დეზინფორმაციის ევოლუცია: მე-20 საუკუნის პროპაგანდიდან 21-ე საუკუნის ყალბ ამბებამდე

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 14 თებერვალი 2024

ანალიტიკური სტატიის ავტორია ჟენევის უნივერსიტეტის ევროპული და საერთაშორისო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის  მაგისტრანტი, თამარ ტაბატაძე. აღნიშნული ესე დაიწერა კონკურსისთვის „დეზინფორმაციის როლი ისტორიული მეხსიერების ჩამოყალიბებაში“.

 

კონკურსი ჩატარდა IDFI-ს მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, SIDA-ს ფინანსური მხარდაჭერით. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს  შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (SIDA) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.

 

თამარ ტაბატაძე არის კონკურსის გამარჯვებული  - III ადგილის მფლობელი.

 

-

 

შესავალი

 

დღეს მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევათა შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს  დეზინფორმაციის გავრცელება, რაც დღითიდღე უფრო კომპლექსური ფენომენი ხდება. დეზინფორმაციის მიერ გამოწვეული მთავარი საფრთხე ადამიანის უფლებებისა და მაღალი ხარისხის დემოკრატიის სხვადასხვა ელემენტისთვის ზიანის მიყენებაა. მიუხედავად იმისა, რომ დეზინფორმაცია შედარებით ახლად დამკვიდრებული ტერმინია, მისი წარმომავლობა უკავშირდება 1920-იანი წლების რუსეთს. ამ დროისთვის დაარსდა რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების განყოფილება „სპეციალური დეზინფორმაციის ბიურო“, რომელიც მიზნად ისახავდა ყალბი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და შეცდომაში შეყვანის მიზნით.[1] თანამედროვე განმარტებით, დეზინფორმაციის ცნება წარმოადგენს გადამოწმებად ყალბ ან მცდარ ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება გამიზნულად, საზოგადოების განზრახ შეცომაში შეყვანისა და საჯარო ზიანის მიყენების, ან ეკონომიკური მოგების მიზნით.[2] დეზინფორმაცია იწვევს მოქალაქეთა მანიპულაციას, გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის პოლარიზაციაზე, ხელს უწყობს ძალადობრივი ექსტრემიზმის ჩამოყალიბებასა და სიძულვილის ენის გავრცელებას, საბოლოოდ კი, ამცირებს დემოკრატიული პროცესების, ნორმებისა და ინსტიტუტებისადმი ნდობას.[3] აგრეთვე აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ანალიტიკოსების მიხედვით, შესაძლოა დეზინფორმაცია არა მხოლოდ აშკარა სიცრუეს ან  გაყალბებულ ინფორმაციას, არამედ, ხშირად რეალურ ფაქტებსაც ასახავდეს, თუმცა კონტექსტიდან იმგვარად ამოღებული და სიცრუესთან შერწყმული, რომ უფრო დიდი გეგმის წინასწარგანზრახულ გზავნილს ემსახურებოდეს.[4]

 

საქართველო, როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, განსაკუთრებით რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება და ერთ-ერთია იმ სახელმწიფოთა შორის, რომლის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დეზინფორმაცია და პროპაგანდა. 2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირის გაფართოების შესახებ დასკვნით დოკუმენტში, წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობად განისაზღვრა საქართველოს მიერ დეზინფორმაციასთან, აგრეთვე ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლა.[5] ციფრულმა რევოლუციამ მნიშვნელოვნად გაზარდა ქართული საზოგადოების მოწყვლადობა ინფორმაციით მანიპულაციის მიმართ. ეს ტრენდი გამოწვეულია ახალი სოციალური მედია პლატფორმებითა და მათი დომინირებით ტრადიციულ მედია საშუალებებზე. თანამედროვე საქართველოში განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ანტიდასავლური და რუსული პროპაგანდა. დეზინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ღირებულებები შეუთავსებელია ცხოვრების ევროპულ წესთან. იკვეთება მოსაზრება, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია განუხორციელებელი მისწრაფებაა და  პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.  ასევე, ხდება დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაცია.[6] რაც უფრო მზარდია ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისთვის ონლაინ სივრცის გამოყენება, მით უფრო რთული ხდება ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და მისი უარყოფითი გავლენის გაზომვა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. თუმცა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვას აადვილებს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის უფრო ფართო ისტორიულ კონტექსტში გაანალიზება. კერძოდ, მისი ფესვების ძიება მეოცე საუკუნეში და ამ დროის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ევოლუციის წარმოჩენა, ნათლად ასახავს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო ომის ტაქტიკას, როგორც არა ერთჯერად მოვლენას. შესაბამისად, ესეს მიზანია, წარმოაჩინოს დეზინფორმაციის საფრთხის გავლენა ქართულ საზოგადოებაზე, არა მხოლოდ თანამედროვე ციფრული ეპოქის, არამედ უახლოესი წარსულის გაანალიზების გზითაც.

