ასევე მოიცავს 5 შეკითხვას რომლებიც მართალია პირდაპირ არ უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვების თემატიკას, თუმცა მიმართულია ისეთი სამართლებრივი კომპონენტების შეფასებისკენ, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ გარემოში ფუნქციონირება. აღნიშნული კითხვები დაჯგუფებულია გამჭვირვალე გარემოს საბაზისო ინდიკატორის ქვეშ.


მეთოდოლოგია ასევე აფასებს სახელმწიფო შესყიდვათა გამჭვირვალობის სტანდარტებს შესყიდვათა ეტაპების მიხედვით. კერძოდ, წინა-სატენდერო ეტაპი, სატენდერო ეტაპი და პოსტ-სატენდერო ეტაპი.


შეზღუდვები

 

გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების მეთოდოლოგია მიმართულია გლობალური მასშტაბით გამოყენებისკენ, შესაბამისად კითხვები და ინდიკატორები ვერ იქნება ძალზედ სპეციფიკური და ვერ დაფარავს სახელმწიფო შესყიდვათა სისტემების ყველა შესაძლო ვარიაციებსა და გამონაკლისებს. გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ მეთოდოლოგია და შესაბამისად, ანგარიში მოიცავს კონკრეტული სახელმწიფოების კანონმდებლობათა შეფასებებს და მიზნად არ ისახავს სამართლებრივ რეგულაციათა პრაქტიკაში იმპლემენტაციის შეფასებას.

 

ძირითადი მიგნებები

 

-  თითქმის ყველა შეფასებული ქვეყნის სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა ადგენს შესყიდვების პროცესის ძირითად პრინციპებსა და ზოგად ჩარჩოს, ხდის მას ქმედითს და მიუთითებს, როგორ უნდა იქნეს კანონი გამოყენებული კონკრეტულ შემთხვევებში;

 

- უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა ხელმისაწვდომია კონკრეტულ სამთავრობო ვებგვერდებზე, თუმცა, გამოწვევას წარმოადგენს მოცემულ დოკუმენტთა ელექტრონულად, მანქანა-წაკითხვად ფორმატში გამოქვეყნება;

 

-  ყველა შესწავლილ ქვეყანაში სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა ვრცელდება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ სუბიექტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებზე, თუმცა სახელმწიფოთა მიდგომა განსხვავებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან (სსიპ), სახელმწიფო კომპანიებთან და სახელმწიფო არაკომერციულ იურიდიულ პირებთან მიმართებით;

 

-  შეფასებული ქვეყნების საკანონმდებლო აქტების უმეტესობა მიუთითითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა ვრცელდება ეკონომიკის ყველა დარგზე, სადაც შესაძლებელია კონკურენცია და მკაფიოდ განსაზღვრავს ყველა გამონაკლისს;

 

- ყველა ქვეყანაში არსებობს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო შესყიდვების მენეჯმენტზე, თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, აღნიშნული ორგანოები არ არიან უფლებამოსილი სახელმწიფო დაფინანსების გარდა, ჰქონდეთ ასევე საკუთარი შემოსავალი;

 

-  ხშირ შემთხვევაში, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა კვლავაც არ წარმოადგენს შესყიდვის ძირითად მეთოდს;

 

-  რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო შესყიდვათა კანონმდებლობა ადგენს პრეფერენციებს ადგილობრივი მიმწოდებლებისთვის;

 

- ყველა შეფასებული ქვეყნის კანონმდებლობა უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით საჩივრების წარდგენის უფლებას ტენდერში მონაწილე სუბიექტებისთვის, თუმცა პრობლემები წარმოჩინდა მოცემული უფლებით სარგებლობის მიმართულებით პოტენციური მომწოდებლებისა და ფართო საზოგადოების მიერ;

 

-  შეფასებული ქვეყნების უმეტესობაში შექმნილია სახელმწიფო შესყიდვების დავების განმხილველი დამოუკიდებელი ორგანოები, თუმცა აღნიშნული ორგანოების შემადგენლობებში იშვიათად შედიან სამოქალაქო საზოგადოების წამომადგენლები.

