ავტორი: ნატალია ვარაზი
“ღია მმართველობის პარტნიორობა” (OGP - Open Government Partnership) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივის შედეგად დაფუძნდა 2011 წლის 20 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვედრის ფარგლებში. დღეის მდგომარეობით იგი 70 ქვეყანას აერთიანებს.
პარტნიორობა წარმოადგენს მრავალმხრივ საერთაშორისო ინიციატივას და მიზნად ისახავს მთავრობის გამჭვირვალობის, მისი ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის, კორუფციასთან ბრძოლის, აგრეთვე, მმართველობის გაძლიერებისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას.
OGP-ის ზედამხედველობას უწევს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული მმართველი კომიტეტი (Steering Committee). მმართველი კომიტეტი, ქვეკომიტეტებისა და თემატური ჯგუფების დახმარებით, აყალიბებს OGP-ის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, მის პოლიტიკასა და იდეას, ამასთან, კონტროლს უწევს წევრი სახელმწიფოების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ზედამხედველობს OGP-ის ფუნქციონირებას. კომიტეტს ხელმძღვანელობენ თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და ორი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი.
2016 წლის 4 მაისს საქართველო OGP-ის თანა-თავმჯდომარედ იქნა არჩეული. 2013 წლის აგვისტოდან ქვეყანა ასევე არის OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი. თანათავმჯდომარის უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც 1 ოქტომბრიდან დაიწყო, საქართველო საფრანგეთთან ერთად უხელმძღვანელებს მმართველ კომიტეტს, ხოლო მომავალი წლის ოქტომბრიდან OGP-ის თავმჯდომარეობას დაიკავებს. თავმჯდომარის უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველო მონაწილეობას მიიღებს ღია მმართველობის პარტნიორობის ძირითადი მიმართულებებისა და სტრატეგიების შემუშავებაში.
საქართველოს მონაწილეობა ღია მმართველობის პარტნიორობაში
”ღია მმართველობა პარტნიორობის” (OGP) ფარგლებში საქართველომ უკვე მესამე, 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. წინა ორი სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2012-2016 წლებში საქართველოს მთავრობამ მრავალი მნიშვნელოვანი ვალდებულება შეასრულა.
გარდა ამისა, 2015 წლის 30 აპრილს საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა საპარლამენტო ღიაობის მემორანდუმი გააფორმეს, რის შედეგადაც საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც პარლამენტში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის გლობალურ სამიტზე, საქართველოს პარლამენტმა, ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდო (the OGP Government Champions Award) მოიპოვა. უფრო კონკრეტულად, ჯილდო გადაეცა პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს სამთავრობო და სამოქალაქო სექტორებს შორის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას იდეალური თანამშრომლობისთვის და სამოქმედო გეგმაში სამოქალაქო ორგანიზაციების ინიციატივებისა და რეკომენდაციების წარმატებით შეტანისთვის.
OGP-ის ფარგლებში საქართველომ კიდევ ერთ წარმატებას ლონდონის გლობალურ სამიტზე მიაღწია. საქართველო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების რეგულაციის დანერგვისთვის გამორჩეულ მიღწევათა ჯილდოზე (Bright Spots Prize) 7 ფინალისტთა შორის იქნა წარდგენილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მიერ OGP-ის თავმჯდომარის სტატუსის მოპოვება ინფორმაციის გამჭვირვალობისა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების მიმართულებით კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად და დიდ წარმატებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ პირველი გლობალური სამიტი ბრაზილიაში (2012 წლის აპრილი)
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) პირველი გლობალური სამიტი 2012 წლის 17-18 აპრილს ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში გაიმართა და მას 53 ქვეყნის ხელისუფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრას საქართველოს პრემიერმინისტრი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ბრაზილიის შეხვედრა OGP-ის წევრი ქვეყნების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროგრესის მიმოხილვას და მთავარი მიმართულებების განსაზღვრას ისახავდა მიზნად. ამასთან, შეხვედრაზე ხელისუფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა OGP-ის პრინციპების დანერგვის მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმები წარმოადგინეს.
ბრაზილიის 2012 წლის შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა ინფორმაციაზე წვდომა, საჯარო მომსახურების გაწევა, ღია მონაცემთა პორტალების შექმნის აუცილებლობა, საჯარო ფინანსების მართვა, ფინანსების განკარგვის პროცესის გამჭვირვალობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის პოზიცია ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით და სხვა.