 

 

 

დეზინფორმაციის ფესვები - საბჭოთა პროპაგანდა

 

ცრუ, დამახინჯებული და საზოგადოებაზე გავლენის მქონე ინფორმაციის გავრცელება საბჭოთა კავშირის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი იყო. ტერმინი პროპაგანდა საბჭოთა კავშირის ჭრილში შეიძლება განისაზღვროს, როგორც მასების სამართავი ერთ-ერთი იარაღი, რომელიც ხორციელდება აზროვნებისა და ცნობიერების შესაბამისი კონტროლის გზით.[7] მეოცე საუკუნის საბჭოთა პროპაგანდის მთავარ მიზანს საზოგადოებრივ აზრსა და პოლიტიკურ განწყობებზე გავლენის მოხდენა წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელ გარემოში ინტერნეტის არსებობის გარეშე ინფორმაციის გასავრცელებლად გაცილებით დიდი ძალისხმევა იყო საჭირო, ეს წარმატებით ხორციელდებოდა სხვადასხვა მეთოდით.

 

აღნიშნულ პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ საქმიანობას საუკეთესოდ აღწერს ტერმინი „აქტიური ღონისძიებები“, რომელიც საბჭოთა კავშირში 1950-იან წლებში დამკვიდრდა და გულისხმობდა სამიზნე აუდიტორიის აღქმებზე შეტევასა და საკუთარი მიზნების მისაღწევად შესაბამისი საინფორმაციო გარემოს ჩამოყალიბებას.[8] ეს მეთოდი მოიცავდა გავლენის აგენტების მიერ ყალბი ინფორმაციის  გავრცელებას, მედიის მანიპულაციასა და ფარული რადიო არხების წარმოებას.[9] მეთოდებს შორის აგრეთვე აღსანიშნავია გაყალბებეული ოფიციალური დოკუმენტებისა და მიმოწერის გამოაშკარავება მსხვერპლის რეპუტაციის შელახვის მიზნით.[10] იმდროინდელი აქტიური ღონისძიებების ტაქტიკების უმეტესობა, ამჟამად, აღიარებულია, როგორც ჰიბრიდული ომისა და საფრთხის იარაღები.[11]

 

საბჭოთა კავშირი პროპაგანდის გავრცელების მეთოდად ფართოდ იყენებდა შავ პროპაგანდას. რუსეთში შავ პროპაგანდას ხანგრძლივი ისტორია აქვს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირამდე.  მე-19 საუკუნის ბოლოს რუსეთის მიერ პარიზში დაარსებულ საგარეო საქმეთა სააგენტოს, ძირითადად, პროპაგანდისტული ფუნქცია გააჩნდა. იგი აფინანსებდა არაერთ ევროპელ ჟურნალისტს, ცნობილ გაზეთებსა და ჟურნალებში საგარეო საქმეთა სააგენტოს მიერ ნაკარნახევ თემებზე სტატიების გამოსაქვეყნებლად. ეს თემები  მოიცავდა რუსეთის პოზიტიურად წარმოჩენას, მისი კრიტიკოსების დისკრედიტაციასა და დეზინფორმაციის გავრცელებას სხვადასხვა მიზნით.[12]

