თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების შესახებ

სიახლეები 11 თებერვალი 2016

2016 წლის 22 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მთავარ პროკურატურასა და შსს-ს გიორგი კლდიაშვილს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა.

 

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, 2014 წლის 12 დეკემბერს, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი) დააკავეს IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. მას კუთვნილი და კანონმდებლობის დაცვით გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი მაღაზიაში შეკეთების შემდგომ მიჰქონდა სახლში, თუმცა არ ჰქონდა აღებული იარაღის გადატანის ნებართვა. გიორგი კლდიაშვილის ქმედება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. მიუხედავად ამისა, მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და დაკითხვის შემდეგ ის გადაყვანილ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში. გიორგი კლდიაშვილი 72 საათის განმავლობაში იყო უკანონოდ დაკავებული, რის შემდეგაც, 2014 წლის 14 დეკემბერს, ის წინა-სასამართლო სხდომაზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული იქნა სასამართლო დარბაზიდან. 2015 წლის იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეწყდა გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა, დადგინდა რა, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენდა დანაშაულს გათვალისწინებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. გიორგი კლდიაშვილის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეზე იცავდნენ პარტნიორი ორგანიზაციის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტები - ლევან ვეფხვაძე და მაია ხუციშვილი. 2015 წლის 10 თებერვალს გიორგი კლდიაშვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო დაკავებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მის ინტერესებს სასამართლოში იცავდა ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი, ნიკა სიმონიშვილი. 2015 წლის 23 ივნისის სასამართლოს გადაწყვეტილებით შსს-სა და მთავარ პროკურატურას დაეკისრათ სოლიდარული პასუხისმგებლობა - 2000 ლარის ოდენობით მორალური ზიანისა და 1180 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ. შსს-მ და საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენა 2016 წლის 22 იანვარს ჩატარდა. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურისა და შსს-ს სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება,

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ აპელანტებმა საკუთარ სარჩელში „ვერ შეძლეს გაექარწყლებინათ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება“.

 

სააპელაციო სასამრთლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის ჩანაწერზე, რომლის თანახმადაც ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. სასამართლომ ხაზი გაუსვა ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 ოქმს, რომლის ხელმოწერითაც საქართველომ დაადასტურა საკუთარი ნება უზრუნველყოს ყველა იმ პირის კომპენსირება, რომელიც დაკავებულია/მსჯავრდებულია სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, თუმცა შემდგომში დადგინდება მისი უდანაშაულობა. საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან ერთად, სასამართლომ მიუთითა ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სამოქალაქო კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ჩანაწერებზე, და აღნიშნა, რომ მათ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა (რასაც შედეგად მოყვა ზიანი) და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მარეაბილიტირებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა. ცხადია, რომ გიორგი კლდიაშვილის საქმეში სახეზე იყო ორივე კრიტერიუმი. კერძოდ, მოხდა მისი უკანონოდ დაკავება, ხოლო მოგვიანებით კი შეწყდა მის წინაააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა, რითიც დადასტურდა მისი უდანაშაულობა. სასამართლომ მითითება გააკეთა საქმეზე პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ პირი რომელიც უკანონოდ არის დაკავებული/ დაპატიმრებული არ არის ვალდებული ითმინოს პატიმრობასთან/დაკავებასთან დაკავშირებული დისკომფორტი, შესაბამისად ექვემდებარება მორალური ზიანის ანაზღაურებას.

 

რაც შეეხება მორალური ზიანის ოდენობას მისი განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის ცხოვრების პირობები და ბრალის ხარისხი. სასამართლომ გაითვალისწინა ისიც, რომ გიორგი კლდიაშვილი არის IDFI-ის დირექტორი ხოლო შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, მისი, როგორც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დაკავების თაობაზე, რითიც შეუქმნა საფრთხე მის სახელსა და რეპუტაციას. მორალური ზიანის განსაზღვრისას მნიშვნელოვან ფატორად იქნა მიჩნეული ისიც, რომ გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას მას საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუჩერდა IDFI-ის დირექტორის სტატუსი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შსს-სა და მთავარ პროკურატურას სოლიდარულად დაეკისრათ 2000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ.

 

რაც შეეხება მატერილური ზიანის განსაზღვრას, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებისათვის მატერილური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 1180 ლარის ოდენობით იყო სამართლიანი. აღნიშნული ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ გიორგი კლდიაშვილის მიერ წარმოდგენილ იქნა საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას მისი დამცველის მიერ მიღებული საადვოკატო მომსახურების ჰონორარი შეადგენდა 1180 ლარს.

 

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა პროცესის შემდგომი გაჭიანურებისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების გარეშე, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფენ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024