სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია პატიმართა წამების შემთხვევების გამოძიების შესახებ კვლავაც ხელმიუწვდომელია

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 12 დეკემბერი 2014

წლების განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველი, ისევე როგორც უფლებადამცველები, მრავალი არასამთვრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, მიუთითებდა საქართველოს ხელისუფლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა მძიმე ყოფაზე, პრობლემებზე, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ გამოცემული მასშტაბური კვლევის თანახმად გამოკითხულ პატიმართა უმრავლესობა (50-85%) აცხადებს, რომ მათ შეემთხვათ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რესპოდენტთა 75,4% აცხადებდა, რომ მათ ფიზიკურად აწამებდნენ, ხოლო 84,2% კი მიუთითებს, რომ ისინი იყვნენ ფსიქიკური წამების მსხვერპლნი. ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში დაფიქსირდა, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამების ფაქტები არ წარმოადგენდა ერთი რომელიმე კონკრეტული სასჯელაღსრულებითი ან სხვა დაწესებულების პრაქტიკის ნაწილს, არამედ გავრცელებული იყო საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებსა თუ სტრუქტურებში. სახალხო დამცველის ანგარიშებში ხაზგასმით ხდებოდა მითითება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობის კონკრეტულ ფაქტებზე. 

 

2012 წელს გავრცელებულმა ციხის ვიდეო კადრებმა, რეალურად დაადასტურა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამების პრაქტიკის არსებობა. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საზოგადოება, განსაკუთრებით კი ყოფილი და ამჟამინდელი პატიმრები იმედოვნებდნენ, რომ ერთის მხრივ აღმოიფხვრებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანერგილი წამებისა და სასტიკი არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ხოლო მეორეს მხრივ გასამართლდებოდა ყველა ის პირი რომელიც უშუალოდ თუ სხვისთვის განკარგულების მიცემის გზით ჩართული იყო დანაშაულებრივ საქმიანობაში, რითაც მოხდებოდა მსგავსი პრაქტიკის შემდგომი პრევენცია.

  

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერსის საგანს, სამწუხაროდ ინფორმაცია ციხეებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური და სასტიკი მოპყრობისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობის, აგრეთვე დეტალები მათი საქმეების შესახებ დღესაც არ არის გამოქვეყნებული და საზოგადოებას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის ცნობილია მხოლოდ რამდენიმე გახმაურებული საქმის ირგვლივ არსებული მონაცემები. მაგ. პატიმრების წამების საქმეზე დაკავებული იქნა 17 პირი საიდანაც მხოლოდ 2-ი გასამართლდა წამების მუხლით, ნაწილს - გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ხოლო ვლადიმერ ბედუკაძე სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან. წამების ბრალდებით გასამართლდნენ არა მხოლოდ, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები, არამედ პატიმრებიც. მაგ. იხილეთ IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია სასამართლო განაჩენები ციხეში წამების ფაქტებზე, რომელიც ეხება პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეს. IDFI-ი ასევე მოუწოდებდა ხელისუფლებას გამოძიებული ყოფილიყო სახალხო დამცველის ანგარიშში 2011 წელს აღწერილი პატიმართა გარდაცვალების საეჭვო შემთხვევები (იხილეთ ჩვენი სტატია: სიკვდილიანობის სტატისტიკა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში). თუმცა, საერთო ჯამში ჩვენთვის დღემდე არ არის ცნობილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების მასშტაბი და გამოძიების შედეგებით დამდგარი საერთო სურათი. შესაბამისად, კითხვა პრობლემის სისტემურობასთან დაკავშირებით კვლავ პასუხ-გაუცემელია.

  

სწორედ ამ ინფორმაციის მოპოვებისა და საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით 2014 წლის ნოემბრის დასაწყისში "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ წერილობით განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ და სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურს“, მოთხოვნით მოეწოდებინათ ჩვენთვის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, აგრეთვე წამების მუქარის შემთხვეებზე სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაცია. მათ შორის უწყებებში შესული განცხადებების/საჩივრების რაოდენობა, თანამშრომელთა რაოდენობა რომლებიც მიცემულ იქნენ სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, ასევე ინფორმაცია აღნიშნული დანაშაულის შედეგად დაზარალებულ მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურამ, ისვე როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოთხოვნილი ინფორმაცია სამწუხაროდ მოგვაწოდა არასრულყოფილი სახით. კერძოდ არა იმ პერიოდისთვის და არა იმ სახით როგორც ამას ინსტიტუტი ითხოვდა.

 

რაც შეეხება სსიპ “იურიდიული დახმარების სამსახურს“, აღნიშნულმა უწყებამ საერთოდ არ მოგვაწოდა ინფორმაცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებზე დახმარების თხოვნით მიმართვების რაოდენობის შესახებ იმ მიზეზით, რომ სამსახური არ აწარმოებდა აღნიშნულ სტატისტიკას.

 


  

–  საქართველოს პროკურატურა 

 

საქართველოს პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პოლიციის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან განხორცილებული ცემა–წამების, მუქარისა და იძულების ფაქტების შესახებ გამოძიების დაწყების შესახებ შევიდა 2787 საჩივარი/განცხადება.

