საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 21 ოქტომბერი 2024

ავტორი: გოგა რაზმაძე

 

რეზიუმე

 

საჯარო პოლიტიკის წინამდებარე დოკუმენტში განხილულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის გზები, რომელიც ქვეყნის წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

 

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში განხილულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. კერძოდ, გაანალიზებულია საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული მოქალაქეების სტატისტიკა, არსებული შემთხვევები (სისხლის სამართლის დანაშაული, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა).

 

ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, წინამდებარე დოკუმენტში აღწერილია ქვეყნის  წინაშე არსებული  გამოვლენილი საჭიროებები და წარმოდგენილია არსებული პრობლემის გადაჭრის სამი ალტერნატიული მიდგომა:

 

ალტერნატივა – შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება.

 

II ალტერნატივა– საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილების შეკვეცა.

 

III ალტერნატივა – მოძველებული ავტოპარკის ჩანაცვლება და სხვადასხვა ტიპის რეგულაციები.

 

წინამდებარე დოკუმენტში განხილულია სამივე ალტერნატიული მიდგომა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. წარმოდგენილია მათი მულტიფაქტორული ანალიზი, საიდანაც საუკეთესო ალტერნატივად შეირჩა I ალტერნატივა – შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება.

 

მულტიფაქტორული ანალიზის საფუძველზე  გამოყოფილია ყველაზე ეფექტიანი ალტერნატიული მიდგომის სისტემაში წარმატებით ინტეგრირების მიზნით შემუშავებულია შესაბამისი რეკომენდაციები მისი განხორციელების მიზნით.

 

შესავალი

 

საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ხოლო ათასობით ადამიანი  ჯანმრთელობის სერიოზულ დაზიანებას იღებს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2018 წლის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად 1 350 000 ადამიანი იღუპება[1].

 

საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ხოლო ათასობით ადამიანი სერიოზულ ტრავმებს იღებს. გარდა ამისა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და სერიოზული ტრავმების შემცირება განაპირობებს ჯანმრთელი ცხოვრების წლების გახანგრძლივებასა და შრომისუნარიანობის ზრდას, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით.

 

საქართველოში გზით მოსარგებლეები სიკვდილიანობისა და დაშავების ბევრად უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე ევროპისა და ჩვენი რეგიონის ბევრ სხვა ქვეყანაში, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე საქართველოში მნიშვნელოვნად მაღალია ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებზე, კერძოდ, აღნიშნული დაახლოებით ორნახევარჯერ-სამჯერ აღემატება ევროკავშირის ყველა ქვეყნის სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელს[2].

 

საკითხის მოწესრიგების მიმართულებით, მნიშვნელოვანი დოკუმენტია „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“[3]. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების 292-ე მუხლი მხარეებს ავალდებულებს, რომ გააფართოონ და გააძლიერონ თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში, რათა ხელი შეუწყონ მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას და წაახალისონ ტრანსპორტის ეფექტიანი და უსაფრთხო მუშაობა. აღნიშნული ჩანაწერის თანახმად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება განავითაროს და ხელი შეუწყოს ტრანსპორტის ეფექტიან და უსაფრთხო მუშაობას.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგზაო უსაფრთხოების 2022-2025 წლების ეროვნული სტრატეგია[4], რომელიც ეფუძნება უსაფრთხო სისტემის მიდგომას, რომელიც მომდინარეობს ევროპული საუკეთესო პრაქტიკიდან და დღესდღეობით რეკომენდებულია გლობალურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

 

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა. შესაბამისად, ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამინისტროს მიერ ეფექტიანი პოლიტიკის წარმოებას, როგორც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების დადგენაში, ასევე მისი აღსრულების კონტროლსა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში.

 

საქართველოში ბოლო წლებში პოზიტიური და შესაბამისად მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა. კერძოდ, მართვის მოწმობის გამოცდას პრაქტიკულს კომპონენტს დაემატა გამოცდის ქალაქის სივრცეში ჩაბარება, მეტეოროლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით შესაბამისი საბურავების გამოყენების ვალდებულება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ქსელში ჩართულია 5,439 ვიდეოკამერა, მათ შორის 1,849 ნომრის ამომცნობი, ხოლო 3,590 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა. დღეისათვის, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ამოქმედებულია 360 საშუალო სიჩქარის კონტროლის სექცია, რის საფუძველზეც კონტროლდება 1,434 კმ სიგრძის საავტომობილო გზა[5].

 

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მიმართულებით ქვეყანას კრიტიკულად მნიშვნელოვანი გამოწვევები გააჩნია.

