საქართველოს ანტიკორუფციული მაჩვენებლები უარესდება

სიახლეები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 9 დეკემბერი 2020

2020 წელს საქართველო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მოხვდა. მათი უმეტესობა მიუთითებს ქვეყანაში კორუფციის მდგომარეობის გაუარესებაზე, რის ერთ-ერთ მიზეზად მაღალი დონის კორუფცია სახელდება. რეიტინგების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ქვეყნის მიერ კორუფციასთან ბრძოლაში წლების წინ მიღწეული პროგრესი ძირითადად შეჩერებულია ან იკლებს. ბიზნესის კორუფციის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ, მართალია, ბიზნესს ნაკლებად აქვს ქრთამის გადახდის საჭიროების მოლოდინი, თუმცა, არასახარბიელო მდგომარეობაა ბიზნესთან დაკავშირებული კორუფციული რისკების აღკვეთის მიმართულებით.

 

საქართველოში კორუფციისგან ყველაზე ნაკლებად თავისუფალ შტოდ კვლავ საკანონმდებლო ხელისუფლება რჩება, ხოლო კორუფციისგან ყველაზე თავისუფალ ინსტიტუტად - პოლიცია და ჯარი.

 

ნელ-ნელა იზრდება კორუფციის აღქმის მაჩვენებელი საზოგადოებაში, რომლის შესაძლო მიზეზებად სახელდება სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა საარჩევნო მიზნებისთვის, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობა, სახელმწიფო ხელისუფლების კერძო პირის ხელში თავმოყრა და სხვა.

 

საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, მართალია, საქართველომ წვრილმანი კორუფციის ბრძოლის მიმართულებით წარმატებას მიაღწია, მაგრამ ქვეყანაში ოფიციალურ პირებთან დაკავშირებული მაღალი დონის კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება. მნიშვნელოვანი ძალისხმევაა გასაწევი ხელისუფლების კეთილსინდისიერებისა და სასამართლოს ეფექტიანობის თვალსაზრისით.

 

2020 წლის შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების დამოუკიდებლობის მნიშვნელობას, რაც უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს და, შესაბამისად, მაღალ საზოგადოებრივ ნდობას.

 

Trace International-ის მიერ 2020 წლის 19 ნოემბერს გამოქვეყნებული ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით, საქართველო 194 ქვეყანას შორის 28-ე ადგილზეა 25 ქულით. ორგანიზაცია ქვეყნებს აფასებს 100-ქულიანი სისტემით, სადაც 100 ქულა კორუფციის მაღალ, ხოლო 0 ქულა კორუფციის დაბალ რისკზე მიუთითებს. 2019 წლის მონაცემებით საქართველო 200 ქვეყანას შორის 27-ე ადგილს იკავებდა 26 ქულით, რაც 2018 წლის მაჩვენებლის იდენტურია  და გაუარესებულია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, როცა საქართველო 200 ქვეყანას შორის 25-ე ადგილს იკავებდა 23 ქულით. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესის კორუფციის რისკი ეტაპობრივად იმატებს. მართალია, ბოლო წელს აღნიშნული რისკი ერთი ქულით შემცირდა, მაგრამ საერთაშორისო რეიტინგში საქართველომ მაინც ერთი ადგილით უკან გადაინაცვლა.

 

 

საერთაშორისო დონეზე ბიზნესში კორუფციული რისკების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დანიაში გამოვლინდა. დანიამ 194 ქვეყანას შორის ერთი ქულით რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.  კორუფციული რისკების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი დაფიქსირდა ჩრდილოეთ კორეაში, სადაც ბიზნესში კორუფციული რისკების არსებობა 93 ქულით შეფასდა და ქვეყანამ რეიტინგში ბოლო - 194-ე ადგილი დაიკავა.

 

Trace International-ის ბიზნესის კორუფციის რისკის მატრიცა კორუფციის მრავალმხრივ ბუნებას შეისწავლის ოთხი მიმართულებით, საიდანაც თითოეულს ორი ან სამი ქვე-მიმართულება აქვს:

 

პირველი მიმართულება: კორუფციის შესაძლებლობის რისკი (საქართველო - 17 ქულა) – მოიაზრება ბიზნესის ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ხელისუფლებისთვის ქრთამის გადახდის მოლოდინი და რეგულირების ტვირთი. შეფასებული ოთხი მიმართულებიდან საქართველოში ყველაზე დაბალი კორუფციული რისკი სწორედ კორუფციის შესაძლებლობაში დაფიქსირდა. აღნიშნულ მიმართულებაში საქართველომ მსოფლიო რეიტინგში 17 ქულით მე-17 ადგილი დაიკავა 194 ქვეყანას შორის.