 

საბჭოთა კავშირში თითოეული სახელმწიფო ორგანო, საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად, მონაწილეობდა კოორდინირებულ კამპანიებში: „КГБ“ პასუხისმგებელი იყო „შავ პროპაგანდაზე“ - ჭორების გავრცელებასა და ყალბი ინფორმაციის შექმნაზე, საერთაშორისო საინფორმაციო დეპარტამენტი (Отдел Международной Информации ОМИ)უძღვებოდა „თეთრ პროპაგანდას“ - ამბების გადაცემას ოფიციალური მედია ორგანიზაციების საშუალებით, ხოლო საერთაშორისო დეპარტამენტს(“МеждународныйОтдел ЦК КПСС “) ჩაბარებული ჰქონდა „ნაცრისფერი პროპაგანდა“ - ამბების გავრცელება საერთაშორისო ფრონტის ორგანიზაციების მეშვეობით.[13]

 

საბჭოთა დეზინფორმაციის ერთ-ერთი თემა იყო მსოფლიო საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება. კერძოდ, ანტიდასავლური პროპაგანდა მიემართებოდა აშშ-სა და ნატო-ს პოლიტიკის წინააღმდეგ და მოიცავდა აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის დისკრედიტირებას, კონფლიქტის პროვოცირებასა და დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობის გაფუჭებას, აშშ-ის იმიჯის შელახვას განვითარებად სამყაროში, მის წინააღმდეგ ამხედრებას, უნდობლობის დანერგვასა და ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისთვის ხელის შეშლას.[14]

 

მედიის განვითარების ფონდის 2018 წლის კვლევის ანგარიში ცხადყოფს, თუ რამდენად მყარადაა  ფესვგადგმული თანამედროვე საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაწყებული და, ამჟამად, რუსული დეზინფორმაციით გაგრძელებული ნარატივები. კერძოდ, კვლევის თანახმად, იკვეთება, რომ ქვეყანაში ხდება საბჭოეთის იდეალიზება და საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის ერთადერთ შესაძლებლობად რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა სახელდება. აგრეთვე საყურადღებოა, რომ შეინიშნება დიქტატორების, მათ შორის სტალინის მოქმედებათა გამართლება და საბჭოთა სისტემის მიმართ ნოსტალგიის გაღვივება.[15]

 

 

საბჭოთა პროპაგანდის ტრანსფორმაცია 21-ე საუკუნის დასაწყისში

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საბჭოთა პროპაგანდამ ტრანსფორმაცია განიცადა რუსულ დეზინფორმაციამდე და საქართველო კვლავ რუსეთის საინფორმაციო ომის ერთ-ერთ სტრატეგიულ სამიზნე ობიექტად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად შეიცვალა მეთოდები, ძირითადი თემატიკა და მიზნები უცვლელია. განსაკუთრებით მწვავეა ეს პრობლემა ინტერნეტის მზარდი მოხმარების პირობებში, როდესაც აქტიურად გამოიყენება სოციალური ქსელები და მობილური აპლიკაციები. ასევე, განვითარდა ტექნოლოგიური ზეგავლენის ტექნიკები, მათ შორის ინფორმაციული ომი და კიბერთავდასხმა. ციფრულმა ტრანსფორმაციამ და სოციალური მედიის გამოჩენამ საქართველოში შესაძლებელი გახადა მცდარი ინფორმაციისა და ყალბი ამბების ვირუსული გავრცელება უმოკლეს დროში. ამასთან ერთად გაიზარდა ქართულ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების საშუალება, ნამდვილი ამბებისა და ცრუ ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევის სირთულით გამოწვეული დაბნეულობა და მოწყვლადობა.

