სასამართლო გადაწყვეტილებები საქართველოში: როგორ დავიცვათ ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები 15 მარტი 2017

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი 2016 წლის ივლისიდან ახორციელებს პროექტს - სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში. პროექტის განხორციელების პროცესში აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ექსპერტი, სამართლისა და დემოკრატიის ცენტრის (კანადა) აღმასრულებელი დირექტორი ტობი მენდელი. მიმდინარე წლის 24 იანვარს IDFI-ის მიერ ორგანიზებულ საჯარო განხილვაზე მან საზოგადოებას წარუდგინა საკუთარი რეკომენდაციები საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებთა ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით. ამჯერად გთავაზობთ, ბატონი მენდელის აკადემიურ ნაშრომს, რომელიც  მიმოიხილავს ინფორმაციის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შორის ბალანსის დაცვის მექანიზმებს. ნაშრომს, საფუძვლად უდევს სასამართლო გადაწყვტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ საქართველოში არსებული გამოწვევები, რაც IDFI-ის საქმიანობის შედეგად აქტიური საერთაშორისო განხილვების საგანი გახდა. არსებული გამოწვევების საპასუხოდ კვლევა გვთავაზობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გამოცდილების სიღრმისეულ მიმოხილვას.

 

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უკვე მრავალი წლის მანძილზე, ევროპის სამართლებრივ რეალობაში აქტუალური თავსატეხი არსებობს. საერთო სამართლის ქვეყნებში, კერძოდ გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, სასამართლოს სრული გადაწყვეტილებები, რაც შეიცავს მხარეთა ვინაობასაც, ზოგადი წესით ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის. ევროპის სხვა ქვეყნებში, სადაც დამკვიდრებულია კონტინენტური სამართალი, გადაწყვეტილებები ძირითადად ქვეყნდება მხარეთა ვინაობის დაფარვით. პირველ შემთხვევაში დასაბუთებას წარმოადგენს მართლმსაჯულების საჯაროობა, ხოლო უკანასკნელში დომინირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის იდეა.

 

ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის საკითხი არასოდეს წამოწეულა წინა პლანზე, არ ყოფილა მრავლისმომცველი დებატების თუ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პირდაპირი განხილვის საგანი. იგი აღნიშნავს, რომ საქართველოში, სადაც როგორც საჯაროობის, ისე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის სურვილი ძლიერია, ადგილობრივმა ორგანიზაციამ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) ეს საკითხი წინ წამოწია და გახდა მიმდინარე აქტიური განხილვების საგანი, სადაც სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო უწყებათა წარმომადგენლები დებატების მაგიდის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ.

 

ნაშრომის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დოკუმენტი წარმოადგენს საწყის ნაბიჯს აღწერილ პრობლემათა მიმოხილვის მიმართულებით და რომ  საკითხის ამომწურავი გადაწყვეტის მიზნით აუცილებელია ბევრად უფრო სიღრმისეული ანალიზი. მიუხედავად აღნიშნულისა ის მიუთითებს, რომ მოცემული დოკუმენტის ფარგლებში შესაძლებელია კონკრეტული შემაჯამებელი დასკვნების გამოტანა.

 

- უპირველეს ყოვლისა, კონვენციის მე-10 მუხლით განმტკიცებული გამოხატვის თავისუფლება ცალსახად იცავს ინფორმაციის თავისუფლებას, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მხოლოდ ახლა ხანს იქნა აღიარებული. მხარეთა სახელებსა და სტატუსებზე (მაგ.: მოსარჩელე, მოპასუხე, მოწმე, ექსპერტი) წვდომა მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებათა შინაარსის სრულად გასააზრებლად, არამედ წარმოადგენს ინფორმაციის ძირეულ ნაწილს, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მის სოციალურ კონტექსტში აღქმისთვის. აღნიშნული უდავოდ ექცევა ინფორმაციის თავისუფლების ცნების ქვეშ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდული განმარტების პირობებშიც კი, მიუხედავად იმისა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების მიზანს წარმოადგენს საჯარო პირის წარსულის გამჟღავნება, კვლევის ჩატარება იმაზე თუ როგორია სასამართლოს დამოკიდებულება მხარეთა მიმართ თუ სასამართლოთა ფუნქციონირების შესწავლა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში.

