სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოში - პროექტის შედეგების პრეზენტაცია

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | სტატია 24 იანვარი 2017

დღეს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პროექტის „სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ დასკვნით პრეზენტაცია გამართა.

 

ღონისძიება გახსნეს IDFI-ის გამგეობის თავჯდომარემ ლევან ავალიშვილმა და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ. ბატონმა ჩხეიძემ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო პროგრამის მიზანი და საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.   

 

ღონისძიებაზე IDFI-ის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგები და მომზადებული წინადადებები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

 

არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისა და სასამართლო გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, IDFI-მ შეისწავლა სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის არსებული მდგომარეობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, და გამოკვეთა პრობლემების გამომწვევი სამართლებრივი და პრაქტიკული მხარეები. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებობს სისტემური საკანონმდებლო და პრაქტიკული პრობლემები, კერძოდ:

 

- კანონმდებლობა მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს პერსონალური მონაცემების დაცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის ინტერესთან შედარებით;


- კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შესაძლო საჯარო ინტერესის არსებობას კონკრეტულ საქმესთან მიმართებით;


- დახურულია ღია სასამართლოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება თავისუფლად შევიდეს და დაესწროს სასამართლო პროცესებს (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა);


- სასამართლოები არ გასცემენ ყოფილ მაღალ თანამდებობის პირთა შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს;


- სასამართლოები ფართოდ განმარტავენ დეპერსონალიზაციის ვალდებულებას, რაც ფაქტიურად შეუძლებელს ხდის სასამართლო გადაწყვეტილებათა გაცემას;


- სასამართლოები პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას ავრცელებენ იურიდიულ პირებზეც;


- საერთო სასამართლოებში, სავარაუდოდ, კვლავ არსებობს სასამარლოს გადაწყვეტილების გაცემაზე უარის თქმის შეთანხმებული შაბლონური ფორმები.

 

ღონისძიებაზე მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა, სამართლისა და დემოკრატიის ცენტრის (კანადა) აღმასრულებელმა დირექტორმა ტობი მენდელმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნო სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული საუკეთესო პრაქტიკა. მან სიღრმისეულად განიხილა საკითხისადმი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა და ხაზი გაუსვა საჯარო და კერძო ინტერესს შორის ბალანსის დადგენის აუცილებლობას. ბატონმა მენდელმა ასევე წარმოადგინა რეკომენდაციები საქართველოში სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან და მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფასთან დაკავშირებით. მისი აზრით, სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჯაროების დროს, დაცვის საგანი არის/უნდა იყოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და არა პერსონალური მონაცემები (ორი სრულიად განსხვავებული მიზანი და მასშტაბი).


„საერთაშორისო სასამართლოების მიერ ჩამოყალიბებულია სპეციალური კრიტერიუმები, რომლებიც ამ ორი ინტერესის დაბალანსებას ემსახურება. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებები უპირატესობას ანიჭებენ ღიაობის ინტერესს, იმ შემთხვევებში როდესაც აშკარაა, რომ ინფორმაციის გასაჯაროება ხელს შეუწყობს საჯარო დებატების წარმართვას ამა თუ იმ საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხზე. იმ პირობებში,, როდესაც სასამართლო პროცესები არის ღია ან/და სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საჯაროდ თითქმის შეუძლებელია გადაწვეტილების გაცემაზე უარის თქმის დასაბუთება,“ განაცხადა ტობი მენდელმა და დასძინა: „სასამართლო პროცესები იშვიათად ცხადდება დახურულად მხარეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მოტივით (გამონაკლისია მცირეწლოვანთა ინტერესები). დაუშვებელია მთლიანი გადაწყვეტილების საიდუმლოდ გამოცხადება - მხოლოდ შესაბამისი ნაწილების (მაგ., ბავშვების შემთხვევაში ინიციალების გამოყენება). პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ინტერესი ვერ ექნებათ კომპანიებს (მათ ეხებათ სხვა, მაგალითად - კომერციული საიდუმლოების დაცვის ინტერესი).“ 

 

პრეზენტაციის ესწრებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო შტოების და ასევე საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დასასრულს გაიმართა დისკუსია, სადაც დამსწრე საზოგადოებას ქონდა საშუალება, წარმოედგინა საკუთარი ხედვა და რეკომენდაციები კვლევის, კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტისა და ზოგადად ქვეყანაში არსებული სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის პრაქტიკის გაუმჯობესების შესახებ. IDFI მომავალშიც განაგრძობს საკითხზე მუშაობას და აქტიურად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის შესახებ საქართველოში.

 

IDFI პროექტს "სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში"  2016 წლის ივლისიდან ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით. პროგრამა დაფინანსებულია შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024