რუსული კანონის რეპრესიული ეფექტები

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ანალიზი 20 მაისი 2024

ამ დოკუმენტის მიზანია, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რუსული კანონით გათვალისწინებული რამდენიმე რეპრესიული მექანიზმის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.  ამ დოკუმენტში წარმოდგენილი გარემოებები არ არის ამომწურავი ან/და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევების სრული ჩამონათვალი. 

 

1. ვისზე შეიძლება გავრცელდეს რუსული კანონის სხვადასხვა მოთხოვნა და ვალდებულება? 

 

კანონის უპირველესი სამიზნეა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირები ა(ა)იპ-ები და (ინტერნეტ) მედია ორგანიზაციები. მიუხედავად, ამისა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და რეპრესიული ღონისძიებები შეიძლება გავრცელდეს სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე (კომპანიები/დაწესებულებები); (მაგ. იხ. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი). მარტივად, კანონის რეგულირების სხვადასხვა ასპექტი ვრცელდება მთელ საზოგადოებაზე. 

 

2. როდიდან წარმოიშობა კანონით გათვალისწინებული რეპრესიული ღონისძიებების გატარების სამართლებრივი შესაძლებლობა? 

 

კანონის მე-10 მუხლი ადგენს გარდამავალ დებულებებს, რომელიც უკუძალით ავრცელებს რეგისტრაციის ვალდებულებას და არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციისგან მოითხოვს კანონის სრული ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას. ამ სამი თვიდან 2 თვე მიეცემა იუსტიციის სამინისტროს, რათა განახორციელოს მატერიალური, ტექნიკური და სამართლებრივი სამუშაოები, მათ შორის, შექმნას პორტალი, სადაც განთავსდება ინფორმაცია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად მიჩნეულ პირებზე, ხოლო 1 თვე აქვთ შესაბამის ორგანიზაციებს განაცხადის წარსადგენად. 

 

კანონის ამოქმედებიდან 3 თვის თავზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექნება რეპრესიული ღონისძიების ამოქმედების სრული მატერიალური და ფორმალური სამართლებრივი შესაძლებლობა.  

 

3. რა მოეთხოვებათ სამიზნე ორგანიზაციებს კანონის ამოქმედების შემდგომ? 

 

სამიზნე ორგანიზაციებს წარმოეშვებათ  უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენისა და განაცხადის, რომელიც იმავდროულად საფინანსო დეკლარაციაა, წარდგენის ვალდებულება. 

 

3.1. განცხადების წარდგენის ვალდებულება 

 

მაისის ბოლოს კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, ივლისში იუსტიციის სამინისტრო ასრულებს სამართლებრივი და მატერიალური ბაზის მომზადებას კანონის აღსასრულებლად. ორგანიზაციას მოეთხოვება 1-31 აგვისტოს შუალედში - წარადგინოს განცხადება, რომლითაც აღიარებს, რომ იგი არის უცხოური ძალების გამტარებელი ორგანიზაცია. 

 

3.2. განაცხადის/დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება 

განცხადების (3.1.) წერილობითი, მატერიალური ფორმით, წარდგენიდან 2 სამუშაო დღეში, პირს მიეცემა ტექნიკური დაშვება ელექტრონულ პორტალზე, სადაც, მას მოეთხოვება 10 სამუშაო დღეში წარადგინოს იუსტიციის მინისტრის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია; ამ ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა კანონში არ არის მოცემული, თუმცა ეს ინფორმაცია უნდა ფარავდეს მათ შორის საფინანსო ინფორმაციას. 

 

4. რა არის მონიტორინგი და რა შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს იგი? 

 

კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განახორციელოს მონიტორინგი − საკითხის სათანადო გამოკვლევა და შესწავლა. მონიტორინგი შეიძლება დაიწყოს როგორც სამინისტროს ინიციატივით, ასევე მესამე პირის მოთხოვნით. 

 

4.1 რა შეიძლება გახდეს მონიტორინგის დაწყების საფუძველი? 

 

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება; 

ან

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას. 

 

კანონი არ განსაზღვრავს, რა იგულისხმება სათანადო ინფორმაციაში. შესაბამისად, ნებისმიერი პირის მიერ წარდგენილი განცხადება, ყოველგვარი დასაბუთების/ინფორმაციის წყაროს მითითების გარეშე შეიძლება გახდეს მონიტორინგის დაწყების საფუძველი. 

 

ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ 6 თვეში ერთხელ. თუმცა, სხვა ორგანიზაციის მიმართ დაწყებული მონიტორინგი შეიძლება შეეხოს ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას ანდა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დადგენის გზით.

 

4.2. რა მიზნით შეიძლება დაიწყოს მონიტორინგი? 

 

კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგი შეიძლება ჩატარდეს:

 

1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად; 

ან 

2. კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად.

