2024 წლის 20 მაისს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და Northwestern University-ს ერთობლივი ონლაინ ღონისძიება “ფართომასშტაბიანი აქციები სომხეთსა და საქართველოში: რა ხდება?” გაიმართა.
ღონისძიების მთავარ საკითხს წარმოადგენდა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები - საქართველოს მთავრობის პროდასავლური კურსის შეცვლა, ამავდროულად, სომხეთის მთავრობის მცდელობა, გათავისუფლდეს რუსული გავლენისგან და ყოველივე ამას თანდართული ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები თბილისსა და ერევანში, რომლებსაც ურთიერთსაპირისპირო შინაარსი ჰქონდა.
ღონისძიების სპიკერთა შორის იყვნენ მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი რონალდ სუნი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი და IDFI-ს მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე. შეხვედრას მოდერაციას უწევდა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი.
რონალდ გრიგორ სუნიმ ისაუბრა სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე, დაუკავშირა ეს მოვლენები აზერბაიჯანთან ომში დამარცხებას და განიხილა რეალობა, რომლისთვისაც თვალის გასწორება უწევს ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას. ასევე, ისაუბრა სომხეთის პრორუსული კურსის პროდასავლურით შეცვლაზე, რის მიზეზადაც დაასახელა ის, რომ ტრადიციულმა მოკავშირემ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ქვეყანა მარტო დატოვა. სუნიმ ისაუბრა საქართველოში არსებულ სიტუაციაზეც და ახსენა, რომ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ტრადიციულად ძალიან ძლიერია.
გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა “რუსულ კანონზე”, მის ირგვლივ წარმოქმნილ სამოქალაქო პროტესტზე საქართველოში და პრობლემებზე, რომლებსაც მთავრობის ეს ინიციატივა შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ასევე, განიხილა 2012 წელს რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ განვითარებული მოვლენები, რასაც სამოქალაქო საზოგადოების განადგურება მოჰყვა. გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროტესტში ჩართული ადამიანების წინააღმდეგ ორგანიზებულ ძალადობაზე, რომლის ერთ-ერთ სამიზნედ პირადად იქცა.
ანტონ ვაჭარაძემ ყურადღება გაამახვილა ანალოგიურ შემთხვევებზე საქართველოს უახლოესი ისტორიიდან. ისაუბრა, თუ რა გამოარჩევს მიმდინარე დემონსტრაციებს გასული 30 წლის ყველა შემთხვევისგან.
შეხვედრის დასასრულს, იან კელიმ აღნიშნა, რომ ასეთ მწვავე პოლიტიკურ ვითარებაში რეგიონში დასავლეთის ჩართულობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია.
-
ღონისძიება ჩატარდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. SIDA შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.
V-Dem-ის დემოკრატიის ინდექსი: საქართველოს 2003 წლის შემდგომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს
14.03.2025ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან
07.03.2025