IDFI ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების დღეზე

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 29 ოქტომბერი 2015

27 ოქტომბერს მექსიკაში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქალაქო საზოგადოების დღე გაიმართა OGP-ის გლობალური სამიტის ფარგლებში, რომელიც მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ჩატარდა. 

 

2015 წლის ღია მმართვლეობის პარტნიორობის გლობალური სამიტზე სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორისა და მთავრობის 1500-მდე წარმომადგენელი შეიკრიბა. სამიტში მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, მათ შორის არიან IDFI-ის დელეგატები: დირექტორი - გიორგი კლდიაშვილი, თავმჯდომარე - ლევან ავალიშვილი და პროექტის კოორდინატორი - დავით მაისურაძე. საქართველოს წარმოადგენენ ასევე, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები - ქეთევან ცანავა და ზურაბ სანიკიძე, და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - გიორგი ონიანი.

 

IDFI-იმ, დონორი ორგანიზაციების: UNDP-სა და EU-ს მხარდაჭერით უზრუნველყო პარლამენტარი თამარ კორძაიასა და საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის ნინო ბერაძის მექსიკაში გამართულ სამიტზე დასწრება.

 

OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების დღე ტრადიციულად ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტამდე 1 დღით ადრე ჩატარდა. მისი მიზანია სამიტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პროფესიული ინტერაქციისა და სოციალიზაციის უზრუნველყოფა, რაც მომავალში ეროვნულ დონეზე ხელს შეუწყობს ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების დანერგვისათვის შემუშავებული პროცესების გაღრმავებასა და გაუმჯობესებას.


OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების დღე შემდეგ მიზნებს ისახავს:


• გაფართოება - რამდენად შეიძლება აქტორების, საკითხებისა თუ ღია მმართველობის პარტნიორობაში ჩართული სახელმწიფოების რაოდენობის გაზრდა;
• გაღრმავება - როგორ შეიძლება OGP-ის სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის გაღრმავება და ქვეყნების წახალისება, რომ უკეთესი ეროვნული სამოქმედო გეგმები შეიმუშაონ;
• დაკავშირება - კავშირი იმ ხალხთან, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულ საკითხებზე მუშაობენ, მაგრამ ერთი და იმავე გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დგანან;
• შთაგონება - სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან შთამაგონებელი ისტორიებისა და ამბების გაზიარება.


სამოქალაქო საზოგადოების დღე მრავალ სესიასა და სამუშაო შეხვედრას მოიცავდა და ღონისძიება მეტწილად იდეების, გამოცდილების გაზიარებას ემყარებოდა. OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების დღეზე დამსწრეები განიხილავდნენ, თუ როგორ შეიძლება იყოს ღია მმართველობის პარტნიორობა უფრო ეფექტური და შედეგიანი სამოქალაქო საზოგადოებისათვის და რამდენად გრძნობს სამოქალაქო საზოგადოება ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის შედეგს. ამ თემის განხილვისთვის ღონისძიებაზე სხვადასხვა სახის მონაცემები გამოიყენეს განსხვავებული წყაროებიდან, მათ შორის - 2015 წლის OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის კვლევა, რომელიც 600-მა ადამიანმა შეავსო.


ასევე, OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების დღეზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა IDFI-ის კუთხე მოაწყვეს, სადაც ღონისძიების მონაწილეებს სხვადასხვა ლიტერატურის მეშვეობის ინსტიტუტის მისიისა და აქტივობების შესახებ გააცნეს ინფორმაცია.


აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ღია მმართველობის პარტნიორობის გუნდმა გამოაცხადა OGP-ის ჩემპიონთა კონკურსი, რომლის მიზანია სამთავრობო და სამოქალაქო სექტორებს შორის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას თანამშრომლობის იდეალური შემთხვევის წარმოჩენა და შესაბამისი სახელისუფლებო გუნდის დაჯილდოება. 3 ფინალისტიდან (საქართველო, კოსტა რიკა და სიერა ლეონე), გამარჯვებული ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა.


ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების დღეზე, IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა, თუ რატომ იმსახურებს ამ ჯილდოს სწორედ საქართველოს პარლამენტის ინტერ-ფრაქციული ჯგუფი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა, ნომინაციაზე წარადგინა. გიორგი კლდიაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართვეელოში (EU).


სამი ფინალისტი ქვეყნის წარმომადგენლების გამოსვლის შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებს საბოლოო საშუალება ჰქონდათ დაეფიქსირებინათ საკუთარი არჩევანი. კონკურსში გამარჯვებული სწორედ საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი გახდა. საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდოს მოპოვებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი: ,,25 წლის თავზე, საქართველოს პარლამენტის სახელი უკვე მსოფლიოშია ცნობილი. მექსიკაში, მეხიკოში მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიებაზე, საქართველოს პარლამენტში შექმნილი ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა პარლამენტის ღიაობის და საკანონმდებლო საქმიანობის გამჭვირვალობის სამუშაო გეგმა და დანერგა ახალი სტანდარტები, აღიარდა მსოფლიო ჩემპიონად. ჩვენი კოლეგა, თამარ კორძაია, წარმოადგენს პარლამენტს ამ ღონისძიებაზე. სამუშაო ჯგუფი არის მრავალპარტიული, ყველა ფრაქციის წარმომადგენელი ბრძანდებოდით ამ ჯგუფში, ასე რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი ამ სტანდარტების ცხოვრებაში დასანერგად." 


აღსანიშნავია, ასევე ის ფაქტი, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადობის დღის გახსნაზე, საქართველო წარმოჩინდა, როგორც საუკეთესო მაგალითი - სამოქმედო გეგმის დანერგვის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის კუთხით.


OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების დღეზე IDFI-ის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მონაწილეობა მიიღო სესიაში ,,საკანონმდებლო ორგანოს პარტნიორობაში ჩართვის საუკეთესო გზები". სესიის მიზანს წარმოადგენდა საერთო ხედვის ჩამოყალიბება სამოქალაქო საზოგადოების, საპარლამენტო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და პარლამენტის ურთიერთობისთვის, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება საპარლამენტო ღიაობის ქსელის შექმნა.


გიორგი კლდიაშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო სესიაში სახელწოდებით ,,ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ცოდნის გაზიარება - ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის მთავრობასთან თანამშრომლობა." კერძოდ, გამომსვლელებმა ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილებაზე, მათ მიერ განხორციელებულ ეფექტურ პრაქტიკებზე ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპების დანერგვის პროცესში და წარმოქმნილი გამოწვევების გამკლავებაზე.


IDFI-ის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა განიხილა ,,მოქალაქეზე ორიენტირებული ანტი-კორუფციული ინიციატივები". სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს იმ მეთოდებსა და მექანიზმებზე, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობისას, კორუფციის პრობლემის გადასაჭრელად. სამუშაო შეხვედრა აერთიანებდა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ისე მთავრობის წარმომადგენლებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც სისტემური კორუფციის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლით არიან დაინტერესებულნი.


ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების დღის სხვა განსახილველი თემები იყო: „სამოქალაქო საზოგადოების როლი ახალგაზრდების ჩართულობით ანგარიშვალდებულების მიღწევის მხარდაჭერაში“ “სამოქალაქო საზოგადოების ხელთ არსებული მექანიზმები ძლიერი ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის“. „სამოქალაქო სივრცის გააზრება: კონცეპტები, ტენდენციები და გავლენა“ „პოლიტიკის გამჭვირვალობა“ „ღია მმართველობის მომავალი“ და სხვა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024