მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირების მიერ მიღებული საჩუქრები

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია | ადგილობრივი მმართველობა 14 დეკემბერი 2023

აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების მიერ 2020-2022 წლებში მიღებული საჩუქრების დეკლარირებული ინფორმაციის მონიტორინგის შემდეგ, IDFI-მ შეისწავლა მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირების მიერ დეკლარაციაში ასახული საჩუქრების შესახებ ინფორმაცია. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები არიან: მუნიციპალიტეტის მერი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი და მისი მოადგილე, რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. შესაბამისად, აღნიშნულ თანამდებობის პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება კორუფციასთან ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა.  

 

კერძოდ, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს  ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე.  წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 5%-ს. ოჯახის თითოეული წევრის მიერ წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1,000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 500 ლარს.  „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი, საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებით  აწესებს გამონაკლისებს. მათ შორის,კანონის მიზნებისთვის საჩუქრად არ ითვლება ოჯახის წევრისგან და ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქარი.   საჯარო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობით რაიმე სახის პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრისთვის, რომელიც მიიღებს კანონით აკრძალულ საჩუქარს.

 

წინამდებარე კვლევის ფარგლებში შესწავლილია 2021-2023 წლებში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირების მიერ შევსებული დეკლარაციები, სადაც დეკლარირებულია თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ 2020-2022 წლებში მიღებული საჩუქრების შესახებ ინფორმაცია.

 

ძირითადი მიგნებები

 

      - 2020-2022 წლებში მუნიციპალიტეტების 224-მა  თანამდებობის პირმა ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 9.8 მილიონ ლარს;

 

      - 2020 წელს მიღებული საჩუქრების ღირებულებაა - 3,2 მილიონი ლარი, 2021 წელს - 3,5 მილიონი ლარი, ხოლო 2022 წელს  - 3,1 მილიონი ლარი;

 

      - 2020-2022 წლებში 7,3 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვთ უშუალოდ დეკლარანტ თანამდებობის პირებს, ხოლო 2,5 მილიონი ლარის საჩუქარი - მათი ოჯახის რომელიმე წევრს; 

 

       - 7,9 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი დეკლარანტებს ან მათ ოჯახის წევრებს მიღებული აქვთ კანონით განსაზღვრული ახლო ნათესავებისგან; 1,1 მილიონი ლარის საჩუქარი მიღებული აქვთ ნათესავებისგან, რომელსაც კანონმდებლობა არ მოიაზრებს ახლო ნათესავად; 737,1 ათასი ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვთ მეგობრებისგან, ხოლო 92,2 ათასი ლარის ღირებულების საჩუქრის გამცემად მითითებულია სამსახურეობრივი და სხვა კავშირი;

 

      - 2020-2022 წლებში თანამდებობის პირებს და მათ ოჯახის წევრებს   4.8 მილიონი ლარის ღირებულის საჩუქარი მიღებული აქვთ ფულადი ფორმით, 4.5 მილიონი ლარის საჩუქარი -  უძრავი ქონების სახით, ხოლო დანარჩენი 472 ათასი ლარის ღირებულების საჩუქრები წარმოადგენს ავტომობილებს ან სხვადასხვა ფასიან ნივთებს;

 

2020-2022 წლებში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირებს შორის ყველაზე მეტი საჩუქარი მიიღეს ქ. თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებმა და მათმა ოჯახის წევრებმა, შემდეგ მოდის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო;

 

      - მონიტორინგის ფარგლებში თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 53 საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა. საიდანაც 29 შემთხვევაში საჩუქრის მიმღებს წარმოადგენდა დეკლარანტი თანამდებობის პირი, ხოლო 24 შემთხვევაში - თანამდებობის პირის ოჯახის წევრი;

 

      - საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების  საეჭვო შემთხვევებს შორის 34 არის საკრებულოს თანამდებობის პირი, ხოლო 19 მერიის;  მაგალითად, 2020-2022 წლებში  ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ალექსანდრე ტყებუჩავას,  მეგობრებმა აჩუქეს 64 ათასი ლარი და 8000 აშშ დოლარი, ქარელის  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გიგა მამესწარაშვილს  ნათესავმა აჩუქა 30,380 აშშ დოლარი და 98,000 რუბლი, ყაზბეგის საკრებულოს ფრაქციის   თავმჯდომარეს უჩა ხუციშვილს ნათესავმა აჩუქა 30,000 დოლარის ღირებულის მანქანა, ქალაქ თბილისის მერის მოადგილეს ანდრია ბასილაის  მეგობარმა აჩუქა ნაღდი ფული -  16,189 ლარი, დუშეთის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მ/შ-ს თამილა ნადირაშვილს, ოჯახის ახლობელმა აჩუქა  39,500 დოლარი და სხვა.