 

ამასთან, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2013 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ განხორცილებული არასათანადო მოპყრობისა და მასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 48 თანამშრომლის მიმართ, საიდანაც გამამტყუნებელი განაჩენი 28 თანამშრომლის, ხოლო გამამართლებელი კი ერთი თანამშრომლის მიმართ დადგა. დევნა შეწყდა ერთი პირის მიმართ. ამასთან ინფორმაცია არ მოგვეწოდა იმის შესახებ თუ რა ბედი ეწია დანარჩენ 18 ბრალდებულს, წერილის ტექსტიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ შემთხვევაში დადგა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი.

 

საქართველოს პროკურატურამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულ პატიმართა რაოდენობის შესახებ, აღნიშნულის მიზეზად კი სტატისტიკური მონაცემების არქონა დაასახელა.

 

 

  

–  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

  

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2012 წლის 20 ოქტომბრიდან წერილის მიღების მომენტამდე სამინისტროს სისტემაში თანამდებობიდან სულ გათავისუფლდა 116 პირი. მათგან 32 გათავისუფლდა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავ მოპყრობის ფაქტზე, რომლებსაც ადგილი ქონდათ 2012 წლის 20 ოქტომბრამდე. აღნიშნულ პირთა გათავისუფლება მოხდა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შესაბამისი დასკვნის შედგენისა და მისი საქართველოს პროკურატურაში გადაგზავნის შემდეგ.

 

სამინისტრომ მოგვაწოდა ასევე ინფორმაცია არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, წამებისა და მუქარის შემცველი შინაარსის ფაქტებთან დაკავშირებით რეგისტრირებული განცხადებების/საჩივრების შესახებ. ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად სამწუხაროდ ინფორმაცია მოგვეწოდა მხოლოდ 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის „პირველ პერიოდამდე“ (ინსტიტუტი ინფორმაციის მოწოდებას ითხოვდა 2014 წლის ნოემბრამდე პერიოდისთვის). კერძოდ, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ამ პერიოდის განმავლობაში უწყებაში შევიდა "დაახლოებით" 1000-მდე განცხადება, საიდანაც 200 შემთხვევაში გამოიკვეთა არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის სავარაუდო ფაქტები და შესაბამისად ეს მასალები გადაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

 

  

–  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“

 

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იმ განმცხადებელთა რაოდენობა, რომლებმაც მიმართეს ცენტრს და თავს მიიჩნევდნენ წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და წამების მსხვერპლად შეადგენდა 65–ს. ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად თითოეულ განმცხადებელს გაეწია შესაბამისი სამართლებრივი დახმარება, ასევე საჭიროებიდან გამომდინარე კონკრეტულ შემთხვევებში ბენეფიციარებს მოუგვარდათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, გადაეცათ უფასო მედიკამენტები, მათ მიიღეს ფსიქოლოგის და ფსიქიატრის მომსახურება, უფასოდ დაუმზადდათ ID ბარათები, დაუფინანსდათ მცირე ბიზნესი, გაეწიათ უფასო იურიდიული კონსულტაცია, ჩართულნი იყვნენ სოციალური უნარების განვითარების, აგრესიის, კონფლიქტის მართვისა და დასაქმების ხელშეწყობის ტრენინგებსა და პროგრამებში.

 

 

 დასკვნა

 

2012 წელს გავრცელებული ციხის ვიდეო კადრების შემდგომ საზოგადოებაში შეიქმნა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წინააღმდეგ ჩადენილი წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ჰქონდა სისტემური ხასიათი. ამ წარმოდგენის დამკვიდრებას ხელი შეუწყო მათ შორის მოქმედი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა მიერ არაერთხელ საჯაროდ გაკეთებულმა განცხადებებმა და კომენტარებმა. თუმცა, დღეის მდგომარეობით საზოგადოებას კვლავაც არ აქვს ზუსტი და ყოვლისმომცველი ინფორმაცია საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში გამოკვეთილ დანაშაულებებსა და გადაცდომების შესახებ, გამოძიების მასშტაბებისა და გამოვლენილი ფაქტების შესახებ.

 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლებას (პროკურატურისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახით) აკისრია ვალდებულება მიაწოდოს საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, მათ შორის უწყებებში შესული განცხადებებისა და საჩივრების რაოდენობის, აგრეთვე გატარებული შესაბამისი ზომებისა და იმ პირთა რაოდენობის შესახებ, რომლებსაც დაეკისრათ პასუხიმგებლობა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით.

 

მიუღებელია როდესაც, საჯარო უწყებები უარს ამბობენ ინფორმაციის გაცემაზე იმაზე მითითებით, რომ უწყება არ აწარმოებს შესაბამის სტატისტიკურ ინფორმაციას. ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია საქართველოს პროკურატურამ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოცემულ განსაკუთრებით სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით აწარმოონ სრულყოფილი სტატისტიკური ინფორმაცია. ამ გზით უზრუნველყოფილი იქნება ამ განსაკუთრებით მაღალ საჯარო ინტერესის საგანზე საზოგადოების ინფორმირება, არსებული პრობლემების შეფასება და მათი აღმოფხვრის გზებზე საჯარო დებატის გამართვა.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023