დისკუსია - საქართველოს ინტერნეტიზაცია და ფართოზოლოვანი განვითარება

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 13 ოქტომბერი 2015

პარასკევს, 9 ოქტომბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით გაიმართა დისკუსია სახელწოდებით „საქართველოს ინტერნეტიზაცია და ფართოზოლოვანი განვითარება“. დისკუსია ჩატარდა პროექტ „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა“-ს ფარგლებში. მოცემული სტატია გამოქვეყნდა პროექტის ბლოგზე

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და განიხილეს საქართველოს ინტერნეტიზაციისაა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისების განვითარების გამოწვევები და სამოქმედო გეგმები. დისკუსიაში მომხსენებლებად* წარსდგნენ: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე - ირაკლი ქაშიბაძე; OpenNet-ის გენერალური დირექტორი - ანა ნაკაშიძე; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი - მარიკა სულაბერიძე; IDFI-ს მედიისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელი - უჩა სეთური, Alter Net-ის დირექტორი - მიხეილ გოთოშია; ააიპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივა“-ს დამფუძნებელი - ვლადიმერ სვანაძე; შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - მიხეილ ჯანიაშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ელექტრონული მმართველობის დეპარტამენტის უფროსი - გიგა პაიჭაძე.

 

დისკუსიის პირველ პანელში მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველოს ინტერნეტიზაციასა და ფართოზოლოვან განვითარებაზე, განიხილეს არსებული მდგომარეობა და შეაფასეს ამ კუთხით არსებული პრობლემები და სამომავლო გეგმები.

 

ირაკლი ქაშიბაძემ საზოგადოებას გააცნო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მისია, მისი სტრატეგია და ისაუბრა სააგენტოს როლზე ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროცესში. ქაშიბაძის განცხადებით, GITA-ს პრიორიტეტებში შედის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის უზრუნველყოფა მთელი ქვეყნის მასშტაბით და საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის გასაუმჯობესებლად არამარტო ტექნოპარკების და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების, არამედ საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის შექმნა და დახვეწა, ფინანსებთან ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანობის განვითარება და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კომერციალიზაცია. 

 

GITA-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ინტერნეტიზაციისთვის, მაღალ-სიჩქარიანი ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, იგეგმება ყველა იმ დასახლებული პუნქტის ინტერნეტით დაფარვა, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც აღემატება 200-ს. სტრატეგია მოიცავს ღია დაშვების წერტილების შექმნას 2000-მდე დასახლებულ პუნქტში და მოსახლეობის კომპიუტერული უნარ-ჩვევების განვითარებას, რეგიონებში ინტერნეტის მოხმარების ხელშეწყობისათვის. სტრატეგიის ფარგლებში ასევე იგეგმება კომპანია „ინტელთან“ ერთად რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპიუტერების შეღავათიან ფასში მიწოდება.

 

ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, ქაშიბაძემ ისაუბრა საქართველოში პირველი ტექნოპარკის მშენებლობის შესახებ და საზოგადოებას გააცნო ტექნოპარკის ფუნქციები და იქ არსებული ლაბორატორიების შესაძლებლობები. მან ასევე განიხილა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab) და საქართველოს ინოვაციების ლაბორატორიების ქსელი.

 

კონკურენტუნარიანობის განვითარების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს შორის დასახელდა ტრენერების გადამზადება, ღია დაშვების დისტანციური სწავლების განვითარება, კერძო კომპანიების კონკურენტუნარიანობისა და მეცნიერების უნარების ამაღლება ინოვაციების კომერციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით. ქაშიბაძის განცხადებით, 2020 წლისთვის იგეგმება 40 000 სპეციალისტის გადამზადება და სტარტაპების ხელშეწყობა.

 

ფინანსებთან წვდომის მხრივ, ქაშიბაძემ ისაუბრა მინი გრანტების პროგრამაზე, რომლის მიზანიც ბაზარზე ორიენტირებული ტექნოლოგიურო პროექტების და პროდუქტების განვითარების ხელშეწყობაა. 50 000 ლარიანი გრანტი, რომელმაც უკვე დააფინანსა 17 ინოვაციური პროექტი, განკუთვნილია 150 ფიზიკური პირის, არაკომერციული ორგანიზაციისა და ინსტიტუტებისთვის და მოიცავს 12 თვიან პერიოდს.

 

GITA-ს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ინოვაციური ეკოსისტემის ინსტიტუციურ მხარდაჭერაზე და განიხილა სტრატეგია „ინოვაციური საქართველო 2020“. პრეზენტაციის დროს ქაშიბაძე შეეხო სტრატეგიის საინფორმაციო საზოგადოების კომპონენტებს და ყურადღება გაამახვილა საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

 

ქაშიბაძის განცხადებით, სააგენტოს სამომავლო გეგმებში შედის ინფრასტრუქტურის მასშტაბირება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განსავითარებლად და ინოვაციების კომერციალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება.

 

OpenNet-ის გენერალურმა დირექტორმა ანა ნაკაშიძემ საზოგადოებას გააცნო ახლადშექმნილი ორგანიზაცია და ისაუბრა ორგანიზაციის ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარების სტრატეგიაზე და სამომავლო გეგმებზე.