 

      - საჩუქრის სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების შემთხვევებს შორის, ჭარბობენ ბორჯომის (4 შემთხვევა), ქალაქ ფოთის (3 შემთხვევა), ოზურგეთის (3 შემთხვევა) და თბილისის (3 შემთხვევა) მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები.

 

      - ცალკეული თანამდებობის პირების დეკლარაციები, საჩუქრის კანონის დარღვევით მიღებასთან ერთად, სავარაუდო კორუფციული დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს;  მაგალითად, ბორჯომის  მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი გურამ ჩადუნელისთვის   საზღვარგარეთიდან ხორციელდება  ფულადი გზავნილები  უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შესაძენად. თანამდებობაზე დანიშვნის, შემდეგ მის საკუთრებაში დარეგისტრირდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული 9 სხვადასხვა მიწის ნაკვეთი, საერთო ღირებულებით 172,000 აშშ დოლარი.  ამავე დროს ჩადუნელის მიერვე შევსებულ დეკლარაციაში მითითებულია, რომ მისი რეალური მფლობელია საუდის არაბეთის მოქალაქე ალრაჰმა ზიიად აჰმედი. მან ასევე, 2021 წელს საჩუქრის სახით მეგობრისგან  მიიღო 36,660 აშშ დოლარი.  

 

      - მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ 2020 წელს ფეხბურთის ფედერაციისგან საჩუქრის სახით მიიღო 40,000 ლარის ოდენობის ფულადი პრემია, თუმცა დეკლარაციაში მითითებული არ არის პრემიის მიღების საფუძველი. 

 

      - თანამდებობის პირების  ცალკეული  დეკლარაციები,  არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას, საჩუქრის მიმღებსა და გამცემს შორის კავშირის შესახებ.  

 

 

დასკვნა

 

თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ 2020-2022 წლებში ხშირი იყო შემთხვევები როდესაც თანამდებობის პირები იღებდნენ სოლიდური ღირებულების საჩუქრებს.  კვლევაში მოყვანილი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია საჩუქრის მიმღები თანამდებობის პირის და საჩუქრის გამცემი პირის კავშირებთან,  საჩუქრისთვის საჭირო ფინანსების ბუნდოვან წარმომავლობასთან და სხვა, აჩენს ეჭვებს მთელი რიგი შემთხვევების კანონიერებასთან დაკავშირებით, ამასთან განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენს კვლევაში განხილული ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების შემთხვევა, რომელიც სავარაუდო კორუფციული ან/და სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

 

საჯარო სამსახურში საჩუქრის პოლიტიკის მოწესრიგების და აღსრულების კუთხით, მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს საქართველოს კანონმდებლობის არასრულფასოვანი რეგულაციები და ბუნდოვანი ჩანაწერები. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობა ზღუდავს საჯარო მოსამსახურეების ოჯახის წევრების მიერ გარკვეული საჩუქრების მიღებას, თუმცა ამ ნორმის დარღვევისთვის, შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები არ არის დადგენილი. ასევე, ცალკეული შემთხვევების კანონიერების დადგენას, მნიშვნელოვნად ართულებს თანამდებობის პირების მიერ არასრულყოფილად შევსებული დეკლარაციები, რომელიც არ იძლევა საჩუქრის გამცემსა და მიმღებს შორის არსებული ზუსტი კავშირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.    

    

IDFI მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების მიღების მასშტაბი, წარმოშობს საჯარო მოსამსახურეებზე საჩუქრის გაცემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვების მონიტორინგის და მისი აღსრულების ეფექტურობის ზრდის აუცილებლობას.  ამასთან, კვლევაში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, წარმოადგენს მნიშნელოვან საფუძველს არაერთი თანამდებობის პირის მიერ მიღებული საჩუქრის კანონიერების დასადგენად, დამატებითი მოკვლევის ჩასატარებლად. 

 

IDFI მოუწოდებს:

 

 ანტიკორუფციულ ბიუროს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, შეისწავლონ ჩვენს მიერ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი საეჭვო შემთხვევები და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

 საქართველოს კანონმდებლობაში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს, საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრების მიერ საჩუქრის მიღების წესების მკაფიო რეგულირებას და ამ წესების აღსრულებისთვის შესაბამისი მექანიზმების არსებობას.    

 

დეკლარაციების მონიტორინგის ფარგლებში, უზრუნველყოფილ იქნას ყველა იმ თანამდებობის პირის დეკლარაციის დაზუსტება,  რომელიც არ იძლევა საჩუქრის გამცემსა და მიმღებს შორის ზუსტი კავშირის და ვინაობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.  ასევე, დეკლარაციის შევსების  წესში, შევიდეს შესაბამისი ცვლილებები,  რომელიც თანამდებობის პირებს დაავალდებულებს დეკლარაციაში  საჩუქრის მიღების  ზუსტი თარიღის მითითებას.   

 

 

/public/upload/2022/declaration monitoring.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია

22.10.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024