 

21-ე საუკუნის საქართველოში რუსული დეზინფორმაციის პირველ და ნათელ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გამოყენებული კიბერშეტევა. საქართველოსთან ომს თან ახლდა უპრეცედენტო მედიაკამპანია რუსული ხელისუფლების როგორც დიპლომატიური, ასევე სამხედრო ძალისხმევის მხარდასაჭერად.[16] მედიაკამპანიის ფარგლებში გამოყენებულ ტექნიკებს შორის იყო რუსეთის მიერ მხარდაჭერილი საინფორმაციო ბლოკადა ქართულ სერვერებზე, „ქართული აგრესიით“ გამოწვეული ადამიანური მსხვერპლის რაოდენობით მანიპულირება, თვითმხილველთა მიკერძოებული შერჩევა, მოქალაქეების მოძებნა, ვინც გააკრიტიკებდა საქართველოს მთავრობას სატელევიზიო კამერების წინ, უარყოფდა რუსების მიერ ცხინვალის რეგიონისთვის მიყენებულ ზარალს და მათ უწოდებდა „მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტორებს“.[17] რუსეთის პროპაგანდის ძირითადი გზავნილები კი იმას შეეხებოდა, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველომ დაიწყო ომი ეთნიკური ოსების წინააღმდეგ და რუსეთი იძულებული გახდა, კონფლიქტში ჩარეულიყო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების დასაცავად.[18] შესაბამისად, ომის შემდგომ რუსული მედიის მთავარი ნარატივი საქართველოს შესახებ შემდეგნაირი იყო: საქართველო უნდა დარჩეს რუსეთთან გეოგრაფიული მდებარეობის, საერთო 200 წლიანი ისტორიისა და ქრისტიანული რელიგიის გამო, რუსეთი არასდროს დათმობს საქართველოს, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა მხოლოდ საქართველოს ნგრევას გამოიწვევს, დასავლეთი არ არის სანდო პარტნიორი და საქართველოს დასავლურ პერსპექტივებზე მხოლოდ ილუზიები გააჩნია.[19]

 

როგორც აღვნიშნე, დეზინფორმაციის უარყოფითი გავლენის ზუსტი გაზომვა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე საკმაოდ რთულია, თუმცა არსებული ისტორიული კონტექსტისა და გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვა ლოგიკურია. სწორედ ზემოთ მოყვანილი დეზინფორმაციისა და დაშინების კამპანიის შედეგად უნდა აღვიქვათ ის, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და მისი დაწყების საფუძვლები ქართული საზოგადოების ნაწილში ჯერ კიდევ გაურკვევლობის ბურუსითაა მოცული. ამას მოწმობს საქართველოში ჩატარებული არაერთი კვლევა საზოგადოებრივი აზრის შესახებ. 2009 წელს ომის შემდგომ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა 47% კვლავ ფიქრობდა, რომ საქართველოს ნებისმიერი საშუალებით უნდა შეენარჩუნებინა კარგი ურთიერთობა რუსეთთან.[20]

 

შემდგომმა გამოკითხვებმაც ნათლად აჩვენა აღნიშნული იდეის მხარდაჭერა ქართველების მიერ, რაც ნატო-ს წევრობის მომხრეთა მცირე, მაგრამ სტაბილურ კლებაში გამოიხატა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვებში, 2008 წლის იანვრის მონაცემებით, მოქალაქეთა 77% მხარს უჭერდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ეს რიცხვი 2011 წლისთვის შემცირდა 71%-მდე, 2015 წელს - 68%-მდე, ხოლო 2018 წელს კი 65%-მდე დაეცა.[21]

 

მაკკეინის ინსტიტუტის 2017-2019 წლებში ჩატარებულ კვლევაში მონაცემების ანალიზმა გამოავლინა, რომ კრემლის სტრატეგიული ნარატივები ძალიან ოსტატურად იყო გადმოტანილი ქართულ კონტექსტში და მიყვებოდა ქართულ და საერთაშორისო პოლიტიკას. მათ შორის არის სტრატეგიული ნარატივი, რომ რუსეთი არის გლობალური ძალა, რომელიც იცავს თავის ლეგიტიმურ ინტერესებს, ხოლო ქართულ კონტექსტში-საქართველოს არ უნდა დაეწყო სამხედრო პროვოკაცია 2008 წელს.[22]

