საჯარო დაწესებულებების 2021 წლის 10 დეკემბრის ანგარიშების სიზუსტის მონიტორინგის შედეგები

სიახლეები | კვლევები | ღია მმართველობა | ანალიზი 28 სექტემბერი 2022

2021 წლის 29 ივნისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პარლამენტის  ვებგვერდზე გამოაქვეყნა „10 დეკემბრის ანგარიშების“ განხილვის დაწყების შესახებ ინფორმაცია.  ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო გადაემოწმებინა საჯარო დაწესებულებების ანგარიშებში მითითებული ინფორმაციის სისწორე, და ხარვეზის და/ან არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, რეაგირებისთვის მიემართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთვის.

 

კომიტეტისთვის, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, IDFI-მ   2021 წელს შეისწავლა საჯარო დაწესებულებების მიერ 2020 წელს წარდგენილი 10 დეკემბრის ანგარიშები.  აღნიშნულ კვლევაში IDFI-მ მიმოიხილა საჯარო დაწესებულებების 2020 წლის 10 დეკემბრის ანგარიშებში ასახული ინფორმაციის შესაბამისობა, IDFI-ს მიერ ამ პერიოდში გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე მიღებული პასუხების პრაქტიკასთან.  კვლევის შედეგად მნიშნელოვანი მიგნებები გამოიკვეთა, რომელიც დოკუმენტის სახით გაეგზავნა პარლამენტის თემატური მოკვლევის  ჯგუფს.

 

პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა IDFI-ის მიერ გაგზავნილი კვლევის თითოეული მიგნების და რეკომენდაციის განხილვას. დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ IDFI-ის მიერ 60 დაწესებულების მაგალითზე გამოვლენილი ნაკლოვანებები საკმარისი საფუძველი იყო, საიმისოდ რომ დასკვნები განზოგადებულიყო  და იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებზე წარმართულიყო საუბარი, რომელსაც ესაჭიროებოდა გარკვეული შეფასება და მუშაობა მათ პრევენციაზე და აღმოფხვრაზე.  დასკვნაში ასევე აღნიშნული იყო, რომ თემატური ჯგუფის მიერ დეტალურად შესწავლილი იქნა IDFI-ს კვლევაში მოყვანილი საკითხები, რომელთაგან დიდი ნაწილი დაემთხვა იმ ნაკლოვანებებს, რომელთა იდენტიფიცირებაც გახდა მიზეზიც და საფუძველიც საკუთრივ თემატური მოკვლევის დაწყებისთვის. ასევე, თემატური მოკვლევის ფარგლებში წარმოდგენილი იყო შემაჯამებელი რეკომენდაციები რომელიც ითვალისწინებდა როგორც შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე კონკრეტული საჯარო დაწესებულებების მიერ ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას. თემატური ჯგუფის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში იყო გათვალისწინებული IDFI-ს რეკომენდაციებიც. 

 

სამწუხაროდ, პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების აღსრულების კუთხით, ამ დრომდე  მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა.  ამასთან, თემატური მოკვლევის ჯგუფის საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდა 2022 წელს, შესაბამისად  ის გავლენას ვერ მოახდენდა  2021 წლის 10 დეკემბრის ანგარიშების წარდგენის პროცესზე, რასაც წინა წლების მსგავსად კვლავ ფორმალური ხასიათი ქონდა.  

 

საჯარო დაწესებულებების მიერ 10 დეკემბრის ანგარიშების წარდგენაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობის ზრდის  და თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეკომნედაციების აღსრულების აუცილებლობის  თვალნათლივ წარმოსაჩენად, IDFI-მ  2020 წლის მსგავსად, კვლავ განახორციელა  საჯარო დაწესებულებების 2021 წლის  ე.წ 10 დეკემბრის ანგარიშების მონიტორინგი. კერძოდ,  წინამდებარე დოკუმენტში მიმოხილულია  საჯარო დაწესებულებების 2021 წლის 10 დეკემბრის ანგარიშებში ასახული ინფორმაციის შესაბამისობა, IDFI-ს მიერ ამ პერიოდში გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე მიღებული პასუხების პრაქტიკასთან.  საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების პრაქტიკის ანალიზი ეფუძნება  IDFI-ს 2021 წლის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიშში ასახულ ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა 2022 წლის მაისის თვეში.   

 

კვლევის ობიექტ საჯარო დაწესებულებებად შეირჩა ისეთი უწყებები, რომლებიც IDFI-ს შეფასებით  2021 წელს გამოირჩეოდნენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დაბალი მაჩვენებლებით. კერძოდ, კვლევა განხორციელდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2021 წლის IDFI-ს რეიტინგის მიხედვით, 50%-ზე დაბალი შეფასების მქონე 52 საჯარო დაწესებულების მაგალითზე. 

 

10 დეკემბრის ანგარიშების სიზუსტის კონტროლს კვლავ ართულებდა, ანგარიშში ინფორმაციის ასახვის სპეციფიკა. მაგალითად,  სტატისტიკური ინფორმაცია აერთიანებს საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შესული წერილების ან/და საჩივრების შესახებ ჯამურ მონაცემებს, საიდანაც (განსაკუთრებით ბევრი წერილების მქონე უწყებებში)  ვერ ხერხდება, კონკრეტული წერილის მიმართებით უწყების მიერ მინიჭებული სტატუსის გამორკვევა.  ამასთან,  საჯარო დაწესებულები სტატისტიკის წარმოებისას ნაკლებად ახდენენ მიღებული განცხადებებისა და მათზე გაცემული პასუხების შინაარსობრივ შეფასებას. მაგალითად, თუ უწყებაში შევიდა 1 წერილი რომლითაც მოთხოვნილია, პირობითად 10 განსხვავებული შინაარსის ინფორმაცია, სტატისტიკაში ეს ათი მოთხოვნა  აისახება როგორც 1 მოთხოვნა.  ხოლო აღნიშნულ წერილის პასუხად, 10 შინაარსის სხვადასხვა მოთხოვნიდან 9-ის უპასუხოდ დატოვების შემთხვევაშიც, სტატისტიკაში აისახება როგორც დაკმაყოფილებული წერილი, საუკეთესო შემთხვევაში ნაწილობრივ დაკმაყოფილებული. 