 

ძირითადი მიგნებები სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ეტაპების მიბედვით


-  შეფასების შედეგად დადგინდა, რომ სახელმწიფო შესყიდვათა სისტემების გამჭვირვალობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს პოსტ-სატენდრო ეტაპზე;

 

- განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა ინფორმაციის გამოქვეყნება ქვეკონტრაქტორების, ხელშეკრულებებში განხორციელებული ცვლილებებისა და ხელშეკრულებათა შესრულების შესახებ;

 

- ქვეყნები, როგორც წესი, აქვეყნებენ ინფორმაციას სატენდერო განცხადებების შესახებ, თუმცა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მანქანა-წაკითხვად ფორმატში ძალზედ შეზღუდულია;

 

- იმ შემთხვევებში, როდესაც შეფასების კრიტერიუმები მოიცავს როგორც ფასს ისე ხარისხს, გამარჯვებული იშვიათად ვლინდება ხარჯთეფექტურობის შეფასების საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ მოიცავს: მდგრადობას, ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეფარდებას, ისევე როგორც გარემოზე გავლენასა და სოციალურ ფაქტორებს;

 

- პრობლემურია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საჩივრებზე და მიღებულ გადაწყვეტილებზე წვდომის საკითხი, განსაკუთრებით კი ღია, მანქანა-წაკითხვად ფორმატში;

 

-  მრავალი შეფასებული ქვეყნა ჯერ კიდევ არ აქვეყნებს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმებს.

 

ძირითადი მიგნებები საბაზისო ინდიკატორების მიხედვით

 

- შეფასებულ ქვეყნებს შორის ყველაზე პრობლემურ საბაზისო ინდიკატორს გამჭვირვალობა წარმოადგენს. აღნიშული დიდწილად აიხსნება იმით, რომ სახელმწიფოებში კვლავ შეინიშნება მნიშვნელოვანი პრობლემები პოსტ-სატენდერო ინფორმაციის გამოქვეყნების მიმართულებით. რაც შეეხება წინა-სატენდერო და სატენდერო ეტაპებს, ინფორმაცია იშვიათად ქვეყნდება ელექტრონულ, მანქანა-წაკითხვად ფორმატში;

 

- გამჭვირვალობის საბაზისო ინდიკატორის დაბალი ქულები არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენდა ქვეყნების საერთო შეფასებაზე;

 

-  საკანონმდებლო ჩარჩოს ერთიანობა ყველაზე ნაკლებად პრობლემური საბაზისო ინდიკატორია. შეფასებული ქვეყნების უმეტესობაში მოქმედებს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ძირითად პრინციპებს და ვრცელდება სუბიექტთა ფართო სპექტრზე;

 

-  კონკურენტუნარიანობა და მიუკერძოებლობა წარმოადგენს კიდევ ერთ ნაკლებად პრობლემურ საბაზისო ინდიკატორს. აღნიშნული აიხსნება იმით, რომ შეფასებული ქვეყნების უმეტესობა თავს არიდებს მოქმედი კანონმდებლობით კონკურენციის შემზღუდველი პირობების განმტკიცებას, თუმცა აღნიშნულ რეგულაციათა პრაქტიკაში იმპლემენტაციის სურათი შესაძლებელია სრულიად განსხვავებული იყოს.

