საქართველო ლონდონის ანტიკორუფციულ სამიტზე

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 ივნისი 2016

ავტორი: სანდრო ქევხიშვილი

 

12 მაისს, ლონდონში გაიმართა მსოფლიოს პირველი ანტიკორუფციული სამიტი, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ ქემერონი მასპინძლობდა. სამიტში მონაწილეობა მიიღო 40 ქვეყნის ლიდერმა, ასევე, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.


სამიტი მიზნად ისახავდა მსოფლიოს მასშტაბით კორუფციასთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის შემუშავებას, რისთვისაც გამოიკვეთა მოქმედების სამი ძირითადი მიმართულება:

 


1. კორუფციის გამოაშკარავება

 

  • კომპანიების ანონიმური მფლობელების ვინაობის გამოაშკარავება;
  • დანაშაულის თანამონაწილე იურისტებისა და უძრავი ქონების აგენტების გამოაშკარავება;
  • გადასახადების, სახელმწიფო სახსრების ხარჯვისა და შესყიდვების გამჭვირვალობის გაზრდა;
  • მამხილებელთა დაცვა.

 

 

2. კორუფციულ გარიგებებში მონაწილე პირთა დასჯა და მსხვერპლთა დახმარება

 

  • ანტიკორუფციული კანონების გამკაცრება და უფრო აქტიური აღსრულება;
  • მოპარული აქტივების მიკვლევა და კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნება;
  • მკაფიო გზავნილის ფორმულირება, რომ კორუფცია დაუსჯელი არ დარჩება.

 

 

3. საერთაშორისო დონეზე კორუფციის მაქსიმალური აღმოფხვრა

 

  • მსოფლიოს მასშტაბით ინსტიტუციებისა და პროფესიონალების გაერთიანება კეთილსინდისიერების კულტურის დასამკვიდრებლად;
  • გამჭვირვალობის გაზრდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სპორტი, მოპოვებითი მრეწველობა და უსაფრთხოება;
  • მოქალაქეთა აღჭურვა კორუფციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიებით;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მეტი კოორდინაციის მხარდაჭერა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

სამიტის მიზანი ემთხვევა გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 მიზანს - 2030 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვნად შემცირდეს კორუფცია. სამიტის დროს შემუშავებული ვალდებულებებიც ეფუძნება სწორედ გაეროს კონვენციას კორუფციის წინააღმდეგ (UNCAC).


შეხვედრის შედეგად მონაწილე ქვეყნებმა ხელი მოაწერეს კორუფციის წინააღმდეგ გლობალურ დეკლარაციასა და ზოგადი მიზნების შემცველ კომუნიკეს, რომლის საფუძველზეც თითოეულმა მონაწილე ქვეყანამ საკუთარ თავზე აიღო კორუფციასთან ბრძოლის კონკრეტული ვალდებულებები.

 


სამიტის მთავარი მიღწევები

 


ანტიკორუფციული სამიტის მთავარი მიღწევა არის ის, რომ შეიქმნა საერთაშორისო დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პლატფორმა და დაისახა კონკრეტული მიზნები.


მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ კორუფციის აღმოსაფხვრელად საჭიროა მისი მთავარი თვისების - ფარულობის წინააღმდეგ ბრძოლა. ხოლო ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა საერთაშორისო ძალისხმევა, რომელიც გააერთიანებს არა მხოლოდ სახელმწიფოებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, კერძო სექტორს, აკადემიურ წრეებს და სამოქალაქო აქტივისტებს.

 


ოფშორული კომპანიების პრობლემა

 


ლონდონის ანტიკორუფციული სამიტი დაემთხვა ბოლო დროის უდიდეს საერთაშორისო სკანდალს - პანამის დოკუმენტების გამოქვეყნებას, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოაშკარავა, თუ როგორ ხდება ფულის გათეთრება ოფშორული კომპანიების გამოყენებით.


სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ ანტიკორუფციულ სამიტზე მთავარი ყურადღება დაეთმო ოფშორული კომპანიების მფლობელების გამოაშკარავების საკითხს. სამიტის მონაწილე 6-მა ქვეყანამ აიღო ვალდებულება აწარმოონ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების რეალური ბენეფიციარების რეესტრი (ეს ქვეყნებია: ავღანეთი, საფრანგეთი, კენია, ნიდერლანდები, ნიგერია და დიდი ბრიტანეთი).


დამატებით 6-მა ქვეყანამ (საქართველო, ავსტრალია, ინდონეზია, ირლანდია, ახალი ზელანდია, ნორვეგია) განაცხადა, რომ განიხილავს ასეთი რეესტრის შექმნის შესაძლებლობას.

