საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ხდება - რა უნდა გაკეთდეს წარმატების მისაღწევად

სიახლეები | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 28 თებერვალი 2017

ავტორი: გიორგი კლდიაშვილი

 

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველმა კომიტეტმა 2016 წლის მაისში საქართველო პარტნიორობის თანათავმჯდომარედ აირჩია. თანათავმჯდომარეობის ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ საქართველო OGP-ის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს. კენჭისყრის დროს, მმართველი კომიტეტის 22 წევრიდან საქართველოს 18-მა დაუჭირა მხარი. მხარდამჭერთა ასეთი მაღალი რაოდენობა საქართველოს, როგორც OGP-ის წევრი ქვეყნის მიერ წამოწყებული და განხორციელებული რეფორმების და მიღწევების და ასევე მისი სამომავლო გეგმების დაფასების მკაფიო გამოხატულება იყო.

 

ღია მმართველობა საქართველომ რიგით უკვე მესამე სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. OGP-ში საქართველოს წარმატების ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობა იყო. კერძოდ, შეიქმნა მუდმივმოქმედი დიალოგის მექანიზმი - ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი (ფორუმი), სადაც OGP-თან დაკავშირებული საკითხების განხილვისას სახელმწიფო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თანაბარი შესაძლებლობით სარგებლობენ. ფორუმი დღეს არის თანამშრომლობისა და ზედამხედველობის მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს მიიღოს მონაწილეობა OGP-ის დღის წესრიგის განხორციელებაში. 2015 წლიდან, OGP-ის ფარგლებში, საქართველო წარმატებით ახორციელებდა მრავალ ღონისძიებას საკანონმდებლო ღიაობის მიღწევისთვის. 2015 წელს, OGP-ის გლობალურ სამიტზე, მექსიკაში საქართველოს დაჯილდოვდა OGP-ის ჩემპიონთა ჯილდოთი (the OGP Government Champions Award). ეს იყო საქართველოს საკანონმდებლო საქმიანობის გამჭვირვალობის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი.

 

თანათავმჯდომარეობა უდიდეს შესაძლებლობებთან ერთად, უმნიშვნელოვანეს პასუხიმგებლობებსაც გულისხმობს. კერძოდ, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს პარტნიორობის დღის წესრიგში ამბიციური ინიციატივების წამოწყება, აქციოს გლობალური მიზნები ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის ნაწილად და ხელი შეუწყოს ახალი ქვეყნების გაწევრიანებას OGP-ში. ეს მისწრაფებები თანაბრად უნდა გაიზიაროს მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ. რადგან ხშირად, სამოქალაქო საზოგადოება უფრო მოქნილად და ეფექტიანად ახდენს საერთო სარგებლის მომტანი ცვლილებების ადვოკატირებას.

 

საქართველოს მთავრობამ, როგორც ღია მმართველობის თანათავმჯდომარემ გააცნობიერა საკუთარი როლი და დაიწყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით. თუმცა, აქამდე არ მომხდარა მომავალი ერთი წლის მანძილზე განსახორციელებელი ღონისძიებების დეტალური გაწერა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მნიშვნელოვან რეფორმებს. ასეთი მიდგომა კი, საქართველოს თავმჯდომარეობას უფრო ღირებულსა და პროდუქტიულს გახდის 2017 წელს. გარდა ამისა, OGP-ში აქტიურ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ჯერ არ მიუღიათ ერთობლივი დეკლარაცია ან განცხადება, თუ როგორ ხედავენ საკუთარ როლს და როგორ გეგმავენ საქართველოს თანათავმჯდომარეობისა და თავმჯდომარეობის მხარდაჭერას.

 

იმისათვის, რომ OGP-ის თავმჯდომარეობა გახდეს უფრო ეფექტიანი და მის ინიციატივებს გლობალური მნიშვნელობა მიენიჭოს, საქართველოს მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ რამდენიმე ეროვნული, რეგიონული და გლობალური საკითხი უნდა დააყენოს დღის წესრიგში. ამის გათვალისწინებით, ქვემოთ მიმოხილული იქნება საქართველოს, როგორც ღია მმართველობის თანათავმჯდომარე ქვეყნის კონკრეტული გამოწვევები.

 

1. გლობალური დღის წესრიგის განხორციელების მნიშვნელობიდან გამომდინარე, და 2030 დღის წესრიგის იმპლემენტაციისთვის ღია მმართველობის ერთობლივი დეკლარაციის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ გაეროს მდგრადი განვითრების მიზნები (SDG) უნდა აქციოს ღია მმართველობა საქართველოს პროცესებისა და პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად. იმის გათვალისწინებით, რომ ღია მმართველობა საქართველოს მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმა არ მოიცავს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციისთვის საჭირო ღონისძიებებს, ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ უნდა დაიწყოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია ამ მიმართულებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მდგრადი განვითარების მიზნები ღია მმართველობა საქართველოს მუშაობის მნიშვნელოვან ნაწილად და მომავალი ეროვნული სამოქმედო გეგმების საფუძვლად უნდა იქცეს. დამატებით, მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ პოლიტიკასთან ჰარმონიზების მიზნით, სამდივნომ უნდა დაიწყოს რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობა, და აქციოს მიზნების განხორციელება არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონულ პრიორიტეტად.

