ბენეფიციარი (საბოლოო) მესაკუთრეების გამჭვირვალობა კორუფციის პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს. ბოლო წლებში ჟურნალისტებისა და სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფების მიერ ამ კუთხით გაუმჭვირვალე პრაქტიკის სააშკარაოზე გამოტანის შემთხვევებმა ამ საკითხებს მეტი აქტუალობა შესძინა. ამავდროულად, ნათელი გახდა, რომ გადასახადებისგან თავის არიდება და რეალური მესაკუთრეობის დამალვა წარმოადგენს არა მხოლოდ ცალკე მდგომ ფინანსურ დანაშაულს, არამედ ის მიუთითებს კორუფციისა და ფულის გათეთრების მრავალშრიანი ჯაჭვის არსებობაზე, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მთელ საზოგადოებას.
ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) განმარტების თანახმად, ბენეფიციარი მესაკუთრე არის ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს სუბიექტის საბოლოო მფლობელს, ან მაკონტროლებელი პირი, რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია). გარდა ამისა, ბენეფიციარ მესაკუთრეთა ცნება შესაძლოა ვრცელდებოდეს იმ პირებზეც, რომლებიც სამეწარმეო იურიდიული პირის მართვის კონტროლს ახორციელებენ.
ბენეფიციარ მესაკუთრეთა იდენტიფიცირების მიზნით, ქვეყნები სხვადასხვა მიდგომებს იყენებენ. მესაკუთრეები მათ მიერ წილის კონკრეტული პროცენტის ფლობის, ხმის მიცემის უფლებისა და საკუთრების ფლობის მიხედვით განისაზღვრებიან. მაგალითისთვის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ევროკავშირის მეოთხე დირექტივის (AMLD), ერთიანი ანგარიშგების სისტემისა (CRS) და ინფორმაციის ავტომატური გაცვლის (AEOI) თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს კომპანიის 25%-იან (ან 25%-ზე მეტ) წილს ჩაითვლება ბენეფიციარ მესაკუთრედ. ამავე დირექტივის (AMLD4) 2015 წელს შესული ცვლილებებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შექმნის ვალდებულება განესაზღვრათ.
2018 წელს დამტკიცდა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ევროკავშირის მეხუთე დირექტივა (AMLD5), რომელიც წევრ სახელმწიფოებს დამატებით ავალდებულებს არსებული რეესტრების გასაჯაროებას და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
თუმცა, 2022 წლის 22 ნოემბერს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ არამართლზომიერად სცნო ბენეფიციარ მესაკუთრეებზე ინფორმაციის უკონტროლო საჯარო ხელმისაწვდომობა და მიზეზად ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის მე-7 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-8 (პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება) მუხლებთან შეუსაბამობა დაასახელა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და სცდება ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრის მიზნის ფარგლებს. ამავდროულად, საყურადღებოა სასამართლოს დასკვნის 74-ე პუნქტში მოცემული დებულება, რომლის თანახმადაც “პრესას, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თავისთავად აქვთ ბენეფიციარ მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის ლეგიტიმური ინტერესი”.
საქართველოსთვის, როგორც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნისთვის ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა განსაკუთრებით აქტუალური საკითხია. ამ თვალსაზრისით ქვეყნის ძირითადი ნორმატიული აქტია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც ანგარიშვალდებულ პირებს და საზედამხედველო ორგანოებს საშუალება აქვთ იცოდნენ თუ ვინ დგას კონკრეტული სამეწარმეო სუბიექტის უკან.
საქართველო არის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი სახელმწიფო. OGP-ის წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, შექმნილია სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. IDFI-იმ და საბჭოს წევრმა სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციებმა რამდენჯერმე მიმართეს საქართველოს მთავრობას და მის ადმინისტრაციას ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრის შექმნასთან (ასევე, EITI-ში გაწევრიანებასთან) დაკავშირებით, თუმცა საქართველოს მთავრობა მზაობას არ გამოხატავს აღნიშნული ვალდებულების აღებასა და განხორციელებაზე.
დღეის მდგომარეობით, საქართველოში ბენეფიციარ მესაკუთრეთა ერთიანი რეესტრის არარსებობის პირობებში ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია ონლაინ ხელმისაწვდომია მხოლოდ კომერციული ბანკების საქმიანობის, მაუწყებლობის სფეროს და ცალკეული მსხვილი კომპანიების შესახებ.
ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის (MONEYVAL) მიერ 2020 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რომლითაც ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ 2012 წელს გაცემულ რეკომენდაციებთან საქართველოს შესაბამისობა შეფასდა, ქვეყანას 40 რეკომენდაციიდან სრულად შესრულებული აქვს ექვსი რეკომენდაცია, მეტწილად შესრულებული - 21, ნაწილობრივ - 12, ხოლო შეუსრულებელია ერთი რეკომენდაცია. 2022 წელს ასევე გამოქვეყნდა 4 კონკრეტული რეკომენდაციის (22-ე, 28-ე, 29-ე და35-ე) მიმართულებით განხორციელებული პროგრესის საკონტროლო ანგარიში და შედეგად 29-ე რეკომენდაცია შეფასდა როგორც მეტწილად შესრულებული.
გამჭვირვალობა და ბენეფიციარი მესაკუთრეების საკითხს 24-ე რეკომენდაცია ეხება და მასთან მიმართებით MONEYVAL-მა საქართველოში რამდენიმე ხარვეზი გამოავლინა. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, საქართველოში იურიდიულ პირებთან მიმართებით არსებული რისკები სრულყოფილად არ გაანალიზებულა. ამავდროულად, ანგარიშმა მიუთითა, რომ ბენეფიციარი საკუთრების შესახებ არსებული ინფორმაციის მიღების მექანიზმები ზუსტი და განახლებული ინფორმაციის დროულად მიღების შესაძლებლობას ვერ უზრუნველყოფს. ეს მექანიზმები ასევე ვერ უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირის განსაზღვრას, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ბენეფიციარი მესაკუთრეობის შესახებ ინფორმაციის შენახვაზე ან ანგარიშვალდებული იქნებოდა ხელისუფლების წინაშე. ასევე, ხაზი გაესვა, რომ არ არსებობს მექანიზმი, რომელიც შპს-ებში ნომინალური წილის მფლობელობის ბოროტად გამოყენებას აღკვეთავდა.
Moneyval-ის ანგარიშმა ბენეფიციარ მესაკუთრეების გამჭვირვალობასთან მიმართებით საქართველოსთვის გასცა რეკომენდაცია, რომ შეისწავლოს არსებული სისტემები და მიიღოს ზომები, რათა ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ სათანადო, ზუსტი და განახლებული ინფორმაცია ყოველთვის დროულად ხელმისაწვდომი იყოს კომპეტენტური ორგანოებისთვის. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ ეფექტიან ზომად შეფასების გუნდმა ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ცენტრალიზებული და სისტემატიზებული მონაცემთა ბაზის შექმნა მიიჩნია.
MONEYVAL-ის და FATF-ის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ, მათ შორის ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისკენ, საქართველოს მთვარობას ვენეციის კომისიამაც მოუწოდა. დეოლიგარქიზაციის კანონის განხილვის დასკვნაში იკითხება რომ ძალაუფლების ერთი პირის ხელში კონცენტრაციასთან საბრძოლველად ქვეყნების უმრავლესობაში შემუშავებულია და მოქმედებს ურთიერთშეკავშირებული საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სხვა ზომები. ამგვარ ზომებს შორისაა კონკურენციის სფეროში ეფექტიანი პოლიტიკა, ბრძოლა კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან, მედიის პლურალიზმის უზრუნველყოფა, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დადგენა და ა.შ.
ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის უმჯობესი იქნება მისი საჯარო რეესტრის სისტემაში გაერთიანება, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ინფორმაცია სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების შესახებ, მათ შორის იურიდიული პირების პარტნიორების შესახებ. მაქსიმალური ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია მონაცემები ხელმისაწვდომი იყოს ღია ფორმატში, საერთაშორისოდ დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისად, რათა რეესტრი იყოს ურთიერთთავსებადი სხვა რეესტრებთან, ასევე სხვა ქვეყნების ანალოგიურ რეესტრებთან, და ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეთ მონიტორინგის წარმოების საშუალება.
ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ მონაცემების შეგროვების და დამუშავების ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და აპრობირებულ სტანდარტებს ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები წარმოადგენს. FATF არის 39 წევრი ქვეყნისგან შემდგარი მთავრობათაშორისი ორგანო, რომელიც ადგენს საერთაშორისო სტანდარტებს ფულის გათეთრების, ნარკოტიკებით ვაჭრობის, იარაღით უკანონო ვაჭრობის, კიბერ თაღლითობის, ტერორიზმის დაფინანსების და სხვა მძიმე დანაშაულების პრევენციის მიზნით. ამჟამად 200-ზე მეტ ქვეყანას და იურისდიქციას აქვს აღებული FATF-ის სხვადასხვა სტანდარტების დანერგვის ვალდებულება.