 

ასევე, 2023 წელს CRRC-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 41%-ს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტი ურჩევნია, ვინაიდან თვლის, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ შემცირდა იმ საზოგადოების რიცხვი, რომელიც რუსეთს კვლავ საქართველოს პარტნიორად აღიქვამს. თუმცა, 2021 წელს გამოკითხულთა 20%, ხოლო 2023 წელს 14% მიიჩნევდა, რომ საერთო ღირებულებებისა და რელიგიის გამო, რუსეთი საქართველოსთვის უფრო ბუნებრივი მოკავშირეა, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი.[23] იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებამ 12 წლის წინ მომხდარი ომი საკუთარ თავზე გამოსცადა, აღნიშნული მაჩვენებლის არსებობა შესაძლოა, გავრცელებული დეზინფორმაციის ძლიერ გავლენად მივიჩნიოთ.

 

 

დეზინფორმაცია ციფრულ ეპოქაში

 

21-ე საუკუნის საქართველოში სოციალურ მედიაში აქტიურად გრძელდება საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობა და დეზინფორმაციის ძირითად თემებად აშშ-ისა და ნატო-ს, ასევე ევროკავშირისა და დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული ნარატივები იკვეთება. მაკკეინის ინსტიტუტის 2017-2019 წლების კვლევაშიც გამოკვეთილია   დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ექვსი ძირითადი თემა: ევროკავშირი, ნატო, აშშ, ექსტრემისტული ნაციონალისტები, ლგბტ თემა და არასამთავრობო ორგანიზაციები.[24]

 

მედიის განვითარების ფონდის 2017 წლის ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ანგარიშში გაანალიზებულია ქართული სოციალური მედია. აშშ-სთან მიმართებით დომინირებს მოსაზრება, რომ იგი ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს და ერევა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე, 2008 წელს რუსეთთან ომი სწორედ აშშ-ის წაქეზებით დაიწყო, თუმცა მას საქართველოს დაცვა არ შეუძლია.[25] კიდევ ერთი საკითხია სკეპტიციზმი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალურობასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება მოსაზრებაზე, რომ,  სანაცვლოდ, საქართველოს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა მოუწევს. შესაბამისად, წამოჭრილია ცრუ დილემა - ნატო ან ტერიტორიული მთლიანობა.[26] დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული ნარატივები აშშ-ს მსგავსად ძირითადად ეხება იმას, რომ დასავლური ქვეყნები ერევიან ქვეყნის სუვერენულ საქმიანობაში, არ არიან დაინტერესებული კონფლიქტების მოგვარებითა და რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებით.[27]

 

ორივე ზემოხსენებულ კვლევაში იკვეთება ევროსკეპტიციზმი, რომელიც,  ერთი მხრივ, გულისხმობს, რომ საქართველოს არ აქვს ევროპული პერსპექტივა, ხოლო, მეორე მხრივ, იმას, რომ ამ გაერთიანების დაშლა გარდაუვალია. გარდა ამისა, ხაზგასმულია, რომ ვიზალიბერალიზაცია გამოიწვევდა დემოგრაფიულ კრიზისს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებით. ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტრადიციულ ღირებულებებზე ხაზგასმას, ვინაიდან ქართულ ფასეულობებს არ შეეფერება ევროპული ცხოვრების წესი, ევროკავშირში ინტეგრაცია კი საფრთხეს წარმოადგენს ეროვნული იდენტობისთვის.

 

ნათელია, რომ ციფრულ ერაში საქართველოში იკვეთება ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის აღქმებით მანიპულირებას, საზოგადოების პოლარიზებას, რუსული პოლიტიკის მიმღებლობის ზრდასა და ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას. დეზინფორმაციის გასავრცელებლად მედიასაშუალებებთან ერთად აქტიურად გამოიყენება სოციალური ქსელები, ვებგვერდები, ინტერნეტ ტელევიზიები და ტელემაუწყებლობები.[28] ეს ყოველივე ხელსაყრელ გარემოს ქმნის ქვეყანაში რუსეთის ფედერაციისთვის საზოგადოებრივ განწყობაზე მანიპულირებისთვის, ხოლო საბოლოოდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეფერხებისთვის.