 

მიუხედავად მონიტორინგთან დაკავშირებით არსებული სირთულეებისა,  IDFI-ს 2021 წლის პრაქტიკის და საჯარო დაწესებულებების 10 დეკემბრის ანგარიშებში ასახული ინფორმაციის ლოგიკური კონტროლით, კვლავ შესაძლებელი გახდა მთელი რიგი შეუსაბამობების იდენტიფიცირება. 

 

ძირითადი მიგნებები

 

- კვლევის ობიექტი 52 საჯარო დაწესებულებიდან, 22-ის (მათ შორის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო) 2021 წლის ე.წ. 10 დეკემბრის ანგარიში საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი;

 

- 10 საჯარო დაწესებულებას, რომლებსაც 2021 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით  IDFI-ს მინიმუმ ერთ წერილზე ქონდა ერთ თვეზე მეტი ვადაგადაცილება (მათგან 9-უწყებას პასუხი IDFI-სთვის დღემდე არ მოუწოდებია),  10 დეკემბრის ანგარიშში მითითებული აქვს რომ ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

 

- 7 საჯარო დაწესებულებას, რომლებსაც 2020 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით  IDFI-ს მინიმუმ ერთ წერილზე ქონდა ერთ თვეზე მეტი ვადაგადაცილება (მათგან 5-უწყებას პასუხი დღემდე არ მოუწოდებია),  ანგარიშში ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე მინიჭებული აქვს დაკმაყოფილებული ან მიმდინარე სტატუსი;

 

- 10 დეკემბრის ანგარიშებში ასახული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით,  52 სახელმწიფო უწყებიდან საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილება  მიღებული აქვს მხოლოდ 10  საჯარო დაწესებულებას;

 

- ანგარიშში მხოლოდ 5 საჯარო დაწესებულებას აქვს ასახული  საჯარო მონაცემთა ბაზების და პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

 

- პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ, 10 დეკემბრის ანგარიშების წარდგენაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით  წარმოდგენილი რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით, ამ დრომდე  მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა.

 

დასკვნა

 

კვლევის ობიექტი 52 უწყების 2021 წლის  ე.წ  10 დეკემბრის ანგარიშების  მონიტორინგმა აჩვენა რომ, წინა წლების მსგავსად, კვლავ ხშირია შემთხვევები როდესაც საჯარო დაწესებულებები ანგარიშებში ასახავენ კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო მონაცემებს.  მაგალითად,  საანგარიშო პერიოდში IDFI-ს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების უპასუხოდ დატოვების მიუხედავად, 10 დეკემბრის ანგარიშებში ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების ასახვა, ასევე, თვეობით ვადაგადაცილებულ წერილებზე მინიჭებული მიმდინარე სტატუსები, საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის არაკეთილსინდისიერ და მანიპულაციურ აღრიცხვაზე მიუთითებს. 

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინამდებარე ანგარიშში განხილული შეუსაბამობები, იდენტიფიცირებულია მხოლოდ IDFI-ს მოთხოვნებზე მიღებული პასუხების და 10 დეკემბრის ანგარიშებში  ასახული მონაცემების ლოგიკური შედარებით.  შესაბამისად,  შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ანგარიშების სრულყოფილი  შესწავლის შემთხვევაში  არსებული უზუსტობების და შეუსაბამობების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზრდება.    

 

განსაკუთრებით საყურადღებოა, მთელი რიგი საჯარო დაწესებულებების 10 დეკემბრის ანგარიშების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მონიტორინგის სრულფასოვან პროცესს. 

 

2021 წლის 10 დეკემბრის ანგარიშების მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი უზუსტობები, იმეორებს წინა წლებში არსებულ პრაქტიკას. შესაბამისად, 10 დეკემბრის ანგარიშების მონიტორინგის ეფექტიანობის და ანგარიშვალდებულების ამ პროცესისსანდოობისთვის,  მნიშვნელოვანია IDFI-ს მიერ წინა წლებში შემუშავებული რეკომენდაციების შესრულება, რომელთა მნიშვენლოვანი ნაწილი გათვალისწინებულია  საქართველოს პარლამენტის თემატური ჯგუფის მიერ წარმოდგენილ დასკვნაშიც. 

 

IDFI კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების აღსრულებისთვის. 

 

/public/upload/00_studies/N464563435_GEO.pdf 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მა კვლევის „რუსული კაპიტალი საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა

28.11.2022

რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში

28.11.2022

DRIVE-ის საპროექტო წინადადებების პრეზენტაცია საქართველოში ციფრულ გამოწვევებზე საპასუხოდ

28.11.2022

IDFI-ს პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ღია ლექცია ჩაატარა

24.11.2022
განცხადებები

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ჯერ არ შეუერთდა ანტიკორუფციული გარემოს შესახებ OECD-ის შეფასების პროცესს

21.11.2022

IDFI შემოსავლების სამსახურის განცხადებას პასუხობს

11.11.2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს პრეზიდენტს შეიწყალოს ნიკა გვარამია

03.11.2022

ნიკა გვარამიას შეწყალების ყველა კონსტიტუციური წინაპირობა არსებობს

03.11.2022
ბლოგპოსტები

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022

ქართული პრესისა და ბეჭდვითი მედიის ცენზურის ისტორია

03.05.2022