 

 

პრობლემის გადაჭრის გზები (ალტერნატივები)

 

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 2019-2023 წლის სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე წარმოგიდგენთ პრობლემის გადაჭრის სამ ალტერნატიულ მიდგომას. მათი მულტიფაქტორული ანალიზის საფუძველზე გამოვყოფთ ყველაზე ეფექტიან გზას და შევიმუშავებთ შესაბამის რეკომენდაციებს.

 

I ალტერნატივა – შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება

 

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი და კარგად ორგანიზებული  სისტემის(შეფასება/ანალიზი) ჩამოყალიბება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყოვლისმომცველი სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მისი ანალიზი და მისი პროაქტიულად გამოქვეყნება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2023 წელს (ასევე წინა წლების) მომხდარი შემთხვევების  შემთხვევის გამომწვევი მიზეზების 55% (სისხლი სამართალი) და 92% (ადმინისტრაციული)გაურკვეველია. აღნიშნულიდან გამომდინარე რთულია შეფასება, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ხელშემწყობი რეალური სურათის დადგენა და შემდგომში კომპლექსური პრევენციული ღონისძიებების გატარება. შემთხვევების უმრავლესობის (52%, 92%) დაუდგენლობა პრობლემას უქმნის დაინტერესებული პირების (მკვლევრების) მიერ მტკიცებულებაზე დაფუძნებული ანალიზის/კვლების ჩატარების მიმართულებით.

 

გაურკვეველია შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ხელშემწყობი გარემოება, დაკავშირებული იყო თუ არა გარე ფაქტორებთან. მაგალითად: ე.წ შავი წერტილები, სადაც ყველაზე ხშირად ხდება შემთხვევები; შემთხვევების დროის მონაკვეთი; სავალი ნაწილის მდგომარეობა (მშრალი, სველი, მოყინული და ა.შ); გამომწვევი მიზეზები - სრიალა საფარი, გზის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, ტროტუარების, ქვეითთა ბილიკების უქონლობა, საგზაო ნიშნების, განათების უქონლობა და ა.შ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გარდა არასრულყოფილი სტატისტიკური მონაცემებისა, არ მოიპოვება საკითხთან დაკავშირებული რაიმე სახის ანალიტიკური დოკუმენტი.

 

 

II ალტერნატივა – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილების შეკვეცა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში საგზაო-მოძრაობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციურ უწყებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი წარმოადგენს. საპატრულოს პოლიციის ეკიპაჟები შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის შესაბამისად მათთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე უწევთ პატრულირება. გარდა საგზაო-მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, მათ დამატებით უწევთ მოქალაქის მიერ სსიპ ,,112“ საშუალებით გადმოცემულ შეტყობინების საფუძველზე კონკრეტულ მისამართზე მისვლა. მაგ.: მეზობლური კონფლიქტი, ოჯახში ძალადობა და აშ. ქალაქის ურბანული მახასიათებლებიდან გამომდინარე მსგავსი სახის გამოძახებაზე მისვლა, კონფლიქტის დარეგულირება, მასზე რეაგირება და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა მნიშვნელოვან დროს და ადამიანურ რესურს მოითხოვს. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია ღამის საათებში, როდესაც ეკიპაჟების ნახევარი შედის შესვენებაზე (24:00-04:00, 04:00-08:00 საათი).  ხშირ შემთხვევაში გამოძახებების მზარდი რაოდენობიდან გამომდინარე საპატრულო ეკიპაჟების სრული შემადგენლობას, განსაკუთრებით პიკის საათებში უწევს გამოძახებაზე მისვლა, რა დროსაც საავტომობილო გზაზე აღარ იმყოფება პასუხისმგებელი ეკიპაჟი.

 

პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობის პერიოდში გასაუბრება ჩატარდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან. მათი განმარტებით, ოჯახში ძალადობის შემთხვევის ფაქტზე მისული ეკიპაჟი შესაძლოა სრული სამუშაო პერიოდის განმავლობაში ვერ დაუბრუნდეს სამოქმედო ტერიტორიას. კერძოდ, ოჯახში ძალადობის ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ისინი ეხმარებიან გამომძიებელს შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში.  მათ უწევთ შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ასევე შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის შემთხვევაში მოძალადის დაკავება და დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება. საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები  სრულად გრძელდება სამუშაო საათებში. აღნიშნული პროცესების მიმდინარეობისას, ეკიპაჟის სამოქმედო ტერიტორია ცარიელია ან მოსაზღვრე ეკიპაჟის მიერ ხდება გადაფარვა. აღნიშნული რამდენიმე მიმართულებით წარმოადგენს პრობლემას. კერძოდ, გაზრდილ სამოქმედო ტერიტორიაზე რთულია საავტომობილო გზის ეფექტიანი კონტროლი. ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოძახების შემთხვევაში კი, ორივე სამოქმედო კვადრატი სრულად ცარიელი და ფაქტობრივად უკონტროლოა.