 

მეორე მიმართულება: კორუფციული რისკების აღკვეთა (საქართველო - 39 ქულა) - მოაზრება კორუფციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება და ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება. ამ მიმართულებაში საქართველოს კორუფციული რისკის მაჩვენებელი ოთხ მიმართულებას შორის ყველაზე მაღალია და საქართველო მსოფლიო რეიტინგში 194 ქვეყანას შორის 39 ქულით 47-ე ადგილზეა.

 

მესამე მიმართულება: გამჭვირვალობა (საქართველო - 26 ქულა) - მოიაზრება ხელისუფლების მმართველობითი ფუნქციების ღიაობის ხარისხი, სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობა და სიჯანსაღე. აღნიშნულ მიმართულებაში საქართველომ მსოფლიო რეიტინგში 26 ქულით 31-ე ადგილი დაიკავა 194 ქვეყანას შორის.

 

მეოთხე მიმართულება: ზედამხედველობა (28 ქულა) - მოიაზრება მედიის ხარისხი და დამოუკიდებლობა, ისევე, როგორც სამოქალაქო ჩართულობა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობა (ადამიანური რესურსი და სხვა), რომ განახორციელოს ზედამხედველობა. ამ მიმართულებაში საქართველომ მსოფლიო რეიტინგში 28 ქულით 55-ე ადგილი დაიკავა 194 ქვეყანას შორის.

 

საქართველომ ზემოთ განხილული ოთხი მიმართულებიდან ყველაზე დაბალი ქულა (17) კორუფციის შესაძლებლობაში აიღო, რაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულებაში ყველაზე დაბალი რისკი ფიქსირდება. ყველაზე მაღალი რისკი ფიქსირდება და, შესაბამისად, ოთხიდან ყველაზე მაღალი ქულით შეფასდა კორუფციული რისკების აღკვეთის მიმართულება (39 ქულა). რაც შეეხება გამჭირვალეობასა და ზედამხედველობას, ამ მიმართულებებში საქართველომ თითქმის თანაბარი ქულები აიღო (შესაბამისად, 26 და 28 ქულა).

 

 

Trace International-ის ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით, ყველაზე დაბალი კორუფციული რისკის ქვეყნებად შეფასდნენ და პირველ ათეულში მოხვდნენ დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ახალი ზელანდია, ნიდერლანდები, შვეიცარია, გერმანია, გაერთიანებული სამეფო და ისლანდია.

 

საქართველოს მეზობელ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საუკეთესო ქულა ჩეხეთის რესპუბლიკამ მიიღო და საერთაშორისო რეიტინგში 38-ე ადგილზე დაიკავა. ყველაზე მაღალი რისკი დაფიქსირდა აზერბაიჯანში, რომელმაც 136-ე ადგილი დაიკავა.

 

World Justice Project-ის (WJP) კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო 2020 წელს 128 ქვეყანას შორის 42-ე ადგილზეა 0.60 ქულით, კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში კი - 27-ე ადგილზეა 0.68 ქულით.

 

WJP კანონის უზენაესობის ინდექსის შეფასება ეყრდნობა ადგილობრივი მოსახლეობის და ექსპერტების აღქმას და გამოცდილებას და შეფასებას ახდენს რვა ფაქტორის გათვალისწინებით, საიდანაც ერთ-ერთს კორუფციისგან თავისუფლება წარმოადგენს. ქვეყნები ფასდება 0-დან 1-მდე ქულით, საიდანაც ერთი ქულა საუკეთესო შეფასებაა.

 

კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში ხელისუფლების ოთხი შტო შეფასდა, საიდანაც საქართველოში კორუფციისგან ყველაზე ნაკლებად თავისუფალ შტოდ იქნა მიჩნეული და შესაბამისად ყველაზე დაბალი ქულით შეფასდა საკანონმდებლო ხელისუფლება (0.51 ქულა), ხოლო კორუფციისგან ყველაზე თავისუფალ ინსტიტუტებად პოლიცია და ჯარი იქნა მიჩნეული და 0.89 ქულით შეფასდა. სასამართლო ხელისუფლებამ 0.73 ქულა მიიღო, ხოლო აღმასრულებელმა ხელისუფლებამ - 0.60.