 

კანონი  არ შეიცავს განმარტებას, თუ რომელი მოთხოვნის შესრულება შეიძლება შემოწმდეს მონიტორინგის გზით. შესაბამისად, არსებული ფართო ჩანაწერის გათვალისწინებით, კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი მოთხოვნის შესრულების შემოწმება შეიძლება გახდეს მონიტორინგის დაწყების საფუძველი. ამავდროულად, მონიტორინგი შესაძლოა, განხორციელდეს იმ ორგანიზაციებშიც, რომლებიც დარეგისტრირდნენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. 

 

4.3. რას იწვევს მონიტორინგის დაწყება და რისი შესაძლებლობა ეძლევა იუსტიციის სამინისტროს?

 

მონიტორინგის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი (განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი), სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია, მაგალითად, საგადასახადო, საბანკო, კომერციული ინფორმაცია. “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს მიეკუთვნება სენსიტიური მონაცემების ფართო ჩამონათვალი, მათ შორის, მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება.

 

4.4. ვის შეიძლება მოსთხოვოს იუსტიციის სამინისტრომ ინფორმაციის დაუყოვნებლივი წარდგენა?  

 

კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს  ინფორმაციის (იხ. ამ დოკუმენტის 4.3. ნაწილი) წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. 

 

იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება შეიძლება წარმოეშვას ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის იმ პირებსაც, რომლებიც არ არიან იმ ორგანიზაციაში დასაქმებულები, რომლის მიმართაც ხორციელდება მონიტორინგი. (იხ. ამ დოკუმენტის 5.2. ნაწილი). იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის დაუყოვნებლივ წარდგენის მოთხოვნის ადრესატი შეიძლება იყოს ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფონდები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ანდა მათთან დასაქმებული პირები. 

 

4.5. რა ხდება იმ შემთხევაში თუ მონიტორინგი გამოავლენს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად მიჩნევისთვის კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას?

 

თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდება, რომ სამიზნე ორგანიზაცია აკმაყოფილებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად მიჩნევისთვის კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და მიჩნეულ იქნება რომ მან ნებაყოფლობით რეგისტრაციას თავი აარიდა:

 

1. იუსტიციის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, სააგენტო ორგანიზაციას იძულებით არეგისტრირებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად;

2. ორგანიზაცია ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში შეავსოს და სააგენტოს წარუდგინოს განაცხადი;

3. სააგენტოს მიერ ორგანიზაციის იძულებითი რეგისტრაცია, არ ათავისუფლებს შესაბამის სუბიექტს ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან;

4. თუ ორგანიზაცია 10 სამუშაო დღის ვადაში არ შეავსებს და წარადგენს განაცხადს, მას დამატებით დაეკისრება ჯარიმა.

 

ჯარიმების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ დოკუმენტის მე-6 ნაწილში.

 

5. რა რეპრესიული მექანიზმი შეიძლება იქნეს გამოყენებული ადამიანების (ფიზიკური პირების) ან/და იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან ? 

 

კანონის მიხედვით რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომელთა  მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის (მედიების შემთხვევაში მთლიანი არაკომერციული შემოსავლის) 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.  თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული რეპრესიული მექანიზმები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან. ამ თვალსაზრისით, გამოსაყოფია ორი ძირითადი რეპრესიული მექანიზმი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ. 

 

5.1. მონიტორინგის შესაძლებლობა ყველა ორგანიზაციის მიმართ, რომელიც შეიძლება აკმაყოფილებდეს უცხოური ძალის გამტარებლად მიჩნევის ფორმალურ კრიტერიუმს 

 

კანონის თანახმად, სამიზნე სუბიექტებს წარმოადგენენ, არაკომერციული იურიდიული პირები, მაუწყებლები,  მასობრივი ინფორმაციის ბეჭდური  საშუალებები,  მასობრივი ინფორმაციის  გამავრცელებელი ინტერნეტ საშუალებები და მათი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად მიჩნევისთვის მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს კალენდარული წლის განმავლობაში მთლიანი შემოსავლის (მედიების შემთხვევაში მთლიანი არაკომერციული შემოსავლის)  20%-ზე მეტის უცხოეთიდან მიღება. 

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მონიტორინგის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოვლენა და ამ მიზნით, მონიტორინგი შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ სამიზნე სუბიექტში, განურჩევლად მის მიერ მიღებული დაფინანსების წარმომავლობისა. შესაბამისად, მონიტორინგს და იმ თანმდევ შედეგებს რაც ახლავს თან ამ პროცესს, შეიძლება დაექვემდებარონ მათ შორის ის სუბიექტები, რომლებიც საერთოდ არ იღებენ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან. 

 

5.2. ნებისმიერი ადამიანისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დაკისრება 

 

კანონის თანახმად, ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს  ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული ინფორმაცია. ინფორმაციის მოთხოვნის უფლებამოსილება იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს აქვს მათ შორის მონიტორინგის განხორციელების მიზნებისთვის. მონიტორინგის განხორციელების უფლებამოსილების განმსაზღვრელი კანონისმიერი ჩანაწერი ამოქმედდება, კანონის გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. 