 

2015 წლის სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშში განმარტავს - ,,ასევე მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა, სამართალდამცავ სტრუქტურებში ფიზიკური და ადამიანური რესურსების ნაკლებობა, რაც ზღუდავს მათი მხრიდან სრულფასოვანი რეაგირების შესაძლებლობას ოჯახში ძალადობის დროს. კერძოდ, როგორც სხვადასხვა რეგიონის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები აღნიშნავენ, თითო საპატრულო ეკიპაჟს, რომელშიც 2 თანამშრომელი შედის, ევალება საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე (რამდენიმე კვადრატზე) უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა დაცვის უზრუნველყოფა. იმ შემთხვევაში, როდესაც შეტყობინება შედის რომელიმე „კვადრატზე” ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევის შესახებ, ისინი დაუყოვნებლივ გადიან ადგილზე. თუმცა, ვინაიდან ოჯახში ძალადობის ფენომენიდან გამომდინარე ხშირად მათ იქ ხანგრძლივი და ინტენსიური სამუშაოს ჩატარება 51 ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში უწევთ (გასაუბრება მსხვერპლთან, მოძალადესთან, მეზობლებთან, ოჯახის წევრებთან, კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია ადგილზე ა.შ.) მათი საპატრულო ტერიტორია მეთვალყურეობის გარეშე რჩება, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობის უსაფრთხოებას[6].

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ პიკის საათებში გაზრდილი გამოძახების გამო ეკიპაჟები პრაქტიკულად არ მოძრაობენ სამოქმედო კვადრატებში. უფრო მეტიც, ხშირად  საპატრულო პოლიციას გამოძახებაზე წამსვლელი საკმარისი ეკიპაჟების აღარ ჰყავს.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, საავტომობილო გზების შესაბამისი უბნების სრულად გადაფარვა მნიშვნელოვანია ზოგადად დანაშაულის კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესების თვალსაზრისით. კერძოდ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების განმარტებით, გზის მოკლე უბნებზე შესაბამისი შეფერილობის საპატრულო ეკიპაჟის სიარული ამცირებს ქურდობის, ქუჩაში ძალადობის და სხვა შემთხვევების მაჩვენებელს.

 

კონკრეტული მაგალითის საფუძველზე შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, როგორც სპეციალიზებული დანაყოფი სრულად პასუხისმგებელი უნდა იყოს მხოლოდ საავტომობილო გზაზე. საპატრულო ეკიპაჟებს არ უნდა ჰქონდეს რამდენიმე არაპროფილური უფლებამოსილება (გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა).

 

III ალტერნატივა – მოძველებული ავტოპარკის ჩანაცვლება და სხვადასხვა ტიპის რეგულაციები

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 2023 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით  ქვეყანაში 1,647,629 ავტომობილია რეგისტრირებული. აღნიშნული მონაცემებიდან 1,296,400 ავტომობილი 10 წელზე მეტი წლისაა[7].

 

თბილისა და რეგიონებში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის უმრავლესობა  ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაიგო. შესაბამისად, ძველი საგზაო ინფრასტრუქტურა ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მზარდი რაოდენობის გამტარობას ვერ უზრუნველყოფს.

 

ქვეყანაში გარდა ქონების გადასახადთან (40000 ათასი შემოსავალი) კონკრეტული ზოგადი ბმისა,  ავტომობილის მესაკუთრეს რაიმე სახის მოსაკრებელის გადახდა არ უწევს.

 

სატრანსპორტო საშუალებების გადასახადები დიდწილად განსხვავდება ევროპის მასშტაბით. გადასახადები სულ უფრო ხშირად გამოიყენება მომხმარებელთა ქცევაზე ზეგავლენის მოხდენისთვის ენერგეტიკისა და გარემოსდაცვითი მოსაზრებების გამო[8].

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლის შემდეგ, მანქანის ყოლა ყველაზე დიდი ხარჯია. ფულის დაზოგვის მიზნით, შტატებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილების ძირითად საშუალებას წარმოადგენს.[9]

 

ავტომობილის[10] მფლობელების უმეტესობა შეძენისას იხდის  მანქანის ღირებულების 10-20%-ს. ოდენობით. შემდეგ ყველა იხდის გაყიდვების გადასახადს. გაყიდვების გადასახადი განსხვავდება შტატის მიხედვით. იმის მიხედვით, თუ რომელ შტატში განხორციელდა (0%-დან დაახლოებით 8%-მდე).  