 

 

2019 წლის WJP-ის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო 126 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებდა 0.61 ქულით, ხოლო კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში 24-ე ადგილზე იყო 0.70 ქულით.2017-2018 წლების WJP-ის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო 113 ქვეყანას[3] შორის 38-ე ადგილს იკავებდა 0.61 ქულით, ხოლო კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში 23-ე ადგილზე იყო 0.71 ქულით. როგორც ვხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ქულა კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებაში შემცირდა და ქვეყანამ საერთაშორისო რეიტინგშიც ოთხი საფეხურით უკან გადაინაცვლა.

 

 

WJP – ის შეფასებით ათ საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყანას წარმოადგენს დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, გერმანია, ახალი ზელანდია, ავსტრია, კანადა და ესტონეთი.

 

საქართველოს მეზობელ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საუკეთესო ქულა ჩეხეთის რეპუბლიკამ აიღო (0.73) და საერთაშორისო რეიტინგში მე-18 ადგილზე მოხვდა, ხოლო ყველაზე დაბალი შეფასებით (0.43) თურქეთი 107-ე ადგილზეა.

 

Transparency International (TI)-მა 2020 წლის იანვარში გამოაქვეყნა 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველო 180 ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა 56 ქულით, რაც გაუარესებული მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით, როცა საქართველო 180 ქვეყანას შორის 58 ქულით 41-ე ადგილს იკავებდა. 

 

 

კორუფციის აღქმის ინდექსი მონაცემებს იღებს და ამუშავებს სხვადასხვა წყაროდან, რომლებიც შეისწავლის მეწარმეებისა და ექსპერტების აღქმებს საჯარო სექტორში კორუფციასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინდექსის მიხედვით, ქვეყნები 0-დან 100 ქულამდე სისტემით ფასდება, საიდანაც 100 ნიშნავს კორუფციის არარსებობას, 0 კი - კორუფციის მაღალ დონეს. საერთაშორისო რეიტინგში საშუალო ქულაა 43, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში - 35.

 

საერთაშორისო დონეზე საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ და შესაბამისად, პირველ ათეულში შედიან დანია, ახალი ზელანდია, ფინეთი, სინგაპური, შვედეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ნიდერლანდები, გერმანია და ლუქსემბურგი.  

 

კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში, რომელსაც მიეკუთვნება საქართველოც, პრობლემას წარმოადგენს ძალაუფლების არასათანადო გამიჯვნა, სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა საარჩევნო მიზნებისთვის, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის ნაკლებობა. სახელმწიფო ხელისუფლების კერძო პირის ხელში თავმოყრა რეგიონის ქვეყნებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.

 

Heritage Foundation -ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველოს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და საქართველო 2020 წელს 180 ქვეყანას შორის 77,1 ქულით მე-12 ადგილს იკავებს, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის მე-6 ადგილზეა. 2019 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 75.9 ქულით მე-16 ადგილს იკავებდა, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის მე-8 ადგილზე იყო. მე-16 ადგილს იკავებდა საქართველო 2018 წელსაც, თუმცა, უკეთესი ქულით (76,2).

 

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ქვეყნებში ოთხ მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას: კანონის უზენაესობა, მთავრობის ზომა, რეგულირების ეფექტიანობა და ბაზრის ღიაობა.

 

Heritage Foundation-ის ანალიზის მიხედვით, წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულის მატება კანონის უზენაესობის მიმართულებაში ყველა მაჩვენებლის (ქონებრივი უფლებები, სასამართლოს ეფექტიანობა, ხელისუფლების კეთილსინდისიერება) გაუმჯობესებამ განაპირობა. ნიშანდობლივია, რომ 2019 წელს ქულის კლების მიზეზად ორგანიზაცია ასახელებდა სწორედ სასამართლო ხელისუფლების ეფექტიანობის მკვეთრ შემცირებას, ხელისუფლების კეთილსინდისიერების მიმართულებაში აღებულ დაბალ ქულას და მონეტარული თავისუფლების სიდიდეს, რომელიც აღემატებოდა ფინანსური თავისუფლების სარგებელს. მიუხედავად ამისა, ორგანიზაცია 2020 წლის ანალიზის ფარგლებში, ისევე, როგორც 2019 წელს აღნიშნავს, რომ მართალია, საქართველომ წვრილმანი კორუფციის ბრძოლის მიმართულებით წარმატებას მიაღწია, მაგრამ ქვეყანში ოფიციალურ პირებთან დაკავშირებული მაღალი დონის კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება. ასევე მიუთითებს, რომ რეიტინგის ათეულში მოხვედრისთვის ხელისუფლების კეთილსინდისიერებისა და სასამართლოს ეფექტიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ძალისხმევაა გასაწევი და მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული დაპირისპირებების თავიდან აცილების მიზნით, საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანია, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა საკანონმდებლო დონეზე.

