კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციების შესრულების პროგრესი კვლავ ძალიან დაბალია

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი | სტატია 15 აპრილი 2021

2021 წლის 12 აპრილს ევროსაბჭოს კორუფციის წინაღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) შეფასების მეოთხე რაუნდის ფარგლებში გამოაქვეყნა საქართველოს შესაბამისობის მეორე ანგარიში, სადაც აფასებს ქვეყნის მიერ 2016 წელს მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას. ანგარიშში რეკომენდაციები წარმოდგენილია სამი მიმართულებით: პარლამენტი, სასამართლო და პროკურატურა, - სულ 16 რეკომენდაცია. GRECO-ს პროცედურების თანახმად, საქართველოს მთავრობას ორი წლის განმავლობაში (2019 წლამდე) უნდა უზრუნველეყო მიღებული რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვა. 2019 წლის დასაწყისში GRECO-მ შეაფასა გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა პირველი შესაბამისობის ანგარიშში, რომლის თანახმადკორუფციის პრევენციასთან დაკავშირებული 16 რეკომენდაციიდან საქართველოს ორი წლის განმავლობაში სრულყოფილად მხოლოდ ხუთი რეკომენდაცია ქონდა შესრულებული, საერთოდ არ იყო შესრულებული სამი, ხოლო ნაწილობრივ იყო შესრულებული რვა რეკომენდაცია. GRECO-ს პროცედურების თანახმად, შემდგომი 18 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიეღო დამატებითი ზომები რეკომენდაციების სრულად დანერგვის მიზნით. GRECO-ს რეკომენდაციებით გათვალისწინებულ საკითხებზე IDFI უკვე დიდი ხანია სხვადასხვა ფორმატში საუბრობს, იქნება ეს უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭო, ღია მმართველობის ფორუმი, საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭო თუ სხვა. IDFI მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ უფრო აქტიურად ეთანამშრომლა სამოქალაქო საზოგადოებასთან და განეხორციელებინა GRECO-ს რეკომენდაციების შესრულებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება.

 

2019 წლის შემდეგ GRECO-ს რეკომენდაციების შესრულების პროგრესი მხოლოდ მცირედით გაუმჯობესდა: სრულად შესრულებულია ექვსი რეკომენდაცია, ხოლო 11 რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულებული ან შეუსრულებელია.

 

შესასრულებელი 11 რეკომენდაციიდან სამი ეხებოდა პარლამენტს და მისგან მოითხოვდა საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას; პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მიღებას და აღსრულების უზრუნველყოფას; და ინტერესთა კონფლიქტის საკითხების სრულყოფილად დარეგულირებას. პარლამენტის ნაწილში მიღებული სამი რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულად GRECO-მ კვლავ არცერთი რეკომენდაცია არ ჩათვალა.

 

დანარჩენი რვა შესასრულებელი რეკომენდაციიდან ოთხი ეხებოდა სასამართლო სისტემაში კორუფციის პრევენციას, საიდანაც 2019 წლის მდგომარეობით ერთი შეუსრულებელი, ხოლო სამი ნაწილობრივ შესრულებული იყო. სასამართლოს ნაწილში GRECO-ს რეკომენდაციები ეხება საქართველოს ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ ისეთ ვალდებულებებს, რომლებზეც IDFI უკვე დიდი ხანია საუბრობს: მოსამართლეთა დაწინაურების პროცესის ბუნდოვანება; სამოსამართლო ეთიკის ნორმების განახლებისა და დანერგვის საჭიროება; მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების ნათლად განსაზღვრისა და პროცედურების დახვეწის საჭიროება და ა.შ. სასამართლო სისტემაში კორუფციის პრევენციის მიზნით გაცემული GRECO-ს რეკომენდაციებიდან 2019 წლის შემდეგ პროგრესი არცერთი რეკომენდაციის შესრულებაში არ დაფიქსირდა. IDFI აქტიურად გააგრძელებს სასამართლო რეფორმის მონიტორინგს იმ მიზნით, რომ რეფორმის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნეს GRECO-ს ყველა რეკომენდაციის სრულად დანერგვა.

 

GRECO-ს შეფასების მეოთხე რაუნდის დარჩენილი ოთხი შესასრულებელი რეკომენდაცია პროკურატურის სისტემაში კორუფციის პრევენციას ეხებოდა. კერძოდ: ქონებრივი დეკლარაციების მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნების ყველა პროკურორზე გავრცელება; დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების დახვეწა და სანქციების პროპორციულობის უზრუნველყოფა; პროკურორების დანიშვნისა და დაწინაურების მარეგულირებელი ნორმების ნათლად გაწერა და გენერალური პროკურორისთვის მინიჭებული ზედმეტად დიდი დისკრეციულ უფლებამოსილების შეზღუდვა; პროკურატურის ეთიკის კოდექსის პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფა. ამ საკითხებზე ყურადღებას ამახვილებდა IDFI პროკურატურის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის პროცესში და შესაბამისი მიგნებები და რეკომენდაციები პროკურატურას წარუდგინა მონიტორინგის ანგარიშში. GRECO-ს აღნიშნული რეკომენდაციებიდან პროგრესი დაფიქსირდა პროკურორების დანიშვნა-დაწინაურების და ეთიკის ნორმების პრაქტიკაში დანერგვის მიმართულებით და აღნიშნული ორი რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვალა. დანარჩენი ორი რეკომენდაციიდან დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული რეკომენდაცია ნაწილობრივ შესრულებული, ხოლო ქონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებული რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია.

 

GRECO-ს რეკომენდაციების შესრულების დაბალი პროგრესი ცალსახად მიუთითებს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პასიურ ფაზაში გადასვლაზე.  კორუფციის პრევენციის მიმართულებით შესასრულებელი 11 რეკომენდაციიდან ქვეყანამ 18 თვის განმავლობაში მხოლოდ ორი რეკომენდაციის სრულად შესრულება მოახერხა, დანარჩენი ცხრა რეკომენდაცია კი კვლავ შესასრულებელია. კორუფციის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარების საჭიროებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 2020 წელს საერთაშორისო რეიტინგების უმეტესობა ქვეყანაში კორუფციის მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს, რის ერთ-ერთ მიზეზად მაღალი დონის კორუფცია სახელდება. 2021 წლის პირველი კვარტალის დასასრულს საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ არ მიუღია ახალი ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა 2021-2022 წლებისთვის.

 

IDFI შეშფოთებულია კორუფციის წინააღმდეგ ხელისუფლების პასიური მოქმედებით და მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ დროულად უზრუნველყოს:

 

1. კორუფციის პრევენციის მიზნით GRECO-ს მეოთხე რაუნდის რეკომენდაციების სრულად შესრულება;

 

2. ქმედითი და ამბიციური ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის დამტკიცება;

 

3. მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ სპეციალური ზომების მიღება, მათ შორის, მხილების მექანიზმის გაძლიერების კუთხით.

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024