ღია მმართველობის პარტნიორობის წარმომადგენლების შეხვედრა ღია მმართველობა საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 5 აპრილი 2017

ფოტოს ავტორი დავით ხიზანიშვილი

 

2017 წლის 5 აპრილს, თბილისში გაიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამდივნოს დირექტორის ჯო პაუელისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის დირექტორის პოლ მაასენის შეხვედრა ღია მმართველობა საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

 

შეხვედრამ შესაძლებლობა მისცა OGP-ის პროცესში ეროვნულ დონეზე ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს - საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, თბილისის მერიას, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს - ერთობლივად განეხილათ საქართველოს ხედვა, გეგმები და მოლოდინები 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველოს OGP-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით.

 

ღონისძიება გახსნეს ალექსანდრე ბარამიძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, და ირინა ფრუიძემ, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.

 

“ეს არის უზარმაზარი მნიშვნელობის მოვლენა და პატივი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ჩვენ ვაპირებთ, რომ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ და უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი მონაცემები ღია მმართველობა პარტნიორობის იდეალების დამკვიდრებისთვის საქართველოში,“ - აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.

 

ირინა ფრუიძის აზრით, „ვინაიდან საქართველო ხდება ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა, მნიშვნელოვნად იზრდება ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობა. ჩვენ უკვე დავიწყეთ საპარლამენტო ღიაობის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა და შეგვიძლია გამოვყოთ, ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებები, სახელდობრ: ეთიკის კოდექსის შემუშავება; სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კონცეფციის შემუშავება, რაზეც სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს; განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარის გაუმჯობესება; შშმ პირებისთვის პარლამენტის შენობის და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდის ადაპტირება.“

 

„ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ღია მმართველობის პარტნიორობასთან დაკავშირებით. ამ პროცესში, ვფიქრობ, გვჭირდება კარგი კოორდინაცია, როგორც საბჭოს წევრებს, ისე პარლამენტის ფრაქციებს შორის. გარდა ამისა, ვფიქრობთ, აუცილებელია, რომ ღია მმართველობის პრინციპების განსახორციელებლად, პარლამენტმა მთავრობასთან ითანამშრომლოს,“ - აღნიშნა ირინა ფრუიძემ.

 

მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს ნინა ხატისკაცმა, თბილისის მერის მოადგილემ, და ნინო ლომჯარიამ, გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ.

 

დისკუსიის მეორე ნაწილში, OGP-ის წარმომადგენლებმა ჯო პაუელმა და პოლ მაასენმა ისაუბრეს საქართველოს თავმჯდომარეობის წლის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე. ასევე, გაიმართა მსჯელობა OGP-ის წინა თავმჯდომარე ქვეყნების კარგ პრაქტიკასა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე თავმჯდომარეობის წლის განმავლობაში.

 

პრეზენტაციისას, ჯო პაუელმა განაცხადა, რომ „OGP-ის თავმჯდომარეობა არის დიდი შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოსთვის და არა მარტო მისი მთავრობისთვის. საქართველო არის OGP-ის მე-8 თავმჯდომარე და პირველი არა დამფუძნებელი ქვეყანა, რომელსაც წილად ხვდა ეს დიდი პატივი. საქართველომ ეს სტატუსი სხვა ქვეყნებთან კონკურენტულ არჩევნებში გამარჯვებით დაიმსახურა.“

 

ჯო პაუელის თქმით, OGP-ის თავმჯდომარეობა მრავალ შესაძლებლობას გულისხმობს. „ეს არის 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაცია, შესაბამისად, საქართველოს ეძლევა პოლიტიკური შესაძლებლობა, სათავეში ჩაუდგეს მთავრობათა დიდ კოალიციას. საქართველოს ასევე შეუძლია, წარმოაჩინოს ის შედეგები, რასაც ქვეყანამ გასულ წლებში მიაღწია. და ბოლოს, საქართველო მოქცევა დიდი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. საქართველომ OGP-ის ფარგლებში დიდ წარმატებას მიაღწია. შესაბამისად, ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნას, როგორც OGP-ის ახალ თავჯდომარეს, ესმის თავისი პასუხისმგებლობა.“

 

დისკუსიის მოდერატორები იყვნენ ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის თანათავმჯდომარეები - ზურაბ სანიკიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და გიორგი კლდიაშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი.

 

„ვფიქრობ, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარედ საქართველოს არჩევა არამარტო დიდ გამოწვევას, არამედ დიდ მიღწევასაც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის და მადლობა მინდა გადავუხადო დონორ ორგანიზაციებს, რომელთა ჩართულობით და თანამონაწილეობით, დარწმუნებული ვარ, რომ დიდ შედეგს მივაღწევთ,“ - გიორგი კლდიაშვილი.

 

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP) 2011 წელს შეუერთდა. მას შემდეგ, საქართველოს მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გამჭვირვალობის გაზრდის, მოქალაქეების გაძლიერებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

 

2015 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტი შეუერთდა „ღია პარლამენტის დეკლარაციას“ და გააფორმა მემორანდუმი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამ დოკუმენტებზე ხელის მოწერით საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიის პირველი ქვეყანა, რომელმაც პარლამენტში ღია მმართველობის პრინციპების პრაქტიკული დანერგვა დაიწყო.


2016 წლის მაისში, საქართველო, საფრანგეთთან ერთად, OGP-ის თანათავმჯდომარე გახდა. ამ კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ევალება, გაუძღვეს OGP-ის მმართველ კომიტეტს, განავითაროს და დაიცვას პარტნიორობის ღირებულებები, ინტერესები და პრინციპები. კომიტეტი შედგება 22 წევრისგან (11 მთავრობა და 11 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია).

 

2017 წლის ოქტომბერში, საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე გახდება.

 

შეხვედრა ჩატარდა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის თანათავმჯდომარების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024