 

 

2020 წელს საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყნების პირველ ათეულში მოხვდნენ სინგაპური, ჰონგ-კონგი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, შვეიცარია, ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, დანია, კანადა და ესტონეთი.

 

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების კორუფციის კონტროლის მიმართულებით 2019 წელს საქართველოს მაჩვენებელი 2018 წელთან (76%) შედარებით (ისევე, როგორც 2014 წელთან (76%)) გაუარესდა და გაუტოლდა 2016 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს (74%).

 

 

საქართველო 2019 წლის მონაცემებით ლიდერობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-15 ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, პოლონეთი, იტალია, ლატვია, ხორვატია და სხვა.

 

გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა 0%-დან 100%-მდე მაჩვენებლით ექვს მიმართულებაში (ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური სტაბილურობა, მთავრობის ეფექტიანობა, რეგულირების ხარისხი, კანონის უზენაესობა და კორუფციის კონტროლი), რომელთაგან ერთ-ერთს სწორედ კორუფციის კონტროლი წარმოადგენს. მოცემული ინდიკატორით ფასდება ქვეყნებში როგორც ე.წ. „მცირე“ ასევე უფრო რთული, ე.წ. „მაღალი დონის“ კორუფციის მდგომარეობა. ყურადღება ექცევა მმართველი ძალის მიერ საკუთარი უფლებამოსილების გამოყენების პრაქტიკას პირადი ინტერესებისთვის. კორუფციის კონტროლი საქართველოში ექვს მიმართულებას შორის მინიჭებული ქულების მიხედვით 2019 წლისთვის მესამე ადგილზეა - მას წინ უსწრებს რეგულირების ხარისხი და მთავრობის ეფექტიანობა.

 

 

 

საქართველოს მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებში ყველაზე მაღალი შეფასება 2013-2014 წელს ჰქონდა. მოცემული პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან პროგრესს კანონის უზენაესობისა და კორუფციის კონტროლის მიმართულებებში მიაღწია. 2014 წლიდან ექვსივე მიმართულებით ქვეყნის წინსვლა შენელდა. მსოფლიო ბანკის უახლესი შეფასებით საქართველომ წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი შედეგი მმართველობის ეფექტიანობის მიმართულებით აჩვენა, თუმცა, რეგრესი დაფიქსირდა ყველა დანარჩენ მიმართულებაში. ამასთან, წინა წლებში განვლილი გზის გაუმჯობესების ნაცვლად, 2018 წელს საქართველომ შეძლო მხოლოდ დაბრუნებოდა 2014 წელს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ მაჩვენებელს, ხოლო 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი გააუარესა.

 

 

 

IDFI კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტი, რომელსაც საერთაშორისო ხელშეკრულებები, კონვენციები, სახელმძღვანელოები თუ რეკომენდაციები აწესებს. სწორედ ასეთი უწყებების დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს და, შესაბამისად, მაღალ საზოგადოებრივ ნდობას.

 

საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ კორუფციასთან მებრძოლ არსებულ უწყებებში სწორედ მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური. არსებული ანტიკორუფციული სისტემის ხარვეზების შესახებ IDFI უკვე დიდი ხანია საუბრობს სხვადასხვა ფორმატში.

 

უფრო მეტიც, ევროკავშირის პარლამენტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მაღალი დონის კორუფცია ქვეყანაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამავეს აღნიშნავს საერთაშორისო გამჭვირვალობა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ანტიკორუფციული მექანიზმების შესახებ კვლევაში და მიუთითებს, რომ საჭიროების მიუხედავად, ხელისუფლებამ დღემდე არ შექმნა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო.

 

აქედან გამომდინარე, IDFI აუცილებლად მიიჩნევს ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს. 

 

IDFI მიიჩნევს, რომ კორუფციის პრევენციის მიზნით ასევე უმნიშვნელოვანესია საქართველომ პირნათლად შეასრულოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციები. ევროსაბჭოს კორუფციის წინაღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის შესაბამისობის ბოლო ანგარიშის მიხედვით კორუფციის პრევენციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების 70% საქართველოს მიერ სრულად შესრულებული არ არის.

 

/public/upload/Article/GEO-georgias_anti-corruption_indexes_are_worsening_.pdf

 

____

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024