IDFI-მ ქუთაისში, ლანჩხუთსა და ზუგდიდში რეპრესირებულთა შესახებ საინფორმაციო შეხვედრები და ფილმის ჩვენება გამართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 21 ოქტომბერი 2022

2022 წლის 18 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და რეგიონული ინიციატივების ცენტრ ,,ნათელი მომავალთან“ თანამშრომლობით ქუთაისის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში რეპრესირებულთა საკითხზე საინფორმაციო შეხვედრები და „რადიო თავისუფლების“ ფილმის „დახვრეტილთა სასაფლაო ბათუმში“ ჩვენება გამართა.

 

18 ოქტომბერს, აღნიშნული შეხვედრები, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკასა და ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც ბიბლიოთეკის თანამშრომლები, სტუდენტები, მედიასაშუალების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

 „მიუხედავად  იმისა, რომ  ფილმით გადმოცემული თემა ჩვენთვის კარგადაა  ცნობილი, მაინც ვთვლით, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საბჭოთა ოკუპაციის ყველა დანაშაულებრივი ქმედება, ვიცოდეთ ყველა მსხვერპლის შესახებ. ეს ჩვენი ისტორიული  ვალია. მადლობა ამ ფილმის შემქმნელებს, ეროვნული თვითგამორკვევის შენობაზე კიდევ ერთი აგურის დამდებლებს.“ – აღნიშნა ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარმა მაკა ძნელაძემ.

 

ქუთაისის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა კი ევროკავშირისა და ნატო-ს შესახებ საინფორმაციო კვირეულის გახსნის ფარგლებში განხორციელდა.

 

19 ოქტომბერს პრეზენტაცია და ფილმის ჩვენება გაიმართა ლანჩხუთის ოკუპაციის მუზეუმში, რომელსაც ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები, სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთში ოკუპაციის მუზეუმის გახსნის იდეა  ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს ლადო აფხაზავას ეკუთვნის, რომელიც ასევე ესწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას.

 

20 ოქტომბერს დასკვნითი შეხვედრები გაიმართა ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრსა და ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიბლიოთეკის თანამშრომლები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.

 

აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებს რეგიონული ინიციატივების ცენტრის "ნათელი მომავლის" ხელმძღვანელმა მარიკა ვაჭარაძემ მიმართა და ისაუბრა რეპრესირებულთა საკითხის მნიშვნელობასა და, ამ მხრივ, საზოგადოების ინფორმირებულობის აუცილებლობაზე.

 

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა, რომელშიც განხილული იყო რეპრესიების თემატიკა და ბათუმში აღმოჩენილი სამარხების გახსნისთვის გადადგმული ნაბიჯები. პრეზენტაციისას საუბარი შეეხო საბჭოთა პერიოდის მანკიერ მხარეებს, მასშტაბური რეპრესიების შედეგებს, საქართველოში რეპრესიებს შეწირული ადამიანების ბედს. ანტონ ვაჭარაძემ ყურადღება გაამახვილა ბათუმში, კერძოდ კი, ხელვაჩაურში აღმოჩენილი სამარხების თემაზე და ისაუბრა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისა და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) როლზე აღნიშნული სამარხის გახსნის საქმეში.

 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ „რადიო თავისუფლების“ ფილმის „დახვრეტილთა სასაფლაო ბათუმში“ ჩვენება გაიმართა, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოჩნდა ბათუმის მახლობლად, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი ასობით ადამიანის სამარხი. ფილმის მთავარი გმირი ერთ-ერთი რეპრესირებულის შვილია, რომელიც იმედოვნებს, რომ მომავალში მოიძებნება საშუალება, რათა მისი დნმ მასალა შედარდეს N6 სამარხში აღმოჩენილ 29 ადამიანის დნმ-თან.

 

შეხვედრები წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. დამსწრე საზოგადოებას ასევე საშუალება გქონდა საკუთარი აზრი და გამოცდილება გაეზიარებინა რეპრესირებულთა საკითხის ირგვლივ.

 

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida- ფინანსური მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024