საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში - 2010-2015 წლების შემაჯამებელი ანგარიში

სიახლეები | კარგი მმართველობა | პუბლიკაციები | ანგარიში 11 დეკემბერი 2015

2015 წლის 11 დეკემბერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) გამართა 2010-2015 წლებში საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია. ანგარიში მომზადდა პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“ ფარგლებში, რომელსაც IDFI-ი ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და „ღია საზოგადოების ფონდების ფინანსური“ მხარდაჭერით 2010 წლიდან ახორციელებდა.


საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 2010-2015 წლებში


IDFI-ის მიერ, 2010-2015 წლებში განხორციელებული პროექტების ფარგლებში, საჯარო დაწესებულებებში სულ გაიგზავნა 30 152 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, საიდანაც პასუხი მიღებულია 24 438 მოთხოვნაზე.


2010-2015 წლებში IDFI-ის მიერ განხორცილებული პროექტებიდან, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (90%) 2013 წელს ფიქსირდება. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 82%-მდე შემცირდა, ხოლო 2015 წელს დაკმაყოფილებული განცხადებების მაჩვენებელმა 86% შეადგინა. ამასთან, 2010-2015 წლებში IDFI-ის მიერ გაგზავნილ მოთხოვნებზე მიღებული სრულყოფილი პასუხების ყველაზე დაბალი (33%), ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების ყველაზე მაღალი (48%) მაჩვენებლები 2010 წელს განხორციელებული პროექტის ფარგლებში ფიქსირდება.


პროექტის შედეგების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის ხშირი ცვლილებისა, 2010 წელთან შედარებით დღესდღეობით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. ასევე ნიშანდობლივია, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე დიდ გავლენას ახდენს როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი არჩევნები, ასევე დაწესებულებების ხელმძღვანელ პირთა დამოკიდებულება ღია და ანგარიშვალდებული მმართველობისადმი. მაგალითად, 5 წლის განმავლობაში ჩვენს მიერ წარმოებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში შეინიშნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, თუმცა პროგრესი შეიძლება ხანმოკლე იყოს და გაგრძელდეს მხოლოდ ახალი ხელისუფლების მოღვაწეობის საწყის ეტაპზე, როდესაც საჯარო დაწესებულებების მიერ რაიმე სახის ინფორმაციის დამალვის სურვილი ნაკლებად არსებობს.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა 2015 წელს


2015 წელს IDFI-იმ, 307 საჯარო დაწესებულებისათვის გაგზავნილ 8297 მოთხოვნაზე, სრულყოფილი პასუხი მიიღო 3 961 შემთხვევაში, არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 438 მოთხოვნაზე, უარს ადგილი ჰქონდა 63 შემთხვევაში, უპასუხოდ დატოვებული იქნა 1 175 მოთხოვნა.
ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებები


ყველა პროექტის ფარგლებში წარმოებული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ინსტიტუტის მიერ გამოვლენილი იქნა 2010-2015 წლებში ყველაზე ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები, რომლებსაც გადაეცათ სპეციალური ჯილდოები, ეს დაწესებულებებია:


• საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი
• დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

რაც შეეხება უშუალოდ 2015 წელს, სპეციალურ ჯილდოებით (სიგელებით) „2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის“ დაჯილდოვდნენ შემდეგი ცენტრალური საჯარო დაწესებულებები:


• რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
• სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
• ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
• გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
• აჭარის ა/რ მთავრობის აპარატი და ყველა სამინისტრო


IDFI-ს სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის გადაეცემა ყველა იმ უწყებას, რომლებმაც პროექტის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს (სულ 57 საჯარო დაწესებულება).


ამას გარდა, 2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გაუმჯობესებისათვის ნომინაციაში გაიმარჯვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიამ, რომელმაც წინა წელთან შედარებით 61,1%-იანი გაუმჯობესება აჩვენა, ხოლო საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის დაჯილდოვდა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

 

ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები


2015 წლის მონაცემებით ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებად დასახელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელმაც 44 მოთხოვნა დატოვა უპასუხოდ.


საქართველოს 286 ადმინისტრაციულ ორგანოს შორის 2015 წელს მხოლოდ რვა დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, ვინც სრულად უგულებელყო კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება და უპასუხოდ დატოვა ინსტიტუტის ყველა განცხადება, საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. კერძოდ, IDFI-ის მიერ გაგზავნილი ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულმა შვიდმა უწყებამ (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სმართ ლოჯიქი, საკანონმდებლო მაცნე, დანაშაულის პრევენციის ცენტრი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საქართველოს ეროვნული არქივი, ნოტარიუსთა პალატა) და წალკის საკრებულომ.

 

2014 წელთან შედარებით, 2015 წელს მნიშვნელოვნად გააუარესეს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები შემდეგმა უწყებებმა:

იუსტიციის სამინისტრო - 45,9% რეგრესი (იუსტიციის სამინისტრომ, 2014 წელთან შედარებით 45,9%-ით გააუარესა საკუთარი მაჩვენებლები, დატოვა რა უპასუხოთ IDFI-ის მიერ გაგზავნილი 25 მოთხოვნა)
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 50,2% რეგრესი (უპასუხოთ დატოვა IDFI-ის მიერ გაგზავნილი 44 მოთხოვნა)
მთავრობის ადმინისტრაცია - 74,8% რეგრესი (მთავრობის ადმინისტრაციამ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგში მიიღო მხოლოდ 23.3 %).

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ IDFI-ის მომზადებული რეიტინგი და კვლევა, სადაც მოცემულია თითოეული საჯარო დაწესებულების 2015 წლის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით კვლევა ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას და სრულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით.

 

გადმოიწერეთ სრული ანგარიში

გადმოიწერეთ რეიტინგი

 

/public/upload/IDFI/IDFI/OpenData-GEO-16.12.2015.pdf

/public/upload/IDFI/IDFI/opendata-rating-2015-geonew.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გაერომ 28 სექტემბერი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა

18.10.2019

საქართველოს პარლამენტმა IDFI-ის რეკომენდაციით საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის ელექტრონული პლატფორმა შექმნა

16.10.2019

IDFI-მ ჟურნალისტებისა და პროკურორებისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა

14.10.2019

სტალინიზმი საბჭოთა სკოლებში და სკოლის მოსწავლეების საქმე

11.10.2019
განცხადებები

კვლავ არსებობს კითხვები გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით

17.10.2019

განცხადება სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის აუცილებლობის შესახებ

18.09.2019

იურიდიული კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების შეფასება

17.09.2019

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა

15.09.2019
ბლოგპოსტები

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019

ინტერესთა შეუთავსებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში

05.08.2019

რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში

13.05.2019

დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ

22.04.2019