 


სხვა მიზნები

 


ანტიკორუფციული სამიტის კომუნიკე 34 პუნქტისგან შედგება. მათ შორის აღსანიშნავია:

 

  • იმ კომპანიებს, რომელთა ნამდვილი მფლობელები უცნობია, არ უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღების უფლება. 
  • საერთაშორისო დონეზე უნდა გაძლიერდეს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა საერთაშორისო კორუფციული დანაშაულის გამოსავლენად და შესაჩერებლად. 
  • საჭიროა კორუფციის შემთხვევების მამხილებელთა დამცავი კანონმდებლობის მიღება/გაძლიერება. 
  • უნდა გააქტიურდეს კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის (UNCAC) ვალდებულებების შესრულება/ამოქმედება და საერთაშორისო ანტიკორუფციული სტანდარტების დანერგვა (მაგალითად, საზღვარგარეთ ქრთამის მიცემის კრიმინალიზაცია). 
  • სამიტის მონაწილე ქვეყნები აღიარებენ ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partmership, OGP) მნიშვნელობას კორუფციასთან ბრძოლაში და შეეცდებიან სამიტის ფარგლებში დასახული მიზნები ვალდებულებებად ასახონ OGP-ის ეროვნულ სამოქმედო გეგმებში. 
  • აუცილებელია ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება კორუფციასთან საბრძოლველად, რისთვისაც შეიქმნება სპეციალური ანტიკორუფციული ინოვაციების ჰაბი (Anti-Corruption Innovation Hub). 
  • განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა იყოს კორუფციის ყველაზე მაღალი რისკის მქონე სფეროები (სპორტი, მოპოვებითი მრეწველობა და უსაფრთხოება). სპორტის მიმართულებით კორუფციის შესამცირებლად 2017 წელს შეიქმნება სპორტის კეთილსინდისიერების საერთაშორისო პარტნიორობა (International Sport Integrity Partnership)

 

 

საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები

 


ანტიკორუფციულ სამიტს საქართველოს მთავრობის მხრიდან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრნენ. საქართველომ საკუთარ თავზე შემდეგი ვალდებულებები აიღო:

 

1. კორუფციის გამოაშკარავების მიზნით, საქართველო:

 

- განიხილავს შესაძლებლობას შექმნას ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ბენეფიციარი მფლობელების რეესტრი.

 

- უზრუნველყოფს იმას, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდეთ სრული წვდომა ბენეფიციარი მფლობელების შესახებ ინფორმაციაზე.

 

- იგი ასევე გააფორმებს ორმხრივ შეთანხმებებს პარტნიორ ქვეყნებთან ამ ინფორმაციის გაცვლის შესახებ.

 

- გადადგამს ნაბიჯებს, რათა გამჭვირვალე გახადოს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიების მფლობელების შესახებ ინფორმაცია.

 

- შექმნის საჯარო და კერძო სექტორებს შორის ინფორმაციის გაცვლის პარტნიორობებს, რომლებიც მიმართული იქნება ფულის გათეთრების შემთხვევების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთისკენ. ასევე მოხდება ამ ინფორმაციის გაცვლა პარტნიორ ქვეყნებთან.

 

- დანერგავს სახელმწიფო კონტრაქტების ღიაობის სტანდარტსა და ღია მონაცემთა ქარტიის პრინციპებს, ასევე, მიმართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჩაატაროს ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება. განმარტება:

 

  • ღია მონაცემთა საერთაშორისო ქარტია (Open Data Charter) შეიქმნა 2013 წელს დიდი რვიანის მიერ. იგი ადგენს სახელმწიფო მონაცემთა გასაჯაროების პრინციპებსა და სტანდარტებს.
  • სახელმწიფო კონტრაქტების ღიაობის სტანდარტი (Open Contracting Data Standard) ასახავს სახელმწიფო შესყიდვების შედეგად გაცემული კონტრაქტების გამოქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას. სტანდარტი 2014 წელს შეიმუშავა ღია კონტრაქტების პარტნიორობამ (Open Contracting Partnership).
  • ფისკალური გამჭვირვალობის შეფასებას (Fiscal Transparency Evaluation) მიმართვის საფუძველზე ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. მისი მიზანია შეაფასოს ქვეყნის ფისკალური გამჭვირვალობა, აღმოაჩინოს პრობლემები და შეიმუშაოს მათი გადაჭრის სამოქმედო გეგმა.