 

კანონის ჩანაწერის თანახმად, ამა თუ იმ სამიზნე სუბიექტის მიმართ დაწყებული მონიტორინგის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება დააკისროს ნებისმიერ პირს, მათ შორის ფიზიკურ პირებს. კანონი არ ითვალისწინებს ამ თვალსაზრისით რაიმე შეზღუდვას. იმ პირთა შორის, რომლებსაც შეიძლება დააკისრონ ინფორმაციის წარდგენა შეიძლება იყვნენ, ორგანიზაციის თანამშრომლები, სამიზნე ორგანიზაციის ბენეფიციარები, სხვა პარტნიორი ორგანიზაციის თანამშრომლები, დონორი ორგანიზაციები/ფონდები/წარმომადგენლობები და ა.შ. 

 

6. ჯარიმები: რა ჯარიმები შეიძლება დაეკისროს ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის? 

 

6.1. ჯარიმები სამიზნე ორგანიზაციებისთვის 

 

თუ იუსტიციის სამინისტრო მონიტორინგის შედეგად გამოავლენს პირს, რომელმაც კანონით არსებული წინაპირობების მიუხედავად, არ მიმართა რეესტრს “განცხადებით” ის ჯარიმდება  25 000 ლარით (მე-9 მუხლის პირველი პუნქტი).

 

დაჯარიმებული ორგანიზაცია იძულებით იქნება შეყვანილი რეესტრში და მას მოეთხოვება (10 დღის ვადაში სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენა), განაცხადი, მათ შორის, არის ფინანსური დეკლარაციაც. 

 

შენიშვნა: მონიტორინგის საფუძველზე, რეესტრში იძულებითი რეგისტრაცია არ ათავისუფლებს შესაბამის ორგანიზაციას 25 000 ლარიანი ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან.  

 

თუ ორგანიზაცია რეესტრში იძულებითი რეგისტრაციის შემდეგ არ წარადგენს განაცხადს, მას დაეკისრება დამატებითი ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით; (მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი); 

 

10 000 ლარით დაჯარიმების შემდგომ, იგივე ქმედების გაგრძელება მომდევნო თვეებში, (მაგ. განცხადების წარუდგენლობა) გამოიწვევს დაჯარიმებას ყოველთვიურად 20 000 ლარის ოდენობით; (მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი).

 

6.2. ჯარიმები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომელებსაც მონიტორინგის განხორციელების ფარგლებში მოსთხოვენ ინფორმაციის წარდგენას 

 

კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ინფორმაციის (განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია) წარდგენას, ვალდებულია, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირისთვის ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის კანონი ითვალისწინებს ჯარიმას - 5 000 ლარის ოდენობით.

 

იქედან გამომდინარე, რომ კანონის ჩანაწერი მოთხოვნილი ინფორმაციის დაუყოვნებლივ წარდგენის ვალდებულებას უდგენს ყველა იმ პირს, ორგანოს, ორგანიზაციას, დაწესებულებას, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ინფორმაციას, 5 000 ლარიანი ჯარიმა შეიძლება გავრცელდეს ფიზიკურ პირებზე და მათ შორის არ შემოიფარგლოს მხოლოდ ორგანიზაციაში დასაქმებული პირებით.  

 

7. გასაჩივრება, სამართლიანი სასამართლოს უფლება და სხვა საკითხები

 

7.1. გააჩერებს თუ არა რეპრესიული გადაწყვეტილებების მოქმედებას მათი გასაჩივრება სასამართლოში? 

 

იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების იქნება ეს მონიტორინგის დაწყება, ინფორმაციის მოთხოვნა, დაჯარიმება თუ ნებისმიერი სხვა რეპრესიული  ღონისძიება არ გაჩერდება სასამართლოში გასაჩივრებით. ამ ღონისძიებების განხორციელებას სამინისტრო შეძლებს დაუბრკოლებლად. 

 

კანონის Მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, კანონის საფუძველზე ან/და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს.

 

7.2. შეიძლება თუ არა დაჯარიმდნენ ორგანიზაციები, რომლებიც თავისი ინიციატივით დარეგისტრირდებიან? 

 

ნებაყოფლობით რეგისტრაციისა და განაცხადის წარდგენის შემთხვევაშიც, არსებობს ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნისა და ჯარიმ(ებ)ის (მაგალითად, წარდგენილ განაცხადზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ხარვეზის აღმოუფხვრელობისას, მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობისას) დაკისრების რისკი. ამავე დროს, წარდგენილი დეკლარაციის სისწორის ან/და სრულყოფილების შემოწმების მიზნით, იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია დაიწყოს მონიტორინგი.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024

კამპანია „გმირობის ნაყოფი” The Anthem Awards-ის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა

14.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

07.06.2024

31 მაისის პოლიტიკური ვანდალიზმი თბილისში: IDFI-ს შეფასება მოკლედ

03.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024