 

- როდესაც ერთმანეთს უპირისპირდება გამოხატვის თავისუფლება მხარეთა ვინაობისადმი წვდომის ჭრილში და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა მხარეთა ვინაობის დაფარვის კონტექსტში, ღირებულებას, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ წარმოადგენს  პირადი ცხოვრების დაცვის ფუნდამენტური უფლება. არ არის საკმარისი მხოლოდ იმაზე მითითება, რომ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს, რაც, თავის მხრივ, ძალზე ფართო ცნებაა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსაზღვრა, რომ კონკრეტულ შემთხვევებში პერსონალური მონაცემი არ არის დაცული პირადი ცხოვრების უფლებით, მაგალითად, როდესაც აღნიშნული უკავშირდება საჯარო მოხელეთა საქმიანობას, პროფესიული მოსაზრებების ჩათვლით, ან ინფორმაციას, რომლის კონფიდენციალურობის დაცვის გონივრული მოლოდინი არ შეიძლება გააჩნდეს პირს, მაგალითად დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.

 

- იმ შემთხვევაში, როდესაც პირადი ცხოვრების ინტერესი კონფლიქტში მოდის  მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლების ინტერესთან, იქნება ეს გამოხატვის თუ ინფორმაციის თავისუფლების ჭრილში, სასამართლოებმა უნდა გამოიყენონ ბალანსის ტესტი რათა დაადგინონ თუ რომელი ინტერესი დომინირებს. გამოხატვის თავისუფლების სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ინფორმაციის გასაჯაროობის მცირე საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაშიც კი პირადი ცხოვრების ინტერესთან მიმართებით ჩვეულებრივ უპირატესობა სწორედ ინფორმაციის თავისუფლებას ენიჭება. გარკვეულ შემთხვევებში ეს პრინციპი შეიძლება დაირღვეს, განსაკუთრებით მაშინ თუ პროცესი შეეხება არასრულწლოვანთა პირად ცხოვრებას.

 

-სასამართლო დავის კონტექსტში, როდესაც ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოებისთვის ღია სასამართლო სხდომაზე, რომლის განმავლობაშიც გაჟღერებული ინფორმაციის გაშუქებასა და გამოქვეყნებაზე არ დაწესებულა რაიმე შეზღუდვა,  გადაწყვეტილებაში მხარეთა ვინაობის დაფარვა შესაძლებელია გამართლებულ იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. სასამართლო სხდომების საჯაროობის მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, აღნიშნული ცალსახად გულისხმობს იმას, რომ საჯარო გადაწყვეტილებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში მხარეთა ვინაობა მოცემული უნდა იყოს  სრულად.

 

- განსხვავებული მიდგომები არსებობს გადაწყვეტილებათა ონლაინ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, რაც წვდომის ძალზედ მაღალი ხარისხიდან და ხელმისაწვდომობის ხანგრძლივი პერიოდის ხასიათიდან გამომდინარეობს. აღნიშნული მოსაზრებები შესაძლოა ითვალისწინებდეს მცირედ განსხვავებულ მიდგომას საქმეთა ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

 

 

შეჯამების სახით, ავტორი ხაზს უსვამს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებათა გამოქვეყნებასთან დაკავშირებით აუცილებელია ძირეული ცვლილებების განხორციელება მრავალ ქვეყანაში. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონტინენტური სამართლის ქვეყნების შემთხვევაში, სადაც მხარეთა ვინაობის დაფარვის პრაქტიკა ფართოდ არის გავრცელებული. მიუხედავად ამისა ხსენებული პრობლემა აქტუალურია საერთო სამართლის ქვეყნებშიც, მაგალითად, ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, როდესაც შესაძლებელია სათანადოდ არ ხდებოდეს მხარეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ინტერესების გათვალისწინება. 

 

IDFI პროექტს "სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში"  2016 წლის ივლისიდან ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით. პროგრამა დაფინანსებულია შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024