 

სტატისტიკური ანალიზი


-  2019-2020 წლის რეიტინგში შეფასებულ ქვეყნებს შორის უკრაინა ლიდერობს. ეს აიხსნება ბოლო ორი წლის მანძილზე ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებით. შედეგად აღმოიფხვრა ის ნაკლოვანებები, რომლებიც უკრაინის წინა წლების შეფასებაში გამოიკვეთა;

 

-  ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა მოლდოვის სახელმწიფო შესყიდვების სისტემაშიც. შედეგად, გაუმჯობესდა ქვეყნის პოზიცია რეიტინგში და მან მე-12 ადგილიდან მე-2 ადგილზე გადაინაცვლა;

 

-  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოშიც დაფიქსირდა პოზიტიური ცვლილებები, პროგრესი არ იყო ისეთი საყურადღებო, როგორც უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში. ამრიგად, საქართველო 2019-2020 წლების რეიტინგში მე-3 ადგილზეა;

 

-  2019-2020 წლების რეიტინგში ის ქვეყნები, რომლთა შეფასებამაც სულ მცირე 80%-იან ნიშნულს მიაღწია არიან უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ფილიპინები და რუმინეთი;

 

-  2019-2020 წლების რეიტინგის ყველაზე დაბალი შეფასების მქონე ქვეყნები არიან ტაჯიკეთი, პაპუა-ახალი გვინეა, ბურუნდი, ვენესუელა, მალავი, აზერბაიჯანი, სალვადორი და ზიმბაბვე. მოცემული ქვეყნების შეფასება 60%-ზე დაბალია;

-  უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთმა, რომელიც 2016-2018 წლების რეიტინგში ერთ-ერთ ბოლო ადგილზე იყო, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიცია და 2019-2020 წლების რეიტინგში შუა პოზიციაზე გადმოინაცვლა. ქვეყნის რეიტინგის ზრდა სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობა.

 

გამჭვირვალე გარემო


-  ვინაიდან გამჭვირვალე გარემოს საბაზისო ინდიკატორი მოიცავს მხოლოდ 5 შეკითხვას, მოცემულ ინდიკატორში ათზე მეტმა ქვეყანამ მიიღო 100%-იანი შეფასება. ამ ქვეყნებს შორის არიან როგორც ევროპის ქვეყნები, ასევე ფილიპინები, კოსტა რიკა, ბოლივია, ტანზანია, კენია, უგანდა და სალვადორი;

 

-  ამ მიმართულებით 2019-2020 წლების რეიტინგში შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვთ ტოგოს, აზერბაიჯანსა და ბელარუსს.

 

საკანონმდებლო ჩარჩოს ერთიანობა


-  საკანონმდებლო ჩარჩოს ერთიანობის საბაზისო ინდიკატორში, 2019-2020 წლების რეიტინგში ათამდე ქვეყანამ მიაღწია 90%-იან ნიშნულს. მოცემულ საბაზისო ინდიკატორში წამყვან პოზიციებზე უკრაინა და საქართველო არიან;

 

-  აღსანიშნავია, რომ 2016-2018 წლების რეიტინგში უკრაინა არ წარმოადგენდა ლიდერ ქვეყანას, თუმცა ქვეყანაში განხორციელებულმა რეფორმებმა განპირობა უკრაინის რეიტინგის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება საკანონმდებლო ჩარჩოს ერთიანობის საბაზისო ინდიკატორში და მან 2019-2020 წლების შეფასებაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა;

 

-  შეფასების ორივე პერიოდში (2016-2018 და 2019-2020 წლები) საკანონმდებლო ჩარჩოს ერთიანობის საბაზისო ინდიკატორში ყველაზე დაბალი შეფასება გვატემალამ, ბურუნდიმ, კოსტა-რიკამ და ჩეხეთმა მიიღეს.
ეფექტურობა

 

-  2019-2020 წლების რეიტინგში ეფექტურობის საბაზისო ინდიკატორში ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ქვეყნებს წარმოადგენენ უკრაინა და რუმინეთი 100%-იანი მაჩვენებლებით. ასევე მაღალი შეფასება მიიღო მოლდოვამ და ლიეტუვამ;

 

-  2016-2018 წლების რეიტინგში დამატებით ლიდერობდნენ ალბანეთი, პარაგვაი და ფილიპინები, თუმცა 2019-2020 წლის რეიტინგში სხვა ქვეყნების შეფასების ზრდამ მათი პოზიციების გაუარესება გამოიწვია.

 

გამჭვირვალობა


-  როგორც 2016-2018 წლების ისე 2019-2020 წლების შეფასებებით გამჭვირვალობის საბაზისო ინდიკატორში რეიტინგს უკრაინა ლიდერობს. მოცემულ საბაზისო ინდიკატორში მოწინავე პოზიცია უკავია საქართველოსაც;

 

-  მოცემულ საბაზისო ინდიკატორში 2019-2020 წლების რეიტინგის სათავეში გადაინაცვლა მოლდოვამაც და 96.67%-ით მე-2 ადგილი დაიკავა;

 

-  2016-2018 წლების რეიტინგში გამჭვირვალობის საბაზისო ინდიკატორის მიმართულებით მე-2 პოზიციას იკავებდა კოსტა-რიკა, თუმცა 2019-2020 წლების რეიტინგში მან მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემდეგ;

 

-  2016-2018 წლების, ისევე როგორც 2019-2020 წლების რეიტინგებში ყველაზე დაბალი ქულების მქონე ქვეყნებს წარმოადგენენ პაპუა-ახალი გვინეა, მალავი, ბურუნდი, ტაჯიკეთი და აზერბაიჯანი.

 


ანგარიშვალდებულება და კეთილსინდისიერება

 

-  2019-2020 წლების რეიტინგში ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით სულ მცირე 90%-იან ნიშნულს მიაღწიეს ფილიპინებმა, კოტ-დ’ივუარმა, რუმინეთმა და ტოგომ;

 

-  მოცემული მიმართულებით 2016-2018 წლების რეიტინგში 100%-იანი მაჩვენებლით მოლდოვა ლიდერობდა, თუმცა 2019-2020 წლების ახალი შეფასების საფუძველზე, შედარებით დაბალი ქულის გამო მან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა;

 

-  ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით ყველაზე დაბალი ქულების მქონე ქვეყნებს წარმოადგენენ ბელარუსი, პაპუა-ახალი გვინეა, სომხეთი და უგანდა.

 

კონკურენტუნარიანობა და მიუკერძოებლობა


-  კონკურენტუნარიანობისა და მიუკერძოებლობის მიმართულებით 2019-2020 წლების რეიტინგში სულ მცირე 90%-იანი შეფასება მიიღო ათმა ქვეყანამ. მოცემულ ქვეყნებს შორის უკრაინა და საქართველო ლიდერობენ 100%-იანი შეფასებით, მათ მოჰყვება ალბანეთი, ფილიპინები, მექსიკა და სომხეთი;

 

-  2016-2018 წლების რეიტინგში ლიდერობდნენ ასევე პარაგვაი და უნგრეთი;

 

-  მოცემულ საბაზისო ინდიკატორში ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნები არიან პაპუა-ახალი გვინეა, ეკვადორი, აზერბაიჯანი, სალვადორი და ბურუნდი.

 

რეკომენდაციები

 

რეკომენდაციები ეფუძნება 40 ქვეყნის შეფასების შედეგად გამოკვეთილ ყველაზე მნიშვნელოვან ძირითად მიგნებებსა და დაკვირვებებს. ინდივიდუალურ ქვეყნებზე მორგებული რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ ანგარიშის სრულ ვერსიაში, რომელიც ხელმისაწვდომია ინგლისურ და რუსულ ენებზე.


- ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობათა ხელმისაწვდომობა და შესაბამის სამთავრობო ვებგვერდებზე, ელექტრონულ, მანქანა-წაკითხვად ფორმატში გამოქვეყნება;

 

- აუცილებელია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობები ვრცელდებოდეს, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სუბიექტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებზე, ისე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე (სსიპ), სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ კომპანიებსა და სახელმწიფო არაკომერციულ იურიდიულ პირებზე;

 

- მნიშვნელოვანია ქვეყნებში არსებობდეს შესყიდვების მართვაზე პასუხისმგებელი კონკრეტული სახელმწიფო ორგანოები, რომლებსაც სახელმწიფო დაფინანსებასთან ერთად ექნებათ ასევე დამოუკიდებელი შემოსავალის მიღების უფლება;

 

-  აუცილებელია კანონმდებლობებით პირდაპირ იყოს დადგენილი, რომ ელექტრონული საშუალებები წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ძირითად მეთოდს;

 

-  ქვეყნებმა თავი უნდა აარიდონ ადგილობრივი მომწოდებლებისთვის კანონმდებლობებით დაშვებული პრეფერენციების დაწესებას;

 


-  სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით საჩივრების წარდგენისა და მათი განხილვის პროცესში მონაწილეობის უფლება უნდა გავრცელდეს როგორც ტენდერში მონაწილე სუბიექტებზე, ისე პოტენციურ მიმწოდებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებზე;


-  ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ საჩივრების განმხილველი დამოუკიდებელი ორგანოების არსებობა. ამგვარი ორგანოები უნდა დაკომპლექტდნენ, როგორც სახელმწიფოს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან.

 

რეკომენდაციები სახელმწიფო შესყიდვების ეტაპის მიხედვით

 


-  ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ პოსტ-სატენდერო ეტაპზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია, inter alia, ქვეკონტრაქტორების, ხელშეკრულებებში შესული ცვლილებების, ხელშეკრულების შესრულებისა და შემოწმების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით;

 

-  მიუხედავად იმისა, რომ შეფასებული ქვეყნების უმეტესობა აქვეყნებს ინფორმაციას სატენდერო განცხადებების შესახებ, ინფორმაციაზე წვდომა გარანტირებული უნდა იყოს ელექტრონულ, მანქანა-წაკითხვა ფორმატში;

 

-  ქვეყნებმა ასევე უნდა უზრუნველყონ წარმოდგენილი განცხადებების, სატენდერო წინადადებებისა და შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნება;

 

-  იმ შემთხვევებში, როდესაც შეფასების კრიტერიუმები მოიცავს როგორც ფასს, ასევე ხარისხს, გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს ხარჯთეფექტურობის შეფასების საფუძველზე, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა მდგრადობა, ფასისა და ხარისხის საუკეთესო შეფარდება, გარემოზე გავლენა და სოციალური ფაქტორები;

 

-  წარდგენილი საჩივრებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციასთან წვდომა გარანტირებული უნდა იყოს ელექტრონულ, მანქანა-წაკითხვად ფორმატში;

 

-  შემსყიდველ ორგანიზაციებს უნდა ეკისრებოდეთ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების გამოქვეყნების კანონისმიერი ვალდებულება.


რეკომენდაციები საბაზისო ინდიკატორების მიხედვით

 

-  მნიშვნელოვანია სახელმწიფოებმა გაატარონ შესაბამისი რეფორმები გამჭვირვალობის საბაზისო ინდიკატორში მათი მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით. გარდა პოსტ-სატენდერო ეტაპზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდისა, აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია შესყიდვის ყველა ეტაპზე იმ ინფორმაციის ელექტრონული, მანაქანა-წაკითხვადი ფორმატით გამოქვეყნებით, რომელსაც სახელმწიფოები სხვა ნაკლებად თანამედროვე მეთოდების გამოყენებით აქვეყნებენ;

 

- აუცილებელია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობები უზრუნველყოფდნენ კონკურენტუნარიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვას და მოცემულ დებულებათა პრაქტიკაში განხორციელებას.

 

ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ინგლისურ და რუსულ ენებზე.

 

/public/upload/Article/TPPR_Onepage_01_Geo.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არასათანადო რეაგირება საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე

09.12.2024

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024