2015 წლის 16 აპრილს IDFI-იმ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიიღო ინფორმაცია 2013-2014 წლებში საქართველოში ჩატარებული აბორტების რაოდენობის შესახებ. განვლილ წლებში იმავე სამინისტროდან მიღებული ანალოგიური შინაარსის მაჩვენებლები საშუალებას გვაძლევს წარმოგიდგინოთ 2004-2014 წლებში საქართველოში ორსულობის შეწყვეტის ფაქტების ტენდენციები.
2013 წელს ჩვენს მიერ გამოქვეყნებულმა სტატიამ აბორტების სტატისტიკა საქართველოში 2004-2012 ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში 2012 წლამდე ყოველწლიურად შეინიშნებოდა აბორტების რაოდენობის მატების მზარდი ტენდენცია და 2012 წელს ოფიციალურად ორსულობის შეწყვეტის 39 225 ფაქტი დაფიქსირდა. როგორც მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა მომდევნო წლებში გარკვეულწილად აბორტების კლებადი ტენდენცია ფიქსირდება. 2013 წელს აღნიშნული 36 537 შემთხვევამდე შემცირდა, ხოლო 2014 წელს წინასწარი მონაცემებით 31 908 შემთხვევა არის დაფიქსირებული.
2004-2012 წლებში ყოველწიურად შეინიშნებოდა როგორც ხელოვნური ასევე თვითნებური (თავისთავადი) აბორტების შემთხვევების ზრდა. მისასლამებელია ის ფაქტი, რომ 2013 და 2014 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით ხელოვნური აბორტების შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 4000 შემთხვევით კლებულობს. რაც შეეხება თვითნებურ (თავისთავად) აბორტებს სამწუხაროდ ბოლო წლებშიც კვლავ მზარდი ტენდენცია შეინიშნება და 2014 წელს წინასწარი მონაცემებით ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ბევრი 5 895 შემთხვევა ფიქსირდება.
მნიშვნელოვანია მონაცემები, თუ როგორ გადანაწილდა აბორტები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. როგორც ირკვევა, ორსულობის შეწყვეტის შემთხვევები 15 წლამდე მოზარდების ასაკობრივ კატეგორიაში 2013 და 2014 წლებშიც არის დაფიქსირებული. 2013 წელს 15 წლამდე მოზარდებში აბორტის 32 შემთხვევა დაფიქსირდა (მათ შორის 8 ხელოვნური), ხოლო 2014 წელს წინასწარი მონაცემებით 17 შემთხვევა (მათ შორის 9 ხელოვნური).
განვლილი წლების მსგავსად 2014 წლის მონაცემებითაც აბორტების ყველაზე დიდი წილი 44% (სულ 13 961, მათ შორის ხელოვნური – 12 779) მოდის 20-29 წლამდე ასაკის ჯგუფზე.
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში შეინიშნება ხელოვნური აბორტების მაჩვენებლის კლებადი ტენდენცია, 2014 წელს წინასწარი მონაცემებით დაფიქსირებული ოფიციალური რაოდენობა - 26 013 (2014 წლის საბოოლოო მაჩვენებელი სავარაუდოდ გარკვეულწილად გაიზრდება) კვლავ თვალშისაცემია. მაგალითად, თუ შევადარებთ 2014 წელს ხელოვნურად ჩატარებული აბორტების ოფიციალურ მაჩვენებელს, იმავე წელს დაბადებულთა რაოდენობას (60 635) ვნახავთ, რომ დაახლოებით ყოველი მესამე ორსულობა ხელოვნური ჩარევით შეწყდა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენს მიერ ზემოთ წარმოდგენილი მონაცემები შეიცავს მხოლოდ ოფიციალურად რეგისტრირებულ მაჩვენებელს და სავარაუდოდ არარეგისტრირებული აბორტების გათვალისწინებით აღნიშნული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია .
ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემების გარდა IDFI დაინტერესდა 2013-2014 წლებში შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რამდენი შემთხვევა იქნა აღწერილი ექიმების მიერ არაკანონიერად ჩატარებული აბორტების შესახებ. აღნიშნულ მოთხოვნაზე სამინისტროსგან ინსტიტუტს ეცნობა, რომ ხსენებულ პერიოდში ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, სპეციალობაში „მეანობა გინეკოლოგია“ დაისვა 6 შემთხვევაში, რომელთაგან ყველაზე დიდ სანქციას წარმოადგენდა 6 თვის ვადით სერთიფიკატის შეჩერება. კონკრეტულად რა სახის გადაცდომებს ჰქონდა ადგილი აღნიშნული ექიმების მხრიდან ინსტიტუტისათვის უცნობია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც უკანონო აბორტების შესახებ კანონში დაწესებული სანქციები გამკაცრდა. უკანასკნელი ცვლილების მიხედვით უკანონო აბორტი დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 300 საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 1-დან 2 წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამოდ მოშლა, ან სხვა მძიმე შედეგი, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე. უკანონო აბორტი რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, დასჯადი გახდება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით 3 წლამდე.
იხილეთ სტატიის მედია გაშუქება