 

აშშ-ში სავალდებულოა ავტომობილის დაზღვევა[11]. დაზღვევის ღირებულება შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს შტატის, თქვენი მართვის ჩანაწერის და შეძენილი სადაზღვევო დაფარვის ოდენობის მიხედვით. შემდეგი გადასახადი თქვენ წარმოადგენს ყოველწლიურად სანომრე ნიშნების გადასახადს (რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ხართ მანქანის მფლობელი). შტატის მიხედვით, რეგისტრაციის საფასური მერყეობს დაახლოებით $20-დან $225-მდე წელიწადში. ზოგიერთ შტატში საფასური ასევე შეიძლება დამოკიდებული იყოს ფაქტორებზე, როგორიცაა ასაკი, წონა ან მანქანის ღირებულება.

 

ასევე მნიშვნელოვან გადასახადს წარმოადგენს ინსპექტირების[12] გადასახადი. იმისათვის,  რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენი მანქანა კარგ მდგომარეობაშია და აკმაყოფილებს ჰაერის დაბინძურების სტანდარტებს, აშშ-ს თითქმის ყველა შტატი მოითხოვს, რომ გადაიხადოთ ყოველწლიური ინსპექტირების საფასური. სახელმწიფო ინსპექტირების საფასური აშშ-ში საშუალოდ დაახლოებით $35 წელიწადში. თუ ინსპექტირება ვერ მოხერხდა, მოგიწევთ ფულის დახარჯვა პრობლემის გადასაჭრელად.

 

აშშ-ში მართვის მოწმობას[13] გააჩნია კონკრეტული ვადები. მართვის მოწმობა მოქმედებს დაახლოებით 4-8 წლის განმავლობაში, შემდეგ კი ისინი უნდა განახლდეს საფასურით. მაგრამ საწყისი ღირებულება შტატებში საშუალოდ დაახლოებით 50 დოლარია.

 

შეერთებული შტატების ბევრ ნაწილში, თქვენ უნდა გადაიხადოთ გზებისა[14] და ხიდებით სარგებლობის გადასახადი. ტრაფიკისა და დაბინძურების შესამცირებლად, აშშ-ს ზოგიერთი ქალაქი ამჟამად მაცხოვრებელს სთავაზობს „გადატვირთულ ფასებს“, სადაც ქალაქში მართვისთვის უნდა გადაიხადოთ გადასახადი.

 

აშშ-ს შტატების დაახლოებით ნახევარი  მანქანის ღირებულებიდან გამომდინარე. ყოველწლიურად იხდის გადასახადებს[15]. თუ ცხოვრობთ შტატში, სადაც ავტო ქონების გადასახადია, ავტომობილისთვის, რომელიც ღირებულია $25,000, გადასახადი შეიძლება მერყეობდეს წელიწადში 25$-დან (ლუიზიანა) 992$-მდე წელიწადში (ვირჯინია).

 

ქვეყანაში სხვადასხვა დროს საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით არაერთი რეგულაცია არსებობდა, რომელიც ხშირად სამწუხაროდ კორუფციის მთავარ წყაროს წარმოადგენდა. შესაბამისად მნიშვნელოვანია ნებისმიერი რეგულაციის დანერგვამდე კომპლექსური კვლევა/ანალიზის ჩატარება. მაგ.: სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების შემდეგ არაერთი კორუფციული შემთხვევის ფაქტზე დაიწყო გამოძიება და კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.[16]

 

მოძველებული ავტოპარკის განსაახლებლად მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მიიღოს არსებითი ხასიათის გადაწყვეტილება. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად განვითარებული ქვეყნებში მანქანის მოძველებული ასაკის შესაბამისად შესაძლოა შემოღებულ იქნეს ქონების გადასახადი ავტომობილზე. ასევე, მნიშვნელოვანია წახალისდეს ახალი, ჰიბრიდული, ელექტრო ავტომობილის შემძენი პირები და განთავისუფლდეს საბაჟო მოსაკრებლისა და ქონების გადასახადისგან გათავისუფლება (ვინც გადამხდელია) გადასახადებისაგან.

