COVID-19-ით გარდაცვლილთა შეზღუდული და ურთიერთგამომრიცხავი სტატისტიკა

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ანალიზი 28 დეკემბერი 2021

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. მას შემდეგ, 2021 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, ჯამურად აღრიცხულია კორონავირუსის 924,066 დადასტურებული შემთხვევა, საიდანაც 13,583 პაციენტი გარდაიცვალა. 

 

2021 წლის 26 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს 3 წლიანი საქმინობის ანაგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ტიკარაძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა კლინიკებში ინფექციის კონტროლი, რადგან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის მიზეზი. ტიკირაძემ აღნიშნა, რომ მუშაობენ იმ კლინიკებთან, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი მაღალია, თუმცა არ ასაჯაროვებენ აღნიშნულის მიზეზებს. მისივე განმარტებით, არის კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და არის კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) რამდენიმე თვეა იკვლევს Covid-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლებს. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვნად აფერხებს მთელი რიგი მახასიათებლების მიხედვით მონაცემების ხელმისაწვდომობას. მათ შორის სამინისტრომ IDFI-ს არ მიაწოდა:

 

- კლინიკის დასახელებები, რომლებშიც მკურნალობას გადიოდნენ გარდაცვლილი პაციენტები; 

 

- გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყვნენ გადაყვანილნი;

 

- გარდაცვლილთაგან რამდენს ჰქონდა კოვიდის განმეორებითი ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა;

 

- გარდაცვლილთაგან რამდენი იყო აცრილი ვაქცინის ერთი დოზით და რამდენი იყო სრულად ვაქცინირებული (შესაბამისი ვაქცინის მითითებით);

 

- კორონავირუსით გარდაცვლილ პირთა რაოდენობა (სქესის და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით), რომლებსაც სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის დროს დაუდასტურდათ კორონავირუსი და ამის შემდგომ მოხდა მათი კოვიდ კლინიკაში ან იმავე კლინიკის სპეციალიზირებულ ბლოკში გადაყვანა.

 

IDFI-ს ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა Covid-19-ით გარდაცვლილთა კლინიკაში დაყოვნების და ინფიცირებიდან გარდაცვალებამდე პერიოდის შესახებ მონაცემები, Რომელიც საჯაროდ არ იყო  ხელმისაწვდომი და  სამინისტრომ  მოთხოვნის შესაბამისად გაასაჯაროვა. თუმცა ქვემოთ წარმოდგენილი ანალიზი აღნიშნული მონაცემების სანდოობასაც მნიშვნელოვნად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.  

 

სამინისტროს მიერ მოწოდებული ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები 

 

2021 წლის 26 ოქტომბერს, ჯანდაცვის სამინისტრომ IDFI-ს მოაწოდა COVID 19-ით გარდაცვლილი 9,306 პირის კლინიკაში დაყოვნების და ინფიცირებიდან გარდაცვალებამდე პერიოდის შესახებ მონაცემები. მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, გარდაცვალების 9,306 შემთხვევიდან 2,863 შემთხვევაში გარდაცვლილის საავადმყოფოში დაყოვნების პერიოდი აღემატებოდა დაინფიცირებიდან სიკვდილამდე პერიოდს. შესაბამისად, მონაცემები აჩვენებდა რომ კოვიდით გარდაცვლილთა დაახლოებით 31%-ის შემთხვევაში ვირუსით დაინფიცირება დადასტურდა კლინიკაში მკურნალობის პერიოდში. მოწოდებული ინფორმაცია იძლეოდა ვარაუდის გაკეთების საშუალებას, რომ ერთი მხრივ, შესაძლებელია ასეთი მონაცემები უკავშირდებოდა მკურნალობის საწყის ეტაპზე ვირუსის დადასტურების პრობლემას, ხოლო, მეორე მხრივ, სამედიცინო დაწესებულებაში სხვა მიზეზით მოხვედრილი პაციენტების ადგილზე კოვიდით დაინფიცირების შემთხვევებს.  

 

აღნიშნული ვარაუდების დაზუსტების მიზნით, IDFI-მ 2021 წლის 19 ნოემბერს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით. კერძოდ, სამინისტროს ეთხოვა მოეწოდებინა 19 ნოემბრის მდგომარეობით განახლებული მონაცემები და განემარტა სტატისტიკის მიზნებისთვის რა ითვლებოდა პაციენტის ინფიცირების თარიღად და რას მოიცავდა კლინიკაში დაყოვნების პერიოდი.  Ამასთან დამატებით ეთხოვათ  მოეწოდებინათ სამინისტროს მიერ დამუშავებული მონაცემები სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის დროს კორონავირუსის დადასტურების შემთხვევების (მათ შორის, რომელიც დასრულდა ლეტალურად) შესახებ.      