 

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო გამოიკვეთა დეზინფორმაციის საფრთხე საქართველოში, განსაკუთრებით, საქართველოს ევროპული მისწრაფების წინააღმდეგ.[29]დეზინფორმაციის ერთ-ერთი ტალღა ევროკავშირთან მიმართებით გავრცელდა.  კერძოდki, იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირს სურს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, საქართველო კი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ იღებს, რათა დაისაჯოსუკრაინის ომში ჩაურთველობის გამო.[30]

 

არაერთი აღნიშნული ნარატივი მხილებულია ევროკავშირის დეზინფორმაციის ბრძოლის მექანიზმის the East Stratcom Task Force-ის მონაცემთა ბაზაში (EuvsDisinfo). მაგალითად, ერთ-ერთ გავრცელებულ დეზინფორმაციას წარმოადგენს ის, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ შვედეთში გაერთიანებული საექსპედიციო ძალების სამიტზე ყოფნისას საქართველოს მოუწოდა, დაეწყო ომი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეჭრას გულისხმობდა. სინამდვილეში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამიტზე ისაუბრა ახალი უსაფრთხოების პერსპექტივების გაჩენაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში და საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობებზე. მან არათუ მოუწოდა საქართველოს ომის ახალი ფრონტის გასახსნელად, არამედ აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოება დამოკიდებულია უკრაინის წარმატებაზე რუსული აგრესიის წინააღმდეგ.[31] კიდევ ერთი მსგავსი პრორუსული დეზინფორმაციაა გავრცელებული იმის შესახებ, რომ დასავლეთი საქართველოს ახალი ფერადი რევოლუციისთვის ამზადებს და ევროპა საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას გამოიყენებს მისი ორგანიზების იარაღად.[32]

 

რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩართვის შესახებ კონსპირაციულ გზავნილებს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სარწმუნოდ მიიჩნევს.  CRRC საქართველოს მიერ 2023 წელს ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში დასმულ კითხვაზე, რამდენად ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან რესპონდენტები მოსაზრებას, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს ჩართვას ომში (უკრაინის პარალელურად/მხარდასაჭერად, პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში) 25% ეთანხმება, ხოლო 4% სრულად ეთანხმება, რაც გამოკითხულთა მესამედს წარმოადგენს.

 

ზემოხსენებული რუსული გზავნილები, საბჭოთა კავშირის  დეზინფორმაციული კამპანიების ანალოგიურია. იმდროინდელი აშშ-ისა და ნატო-ს მიმართ წაყენებული ბრალდებები სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით მსგავსია დღევანდელი ნარატივებისა იმავე აშშ-ის, ნატო-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ.[33] ნათელია, რომ ამ მეთოდს რუსეთი იმ ქვეყნების წინააღმდეგ იყენებს, რომლებსაც კვლავ საკუთარი გავლენის ქვეშ მოიაზრებს და არ უშვებს მათ გადახვევას საბჭოთა ისტორიული წარსულიდან - დასავლურ, დემოკრატიულ გზაზე.

