ახალი პარლამენტის მშენებლობის ხარჯები და დაფინანსების სქემა

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 10 დეკემბერი 2012

ავტორები: ლევან ავალიშვილი, გოგა თუშურაშვილი

 

2009 წელს ქალაქ ქუთაისში “დიდების მემორიალის” ადგილას დაწყებული საქართველოს პარლამენტის მშენებლობაზე გაწეული ხარჯები წლების მანძილზე იყო ბურუსით მოცული საზოგადოებისთვის. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად  ვერ ხერხდებოდა საჯარო დაწესებულებებისგან პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მოძიება. პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ ინსტიტუტმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან და შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროდან“  მიიღო საქართველოს პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებული გარკვეული სახის ფინანსური დოკუმენტაცია. ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების ანალიზს.

2009 – 2010 წლებში საქართველოს პარლამენტის მშენებლობის “დამკვეთად” განსაზღვრული იყო ქ. ქუთაისის მერია.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული  მთავრობის განკარგულებების  და თანხების გადარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითრების ქსეროასლებიდან შეგვიძლია გამოვარკვიოთ თუ რა ოდენობის ტრანსფერები  იქნა განხორციელებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ქუთაისის  მერიისთვის 2009-2010 წლებში. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N915 განკარგულებით ქ. ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის დაპროექტების, სამშენებლო მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის და გეოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად ქ. ქუთაისის მერიას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყო 5 000 000 ლარი, რაც ამავე წლის 11 დეკემბერს ერთიანად  გადაერიცხა ქუთაისის ადგილობრივი თვითმართველობის ფინანსურ სამსახურს.  სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში შესრულების უზრუნველსაყოფად  სახელმწიფო შესყიდვები უნდა განხორციელებულიყო ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2010 წელს პარლამენტის შენობის  დაპროექტების, მშენებლობის ექსპერტიზისა და სხვა გადაუდებელი სამუშაოების დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობის 14 დეკემბრის N1618 განკარგულებით ქ. ქუთაისის მერიას გამოეყო 42 000 000 ლარი. თანხის გადარიცხვა მიმდინარეობდა ეტაპობრივად. იმავე მიზნობრიობით საქართველოს მთავრობის 10 აგვისტოს N1047 განკარგულები  ქუთაისის მერიას გამოეყო 26 775 300, რაც ერთიანად გადაერიცხა ადგილობრივი თვითმართველობის ფინანსურ სამსახურს.

meriistvis tanxa

ჩვენს მიერ ზევით წარმოდგენილი იყო 2009-2010 წლებში ფინანასთა სამინისტროს მიერ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან პარლამენტის მშენებლობასთან  დაკავშირებით ქუთაისის მერიისთვის გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია. 2011 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებით,  საქართველოს პარლამენტის მშენებლობის დამკვეთად განისაზღვრა სახელმწიფო 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“. საქართველოს პარლამენტის მშენებლობის უფლებამოსილების კერძო კომპანიისთვის გადაცემამ კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახადა მშენებლობასთან დაკავშირებული თანხების ათვისების პროცესი.

როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა 2011 – 2012 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსთვის“ თანხების გამოყოფას დაეთმო საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის N2296 და 2012 წლის 2 თებერვლის N218 განკარგულებები. პირველ შემთხვევაში პარლამენტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის დაფინანსების მიზნით შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ გადაერიცხა 60 000 000 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში იგივე მიზნობრიობით – 10 600 000 ლარი.

shps saxelmwifo momsaxureba

როგორც  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გაირკვა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს პარლამენტის მშენებლობაზე დახარჯული თანხა 2009-2012 წლებში შეადგენს სულ 144 375 300 ლარს, თუმცა რეალურად საქართველოს პარლამენტის მშენებლობაზე გაწეული ხარჯები გაცილებით მეტია ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი მშენებლობისთვის გადარიცხული თანხა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს მიმართა 2011 და 2012 წელს შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ საქართველოს პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებით განხორციელებული შესყიდვების შესახებ მათთვის მოწოდებული ანგარიშების მოთხოვნით. სამინისტრომ აღნიშნული მოთხოვნა გადაამისამართა შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროში“, რომლის ხელმძღვანელობამაც ინსტიტუტს მიაწოდა, ხსენებულ დროის მონაკვეთში, მათ მიერ პარლამენტის მშენებლობასთან და სხვა პროექტებთან დაკავშირებით განხორციელებული შესყიდვების ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვა.