 

ალტერნატივების მულტიფაქტორული ანალიზი

  

ზემოაღნიშნულმა  მულტიფაქტორულმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ N1 ალტერნატივა – ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება“- ყველაზე  ეფექტიანი გზაა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ადამიანების დაღუპვისა და ჯანმრთელობის დაზიანების პრევენციის მიმართულებით. აღნიშნული ინსტიტუციური მექანიზმის გარეშე რთულია რაიმე სახის რეგულაციების დანერგვა.

 

დღევანდელი ინსტიტუციური მექანიზმი, მხოლოდ მშრალი და არასრულყოფილი სტატისტიკის შეგროვებას ემსახურება.

 

მნიშვნელოვანია მსგავსი სამსახურები მხოლოდ ცენტრალიზებული ბიუროკრატიის შემადგენელი სტრუქტურულ ერთეულს არ წარმოადგენდნენ. არსებითად მნიშვნელოვანია ტერიტორიული განფენილობის პრინციპით, ადგილზე (პოლიციის სამმართველოებში) დასაქმებული ანალიტიკოსები ყოველდღიურად სწავლობდნენ და აანალიზებდნენ არსებულ გამოწვევებს. სწორედ მათ მიერ კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ უნდა დაიგეგმოს კოორდინირებული შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებები. ასევე, შედეგებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა, რომლებიც ინსტიტუციურად პასუხისმგებლები არიან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

 

რეკომენდაციები

 - არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების შეფასება;

 - სტატისტიკის მწარმოებელი პირების შესაძლებლობების ზრდა;

 - სტატისტიკის კომპონენტის ევროპული გამოცდილება სისტემაში ინტეგრირება;

 - სტატისტიკის პროაქტიულად გამოქვეყნება;

 - სისტემატურად რისკების შეფასება და ანალიზი;

 - ე.წ შავი წერტილების მუდმივი კონტროლი;

 - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ხელშემწყობი  გარე ფაქტორების ანალიზი;

 - საზოგადოების სამიზნე ჯგუფებთან მუშაობა;

 - სტატისტიკის წარმოების და მისი ეფექტიანად აღსრულების პასუხისმგებელი პირების დებულებით განსაზღვრა;

 - არსებული პრობლემების მუდმივი ცვლა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის;

 - სავალი გზების შესახებ არსებული მდგომარეობის მუდმივი ანალიზი;

 - საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადება;

 - რელევანტური პირების მიერ სტატისტიკის სამსახურებთან მუდმივი კომუნიკაცია;

 - სსიპ ლევან სამხარაულის სამხარაულის სასამართლო ეროვნული ბიუროს ჩართულობა (კომპეტენციის ფარგლებში);

 - არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების ჩართულობა;

 - ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის სტატისტიკის სისტემატურად გაზიარება;

 - მართვის უფლების მქონე პირების მიერ ჯანმრთელობის ცნობის დოკუმენტების ანალიზი;

 - სტატისტიკის ანალიზის შესაბამისად საინფორმაციო კამპანიის ჩატარება.

 

 

[1] https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/232904

[2]https://www.economy.ge/uploads/files/2017/transport/2022/road_safety_strategy_2022_2025/shemajamebeli_tsliuri_angarishi_2022.pdf

[3] https://www.asocireba.ge/show_article.php?id=30

[4] https://matsne.gov.ge/ka/document/view/5515567?publication=0

[5] https://police.ge/

[6] https://www.ombudsman.ge/res/docs/2019041312513644500.pdf

[7] https://www.geostat.ge/media/52507/0525_010323_GE.pdf

[8] https://www.euronews.com/business/2023/12/26/which-european-countries-pay-the-least-and-most-tax-on-cars#:~:text=Looking%20at%20the%20average%20annual,and%20%E2%82%AC2%2C723%20in%20Finland.

[9] https://www.transportenvironment.org/articles/the-good-tax-guide

[10] https://www.settlein.support/en-us/articles/6748698771101

[11] https://www.settlein.support/en-us/articles/6748698771101

[12] https://www.settlein.support/en-us/articles/6748698771101

[13] https://www.settlein.support/en-us/articles/6748698771101

[14] https://www.settlein.support/en-us/articles/6748698771101

[15] https://www.settlein.support/en-us/articles/6748698771101

[16] https://kvirispalitra.ge/article/115429-tekinspektireba-krtamis-sanacvlod-ra-inpormacias-avrcelebs-sagamoziebo-samsaxuri/

 

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი მომზადდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

მასალა მომზადდა პროექტის, „ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორინგისთვის საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და მისი შინაარსი წარმოადგენს მხოლოდ ავტორის პასუხისმგებლობას.

 

 

 

/public/upload/01. TEONA/DAI-Youth/one pager-Razmadze.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024