 

 

დასკვნა

 

საქართველო რთული გეოპოლიტიკური და ისტორიული წარსულის ქვეყანაა. საბჭოთა კავშირის წევრობიდან დღემდე იგი ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი რუსული პროპაგანდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნეს წარმოადგენს. საბჭოთა პროპაგანდის განუყოფელი ნაწილი იყო დასავლეთის, როგორც ქაოსური და არასტაბილური სამყაროს წარმოჩენა, სადაც ცხოვრება გაცილებით მძიმე და რთული იყო საბჭოთა მოქალაქისთვის. ანტიდასავლური პროპაგანდა მიემართებოდა აშშ-სა და ნატო-ს წინააღმდეგ განწყობების გაღვივებას, იმიჯის შელახვასა და მათ მიმართ უნდობლობის დანერგვას. „აქტიური ღონისძიებების“, გავლენის აგენტების, ჯაშუშების, ყალბი ინფორმაციის გავრცელების, ოფიციალური დოკუმენტებისა და მიმოწერების გაყალბების გზით, საბჭოთა საზოგადოებრივი აზრი მნიშვნელოვნად ექცეოდა ცრუ და არასწორს საინფორმაციო ველში. საბჭოთა მემკვიდრეობა გაგრძელდა თანამედროვე საქართველოში და გაუმჯობესებული ციფრული მეთოდებით განსაკუთრებით გაიზარდა საზოგადოების მოწყვლადობა დეზინფორმაციის მიმართ. იგი მიზნად ისახავს ქვეყანაში შიშის დანერგვასა და ამის ნიადაგზე რუსეთთან კავშირის არჩევას დასავლეთის ნაცვლად. თანამედროვე ანტიდასავლური პროპაგანდა, ძირითადად, ეფუძნება ევროატლანტიკური კურსისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების (აშშ-ის, ევროკავშირის, ნატო-ს) წინააღმდეგ გავრცელებულ მცდარ მოსაზრებებს. დეზინფორმაციის აქცენტები კეთდება ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ქართული ფასეულობების დაკარგვაზე, ნატო-სთან ინტეგრაციის უარყოფით შედეგებზე - რაც გამოიწვევს ტერიტორიების დაკარგვასა და ტერიტორიული მთლიანობის საბოლოო რღვევას. ქართული საზოგადოების აზრსა და აღქმებზე გარკვეულწილად გავლენას ახდენს მძლავრი რუსული პროპაგანდის მექანიზმი, ვინაიდან ციფრულ სამყაროში სულ უფრო რთული ხდება ვირუსულად გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაციის ნამდვილისგან გარჩევა. საბოლოოდ კი, საფრთხე ექმნება ქვეყნის უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ განვითარებას.