კონკრეტულად ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობას ეხება FATF-ის 24-ე რეკომენდაცია, თუმცა აღსანიშნავია რომ მოცემული სტანდარტები ზოგად ხასიათს ატარებს. ამ მხრივ უფრო დეტალურ ჩაშლას გვთავაზობს Open Ownership-ის (OO) ბენეფიციარი საკუთრების მონაცემთა სტანდარტი (BODS), რომელიც განსაზღვრავს მონაცემების ერთიან ფორმატს და უზრუნველყოფს ბენეფიციარი საკუთრების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, მიმოცვლის და გამოქვეყნების თანმიმდევრულ მეთოდს. მოცემულ ცხრილზე ასახული ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ მონაცემების ძირითადი კატეგორიების, ქვეკატეგორიების, და კომპონენტების არასრული ნუსხა BODS სტანდარტის შესაბამისად, სრულყოფილი ტექნიკური გზამკვლევი ხელმისაწვდომია თავად Open Ownership-ის შესაბამის ვებგვერდზე.
ლუქსემბურგის სასამართლოში ლუქსემბურგული კომპანიის და მისი ბენეფიციარი მფლობელის მიერ შევიდა ორი სარჩელი ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრებზე საჯარო წვდომის შეზღუდვის მოთხოვნით. ლუქსემბურგის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც საქმე გაგრძელდა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში, რომელმაც არამართლზომიერად სცნო ბენეფიციარ მესაკუთრეებზე ინფორმაციის ღიად ხელმისაწვდომობა და მიზეზად ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის 7-ე (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და 8-ე (პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება) მუხლებთან შეუსაბამობა დაასახელა.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის მიღებას წინ უნდა უძღვოდეს „ლეგიტიმური ინტერესის” დასაბუთება, როგორც ეს AMLD4-ში იყო გაწერილი. AMLD5-ის მიერ ამ დებულების გაუქმებას და რეესტრების სრულიად გასაჯაროებას საფუძვლად ედო ევროკომისიის არგუმენტი, რომ ლეგიტიმური ინტერესის კონცეფცია ბუნდოვანი და რთულად ინტერპრეტირებადია. თუმცა, სასამართლო აცხადებს, რომ ნორმატიული ტერმინის ინტერპრეტირების სირთულე „არ არის საკმარისი საფუძველი ევროკავშირის კანონმდებლობით ამ ინფორმაციაზე საჯარო წვდომის უზრუნველყოფის დავალდებულებისთვის“ (პარაგრაფი 72).
სასამართლო ასევე ეხმაურება მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საკითხს და აცხადებს, რომ „პრესას, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აქვთ ბენეფიციარ მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის ლეგიტიმური ინტერესი“. (პუნქტი 74). ეს მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ გახდება გამომძიებელი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის საფუძველი, თუმცა მოსალოდნელია, რომ პრაქტიკაში ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემებზე წვდომა პროცედურულად კიდევ უფრო გართულდება.
ევროპარლამენტის ეკონომიკურ და მონეტარულ საკითხთა კომიტეტმა და სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა ერთობლივად განაცხადეს, რომ წევრ ქვეყნებში ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრი დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. ევროპარლამენტარებმა ასევე მოითხოვეს წევრი ქვეყნების რეესტრების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობის ერთიანი ჩარჩოს მიღება (ლეგიტიმური ინტერესის დადასტურების შემთხვევაში წვდომის უფლება უნდა ვრცელდებოდეს ყველა წევრი ქვეყნის რეესტრზე).
გარდა ამისა, 2023 წლის 28 მარტს, ევროპარლამენტის ეკონომიკისა და მონეტარულ საკითხთა კომიტეტის და სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის ევროპარლამენტარებმა კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ახალ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებას ემსახურება და მოიცავს სამ ძირითად ინიციატივას. კერძოდ:
- ევროკავშირის „ერთიანი სახელმძღვანელო“ რეგულაცია, რომელიც მოიცავს დებულებებს Due dilligence პრაქტიკის, ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობისა და ანონიმური ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების შესახებ (კრიპტო-აქტივები და ახალი სუბიექტები, როგორიცაა ე.წ. crowdfunding პლატფორმები).
- ფულის გათეთრების წინააღმდეგ ევროკავშირის მეექვსე დირექტივა (AMLD6), რომელიც შეიცავს დებულებებს ეროვნულ საზედამხედველო და ფინანსური დაზვერვის განყოფილებების შესახებ, ასევე კომპეტენტური ორგანოებისთვის საჭირო და სანდო ინფორმაციაზე წვდომის გარანტიებს, მათ შორის ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრებზე. დამატებით მოიცავს ბენეფიციარი საკუთრების შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით უძრავი ქონების რეესტრების შექმნის ახალ ვალდებულებას და ითვალისწინებს დამატებით პასუხისმგებლობებს და უფლებამოსილებებს ბენეფიციარი საკუთრების რეესტრებზე პასუხისმგებელი ორგანოებისთვის, რათა უზრუნველყონ ბენეფიციარი საკუთრების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება. ახალი დირექტივა ასევე განსაზღვრავს კონკრეტულ ამოცანებს ფინანსური მონიტორინგის ეროვნული სამსახურებისთვის (FIUs) და ადგენს მათ შორის თანამშრომლობის ჩარჩოებს.
- ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ ორგანოს ჩამოყალიბების ინიციატივა, რომელსაც ექნება საზედამხედველო და საგამოძიებო უფლებამოსილებები და იურისდიქცია ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის ფარგლებში.
კიდევ ერთი საკითხი რომლის AMLD6-შ გათვალისწინებას სამოქალაქო სექტორი აქტიურად ადვოკატირებს ლეგიტიმური ინტერესის ცნებაა, რომელსაც მეოთხე დირექტივის ფარგლებში ბევრი ხარვეზი ჰქონდა (რაც გახდა მისი შემდგომში მეხუთე დირექტივით საყოველთაო წვდომის ვალდებულების მიზეზი გახდა). უპირველეს ყოვლისა, ლეგიტიმური ინტერესის დადგენის მიზნით ყველა წევრი ქვეყანა იყენებდა განსხვავებულ კრიტერიუმებს. სუბიექტი ერთ ქვეყანაში შეიძლება აღიარებული ყოფილიყო ლეგიტიმური ინტერესის მქონედ და მიეღო წვდომა შესაბამის რეესტრზე სხვებში კი არა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები ღია წერილით მოითხოვენ AMLD6-ში კონკრეტული და ერთგვაროვანი ზომების გათვალისწინებას და ამგვარი დისკრეციის ბოროტად გამოყენების პრევენციის გარანტიებს. ღია წერილში ყურადღება ასევე გამახვილებულია რეესტრების მომხმარებლების კონფიდენციალურობის დაცვაზე. ვინაიდან ევროკავშირში ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრები სავარაუდოდ დაუბრუნდება მომხმარებლის რეგისტრაციის რეჟიმს, AMLD6-მა უნდა უზრუნველყოს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს მონაცემების გაზიარება კომპანიებთან ან მათ ბენეფიციარ მფლობელებთან ბენეფიციარი საკუთრების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის შესახებ. ეს აუცილებელია ერთი მხრივ საეჭვო კომპანიებისთვის რეაგირების საშუალების აღსაკვეთად, ხოლო მეორე მხრივ გამომძიებელ ჟურნალისტებზე ზეწოლის პრევენციისთვის.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს კვლავ შეუსრულებელი აქვს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით აღებული საერთაშორისო ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის შედის ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის თვალსაზრისით მისაღები ზომები. ამის პარალელურად, საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება ბოლო წლებში რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული იურიდიული პირების ზრდის ფონზე, რაც მოითხოვს მკვეთრ რეაგირებას მათი დაფინანსების წყაროებისა და აქტივობების მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
საქართველის არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არ არის საკმარისი აქტუალურ გამოწვევებზე საპასუხოდ. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ერთიანი რეესტრის შექმნა, მათ შორის მონაცემების ღია ფორმატში შეგროვება, დამუშავება, და შენახვა, რათა სამომავლო პერსპექტივაში რეესტრი იყოს ურთიერთთავსებადი და იძლეოდეს მონაცემების მიმოცვლის შესაძლებლობას სხვა ქვეყნების ანალოგიურ რეესტრებთან.
ECJ-ის გადაწყვეტილება უთუოდ იქონიებს მასშტაბურ გავლენას ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის მიმართულებით მიმდინარე გლობალურ პროცესებზე. მოსალოდნელია, რომ გარკვეული გავლენა ირიბად გავრცელდეს ევროპის გარეთ, ისეთ ქვეყნებზე რომლებიც არ ექვემდებარებიან ECJ-ის იურისდიქციას და ამჟამად მუშაობენ ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით კანონმდებლობის გარდაქმნაზე და შემუშავებაზე.
მიუხედავად იმისა რომ, ECJ-ს გადაწყვეტილება არამართლზომიერად მიიჩნევს რეესტრების საჯაროობას, იგი არ უნდა გახდეს მედიისთვის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვის საფუძველი, ვინაიდან თავად სასამართლო აღიარებს და აღნიშნავს ამ სუბიექტების „ლეგიტიმურ ინტერესს” და ამასთანავე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აქტიურად მუშაობენ ლეგიტიმური ინტერესის მქონე პირებისთვის მონაცემთა ბაზებზე თავისუფალი წვდომის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ჩარჩოების შემუშავებაზე.