IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ

სიახლეები | სასამართლო პრაქტიკა 12 ივლისი 2016

დავა უზენაესმა სასამართლომ გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ გადაწყვიტა!

 

ავტორი: ნინო მერებაშვილი

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას დაეკისრათ გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 2014 წლის 12 დეკემბერს მისი უკანონო დაკავების ფაქტზე.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი განუხილვევლად იქნა დატოვებული 2016 წლის 14 აპრილს შესაბამისი საპროცესო ვადების დაუცველობის გამო, ხოლო საქართველოს პროკურატურის საჩივარი კი დაუშვებლად იქნა ცნობილი 2016 წლის 2 ივნისს.


აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა შსს-სა და პროკურატურის მიერ ჯერ სააპელაციო შემდეგ კი საკასაციო წესით, თუმცა ყველა ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ უწყებებს ქონდათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.


როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, 2014 წლის 12 დეკემბერს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლი) შსს-ს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი. მას კუთვნილი და კანონმდებლობის დაცვით გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი მაღაზიაში შეკეთების შემდგომ მიჰქონდა სახლში, თუმცა არ ჰქონდა აღებული იარაღის გადატანის ნებართვა. გიორგი კლდიაშვილის ქმედება წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევას, თუმცა მიუხედავად ამისა, მის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და დაკითხვის შემდეგ გადაყვანილ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში. აღსანიშნავია, რომ გიორგი კლდიაშვილი წინა-სასამართლო სხდომაზევე 2014 წლის 14 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული იქნა სასამართლო დარბაზიდან, ხოლო 15 იანვარს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეწყდა გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა, დადგინდა რა, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენდა დანაშაულს გათვალისწინებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

 

მიმდინარე წლის 10 თებერვალს გიორგი კლდიაშვილმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო დაკავებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მის ინტერესებს სასამართლოში პარტნიორი ორგანიზაციის - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი, ნიკა სიმონიშვილი იცავდა (აღსანიშნავია, რომ ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მაია ხუციშვილმა და ლევან ვეფხვაძემ წარმატებით დაიცვეს გიორგი კლდიაშვილის ინტერსები მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეშიც). სასამართლოს მიმდინარე წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით შსს-სა და მთავარ პროკურატურას დაეკისრათ სოლიდარული პასუხისმგებლობა - 2000 ლარის ოდენობით მორალური ზიანისა და 1180 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება გიორგი კლდიაშვილის სასარგებლოდ.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა, როგორც შიდა ეროვნული კანონმდებლობით, ისე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციითა და პრეცედენტული სამართლით (საქმე რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ).

 

ამასთან, სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა ზიანის ანაზღაურების კრიტერიუმების შესახებ და მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა (რასაც შედეგად მოყვა ზიანი) და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება, მარეაბილიტირებელ გარემოებად კი მიჩნეულ უნდა იქნეს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა. ცხადია, რომ გიორგი კლდიაშვილის საქმეში სახეზე იყო ორივე კრიტერიუმი. კერძოდ, მოხდა მისი უკანონოდ დაკავება, ხოლო მოგვიანებით კი შეწყდა მის წინაააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა.

 

დამატებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, პირის დაკავება ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების წევრების უსაფრთხოების დაცვას, თუმცა მიუხედავად ამისა პირს, რომლის მიმართაც შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისთვის.

 

უნდა აღინიშნოს, რომ საქმე გიორგი კლდიაშვილი შსს-სა და საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგ წარმოადგენს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მნიშვნელოვან პრეცედენტს, განსაზღვრავს რა მის კრიტერიუმებსა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების აუცილებელ ელემენტებს.



ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფენ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024