თანამდებობის პირების მიერ მიღებული საჩუქრები 2020-2022

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი | სტატია 25 ოქტომბერი 2023

საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღება გარკვეულ რისკებს შეიცავს, რაც  დაკავშირებულია საჩუქრის სანაცვლოდ საჯარო მოსამსახურისგან  სარგებლის მიღებასთან  და საჯარო სამსახურის რეპუტაციის შელახვასთან. ასევე, საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს კორუფციულ სქემასთან, რომელიც მიზნად ისახავს  უკანონო შემოსავლების დამალვას და მისი ძვირადღირებული საჩუქრის სახით ლეგალიზებას. 

 

საჯარო მოსამსახურეების მიერ საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული რისკები წარმოადგენს საკანონმდებლო რეგულირების საგანს.  „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მიხედვით ,„საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე.“  ასევე, კანონი აწესებს შეზღუდვებს საჯარო მოსამსახურის მიერ მიღებული საჩუქრის ღირებულებაზე. კერძოდ, წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 5%-ს. კანონის შეზღუდვები ვრცელდება, საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრებზეც. მაგალითად, ოჯახის თითოეული წევრის მიერ წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1,000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 500 ლარს.  საჯარო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.თუმცა, საქართველოს კანონმდებლობით რაიმე სახის პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრისთვის, რომელიც მიიღებს კანონით აკრძალულ საჩუქარს. 

 

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი, საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებით  აწესებს გამონაკლისებს. მათ შორის, კანონის მიზნებისთვის საჩუქრად არ ითვლება ოჯახის წევრისგან და ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქარი.   კანონის ეს დაშვება წარმოშობს საჯარო მოსამსახურეების მიერ უკანონო შემოსავლების, ოჯახის წევრის ან/და ახლო ნათესავის საჩუქრის სახით ლეგალიზების  საფრთხეებს.  ბოლო პერიოდში ამ კუთხით, მნიშვნელოვანი კითხვები გააჩინა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მშობლებისგან მიღებულმა სოლიდურმა ფულადმა საჩუქრებმა. მაგალითად, პრემიერ-მინისტრის 2022-2021 წლების დეკლარაციების მიხედვით, მან მშობლებისგან 2 წლის განმავლობაში 300 ათასი ლარის ოდენობის ფულადი საჩუქარი მიიღო. ასევე, მიმდინარე წელს პრემიერ-მინისტრმა კერძო მიზნებისთვის  ჩარტერული რეისით იმგზავრა სამთავრობო თვითმფრინავით, ხოლო ამ რეისის  ხარჯების  დაფინანსების წყაროდ  მისი მშობლისგან მიღებული ფინანსური დახმარება დასახელდა.  საქართველოს კანონმდებლობა პრემიერ-მინისტრს მშობლებისგან მსგავსი ფულადი საჩუქრების მიღებას არ უზღუდავს, თუმცა კითხვებს აჩენს მშობლების ფინანსების  წარმომავლობის შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურეობრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე  საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებით  დამატებით  წესებს   ადგენს საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილება.  მაგალითად, დადგენილების მიხედვით  საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე გავლენას არ მოახდენს შიდა წყაროდან ქველმოქმედების მიზნით (ავადმყოფობა, სტიქიური უბედურება და ა,შ,) მიღებული  საჩუქარი, სუვენირი ან სხვა სახის სიმბოლური საჩუქარი და სხვა. 


თანამდებობის პირების მიერ მიღებული საჩუქრების გამჭვირვალობა, სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით. კერძოდ, თანამდებობის პირი ვალდებულია ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, ასახოს მისი და მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებული საჩუქრების შესახებ ინფორმაცია, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს.

 

წინამდებარე კვლევის ფარგლებში, IDFI-მ შეისწავლა 2021-2023 წლებში თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების მიერ მიღებული საჩუქრების შესახებ დეკლარირებული ინფორმაცია.  თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესის მიხედვით, დეკლარაციაში აისახება წინა წელს მიღებული საჩუქრების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, კვლევაში გაანალიზებული მონაცემები ფარავს თანამდებობის პირების მიერ 2020-2022 წლებში მიღებული საჩუქრების შესახებ მონაცემებს.   კვლევის ფარგლებში, შესწავლილია  საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების (საქართველოს მთავრობა, სამინისტროები, სსიპ-ები და სხვა)  თანამდებობის პირების ძირითადი ნაწილის დეკლარაციები. 

 

ძირითადი მიგნებები

 

- 2020-2022 წლებში აღმასრულებელის ხელისუფლების 394-მა თანამდებობის პირმა ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 27,8 მილიონ ლარს.

 

- 2020-2022 წლებში  18,6 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვს უშუალოდ დეკლარანტ თანამდებობის პირს, ხოლო 9,2 მილიონი ლარის საჩუქარი - მათი ოჯახის რომელიმე წევრს.

 

- თანამდებობის პირებმა საჩუქრების 90% (25.1 მლნ.) მიიღეს ოჯახის წევრებისგან/ახლო ნათესავებისგან, 8% (2.1 მლნ) ისეთი ნათესავებისგან რომელთაგან საჩუქრის მიღება შეზღუდულია კანონმდებლობით, ხოლო დანარჩენი 2% (0.6 მლნ) მეგობრებისგან, სამსახურიდან და სხვა წყაროდან.
 