“ღია მმართველობის პარტნიორობის” მეორე გლობალური სამიტი ლონდონში (2013 წლის ოქტომბერი)
2013 წლის 31 ოქტომბერს - 1 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გაიმართა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) რიგით მეორე გლობალური სამიტი, რომელსაც OGP-ის წევრი ქვეყნების 1,000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. საქართველოს დელეგაციას ხელისუფლების მხრიდან - იუსტიციის მინისტრი, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ესწრებოდნენ.
სამიტის მონაწილე ქვეყნებმა განიხილეს OGP-ის პრინციპებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების პროგრესი და დასახეს ახალი მიზნები და გამოწვევები.
2013 წლის ლონდონის სამიტზე განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტები: მმართველობის ღიაობის ხელშეწყობა, დემოკრატიის განვითარებისა და კორუფციის აღმოფხვრის მიზნით ფინანსური გამჭვირვალობა, ანგარიშგების გლობალური სტანდარტების შემუშავება ბუნებრივი რესურსების გამოყენების გამჭვირვალობისთვის, მთავრობასა და მოსახლეობას შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაზრდა და სხვა.
ლონდონის სამიტზე თითოეულმა ქვეყანამ დაასახელა განახლებულ სამოქმედო გეგმაში შესატანი ახალი ვალდებულებები. საქართველომ საჯარო ინფორმაციის ერთიანი ბაზის (data.gov.ge) შემუშავების და ინფორმაციის თავისუფლების ახალი კანონის მიღების ვალდებულება აიღო. ამასთან, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ინფორმაციის თავისუფლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, რომლის მიზანიც ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა იყო.
“ღია მმართველობის პარტნიორობის” მესამე გლობალური სამიტი მეხიკოში (2015 წლის ოქტომბერი)
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) რიგით მესამე გლობალური სამიტი 2015 წლის 28-29 ოქტომბერს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში გაიმართა და მასზე სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორისა და მთავრობის 1500-მდე წარმომადგენელი შეიკრიბა.
გლობალურ სამიტამდე 1 დღით ადრე ჩატარდა OGP-ის სამოქალაქო საზოგადოების დღე. ეს ღონისძიება მიზნად ისახავდა OGP-ის სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას, OGP-ში სახელმწიფოებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას, OGP-ში ჩართული ქვეყნების რაოდენობის ზრდას, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებასა და OGP-ის ვალდებულებების გაფართოებას.
მეხიკოს სამიტზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა საკანონმდებლო პროცესისა და ტექნოლოგიების ურთიერთდამოკიდებულება. სახელდობრ, განისაზღვრა, რომ საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი ფაქტორია ტექნოლოგიური მხარდაჭერა, რომელიც დაინტერესებულ პირებს ინფორმაციაზე წვდომას უადვილებს და, შესაბამისად, ხელს უწყობს მოსახლეობის საკანონმდებლო პროცესებში ჩართულობას.
მეხიკოს სამიტზე აგრეთვე განხილულ იქნა საპარლამენტო ღიაობის დანერგვის მექანიზმები. ამასთან, სამიტზე ხაზი გაესვა OGP-ის პრინციპების დანერგვაში სასამართლო ხელისუფლების ჩართვის აუცილებლობას. სამიტის ფარგლებში, OGP-ის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფმა საკანონმდებლო ღიაობის ტრეინინგი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა ტექნოლოგიის როლი საკანონმდებლო გამჭვირვალობის განვითარებასა და ხელშეწყობაში, ინფორმაციაზე წვდომის კანონმდებლობის შემუშავებასთან დაკავშირებული გამოცდილება, საპარლამენტო ეთიკის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და სხვა.
საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის დახმარებით, მრავალმა ქვეყანამ OGP-ის მიზნების განხორციელების პროცესში საკანონმდებლო ორგანოების ჩართვის ვალდებულება აიღო.
2015 წლის მეხიკოს გლობალური სამიტის მონაწილე ქვეყნებმა ასევე განიხილეს ღია მმართველობის როლი გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.
“ღია მმართველობის პარტნიორობის” მეოთხე გლობალური სამიტი პარიზში (2016 წლის დეკემბერი)
2016 წლის 7-9 დეკემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტარდება “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) მეოთხე გლობალური სამიტი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორისა და მთავრობების 3,000-მდე წარმომადგენელი ესწრება. OGP-ის სამიტს ასევე ესწრებიან სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) წარმომადგენლები.
სამიტის ერთ-ერთ მთავარ მოვლენას „პარიზის დეკლარაციის“ საზოგადოებისთვის წარდგენა და მიღება წარმოადგენს, რომლის მიზანია მთავრობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ OGP-ის დანარჩენი წევრებისთვის საკუთარი გამოცდილებისა და მექანიზმების გაზიარება.