საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განხორციელება დაიწყო

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 18 დეკემბერი 2015

2015 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით - 76 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - მიიღო ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც ითვალისწინებს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნას. კერძოდ, აღნიშნული ცვლილებებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ემატება ,,უ2“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად საპარლამენტო გამჭვირვალობის, სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქმნის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს.


ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს (შემდგომში - საპარლამენტო საბჭო) შექმნის ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით, რომელიც შემუშავდა ინტერფრაქციული და ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფების მუშაობის შედეგად და დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ 2015 წლის 17 ივლისს.


რეგლამენტში ცვლილების შეტანით, საქართველოს პარლამენტმა დაიწყო საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის, საქართველოს მოქალაქეებისა და ღია მმართველობის პარტნიორობის წინაშე აღებული, ვალდებულებების შესრულება.


საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში საპარლამენტო საბჭოს შექმნის შესახებ ცვლილებების უშუალო ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი და ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ კორძაია.

 

საპარლამენტო საბჭოს შემადგენლობა და დებულება მტკიცდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 2831). საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობრივად ითვლება საპარლამენტო საბჭოს წევრად, რომელიც თვითონ ხელმძღვანელობს საპარლამენტო საბჭოს ან ავალებს საბჭოს ხელმძღვანელობას მის რომელიმე წევრს.


საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის თანახმად, საპარლამენტო საბჭოსთან დაარსდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული საკონსულტაციო საბჭო, რომლის მიზანი იქნება საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის მხარდაჭერა.


საპარლამენტო საბჭოს მსგავსი ინსტიტუციონალიზებული მოდელი არსებობს ჩილეში გამჭვირვალობის ორპალატიანი კომიტეტის სახით, ასევე, მექსიკაში, მექსიკის სენატის ინფორმაციისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კომიტეტის სახით.


2016 წლის იანვრიდან იგეგმება საპარლამენტო საბჭოს დაკომპლექტება და საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად სამუშაო ჯგუფების შექმნა.

 

აღსანიშნავია, რომ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნის იდეა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ (IDFI) ეკუთვნის. IDFI გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ახორციელებდა ,,ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერის" პროექტს, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფების ფუნქციონირებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 2015-2016.

 

საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა 18 ვალდებულებას ითვალისწინებს მათ შორის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს შექმნას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ინტერფრაქციული პრინციპის საფუძველზე და უზრუნველყოფს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელების მონიტორინგი.

 

/public/upload/IDFI/OGP/file-18122015-1.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024