- თანამდებობის პირებს 16,6 მილიონი ლარის ღირებულის საჩუქარი მიღებული აქვთ ფულადი ფორმით, 9,1 მილიონი ლარის საჩუქარი -  უძრავი ქონების სახით, ხოლო დანარჩენი 2,1 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები ავტომობილების ან სხვადასხვა ფასიანი ნივთების სახით.
 

- აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ყველაზე მეტი საჩუქარი მიიღეს ძალოვან უწყებებში დასაქმებულმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებმა.

 

- აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ძვირადღირებული საჩუქრის მიმღებ პირებს ხშირ შემთხვევაში უკავიათ მაღალი კორუფციული რისკის მქონე თანამდებობები. მაგ:  თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი (საჩუქარად მიიღო 200 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება მამისგან), შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის მეუღლე   (მიიღო 450 ათასი ლარის ღირებულების უძრავი ქონება მშობლისგან) და სხვა.

 

- პრემიერ-მინისტრი მიღებული საჩუქრების სიდიდით (300 ათასი ლარი) აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირებს შორის, მე-18 ადგილს იკავებს.

 

- მონიტორინგის ფარგლებში თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 15 საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა.  მაგალითად, შსს-ს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილემ  ბაკური გიორგობიანმა 2022 წელს მეუღლის მამიდისგან ფულადი საჩუქარი მიიღო  24-ჯერ,  ჯამში 14,690 აშშ დოლარის და 410 ევროს ოდენობით, მეუღლის მამიდაშვილის შვილისგან 3,250 აშშ დოლარი, მეუღლის მეგობრისგან 6,000 ევრო, მეუღლის დედისგან 8,450 ლარი და 2,000 აშშ დოლარი, მეუღლის სხვა ნათესავისგან 1,000 აშშ დოლარი, ხოლო საკუთარი მეგობრებისგან 12,110 ლარი და 403 აშშ დოლარი.   

 

- თანამდებობის პირების  ცალკეული  დეკლარაციები,  არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას, საჩუქრის მიმღებსა და გამცემს შორის კავშირის შესახებ. 

 

შენიშვნა: დეკლარანტის მიერ უცხოურ ვალუტაში შეფასებული საჩუქრების ღირებულება კონვერტირებულია ლარში, საჩუქრის მიღების წლის საშუალო კურსის მიხედვით.

 

 

დასკვნა

 

თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ 2020-2022 წლებში ხშირი იყო შემთხვევები როდესაც თანამდებობის პირები იღებდნენ სოლიდური ღირებულების საჩუქრებს.  კვლევაში მოყვანილი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია საჩუქრის მიმღები თანამდებობის პირის და საჩუქრის გამცემი პირის კავშირებთან,  საჩუქრისთვის საჭირო ფინანსების ბუნდოვან წარმომავლობასთან და სხვა, ეჭვებს აჩენს მთელი რიგი შემთხვევების კანონიერებასთან დაკავშირებით.

 

საჯარო სამსახურში საჩუქრის პოლიტიკის მოწესრიგების და აღსრულების კუთხით, მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს საქართველოს კანონმდებლობის არასრულფასოვანი რეგულაციები და ბუნდოვანი ჩანაწერები. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობა ზღუდავს საჯარო მოსამსახურეების ოჯახის წევრების მიერ გარკვეული საჩუქრების მიღებას, თუმცა ამ ნორმის დარღვევისთვის, შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები არ არის დადგენილი. ასევე, ცალკეული შემთხვევების კანონიერების დადგენას, მნიშვნელოვნად ართულებს თანამდებობის პირების მიერ არასრულყოფილად შევსებული დეკლარაციები, რომელიც არ იძლევა საჩუქრის გამცემსა და მიმღებს შორის არსებული ზუსტი კავშირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას .      

  

IDFI მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში თანამდებობის პირების მიერ საჩუქრების მიღების მასშტაბი, წარმოშობს საჯარო მოსამსახურეებზე საჩუქრის გაცემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვების მონიტორინგის და მისი აღსრულების ეფექტურობის ზრდის აუცილებლობას.  ამასთან, კვლევაში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, წარმოადგენს მნიშნელოვან საფუძველს არაერთი თანამდებობის პირის მიერ მიღებული საჩუქრის კანონიერების დასადგენად, დამატებითი მოკვლევის ჩასატარებლად.

 

IDFI მოუწოდებს:

 

- ანტიკორუფციულმა ბიურომ, ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ფარგლებში უზრუნველყოს თანამდებობის პირების მიერ საჩუქრის მიღების თითოეული საეჭვო შემთხვევის შესწავლა.

 

- საქართველოს კანონმდებლობაში შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, რომელიც უზრულველყოფს, საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრების მიერ საჩუქრის მიღების წესების მკაფიო რეგულირებას და ამ წესების აღსრულებისთვის შესაბამისი მექანიზმების არსებობას.   

 

- დეკლარაციების მონიტორინგის ფარგლებში, უზრუნველყოფილ იქნას ყველა იმ თანამდებობის პირის დეკლარაციის დაზუსტება,  რომელიც არ იძლევა საჩუქრის გამცემსა და მიმღებს შორის ზუსტი კავშირის და ვინაობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.  ასევე, დეკლარაციის შევსების  წესში, შევიდეს შესაბამისი ცვლილებები,  რომელიც თანამდებობის პირებს დაავალდებულებს დეკლარაციაში  საჩუქრის მიღების  ზუსტი თარიღის მითითებას.  

 

სტატია მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და გამჭვირვალობის სტანდარტების გაზრდა - ფარგლებში.

პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება.

სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის და კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024