 

- იმუშავებს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ნავთობის, ბუნებრივი აირისა და მინერალების მომპოვებელი კომპანიების შესახებ მეტი ინფორმაციის გამოქვეყნების გზებზე. (სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა პირდაპირ არ იღებს ვალდებულებას შეუერთდეს მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივას (EITI)


- განიხილავს საერთო ანგარიშგების სტანდარტის (Common Reporting Standard) ინიციატივასთან მიერთების შესაძლებლობას. ინიციატივის მიზანია ქვეყნებმა ფინანსური ინსტიტუტებისგან მოიპოვონ ინფორმაცია და ავტომატურ რეჟიმში გაუზიარონ იგი სხვა ქვეყნებს. სტანდარტი მომზადდა 2014 წელს დიდი ოცეულის დაკვეთით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ.

 

 

2. კორუფციაში მონაწილე პირთა დასჯის მიზნით, საქართველო:

 


- შექმნის კორუფციაში მონაწილე კომპანიების ბაზას და განიხილავს ამ ინფორმაციის სხვა ქვეყნებისთვის გაზიარების შესაძლებლობას.

 

- განიხილავს მოპარული აქტივების დაბრუნების კანონმდებლობის დახვეწის გზებს და შეიმუშავებს დაბრუნებული აქტივების გამჭვირვალე მართვის სახელმძღვანელოს.

 

3. კორუფციის აღმოფხვრის მიზნით, საქართველო:

 

- შეუერთდება სპორტის კეთილსინდისიერების საერთაშორისო პარტნიორობას (International Sport Integrity Partnership), რომელიც 2017 წელს ამოქმედდება.

 

- სურვილს გამოთქვამს შეუერთდეს OECD-ის (ორგანიზაცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის) მიერ კოორდინირებულ ინსტიტუციური კეთილსინდისიერების პარტნიორობებს.

 

- მონაწილეობს მიიღებს ანტიკორუფციული ინოვაციების ჰაბში (Anti-Corruption Innovation Hub), რომელიც უახლოეს მომავალში შეიქმნება და კორუფციასთან ბრძოლის ახალ მიდგომებსა და ტექნოლოგიებს შეიმუშავებს.

 

- მთავრობებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად იმუშავებს კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის დებულებების დაჩქარებული განხორციელების პროცესზე.

 

- მხარს უჭერს OECD-ის ანტიკორუფციული ცენტრის ჩამოყალიბებას.

  

რომელ ინიციატივებს არ შეუერთდა საქართველო

 

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ განიხილავს ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ბენეფიციარი მფლობელების რეესტრის შექმნის საკითხს, თუმცა, სამიტის მონაწილე 6 ქვეყნისგან განსხვავებით, თავი შეიკავა ამ მექანიზმის შემოღების ვალდებულების აღებისგან.


საქართველომ ასევე თავი შეიკავა აეღო ვალდებულება, ოფშორული კომპანიებისთვის ჩამოერთვა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის უფლება.


საქართველოს მთავრობა პირდაპირ არ იღებს ვალდებულებას შეუერთდეს მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივას (EITI), მიუხედავად ამის აშკარა საჭიროებისა.


მიუხედავად საქართველოს აქტიური ჩართულობისა ღია მმართველობის პარტნიორობაში, არაფერია ნათქვამი ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ანტიკორუფციული ვალდებულებების შეტანაზე.


საქართველოს განცხადებაში ასევე არაფერია ნათქვამი მამხილებელთა დაცვის კანონმდებლობისა და საზღვარგარეთ ქრთამის მიცემის კრიმინალიზაციის შესახებ.

 


დასკვნა

 


საქართველოს მონაწილეობა ლონდონის ანტიკორუფციულ სამიტში ცალსახად დადებითი მოვლენაა. მისასალმებელია მთავრობის მიერ მთელი რიგი ანტიკორუფციული ვალდებულებების აღებაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებამ ამ ეტაპზე არ შეუერთდა რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო ინიციატივას (ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ბენეფიციარი მფლობელების რეესტრის შექმნა, სახელმწიფო ტენდერებში ოფშორული კომპანიების მონაწილეობის შეზღუდვის საკითხი).


მართალია აღებული ვალდებულებები ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო, ჩვენ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ მათ შესრულებაზე მუშაობის დაწყება არ დაყოვნდება. საამისოდ, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეარჩიოს თითოეულ ვალდებულებაზე პასუხისმგებელი ორგანო, დასახოს კონკრეტული ვადები და მაქსიმალურად შეუწყოს ამ პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობას.

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024