1 აპრილს აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოსა და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა გახსნა აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ღია მმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, რომელმაცისაუბრა უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე და შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია აღნიშნული ვალდებულებების შესრულების შესახებ. კერძოდ, თავმჯდომარის თქმით, წერილობითი და ელექტრონული პეტიციის წარდგენის წესისა და უმაღლესი საბჭოს კომიტეტების მიერ სამოქმედო გეგმების შემუშავების შესახებ შესაბამისი ცვლილება 2020 წლის ბოლოს აისახა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში; მედიის აკრედიტაციის წესის პროექტი წარედგინა სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებს და მათ მიერ შეთავაზებული ცვლილებების შედეგად განახლებულ წესს დაამტკიცებს საბჭო; განხორციელდა რეგლამენტში შესატანი ცვლილებების ინიცირება, რომლებიც შეეხება უმაღლესი საბჭოს, მისი ორგანოებისა და დეპუტატების საჯარო ანგარიშების წარდგენას და უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მოქალაქეთა დასწრების საკითხს.
ღია მმართველობის საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარემ მალხაზ ჭკადუამ, ისაუბრა სამოქალაქო სექტორის განსაკუთრებულ როლზე ღია მმართველობის ინიციატივების დანერგვის მიმართულებით.
საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა, ირინე ურუშაძემ (UNDP) და ნინო შაინიძემ (IDFI) შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაცია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების - მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის კონცეფციის და უმაღლესი საბჭოს შენობისა და ვებ-გვერდის ადაპტირების კონცეფციის შესახებ.
შეხვედრაზე ღია მმართველობის საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა განიხილეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად განსახორციელებელი აქტივობები და იმსჯელეს თითოეული ვალდებულების წარმატებით შესრულების გზებზე.
საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა გამოხატეს მზაობა და მხარდაჭერა ჩაერთონ სამოქმედო გეგმის ვალდებულებების განხორციელებაში. შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.