კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე: IDFI-ის ანტიკორუფციული საქმიანობა და არსებული გამოწვევები

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | აქტუალური თემები | ანალიზი | სტატია 9 დეკემბერი 2021

ანტიკორუფციული მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ყოველი წლის 9 დეკემბერს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე უმნიშვნელოვანესია სამთავრობო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ისევე, როგორც მთლიანი საზოგადოებისთვის იმის შესახსენებლად, რომ ერთობლივი თანამშრომლობა აუცილებელია კორუფციის პრევენციისთვის, რაც, თავის მხრივ, არსებითია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების თვალსაზრისით პროგრესის მისაღწევად.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურად განაგრძობს კორუფციასთან ბრძოლის ხელშეწყობას. ორგანიზაცია მნიშვნელოვან ძალისხმევას სწევს ანტიკორუფციული მიმართულებით ცნობიერების ასამაღლებლად და უკვე მესამე წელია წარმატებით ახორციელებს კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამას. IDFI განაგრძობს მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობას ადგილობრივ დონეზე უფრო ღია და მონაწილეობითი მმართველობის დამკვიდრების მიზნით. ორგანიზაცია სისტემატურად ადევნებს თვალყურს ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელებას და აქტიურად მონაწილეობს მონიტორინგის პროცესში. 2021 წლის დასაწყისში IDFI-მ ქმედითი ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში დახმარების მიზნით ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს  წარუდგინა თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები. მიუხედავად ამისა, ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა, რომელმაც 2021-2022 წლებში უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა განსაზღვროს, 2021 წლის ბოლოს ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული; არ მომზადებულა არც საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) ახალი სამოქმედო გეგმა, არ განახლებულა შესაბამისი სტრატეგიები და არც ინფორმაცია გამოქვეყნებულა აღნიშნული პროცესების მიმდინარეობის შესახებ.

 

IDFI აქტიურად აკვირდება საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, აანალიზებს და პერიოდულად აქვეყნებს საერთაშორისო რეიტინგებს. 2021 წლის განმავლობაში საქართველო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მოხვდა. მონაცემების მიხედვით, საქართველოს ანტიკორუფციული მაჩვენებლები განაგრძობს გაუარესებას. ქვეყანაში ოფიციალურ პირებთან დაკავშირებული მაღალი დონის კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება.

 

ნიშანდობლივია, რომ ქვეყნის მიერ ანტიკორუფციული მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების შესრულება დაბალი პროგრესით ხასიათდება, რაც ცალსახად მიუთითებს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პასიურ ფაზაში გადასვლაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოა საქართველოს მთავრობის მიერ ანტიკორუფციული გარემოს შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) ანგარიშის მიღების შეფერხება.

 

IDFI წლებია საუბრობს იმაზე, რომ კორუფციასთან მებრძოლ უწყებებში ყველაზე პრობლემური მათი დამოუკიდებლობის საკითხია, რაც უმნიშვნელოვანესია კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველყოფისთვის. აუცილებელია ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის რეფორმირება, რადგან ის ვერ ახდენს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე შედეგიან რეაგირებას, რაც საზოგადოებაში აჩენს შეკითხვებს და ნეგატიურად აისახება საჯარო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ორგანიზაცია უკვე დიდი ხანია სხვადასხვა ფორმატში ადვოკატირებს ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს.

 

IDFI აქტიურად მუშაობს კომერციული და სახელმწიფო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და ღიაობის გასაძლიერებლად, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად IDFI იყენებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პლატფორმას. წიაღისეულის მოპოვებით მიღებული შემოსავლის საერთო საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობის მიზნით IDFI გახდა გამოაქვეყნე რასაც იხდი (PWYP) ქსელის წევრი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია საქართველოდან და აღნიშნულ თემაზე უმასპინძლა რეგიონულ კონფერენციას - ღია მმართველობის ფორუმის ფარგლებში. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა და დაინტერესებულმა მხარეებმა სხვადასხვა სექტორიდან რამდენიმე საკვანძო საკითხთან დაკავშირებით: ბენეფიციარი საკუთრების გამჭვირვალობა, მოპოვების მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივა (EITI), გამოაქვეყნეთ, რასაც იხდით ქსელი და საქართველოს პერსპექტივები. 

 

IDFI აქტიურად მუშაობს ანტიკორუფციული მიმართულებით მნიშვნელოვან საკითხებზე რელევანტური აქტორების ყურადღების მიპყრობის მიზნით. 2021 წელს ორგანიზაციამ განახორციელა კვლევა საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის შესახებ და შეიმუშავა ბენეფიციარ მესაკუთრეთა მონიტორინგის გზამკვლევი. გარდა ამისა, საქართველოს საჯარო დაწესებულებებში მხილების შემთხვევების სიმცირის მიზეზის დადგენის, ხარვეზების იდენტიფიცირებისა და მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების განსაზღვრის მიზნით ორგანიზაციამ სიღრმისეული  კვლევა აწარმოა მხილების მექანიზმთან დაკავშირებით. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ პანდემიის პირობებში IDFI თავიდანვე აქტიურად განიხილავდა პანდემიის ფარგლებში კორუფციული რისკების ზრდის საშიშროების საკითხს და 2021 წლის განმავლობაშიც ამახვილებდა ყურადღებას ამ მიმართულებით. 

 

არსებული გამოწვევების საპასუხოდ უმნიშვნელოვანესია, საქართველომ პირნათლად შეასრულოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციები. ასევე, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ მეტი ყურადღება დაუთმოს ქვეყანაში საჯარო მმართველობის რეფორმას და კორუფციასთან ბრძოლას, მხედველობაში მიიღოს ამ მიმართულებებით იდენტიფიცირებული გამოწვევები, დროულად შეიმუშაოს ქმედითი პოლიტიკის დოკუმენტები და მათ ფარგლებში გაითვალისწინოს ამბიციური ვალდებულებები.

 

____

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023