„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში, 2015 წლის 9 ივლისს, საფრანგეთმა საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით ეროვნული სამოქმედო გეგმა მიიღო, რომელიც საკანონმდებლო პროცესის გამჭირვალობის გაძლიერებასა და ეროვნული ასამბლეის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართვას ითვალისწინებს.
საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულების - ეროვნული ასამბლეის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართვის ხელშეწყობის - შესრულებისათვის დაგეგმილია ასამბლეის მონაცემთა ბაზის გაუმჯობესება და ღიაობის უზრუნველყოფა. ასევე, მიმდინარეობს ეროვნული ასამბლეის ვებპორტალის ფუნქციონირების დახვეწა, თანამედროვე სტანდარტების საძიებო სისტემების შემუშავება და “Eliasse” აპლიკაციის შექმნა. ამ პროგრამის მეშვეობით მოქალაქეები გაეცნობიან ასამბლეის დღის წესრიგს, მიიღებებენ დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე კანონპროექტების შესახებ და შეეძლებათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.
სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის ოქტომბერში, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავჯდომარის - კლოდ ბარტოლონეს განაცხადებით, საპარლამენტო ღიაობის ფარგლებში იგეგმებოდა მოქალაქეების აქტიურად ჩართვა საპარლამენტო ცხოვრებაში. 2015 წლის თებერვალში, მოქალაქეებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ ეროვნული ასამბლეის მიერ ჩატარებულ „ექსპერიმენტში“ და საკუთარი რეკომენდაციები კანონპროექტის შესახებ უშუალოდ გაეზიარებინათ ასამბლეის წევრებისათვის.
მონაცემების ღიაობის გაზრდის პარალელურად, ყურადღება გამახვილებულია პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის გაუმჯობესებაზეც. ეროვნული ასამბლეის ვებპორტალზე მოქალაქეების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, გაანალიზებული და გათვალისწინებულია, შემდეგ კი კანონპროექტზე დანართის სახით არის გამოქვეყნებული.
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია, რომ საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის გაძლიერების ფარგლებში, 2015 წლის ბოლომდე, საფრანგეთი 800,000-ზე მეტი საპარლამენტო დოკუმენტის ციფრულ ფორმატში გადაყვანასა და გასაჯაროებას გეგმავს. საკომიტეტო შეხვედრების, პლენარული სესიების ოქმებისა და ადმინისტრაციის რაპორტების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა და ასამბლეის ვებპორტალზე განთავსების მიზანი საფრანგეთში „ციფრული რევოლუციის“ მოხდენაა.
ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა 2015 წლის ივნისში: 1997 წლიდან დღემდე არსებული ინფორმაციის საფუძველზე დამუშავდა პარლამენტარების ოჯახური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია, უზრუნველყვეს ეროვნული ასამბლეის წევრების საკონტაქტო მონაცემების და ეროვნული ასამბლეის მიერ ჩატარებული შეხვედრების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებით შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2015 წლის დეკემბრისთვის დაგეგმილია საჯარო გამოკითხვის შედეგების ციფრულ ფორმატში გამოქვეყნება. ასევე, OGP-ის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფთან ერთად დაგეგმილია სამოქალაქო საზოგადოების საპარლამენტო საქმიანობასა და დებატებში ჩართულობის გაზრდაზე შეხვედრის ჩატარება.
სამოქმედო გეგმა, ასევე ითვალისწინებს, რომ საფრანგეთმა მხარი აუბას „ინოვატორ მოქალაქეთა პროგრამას“, რომლის ინიციატორიც თეთრი სახლია. პროგრამას საფუძველი 2013 წელს ჩაეყარა და მისი მიზანია ნიჭიერი, მრავალმხრივი ინოვატორების დახმარებით ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება.