ვენეციის კომისიის ახალი დასკვნის მიმოხილვა: შეფასებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და ახალშექმნილი ორი უწყების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შესახებ

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | სტატია 21 დეკემბერი 2023

2023 წლის 18 დეკემბერს, ვენეციის კომისიამ მიიღო დასკვნა, რომლითაც აფასებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა (შემდგომში - სსს) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს. კერძოდ, 18 დეკემბრის დასკვნაში, ვენეციის კომისია განიხილავს და აფასებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე დაჩქარებულ კანონშემოქმედებით პროცესს, სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების თანამდებობებიდან გათავისუფლებას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების დამოუკიდებლობას და იმ უფლებამოსილებების ეფექტიანობას, რაც აუცილებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად. თითოეული ეს საკითხი არაერთი საკვანძო ელემენტისგან შედგება, რომლებიც დეტალურად არის მიმოხილული და შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ. 

 

ვენეციის კომისიამ საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა, მათ შორის, ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნით განსაზღვრული მე-4 პრიორიტეტული ამოცანის კონტექსტში.

 

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნის თანახმად, მე-4 პრიორიტეტული ამოცანის მოთხოვნა იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატებთან შესაბამისი რესურსებით აღჭურვა და მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ევროკომისიის დასკვნის ტექსტი ყურადღებას ამახვილებდა იმ კონტექსტზე, რაც წინ უძღოდა ამ ორი უწყების შექმნას. კერძოდ,  დასკვნაში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, პასუხისმგებელი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე  ცოტა ხნის წინ გაუქმდა. ახლად ჩამოყალიბებულმა ინსტიტუციებმა - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა - ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცონ თავიანთი ეფექტიანობა და დამოუკიდებლობა“.

 

აღნიშნული პრიორიტეტი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ევროკომისიამ 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშით საქართველოს მხრიდან შეუსრულებლად მიიჩნია. ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ კანონმდებლობა შეცვალოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. იგივე პირობას მოიცავს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ მოხსენებაში საქართველოს მიმართ განსაზღვრული ე. წ. ცხრა დათქმა. 

 

შესაბამისად, მათ შორის, 2023 წლის 08 ნოემბრის ანგარიშით გათვალისწინებული დათქმებისა და თანმდევი რეკომენდაციების აღსრულების თვალსაზრისით, ვენეციის კომისიის 2023 წლის 18 დეკემბრის დასკვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

 

მიმოხილვა მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ის ძირითადი გამოწვევები და რეკომენდაციები, რომლებიც ასახულია ვენეციის კომისიის დასკვნაში სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ არსებულ კანონმდებლობასთან მიმართებით, მათ შორის, იმ წინარე მოვლენების გათვალისწინებით,  რომელთა საფუძველზეც  გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და შეიქმნა ორი ახალი უწყება.

 

ძირითადი მიგნებები

 

- სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, აგრეთვე მათი ინსტიტუციური გაძლიერება ევროკავშირის ე.წ. ცხრა დათქმის ნაწილია. ამ პროცესში, ევროკომისიის მოთხოვნაა, რომ საქართველომ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები;

 

 

- ვენეციის კომისია კრიტიკულად აფასებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესი წარიმართა დაუსაბუთებლად დაჩქარებულ რეჟიმში, სათანადო განხილვისა და ჩართულობის გარეშე და ვერ აკმაყოფილებდა კანონშემოქმედებისა და კანონის უზენაესობის სტანდარტებს;

 

 

- ვენეციის კომისიის მოსაზრებით, პროკურატურას საქართველოში გააჩნია ზედმეტად ფართო უფლებამოსილებები, რასაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას. კომისიის რეკომენდაციაა, მიენიჭოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საპროკურორო უფლებამოსილებები;

 

 

- ვენეციის კომისია უარყოფითად აფასებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობიდან შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და გენერალური პროკურორის, აგრეთვე პროკურორების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამორიცხვას; 

 

 

- ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენცია გავრცელდეს ყველა დანაშაულზე, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას და ჩადენილია სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების (მათ შორის, მაღალი რანგის თანამდებობის პირების) მიერ;

 

 

- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობით, სამსახურს არ აქვს შესაბამისი კომპეტენცია და რესურსები ეფექტიანი  ზედამხედველობა გაუწიოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას;

 

 

- ვენეციის კომისიას სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიაჩნია უფრო შესაბამის ორგანოდ გამოძიების ეტაპზე სამართალდამცავი უწყებების მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კანონიერების კონტროლისთვის,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან მჭიდროდ თანამშრომლობის დათქმით.

