2013-2017 წლებში საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავები და დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ანალიზი 29 მაისი 2019

მოცემული ანალიზის ფარგლებში [2013-2017 წლებში საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავები და დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობა] IDFI-მ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან საჯარო ინფორმაციის სახით მოითხოვა 2013-2017 წლებში კანონიერ ძალაში შესული მათ წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავების ჩამონათვალი, დავის საგნისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის მითითებით (მათ შორის, დაკისრებული და ანაზღაურებული თანხის ოდენობა).

 

IDFI-მ ამავე წერილით მოითხოვა ინფორმაცია რეგრესის წესით შესაბამისი პასუხისმგებელი პირებისგან მოთხოვნილი და ანაზღაურებული ზიანის ოდენობა და ამ საკითხზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რაოდენობა. საერთო ჯამში, გამოკვლეულ იქნა 89 საჯარო დაწესებულების, მათ შორის, სამინისტროების, პარლამენტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები და უწყებათა მიერ რეგრესის წესით მოთხოვნილი და ანაზღაურებული ზიანის ოდენობა. 

 

ძირითადი მიგნებები: 

 

- კვლევის ფარგლებში განხილული 89 საჯარო დაწესებულების წინააღმდეგ 2013-2017 წლებში კანონიერ ძალაში ჯამში 1,543 გადაწყვეტილება შევიდა;

 

- 2013-2017 წლებში ყველაზე მეტი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ შევიდა, ჯამში - 831, რაც განპირობებულია დავების სპეციფიკით (დავებიდან 401 ეხებოდა ლტოლვილის სტატუტის მინიჭებას, 178 - დევნილის სტატუსის აღდგენას და სხვა);

 

- 2013-2017 წლებში სასამართლო გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლის შედეგად საჯარო დაწესებულებებს (განხილულ 89 საჯარო დაწესებულებას) ჯამში 1,631,603.36 ლარი დაეკისრა;

 

- პასუხისმგებლობის სახით ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციას დაეკისრა - ჯამში 188,780.60 ლარი;

 

- სამინისტროების შემთხვევაში 2013-2017 წლებში ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა დაეკისრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - 135,974.8 ლარი;

 

- 2013-2017 წლებში საჯარო დაწესებულებებზე დაკისრებული პასუხისმგებლობის საშუალო მაჩვენებელი ყველაზე მაღალია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შემთხვევაში - 57,909 ლარი;

 

- სამინისტროებს შორის 2013-2017 წლებში დაკისრებული პასუხისმგებლობის საშუალო მაჩვენებელი ყველაზე მაღალია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემთხვევაში - 7,157 ლარი;

 

- 2013-2017 წლებში საჯარო დაწესებულებებმა პასუხისმგებელი პირებისაგან რეგრესის წესით ანაზღაურება  ჯამში სულ 8 შემთხვევაში მოითხოვეს;

 

- მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების მიხედვით, თანამშრომლების სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ დაეკისრა.

 

IDFI-ის შეფასებით, დღეს საქართველოში არ მოქმედებს ეფექტური მექანიზმი, რომელიც მოახდენს თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ქმედებებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის პრევენციას. მივიჩნევთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტის ჩატარებისას უნდა გამოავლინოს შემთხვევები, რა დროსაც კონკრეტული პირების განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანის გამო საჭირო გახდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გადახდა, შედეგად გარკვეული ზიანი მიადგა სახელმწიფოს, თუმცა ამ ზიანზე პასუხისმგებელი პირისაგან რეგრესის წესით ანაზღაურება არ მომხდარა.


პრობლემას ასევე წარმოადგენს საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა, განსაკუთრებით კი შრომითი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების შემთხვევაში, ვინაიდან გადაწყვეტილებათა აღუსრულებლობის შედეგად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასახდელი თანხის რაოდენობაც.


ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის ფარგლებში პრობლემური იყო სხვადასხვა მონაცემის დაჯგუფება, ვინაიდან არ არსებობს ერთიანი სტანდარტი საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღრიცხვასთან დაკავშირებით. IDFI მიიჩნევს, რომ აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია საჯარო დაწესებულებების წინააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავების შესახებ, რაც მოიცავს მათ შორის დაკისრებული პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციას.

 

ანალიზი მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ პროექტის - სადამკვირვებლო ჯგუფების გაძლიერება მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის - ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ, ვიშეგრადის გრანტების პროგრამით, ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების თანადაფინანსებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული იდეების წახალისება. ანალიზის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის პოზიციას. 

 

 

 

 

 

/public/upload/IDFI_2019/visegrad/number_of_lawsuits_finished_against_public_institutions_in_2013_2017_and_imposed_financial_liability.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024