 

არაკომერციული სამთავრობო ორგანიზაცია OpenNeT დაარსდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით. ნაკაშიძის განცხადებით, კომპანიის სტრატეგიულ ამოცანა ინფორმაციული ტექნოლოგიების შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებით და ქვეყნის რეგიონებში ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარებით, რეგიონის მასშტაბით ICT სფეროში საქართველოს წამყვან ქვეყანად ქცევაა. ნაკაშიძემ აღნიშნა, რომ OpenNet არის ოპერატორების მომსახურე კომპანია, რომელიც მომსახურეობას მიაწოდებს მცირე და დიდ ოპერატორებს და არა მომსახურების საცალო ბაზარზე მიმწოდებელი კომპანია, რომელიც ოპერატორების მსგავსად გაყიდის ინტერნეტს. შესაბამისად, ნაკაშიძის განცხადებით, სახელმწიფო არ აპირებს არსებული ინფრასტრუქტურის (მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების) დუბლირებას და არსებულ ოპერატორებთან კონკურენციაში შესვლას.

 

ნაკაშიძემ განიხილა OpenNet-ის პრინციპები და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში დაიცავს ღია დაშვების პრინციპს და ტექნოლოგიურ ნეიტრალიტეტს, რომელიც ერთის მხრივ ხელმისაწვდომს გახდის ინფრასტრუქტურას ყველა მომსახურების მიმწოდებლისთვის და მეორეს მხრივ, ქსელის ყველა პოტენციურ მომხმარებელს რესურსების შეუზღუდავად გამოყენების საშუალება მისცემს.

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება საქართველოს მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც მსგავსი ინფრასტრუქტურა არ არსებობს და მიზნად ისახავს საბოლოო მომხმარებლისთვის სასურველი მომსახურეობის და მიმწოდებლის შერჩევის შესაძლებლობას.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა - მარიკა სულაბერიძემ ისაუბრა ელექტრონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშემწყობი და მარეგულირებელი ღონისძიებების შესახებ.

 

ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების გავრცელების ხელშემწყობ მიმართულებად დასახელდა უსადენო ფართოზოლოვანი მიწისზედა მომსახურეობის და ელექტრონული საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება. სულაბერიძის განცხადებით, ამ მიმართულებით ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი ევროკომისიის დირექტივაა (Directive 2014/61/EU).

 

ინფრასტრუქტურის სფეროს გამოწვევების განხილვისას, აღინიშნა განმარტებების და რეგულირების, ნებართვის, და რეგისტრაციისა და დაცვის სირთულეები. სულაბერიძის განცხადებით, არსებული პრობლემების გადასაწყვეტად, განმარტებებისა და რეგულირების კუთხით, გამოიყენება ევროკომისიის შესაბამისი დირექტივა (Directive 2002/21/EC as amended by Directive 2009/140/EC) და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის რეგულირების ევროპული მოდელი.

 

ნებართვებთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვა ხდება ევროპული პერსპექტივის დანერგვით, რომელიც მოიცავს ერთი ფანჯრის პრინციპს (ერთიანი სისტემა რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ნებართვების გაცემას მაქს. 4 თვის ვადაში), დავების განხილვის (მარეგულირებელი კომისია, როგორც დავების განმხილველი ინფრასტრუქტურის მფლობელსა და ოპერატორებს შორის) და დაგეგმილი სამუშაოების ერთი საინფორმაციო წერტილის (სახელმწიფო თუ კერძო უწყებების მიერ დაგეგმილი სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების ერთიანი საინფორმაციო სისტემით უზრუნველყოფა) შექმნას. რეგისტრაციასა და დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად კი განიხილება ამერიკის მაგალითი, სადაც ენერგეტიკის, წყლის და სამშენებლო კომპანიებმა დაარსეს ალიანსი სამუშაოს კოორდინაციის, დაზიანებების აღრიცხვის სისტემის და დავების განხილვის მექანიზმის შესაქმნელად.

 

IDFI-ს მედია და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა ისაუბრა ინტერნეტიზაციის და ფართოზოლოვანი განვითარების პროცესზე და ამ მხრივ საქართველოში არსებულ პრობლემებზე. განვითარებულ ქვეყნებში პროცესის დაგეგმვისას გასათვალისწინებელ ნაბიჯებად დასახელდა არსებული პრობლემების გააზრება, კერძო და საჯარო სექტორის გრძელვადიანი და საშუალო ვადიანი საჭიროებების და ბოლო მომხმარებლის და მომსახურების მიწოდების მხარეს არსებული მდგომარეობის და პოტენციალის განსაზღვრა.

 

სეთურის განცხადებით, საქართველოში ფართოზოლოვანი განვითარების გეგმის არარსებობის გამო არის პროცესის მიმართ ნდობის ნაკლებობა; კორუფციისა და არაკონკურენტული ბაზრის მაღალი რისკები; არ არსებობს ერთიან გეგმა და კოორდინაცია; შეუძლებელია პროცესის მონიტორინგი და ხარვეზების წინასწარ შეფასება; ხდება რესურსების დუბლირება და არაეფექტური ხარჯვა, რაც თავის მხრივ ცალკეული უწყებების ინფრასტრუქტურული და პროგრამული პროექტების სიძვირეს იწვევს. გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი საინვესტიციო გარემოს გარდა, ასევე ხდება რეგიონების, სოციალურად დაუცველი და მცირე შემოსავლიანი მოქალაქეების და ბიზნესების დისტანცირება.

