2025 წლის 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის, წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა. მოსამართლე ნინო ენუქიძემ, გიორგი კლდიაშვილი, სადავოდ გამხდარი ფოტო-ვიდეო მასალის საფუძველზე სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ლარით დააჯარიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 4 ოქმი შეადგინა და საპატრულო დეპარტამენტი მას ედავებოდა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ფარგლებში, სხვადასხვა თარიღში, რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად” გადაკეტვას.
გიორგი კლდიაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლემ ოთხი მიმდინარე საქმე გააერთიანა ერთად განხილვის მიზნით, თუმცა არ დააკმაყოფილა საქმისათვის საკვანძო მნიშვნელობის შუამდგომლობები.
ადვოკატები სხდომის მიმდინარეობისას, მათ შორის სადავოდ ხდიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქმეზე დართული ფოტო/ვიდეო მასალის დამუშავების კანონიერების საკითხს. ამავდროულად, სასამართლოს წარედგინა ის წერილობითი მიმართვები, რომლებიც სხდომამდე გაიგზავნა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112”-სა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში. ადვოკატებმა ასევე იშუამდგომლეს ოთხივე სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი პატრულ-ინსპექტორებისა და გიორგი კლდიაშვილის იდენტიფიცირებაში ჩართული სხვა პირების მოწმის სახით სხდომაზე გამოკითხვის შესახებ.
ვინაიდან შესაბამის უწყებებში გაგზავნილ წერილობით მიმართვებზე სხდომის დაწყებამდე პასუხი ადვოკატებს მიღებული არ ჰქონდათ, მათ იშუამდგომლეს სხდომის გადადების თაობაზე, თუმცა მოსამართლე ნინო ენუქიძემ სხდომა არ გადადო, ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა პატრულ-ინსპექტორების და სხვა პირების მოწმის სახით სასამართლოში გამოკითხვის თაობაზე. მოსამართლემ უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს, ასევე დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, რომელიც მხარეებს ანიჭებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი მასალების გაქარწყლების უფლებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი კლდიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო იმ ფოტო-ვიდეო მასალის საფუძველზე, რომლის დამუშავების კანონიერება სადავოდ არის გამხდარი. ამავდროულად, ფოტო-ვიდეო მასალის ნაწილში გიორგი კლდიაშვილი იდენტიფიცირებადი არ არის, ხოლო ნაწილში კი, მისი კონკრეტული ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელია.
უწყვეტ პროტესტში მონაწილე ასობით პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს მსგავსი წარმოება და სასამართლოში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო ხელისუფლება სისტემური რეპრესიების თანამონაწილეა.
საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ IDFI-ის რამდენიმე თანამშრომლის, მათ შორის ორგანიზაციის თანადამფუძნებლის წინააღმდეგაც დაიწყო მსგავსი წარმოება (5 მიმდინარე საქმე), ხოლო, 2024 წლის 2 დეკემბერს საპოლიციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად სამართალდამრღვევად ცნო.