 

2. საქართველო წლების განმავლობაში იბრძოდა იმისათვის, რომ აღმოეფხვრა კორუფცია სამართალდამცავ ორგანოებში, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემაში, სამოქალაქო და საჯარო რეესტრებში და სხვა სახელმწიფო სერვისებში. შედეგად, საქართველო ამ მიმართულებით წამყვანი ქვეყანაა რეგიონში, რაც დასტურდება სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსების მონაცემებით: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის 2016 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის შესაბამისად (World Justice Project (WJP) Rule of Law Index 2016), აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საქართველო პირველ ადგილზეა კორუფციის არარსებობის მაჩვენებლით; კორუფციის გლობალური ბარომეტრის საქართველოს გერმანიის, შვედეთისა და შვეიცარიის შემდეგ მეოთხე ადგილას აყენებს, რომლის მოსახლეობის საერთო რაოდენობის მხოლოდ 12% მიიჩნევს კორუფციას ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად; კორუფციის აღქმის ინდექსის შესაბამისად 176 ქვეყნიდან საქართველო 44-ე ადგილზეა და მნიშვნელოვნად უსწრებს ცენტრალური აზიის ქვეყნებს. გარდა ამისა, საქართველო, გაერთიანებულ სამეფოსთან და ბრაზილიასთან ერთად, არის ღია მმართველობის პარტნიორობის ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის თანამომხსენებელი. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტად რჩება საჯარო სერვისების ეფექტური მიწოდება. ამ თვალსაზრისით, დიდ ქალაქებში ინოვაციური, სწრაფი და გამჭვირვალე სერვისების მიწოდების მაგალითია იუსტიციის სახლი, ხოლო უფრო მცირე ზომის რეგიონებში საჯარო სერვისების ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრები. შესაბამისად, ანტიკორუფციული მიმართულებებით საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მისი თავმჯდომარეობის პერიოდში წინ უნდა იყოს წამოწეული. რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველომ რეგიონს უნდა გაუზიაროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მიღებული გამოცდილება, მნიშვნელოვანი გამოწვევები და წარმატებული მაგალითები.

 

3. გარდა OGP-ის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობისა, საქართველოს მთავრობამ მიზნად უნდა დაისახოს ახალი ქვეყნების პარტნიორობაში გაწევრიანება. განსაკუთრებული ყურადღება კი, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიას უნდა დაეთმოს. OGP-ის რუკას თუ შევხედავთ, ცხადად დავინახავთ რეგიონში არსებულ სიცარიელეს, არადა რეგიონის მრავალი ქვეყანა უდიდეს გამოცდილებას მიიღებდა OGP-ის წევრობით. ამ ეტაპზე, პარტნიორობის წევრები არიან მხოლოდ საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და მეზობელი თურქეთი, რომელთაგან ორი ქვეყანა პარტნიორობის არააქტიური წევრების სიაში არიან გადაყვანილები. ამასთან ერთად, პროცესში ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიც უნდა ჩაერთონ, დაამყარონ კავშირი ამ ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაარწმუნონ ისინი პარტნიორობასთან შემოერთების მნიშვნელობაში; ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის ცოდნის გაზიარების ინსტრუმენტის შექმნა.

 

4. საქართველომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია საკანონმდებლო ღიაობის მიმართულებით. 2016 წლის თებერვლიდან, საქართველოს პარლამენტში ფუნქციონირებს საპარლამენტო ღიაობისა და გამჭვირვალობის მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც შედგება საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციებისა და პარლამენტის სხვა წევრებისგან. საბჭოს ფარგლებში ასევე ფუნქციონირებს სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარი საკონსულტაციო ჯგუფი. საბჭომ შეიმუშავა 2015-2016 წლების საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა, რომელიც დაამტკიცა პარლამენტის ბიურომ. სამოქმედო გეგმა მოიცავდა მრავალფეროვან ვალდებულებებს, რომელთა შორის იყო მოქალაქეთა ჩართულობის ელექტრონული მექანიზმის შემუშავება და პარლამენტის წევრებისთვის სავალდებულო ეთიკის კოდექსის მიღება. მნიშვნელოვანია საპარლამენტო ღიაობასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება ღია მმართველობის წევრი ქვეყნებისთვის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს პარლამენტისთვის ასევე საინტერესო გამოწვევა იქნება საკანონმდებლო ღიაობისა და 2030-ის დღის წესრიგის დაკავშირება ახლო მომავალში. კერძოდ, მნიშვნელოვანია ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც პარლამენტს საშუალებას მისცემს განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაზე.