გთავაზობთ შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას

parlamentze xarjebi

როგორც შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა პარლამენტის შენობის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებისთვის მათ მიერ მხოლოდ შპს „მენო ინტერნეიშნლ“-სთვის გადარიცხული თანხა შეადგენს 216 470 114,58  ლარს, რაც სამჯერ აღემატება ფინანსთა სამინისტროს მიერ 2011-2012 წლებში  შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსთვის“  გადარიცხული თანხას.  გაურკვეველი რჩებოდა, თუ როგორ ახერხებდა შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“ თავისი კაპიტალის ზრდას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათთვის თანხის გადარიცხვის გარეშე. გაირკვა, რომ შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“ საქართველოს პარლამენტის მშენებლობას ახორციელებდა საკუთარი კაპიტალით. ხოლო, კაპიტალის ზრდა ხდებოდა ბიუროსთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბალანსზე არსებული სახელმწიფო ქონების გადაცემის და შემდგომ მისი გასხვისების ხარჯზე.

საილუსტრაციოდ იმისა, თუ, სავარაუდოდ, რა ფორმით ხდებოდა შპს “სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ საკუთარი კაპიტალის ზრდა, შემოგთავაზებთ საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე მოძიებულ 2012 წლის 25 სექტემბრის დოკუმენტაციას, სადაც სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ზრდის შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ კაპიტალს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების წილებით, ხოლო, შემდგომში, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“ ახდენს აღნიშნული წილების გაყიდვას.

reestri

როგორც წარმოდგენილი ილუსტრაციიდან ჩანს, ამ პერიოდისათვის შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ კაპიტალი უკვე შეადგენს 190 370 654 ლარს.  ჩვენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მივიღეთ სრული ინფორმაცია თუ რა სახის სახელმწიფო ქონების გაყიდვით მოხდა საქართველოს პარლამენტის მშენებლობისთვის აუცილებელი თანხების მობილიზება. გთავაზობთ სახელმწიფო ქონების და აქტივების ჩამონათვალს (ყველაზე დიდი ოდენობის თანხები), რომლის გაყიდვითაც, მოხდა საქართველოს პარლამენტის მშენებლობის უდიდესი ნაწილის დაფინანსება:

shesyidvebi

როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, პარლამენტის მშენებლობისთვის აუცილებელი თანხების მოზიდვისას ყველაზე მსხვილი თანხა მობილიზებული იქნა  სააქციო საზოგადოება “ხრამჰესის” აქციების 100% გაყიდვით 99 774 000 ლარად გაყიდვით. აღსანიშნავია, რომ “ხრამჰესი” შეიძინა კომპანია GARDABANI HOLDINGS B.V. რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის რუსეთის მსხვილ სახელმწიფო ჰოლდინგს ЗАО “ИНТЕР РАО ЕЭС”.

hes rasiaმთლიანობაში შპს “სახელმწიფო მომსახურების ბიუროს” შემოსავლები 2011-2012 წლებში შემდეგნაირად გამოიყურება:

biuros Shemosavlebi

ზემოთ წარმოდგენილ ანალიზში გამოიკვეთა საქართველოს პარლამენტის მშენებლობის დაფინანსების ორი წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“-თვის გაყიდვის უფლებით გადაცემული სახელმწიფო ქონებიდან მიღებული შემოსავალი.  ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციით, სავარაუდოდ, 2009-2012 წლებში პარლამენტის მშენებლობისთვის  გამოიყო 326 243 038 ლარი, საიდანაც 144 375 300 ლარის გადარიცხვა მოხდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ხოლო დანარჩენი თანხა, 181 867 738 ლარი შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“  მიერ მობილიზებულია სახელმწიფო ქონების გაყიდვის ან სხვა კომერციული საქმიანობის ხარჯზე.

chart2

დეტალურად წლების მიხედვით პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებული თანხების მოძრაობა წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ სქემაზე.