 

შეჯამება

 

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ვენეციის კომისია კრიტიკულად აფასებს 2021 წლის ბოლოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესი წარიმართა დაუსაბუთებლად დაჩქარებულ რეჟიმში, სათანადო განხილვისა და ჩართულობის გარეშე და ვერ აკმაყოფილებს კანონშემოქმედებისა და კანონის უზენაესობის სტანდარტებს. ამის გათვალისწინებით, ახლადშექმნილი ორი სამსახურის მიმართ თავისთავად არსებობდა კითხვის ნიშნები მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა გაწეულიყო მათი ინსტიტუციური გაძლიერებისა და დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნისთვის.

 

ეს პირობა ჩაიდო ჯერ ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისით განსაზღვრულ 12 პრიორიტეტულ ამოცანაში, ხოლო შემდგომ, 2023 წლის 8 ნოემბრის გაფართოების პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებულ 9 დათქმაში. ვენეციის კომისიის დასკვნა ამ თვალსაზრისით ასრულებს მნიშვნელოვან როლს, ვინაიდან მისი შეფასებების გათვალისწინება არის ევროკავშირის დათქმების შესრულების პროცესის ნაწილი.

 

ვენეციის კომისიამ გასცა რეკომენდაციები სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის როგორც ინსტიტუციური, ასევე ფუნქციური გაძლიერების მიმართულებით. 

 

უპირველესად, კომისიის რეკომენდაციაა, რომ კანონით განისაზღვროს სამსახურ(ებ)ის უფროს(ებ)ის შერჩევის საკონკურსო კომისიის საქმიანობა, დანიშვნა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობისა და წარმომადგენლობის პრინციპებს, უზრუნველყოფილი იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინკლუზიურობა, მათ შორის, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიიღებოდეს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო გენერალური პროკურატურა არ იღებდეს მონაწილეობას სსს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შერჩევის პროცესში.

 

დამატებით, სამსახურ(ებ)ის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, კომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს ხელშეუხებლობის გარანტიების გავრცელებას არა მხოლოდ სამსახურ(ებ)ის უფროსზე, არამედ მოადგილეებსა და ძირითად თანამშრომლებზეც.

 

რაც შეეხება ფუნქციურ გაძლიერებას, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მიმართებით, ვენეციის კომისია ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად მიიჩნევს პროკურატურის ზედმეტად ფართო უფლებამოსილებას სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობისას. კომისიის მოსაზრებით, პროკურატურის ამ ძლიერ მაკონტროლებელ ბერკეტებს შეუძლია არსებითად დააზიანოს სამსახურის დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა. ამგვარ პირობებში, ვენეციის კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს სამსახურისთვის საპროკურორო უფლებამოსილებების მინიჭებას. გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციაა, რომ სსს-ს საგამოძიებო ქვემდებარეობა გავრცელდეს სამართალდამცავი უწყების ყველა წარმომადგენელზე, მათ შორის, და განსაკუთრებით, მაღალი თანამდებობის პირებზე (შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი) და ყველა პროკურორზე.

 

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან მიმართებით გაკეთებულ შეფასებებს, კომისია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტროლის სფეროში დამოუკიდებელი უწყების როლზე. კომისიის შეფასებით, დღეს არსებული სასამართლო და გარე კონტროლის მექანიზმები არაეფექტიანია. მეტიც, კომისია მიიჩნევს, რომ არსებული მდგომარეობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს არ აქვს შესაბამისი კომპეტენცია და რესურსები ეფექტიანი  ზედამხედველობა გაუწიოს ფარული საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელებას. ამგვარ პირობებში, კომისიას სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიაჩნია უფრო შესაბამის ორგანოდ, რომელიც გააკონტროლებს გამოძიების ეტაპზე სამართალდამცავი უწყებების მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კანონიერებას და ამ პროცესში, იგი მჭიდროდ ითანამშრომლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან.

 

 

/public/upload/Analysis/Commis PDF.pdf 

 

 

 

 

 

 

                       

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისთანამშრომლობის სააგენტოს, Sida- მიერშინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მისშემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023