IDFI აჯამებს გიორგი კლდიაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს

სიახლეები | განცხადებები 9 იანვარი 2015

2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, როდესაც გიორგი კლდიაშვილს კუთვნილი და მასზე ოფიციალურად რეგისტრირებული ცეცხლსასროლი საკოლექციო იარაღი (Luger P08, 1921 წლის გამოშვება) გადაქონდა სახლში იარაღის ოფიციალურ მაღაზიაში შეკეთების შემდეგ. გიორგი კლდიაშვილი დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ იარაღი იყო დაშლილ მდგომარეობაში, იდო მანქანის საბარგულში ტყვიების გარეშე. იარაღი ეკუთვნოდა გიორგი კლდიაშვილს, თუმცა, მას არ ჰქონდა აღებული ნებართვა შსს-ს მომსახურების სააგენტოდან მისი გადატანის შესახებ.


შსს-ს თანამშრომელთა პირველადი განმარტებით, გიორგი კლდიაშვილს ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფარგლებს არ ცდებოდა და მას ჯარიმის გადახდა მოუწევდა. თუმცა, მოგვიანებით იმავე დღეს, გიორგი კლდიაშვილს წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3-5 წლამდე. 3 საათიანი დაკითხვის შემდგომ გიორგი კლდიაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე.წ. “მოდულის“ შენობაში, სადაც მან 2 დღე დაჰყო.


აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გიორგი კლდიაშვილის დაკავებას საფუძვლად დაედო ვარაუდი მისი მიმალვის შესახებ. თუმცა, მან ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, თავისი ნებით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში და დაიკითხა მოწმის სახით. გიორგი კლდიაშვილის ინფორმაციით, დაკავებისას შსს-ს წარმომადგენლებმა ჰკითხეს მისი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და იმ სამოქალაქო კამპანიაზე, რომლებშიც გიორგი კლდიაშვილი იყო ჩართული, მიანიშნეს კამპანია ,,ეს შენ გეხება“-ზე და უთხრეს თუ რატომ საუბრობდა უკანონო მოსმენებზე.


სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ვერ დაასაბუთა გიორგი კლდიაშვილის 2 დღით დაკავების საფუძველი და ვერც ის რომ არსებობდა მიმალვის საფრთხე. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დაადასტურა, რომ შსს-ს წამომადგენლებმა გიორგი კლდიაშვილის მიმართ დაარღვიეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. ყოველივე ამის გამო სასამართლომ მიიღო გიორგი კლდიაშვილის სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება 1500 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე გამოძიების დასრულებამდე და სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გიორგი კლდიაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ინსტიტუტის დირექტორის პოზიციიდან გადადგომის შესახებ.


გიორგი კლდიაშვილის დაკავების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, მათ შორის კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის და 30-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, როგორიცაა ღია საზოგადოება საქართველო (OSGF), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI-Georgia) ა.შ. გაავრცელეს განცხადებები და მოუწოდეს ხელისუფლებას: (1) დაუყოვნელივ იქნეს შესწავლილი პოლიციელთა მოქმედების კანონიერება და ყველა დამრღვევს დაეკისროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა; (2) შეწყდეს გიორგი კლდიაშვილის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, რადგან არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება (სსსკ-ს 105-ე მხ.); (3) მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა თავი შეიკავონ არასამთავრობო ორგანიზაციათა მისამართით შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე, ქვეყნის მოღალატეებად, ძირგამომთხრელებად შერაცხვაზე, რადგან, სხვა არასასურველ შედეგებთან ერთად, შესაძლებელია, ასეთი დაუფიქრებელი გამონათქვამები გახდეს სამართალდამცავთა მხრიდან ზემოაღნიშნული კანონსაწინააღმდეგო და არაადეკვატური რეაგირების წამახალისებელი.


მნიშნელოვანია აღინიშნოს, რომ განცხადება ასევე გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა, და წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორის გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საკითხის განხილვის თაობაზე. საქართველოს სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ადგილი აქვს გიორგი კლდიაშვილის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181–ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.


აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან არსებული რეაქციის შედეგად პროკურატურამ შესთავაზა გიორგი კლდიაშვილს განრიდების გამოყენება, რაც იმის მანიშნებელი იქნებოდა რომ საქმე ეხება სისხლის სამართლის და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. გიორგი კლდიაშვილმა უარი განაცხადა განრიდების მიღებაზე, რადგან მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა ატარებს ადმინისტრაციულ ხასიათს. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს და შემდეგი სასამართლო სხდომა დანიშნულია 2015 წლის 15 იანვარს. გიორგი კლდიაშვილის უფლებებს იცავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) გუნდი.


ყოველივე ზემოთქმულზე დაყრდნობით IDFI აცხადებს, რომ:


1. გიორგი კლდიაშვილი უკანონოდ იყო დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში, ე.წ. “მოდულის“ შენობაში ორი დღის განმავლობაში, რასაც 2014 წლის 17 დეკემბერის სასამართლოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებაც მოწმობს.
2. მიუღებელია კანონდამცველი ორგანოების მიერ გიორგი კლდიაშვილის სამოქალაქო აქტივიზმზე მითითება. გიორგი კლდიაშვილი არის IDFI-ის დამფუძნებელი, კოალიციის მედია ადვოკატირებისთვის კოორდინატორი, პარტნიორობა ღია მმართველობისთვის საქართველოს ფორუმის თანათავმჯდომარე და სხვა საქმიანობებს შორის ასევე აქტიურად მონაწილეობს „ეს შენ გეხება“-ს კამპანიაში.
3. IDFI მიიჩნევს, რომ გიორგი კლდიაშვილის მიერ მისი საკუთარი იარაღის უნებართვო გადატანა წარმოადგენს ადმინისტრაციულ და არა სისხლის სამართლის სამართალდარღვევას. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ.
4. ყოველივე ზემოთქმული, კერძოდ: (1) ორი დღის განმავლობაში გიორგი კლდიაშვილის უკანონო დაკავება, (2) საქმის სისხლის სამართლებრივი და არა ადმინისტრაციული წარმოება, (3) მინიშნება გიორგი კლდიაშვილისა და მისი ორგანიზაციის სამოქალაქო აქტივიზმზე, - ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის მოქმედება მიზნად ისახავდა გიორგი კლდიაშვილის დაშინებას და მასზე ზემოქმედებას. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებული ქმედებები შეიძლება მიჩნეულ იქნას სამოქალაქო საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მცდელობად, რომლის ერთ-ერთ აქტიურ წევრსაც IDFI წარმოადგენს. IDFI გააგრძელებს გიორგი კლდიაშვილის საქმის მსვლელობაზე დაკვირვებას და მომავალშიც შემოგთავაზებთ განახლებულ ინფორმაციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024