sqema saboloo

ჩვენს მიერ წარმოდგენილი საქართველოს ახალი პარლამენტის მშენებლობისთვის  გამოყოფილი თანხების მოძრაობის სავარაუდო სქემის გარდა, ასევე, საინტერესო ფაქტს წარმოადგენს თუ რომელი კომპანიები მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის მშენებლობაში. როგორც შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“-გან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა,   ყველაზე დიდი თანხა პარლამენტის მშენებლობისთვის გადარიცხული არის შპს „მენო ინტერნეიშენალისთვის“. ხსენებული კომპანიის 33 % -იანი წილის მფლობელი კი გახლავთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი.

reestri 2

რიგით მეორე ყველაზე დიდი ტრანსფერი (34 797 370,52 ლარი) პარლამენტის მშენებლობისთვის განხორციელდა შპს „კავკასუს როუდ პროჯექტისთვის“. ხსენებულ კომპანიას უკავშირდება ასევე ქ. ქუთაისში მთავრობის სახლის მშენებლობა, რისთვისაც მას შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ გადაურიცხა  20 951 734,12 ლარი. ამავე დროს, შპს „კავკასუს როუდ პროჯექტის“ 100% წილის მფლობელი არის დასაქმების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ტრაპაიძე.

paata trapaiZe

ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ირკვევა რომ, საქართველოს პარლამენტის მშენებლობის პროცესში მონაწილეობდნენ მაღალი თანამდებობის პირების მიერ კონტროლირებადი კერძო კომპანიები. ამავე დროს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ აღნიშნული კომპანიების საქმიანობის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანმა და პაატა ტრაპაიძემ საკმაოდ დიდი შემოსავალიც მიიღეს. კერძოდ, მხოლოდ 2011 წელს (საქართველოს მთავრობის N460 განკარგულებით შპს “სახელმწიფო მომსახურების ბიურო” პარლამენტის მშენებლობის დამკვეთად 2011 წლის 22 თებერვლიდან განისაზღვრა) შპს „მენო ინტერნეიშენალის“ სამეწარმეო საქმიანობიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა შემოსავლის სახით მიიღო 917 623 ლარი:

chiqovani

დროის იმავე პერიოდში, ანუ 2011 წელს,  შპს „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მეწილემ და შემდგომში დასაქმების მინისტრმა პაატა ტრაპაიძემ, ფირმის სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავლის სახით მიიღო 1 048 075 ლარი, ხოლო როგორც გენერალურმა დირექტორმა ანაზღაურების სახით მიიღო 84 874 ლარი.

trapaiZe

როგორც ჩანს, ის კერძო კომპანიები, რომლებიც ახორციელებდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ახალი შენობების მშენებლობას საკმაოდ მსხვილ ფინანსურ მოგებას იღებდნენ სამეწარმეო საქმიანობიდან, რაც  საფუძვლიან ეჭვს ბადებს იმისა, თუ რამდენად მიზანმიმართულად მიმდინარეობდა საბიუჯეტო სახსრების განკარგვა, რადგან დაფინანსების და მშენებლობის ასეთი სქემა ზრდის კორუფციული გარიგებების ალბათობას. სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის დამკვეთად კერძო კომპანიის განსაზღვრამ, კიდევ უფრო გაუმჭვირვალე და ხელმიუწვდომელი გახადა მასთან დაკავშირებულიფინანსური ინფორმაცია. ამავე დროს, აღნიშნული მიდგომა არღვევს საბაზრო ეკონომიკის ელემენტარულ წესებს და საზოგადოებაში აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად და რეალური კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა სახელმწიფო შესყიდვები და სახელმწიფო მნიშვნელობის სამშენებლო პროექტები.

დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ სტატიაში წარმოდგენილი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შპს „სახელმწიფო მომსახურების“ ბიუროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტის მშენებლობაზე დახარჯული თანხების მოძრაობის ანალიზი – მთლიანობაში ქალაქ ქუთაისში პარლამენტისა და მთავრობის სახლის მშენებლობისთვის გადარიცხულია 347 194 772 ლარი. ჩვენი აზრით, პარლამენტის შენობის დამკვეთები ვალდებულნი არიან პასუხი გასცენ საზოგადოებას პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებით დაგროვებულ შეკითხვებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024