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 
[1] Mahairas, A., & Dvilyanski, M. (2018). Disinformation – Дезинформация (Dezinformatsiya). The Cyber Defense Review, 3(3), 21–28. https://bit.ly/47pF6jx
[2] Colomina, C., Sanchez Margalef, H., Youngs, R. (2021). The Impact of Disinformation on Democratic Processes and Human Rights in the World. European Parliament, 3.  https://bit.ly/3vy7q5U
[3] Council of Europe (n.d.). Dealing with propaganda, misinformation and fake news. Www.coe.int. Retrieved January 7, 2024. https://bit.ly/47wnB10 
[4] National Endowment for Democracy (2017, October 17). Distinguishing Disinformation from Propaganda, Misinformation, and "Fake News". Ned.org. Retrieved January 7, 2024. https://bit.ly/3Sb0rss
[5] (2023). COUNCIL CONCLUSIONS ON ENLARGEMENT (p. 30). Council of the European Union. https://bit.ly/3HbmDwv  
[6]საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. (2019). დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში. https://bit.ly/3HazcYV
[7] DENNY, A. (1951). Soviet Propaganda. The Military Engineer, 43(294), 259–262. https://bit.ly/3Hb7V8M
[8] შუბითიძე, ე. (2021). საინფორმაციო ომის მეთოდების ტრანსფორმაცია თანამედროვე საკომუნიკაციო შესაძლებლობების განვითარების ფონზე. საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი. გვ. 7 https://bit.ly/3S6Xaur
[9] London School of Economics and Political Science. (2017). Soviet Subversion and Propaganda: How the West Fought Against It. https://bit.ly/41Mxq9Z
[10] შუბითიძე, ე. (2021). საინფორმაციო ომის მეთოდების ტრანსფორმაცია თანამედროვე საკომუნიკაციო შესაძლებლობების განვითარების ფონზე. საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი. გვ.16. https://bit.ly/3S6Xaur
[11]National Library of Medicine. (2023, July 27). Information Manipulation and Historical Revisionism: Russian Disinformation and Foreign Interference through Manipulated History-based Narratives. Retrieved January 7, 2024.
https://bit.ly/41QjrzV
[12] Rosin, Randolph, E. (2023). Propaganda on Steroids: A Case Study on How Communication Technology “Pumped-Up” Russian Black Propaganda. American University. p. 102 http://bit.ly/42E1PYA
[13]Committee on Foreign Relations United States Senate. (2018). Putin’s Asymmetric Assault on Democracy in Russia and Europe: Implications for U.S. National Security. P. 35 https://bit.ly/4aMJE6s
[14]ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. (2022). ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები. ნანახია 7 იანვარი, 2024.  http://bit.ly/47r5fhR
[15] მედიის განვითარების ფონდი. (2018). ანტიდასავლური პროპაგანდა. https://bit.ly/4aPeQBU
[16]Peter, D. (2021, August 7). The 2008 Russo-Georgian War: Putin’s Green Light. Atlantic Council.   https://bit.ly/3tGGJeZ
[17] Rogoza, J. (2008). Russian Propaganda War: Media as A Long- and Short-range Weapon. Centre for Eastern Studies, issue 9.  https://bit.ly/48pmiCf
[18] Moore, C. (2019). Russia and Disinformation: The Case of the Caucasus. Centre for Research and Evidence on Security Threats. p. 8. https://bit.ly/48tSXXp
[19] Sorokivska-Obikhod, A. (2022). Russian Information Campaign Against Georgia: After the War in August 2008: Goals, Narratives and Actors. European Journal of Transformation Studies. 10(1), 52-77. https://bit.ly/47q2OMK
[20] Esipova, N., & Ray, J. (2009). Georgian’s Attitudes Toward Russia Less Friendly Since War. Gallup.  https://bit.ly/3HclXH2
[21] National Democratic Institute. (2018). Public Attitudes in Georgia. https://bit.ly/3HdoL6Z
[22]McCain Institute. (2019). Tracking and Refuting Disinformation in Georgia.  https://bit.ly/48vhX0E
[23] CRRC საქართველო. (2023). საზოგადოებრივი აზრის კვლევა. https://bit.ly/4aQfSh6
[24] McCain Institute. (2019). Tracking and Refuting Disinformation in Georgia. P.14.  https://bit.ly/48vhX0E
[25] მედიის განვითარების ფონდი. (2018). ანტიდასავლური პროპაგანდა. გვ. 11.  https://bit.ly/4aPeQBU
[26] McCain Institute. (2019). Tracking and Refuting Disinformation in Georgia. P.14.  https://bit.ly/48vhX0E
[27] მედიის განვითარების ფონდი. (2018). ანტიდასავლური პროპაგანდა. გვ. 13 https://bit.ly/4aPeQBU
[28] ლეჟავა, ნ. (2022). დეზინფორმაციის გავრცელება და ანტიდასავლური პროპაგანდა, თანამედროვე გამოწვევები და სამართლებრივი რეგულაციები. საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი. გვ. 156 http://bit.ly/3HaFBDp 
[29] EUvsDisinfo. (2023). Georgia. Retrieved January 7, 2024. https://bit.ly/3TV7F5h
[30] ცეცხლაძე, ს. (2023). დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოში, სახელმწიფოს მიდგომა და ბრძოლის გზები. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. გვ.14  https://bit.ly/41MoHEF
[31] EUvsDisinfo. (2023). Disinfo: Zelenskyy Called on Georgia to Start a War Against Abkhazia and South Ossetia. Retrieved January 7, 2024.  https://bit.ly/48NRxa5
[32] EUvsDisinfo. (2023). Disinfo: the West is Preparing Georgia for a New Colour Revolution. Retrieved January 7, 2024.  https://bit.ly/48IkTGS
[33] ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. (2022). ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები. http://bit.ly/47r5fhR
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023