 

2021 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით ერთი თვის დაგვიანებით, სამინისტრომ IDFI-ს მოაწოდა COVID 19-ით გარდაცვლილი 11,679 პირის  კლინიკაში დაყოვნების და ინფიცირებიდან გარდაცვალებამდე პერიოდის შესახებ განახლებული სტატისტიკური მონაცემები. ხოლო დამატებითი განმარტებებისგან და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის დროს დადასტურებული შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამინისტროს მიერ მოწოდებული განახლებული მონაცემებით დამდგარი შედეგი, მნიშვნელოვნად განსხვავდება 2021 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული ტენდენციისგან. ამასთან, ცალკეული რაოდენობრივი მონაცემების ურთიერთშედარებით დგინდება სტატისტიკური მონაცემების ფაქტობრივი უზუსტობები. მაგალითად, 2021 წლის 22 დეკემბერს მოწოდებული მონაცემების ანალიზის მიხედვით, გარდაცვლილი 11,679 პირიდან მხოლოდ 489 (4%) შემთხვევაში საავადმყოფოში დაყოვნების პერიოდი აღემატებოდა დაინფიცირებიდან გარდაცვალებამდე პერიოდს. მაშინ როცა 2021 წლის 26 ოქტომბერს მოწოდებული მონაცემების მიხედვით, 9,306 გარდაცვალების შემთხვევიდან უკვე აღირიცხებოდა 2,863 (31%) მსგავსი შემთხვევა. შესაბამისად, სამინისტროს მიერ წარმოდგენილ განახლებულ მონაცემებში, მინიმუმ 2,379 გარდაცვლილი პირის კლინიკაში დაყოვნების ან დაინფიცირების პერიოდი იყო დაკორექტირებული.  

 

22 დეკემბრის წერილით მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მსგავსი შემთხვევები როდესაც საავადმყოფოში დაყოვნების პერიოდი აღემატებოდა დაინფიცირებიდან გარდაცვალებამდე პერიოდს, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 0%-დან 5%-მდე მერყეობს, ხოლო 26 ოქტომბრის წერილის მიხედვით 24%-დან 53%-მდე.     



    

 

 

 

შენიშვნა: შეფერილია შემთხვევები როდესაც 22 დეკემბერს მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 70-80 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ინფიცირებიდან გარდაცვალებამდე პერიოდს აჭარბებს კლინიკაში დაყოვნების პერიოდი.

 

 

შენიშვნა: შეფერილია შემთხვევები როდესაც 26 ოქტომბერს მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 70-80 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ინფიცირებიდან გარდაცვალებამდე პერიოდს აჭარბებდა კლინიკაში დაყოვნების პერიოდი.



იმ გარემოებების გათვალისწინებით რომ სამინისტროს მიერ სხვადასხვა პერიოდში შესაბამისი განმარტების გარეშე, მოწოდებულია ორი მნიშვნელოვნად განსხვავებული მონაცემი, შეუძლებელია სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსის შიდა გავრცელების რეალური მასშტაბის შეფასება. აღნიშნული მონაცემების სიზუსტის მნიშვნელობას, კიდევ უფრო საგულისხმოს ხდის  ჯანდაცვის მინისტრის მიერ, სამინისტროს წლიური ანგარიშის წარდგენისას, კოვიდით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად კლინიკების მიერ სხვადასხვა ინფექციის გავრცელების არაეფექტიანი კონტროლის დასახელება.

 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2022 წლის 22 დეკემბერს მოწოდებული დაკორექტირებული მონაცემების გათვალისწინებით, ასევე მნიშვნელოვნად შეიცვალა როგორც ინფიცირებიდან გარდაცვალებამდე, ასევე გარდაცვლილთა კლინიკაში დაყოვნების პროცენტული განაწილება. მაგალითად, ინფიცირების დადასტურებიდან  5 დღეზე ნაკლებ პერიოდში გარდაცვლილთა წილი 18,6%-დან 11,3%-მდე შემცირდა, ხოლო გარდაცვალებამდე კლინიკაში 5 დღეზე ნაკლები დაყოვნების  მაჩვენებელი 14.2%-დან 19.2%-მდე გაიზარდა.  

 




    

კორონავირუსით გარდაცვლილი პირების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ქვეყანაში მსგავსი მონაცემების სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით სრულყოფილი და  თანმიმდევრული ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მაგალითად, ხელმიუწვდომელია ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა სამედიცინო დაწესებულებების მიხედვით გარდაცვლილი პაციენტების სტატისტიკა, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის დროს დაინფიცირებული პაციენტების (მათ შორის გარდაცვლილთა) სტატისტიკა,  გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყვნენ გადაყვანილნი, გარდაცვლილთაგან რამდენს ჰქონდა კოვიდის განმეორებითი ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა და სხვა. ამასთან, შესაბამისი განმარტებების გარეშე, დაინტერესებული პირებისათვის ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გასაჯაროება მნიშვნელოვნად აზიანებს სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს. 

 

IDFI მოუწოდებს საქართველოს ჯანდაცვის სამინიტროს, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, უზრუნველყოს Covid-19-ით გარდაცვლილ პირთა სტატისტიკური მონაცემების,  წინამდებარე სტატიაში  განხილული  მახასიათებლის მიხედვით  საჯაროობა. Ამასთან, საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური განმარტება ინფიცირებიდან გარდაცვალებამდე და  კლინიკაში დაყოვნების დღეებთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცახვი მონაცემების მიზეზებთან დაკავშირებით და პროაქტიულად უზრუნველყოს მისი სიზუსტით ხელმისაწვდომობა.   

 

____

 

 

კვლევა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024