IDFI-ის პარტნიორი ორგანიზაციის დამფუძნებლის ოჯახი რუსეთიდან დეპორტაციის საფრთხის წინაშეა

განცხადებები 6 აგვისტო 2014

თომას ბლანტონი, გიორგი კლდიაშვილი და ივან პავლოვი, 2010, თბილისიროგორც 5 აგვისტოს გახდა ცნობილი, რუსეთის ფედერალურმა საემიგრაციო სამსახურმა ბინადრობის ნებართვა ჩამოართვა აშშ-ს მოქალაქეს ჯენიფერ სიუზან გასპარს, „ინფორმაციის თავისუფლების ფონდის“ დამფუძნებლის, ივან პავლოვის მეუღლეს. საემიგრაციო სამსახური თავის გადაწყვეტილებაში ეყრდნობა ფედერალურ კანონს „რუსეთის ფედერაციაში უცხოეთის მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის თაობაზე“. აღნიშნული კანონი ითვალისწინებს უცხოელი მოქალაქის დეპორტაციას იმ შემთხვევაში თუ იგი „ძალადობრივი გზით ცდილობს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციური წყობის შეცვლას ან სხვა ქმედებებით წარმოადგენს საფრთხეს რუსეთის ფედერაციისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის“.


გაურკვეველია კონკრეტულად რა ქმედებებით უქმნის საფრთხეს რუსეთის ფედერაციას ჯენიფერ გასპარი. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს სამართალს, ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტს, ასევე საწარმოების მართვის საკითხებში კონსულტაციების გაწევას. კერძოდ, ის ორგანიზაციული საქმიანობისა და განვითარების ექსპერტია, ეხმარებოდა ერმიტაჟის სახელმწიფო ფონდს.


ივან პავლოვი დარწმუნებულია, რომ გასპარის ქვეყნიდან დეპორტაციის მუქარით რუსეთის ხელისუფლება მას უპირისპირდება. „ინფორმაციის თავისუფლების ფონდის“ წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების გათვალისწინებით ივან პავლოვს მსგავსი მოსაზრების საფუძველი ნამდვილად გააჩნია.


2014 წლის იანვარში რუსეთის პროკურატურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად „ინფორმაციის თავისუფლების ფონდს“ მოსთხოვეს დარეგისტრირებულიყო იუსტიციის სამინისტროში როგორც უცხოური აგენტი. პროკურატურამ მიიჩნია, რომ ფონდი ახორციელებს „პოლიტიკური ნიშნების შემცველ“ საქმიანობას, რომელიც „მიმართულია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ ხელისუფლების ორგანოებისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებისა და არსებული ხელისუფლების მიერ წარმართული პოლიტიკის არაეფექტურობის თაობაზე“. ივან პავლოვის ბლოგის მიხედვით, პროკურატურა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ მიმართულ, და შესაბამისად პოლიტიკურ საქმიანობად მიიჩნევს 2013 წლის სექტემბერში, G20-ის სამიტის ფარგლებში ბარაკ ობამასთან შეხვედრაში ივან პავლოვის მონაწილეობას, პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონმდებლობის ცვლილებების ანალიზის მომზადებას, „ცოდნის უფლების პრემიისა და ანტიპრემიის“ დაჯილდოების ორგანიზებას, ფონდის პროგრამული დირექტორის მონაწილეობას OGP-ის ლონდონის სამიტში და ხელისუფლების ორგანოების ოფიციალური ვებ-გვერდების მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებას. ამას გარდა, პავლოვი არაერთხელ გამოსულა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების ოპონენტის როლში, როგორც ადვოკატი და უფლებადამცველი. ამჟამად პავლოვი იცავს ისტორიკოს მიხაილ სუპრუნს, რომელიც რეპრესირებული გერმანელების შესახებ ჩატარებული კვლევის გამო „პირადი და ოჯახური საიდუმლოების“ დარღვევისთვის გაასამართლეს. ისტორიკოსის საჩივარს ადამიანების უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს.


ივან პავლოვი აპირებს რუსეთის საემიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრებას მისი მეუღლის დეპორტაციის თაობაზე. 


2004 წელს დაარსებული ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების ფონდი“ IDFI-ის ერთ-ერთი პირველი პარტნიორი ორგანიზაციაა. ფონდმა დიდი დახმარება გაუწია IDFI-ის თავისი საქმიანობის დასაწყისში. აღსანიშნავია, რომ რუსეთის პროკურატურის მიერ ფონდის პოლიტიკური საქმიანობის მაგალითად მიჩნეული ვებ-გვერდების მონიტორინგის მეთოდოლოგია IDFI-ის აქვს გამოყენებული თავის ერთ-ერთ პირველ კვლევაში. 2010 წელს ივან პავლოვი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში და მონაწილეობდა IDFI-ის მიერ გამართულ ტრენინგში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკის თაობაზე. ამჟამად IDFI თანამშრომლობს ფონდთან ხელისუფლების ელექტრონული ღიაობის საერთაშორისო კვლევაში, რომელიც მოიცავს საქართველოს, ბელორუსს, რუსეთსა და აშშ-ს.


IDFI მხარდაჭერას უცხადებს ივან პავლოვის ოჯახსა და რუსეთის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ფონდს. ვიმედოვნებთ, რომ ორგანიზაცია კვლავაც შეუფერხებლად გააგრძელებს საკუთარ საქმიანობას რუსეთში ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ხელშეწყობის მიმართულებით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023