 

5. ღია მმართველობის 2016-2017 წლების თანათავმჯდომარეობის დეკლარაცია ეხება უფრო მეტი დაინტერესებული რგოლის შემოერთებას პარტნიორობაში. პარლამენტის და მუნიციპალიტეტების გარდა, დეკლარაცია ყურადღებას ამახვილებს კერძო სექტორზე. ამიტომაც, უმნიშვნელოვანესია მეტი ძალისხმევის გაწევა ღია მმართველობის დღის წესრიგის განხორციელების პროცესში კერძო სექტორის ჩასართავად. გარდა იმ ღონისძიებებისა, რაც ამ ეტაპზე კერძო სექტორისთვის ხორციელდება, უფრო დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს კერძო კომპანიებში OGP-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ღია მმართველობის პროცესებში კერძო სექტორის ჩართვის ხელშეწყობის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვას.

 

6. ღია მმართველობაში საქართველოს მთავრობის მომავალი გეგმების განხილვისას, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი წარსული გამოცდილების დეტალური გაანალიზება. მიუხედავად საქართველოს, როგორც OGP-ის წევრი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებისა, რამაც განაპირობა მისი თანათავმჯდომარეობა, მნიშვნელოვანია ღია მმართველობა საქართველოს მეორე ეროვნული სამოქმედო გეგმის ჯეროვანი შეფასება. ამ გეგმით საქართველოს მთავრობამ, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ორი უმნიშვნელოვანესი ვალდებულების შესრულება იკისრა - ინფორმაციის თავისუფლების აქტის შემუშავება და ელექტრონული პეტიციების პორტალის შექმნა. თუმცა ისინი შეუსრულებელი დარჩა. მიუხედავად ამისა, საქართველო, როგორც ღია მმართველობის თანათავმჯდომარე, უნდა გახდეს სხვა OGP-ის წევრი და არაწევრი ქვეყნებისთვის, სამოქმედო გეგმის წარმატებულად განხორციელების მაგალითი. ამის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ, მომავალი სამოქმედო გეგმების ვალდებულებების სრულად განხორციელებისათვის უნდა მოახდინოს მაქსიმალური მობილიზება. საბედნიეროდ, მოხდა შეუსრულებელი ვალდებულებების, როგორც პრობლემის იდენტიფიცირება, თუმცა თანათავმჯდომარეობის პერიოდში შემოთავაზებული უნდა იქნეს ამ პრობლემების ეფექტური გადაჭრის გზები, სანამ საქართველო პარტნიორობის თავმჯდომარე გახდება.

 

საქართველოს, როგორც OGP-ის თანათავმჯდომარის და შემდგომ თავმჯდომარის როლი, განახორციელოს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაცია, გააძლიეროს საერთაშორისო თანამშრომლობა, განაგრძოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ეს პროცესები აქციოს რეგიონულ პრიორიტეტად, მოითხოვს იუსტიციის სამინისტროზე უფრო მაღალი დონის კოორდინაციას. ღია მმართველობა საქართველოს საკოორდინაციო ფუნქციების საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გადატანა მასთან დაკავშირებულ პროცესებს უფრო ეფექტიანს გახდის და სახელმწიფო დაწესებულებები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან თავიანთი ვალდებულებების შესრულებას. ხოლო, ღია მმართველობის გლობალური და ეროვნული დღის წესრიგის სათანადოდ შეუსრულებლობა მთლიანად საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა გახდება. ამასთან ერთად, საქართველოს მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი, პირადად იქნება OGP-ის ფარგლებში მიმდინარე ეროვნულ და საერთაშორისო პროცესებში ჩართული, რაც გაზრდის ქვეყნის, როგორც თანათავმჯდომარის როლს, გაამარტივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს და გახდის ღია მმართველობა საქართველოს საქმიანობას უფრო ეფექტურს.

 

ინფორმაციის თავისუფლება არის ღია მმართველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამიტომ, საინტერესოა შევაფასოთ ამ მიმართულებით იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) 2016 წლის ანგარიშის შესაბამისად - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, მის დაქვემდებარებაში მყოფ 12 საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან ერთად, უპასუხოდ დატოვა IDFI-ის მოთხოვნები საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, და დასახელდა ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად. გარდა ამისა, 2017 წლის 7 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მის 11 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საჯარო ინფორმაციის გაცემის რეკომენდაციით მიმართა. დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ერთის მხრივ, იყო OGP-ის მაკოორდინირებელი უწყება და მეორეს მხრივ, გამოცხადდე ყველაზე დახურულ დაწესებულებად შეუთავსებელია ერთმანეთთან. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ასეთი ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

 

საქართველომ, OGP-ის თანათავმჯდომარეობისა და თავმჯდომარეობის პერიოდში მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად უნდა შეიმუშავოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელშიც ასევე ასახული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების როლი. მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი და კოორდინირებული ძალისხმევა კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველო OGP-ის წამყვანი ქვეყანაა. სამოქმედო გეგმის ძირითადი ნაწილი უნდა ასახავდეს საერთაშორისო ვითარებას/გამოცდილებას, რომელიც ღია მმართველობის, გამჭვირვალობის, საზოგადოების ჩართულობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებობს. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ საჭიროა მხედველობაში მიიღოს ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციული სამიტის და OGP-ის 2016 წლის გლობალური სამიტის ვალდებულებები და დაეყრდნოს ამ სამიტებზე დასახულ ზოგად ტენდენციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არასათანადო რეაგირება საპოლიციო ძალების მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე

09.12.2024

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024