 

IDFI-ს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მოიცავდა - არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ერთობლივი კომისიის შექმნას ფართოზოლოვანი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის და მისი რეალიზაციის ზოგადი გეგმის შესამუშავებლად. სეთურის განცხადებით, ასევე აუცილებელია თითოეულ მიმართულებაზე განისაზღვროს პასუხისმგებელი უწყება და მომზადდეს კვარტალური ღია ანგარიშები გეგმის და სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, სადაც ჩართული იქნება კომერციული სექტორი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და სამოქალაქო საზოგადოება ყველა სხვა დაინტერესებულ პირთან ერთად. ასევე ხაზი გაესვა გამჭვირვალობის და ღიაობის როლს დაგეგმარების და პროექტის განხორციელების პროცესში.

 

Alter Net-ის დირექტორმა მიხეილ გოთოშიამ ყურადღება გაამახვილა სტრატეგიის არარსებობაზე OpenNet-ის მიერ დაგეგმილ ფართოზოლოვანი მომსახურეობის განვითარების პროცესში. პრობლემად ასევე დასახელდა ტარიფების საკითხი, გადამხდელუნარიანი მოსახლეობის ნაკლებობა რეგიონებში და განსხვავებული დაშვების ფასი სხვადასხვა ოპერატორებს შორის.

 

პანელის დასრულების შემდეგ, მომხსენებლებს შემაჯამებელი კომენტარის გაკეთების საშუალება მიეცათ, რის შემდეგაც დისკუსია წარიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში მოწვეულ სტუმრებთან ერთად.

 

დისკუსიის მეორე პანელი დაეთმო სახელმწიფო ელექტრონული სერვისების განვითარებას. პანელის პირველმა მომხსენებელმა, “ინტერნეტის განვითარების ინიციატივა”-ს დამფუძნებელმა - ვლადიმერ სვანაძემ ისაუბრა კიბერუსაფრთხოების ახალ გამოწვევებზე საქართველოში.

ყველაზე დაუცველ სექტორებად დასახელდა საბანკო და სხვა საფინანსო ინსტიტუტები, საფონდო ბირჟები, ბირთვული ელექტროსადგურები, წყლის მომარაგებისა და გამწმენდი სისტემები და პერსონალური მონაცემების და ელექტრონული მმართველობის ბაზები.

 

სვანაძემ თავდაპირველად განიხილა მსოფლიოს კიბერ სივრცის მთავარი მოთამაშეები და ამ სფეროში არსებული გამოწვევები. არსებული მდგომარეობის განხილვისას, სვანაძემ საზოგადოებას გააცნო საქართველოს კიბერუსაფრთხოების სამართლებრივი სივრცე და ისაუბრა ქვეყნის კიბერუსაფრთხოების მთავარ სუბიექტებზე. დღეისათვის არსებულ პრობლემებად დასახელდა საკანონმდებლო ბაზისა და საერთაშორისო სტანდარტების არარსებობა, საზოგადოების დაბალი ცნობიერება და სპეციალისტების არასაკმარისი რაოდენობა.

 

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა - მიხეილ ჯანიაშვილმა ისაუბრა სამინისტროში დანერგილ ინფორმაციულ სისტემებზე და სამინისტროს ელექტრონული სერვისების სამომავლო გეგმებზე.

 

ჯანიაშვილმა განიხილა სამინისტროში მიმდინარე ორი პროექტი - ჯანდაცვის ელექტრონული მოდელი (HMIS) და ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების პროგრამა (EMR). ჯანდაცვის ელექტრონული მოდელი ფარავს ჯანდაცვის სექტორის ფინანსურ მხარეს. სისტემა ხელს უწყობს სხვადასხვა შემთხვევის აღწერას და პაციენტისთვის შესაბამისი ანაზღაურების უზრუნველყოფას, თუკი აღნიშნული შემთხვევა სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შედის. ჯანიაშვილის განცხადებით, ამ სისტემაში უკვე დარეგისტრირებულია 2 მილიონამდე მოქალაქე.

 

ჯანდაცვის ელექტრონული მოდელისგან განსხვავებით, ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების პროგრამა მოიცავს მხოლოდ პაციენტის სამედიცინო ისტორიის აღრიცხვას. პროგრამის საშუალებით შესაძლებელი ხდება სამედიცინო ინფორმაციის გაცვლის სტანდარტის დანერგვა და მოქალაქისა და ექიმის პორტალის შექმნა. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია აპლიკაციის შექმნა, რომლის მეშვეობითაც მოხერხდება ექიმთან ვიზიტის დანიშვნა და აფთიაქებისა და მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

 

ჯანიაშვილის განცხადებით, 2014-2015 წლებისთვის გაწერილი სტრატეგიის მიხედვით მიმდინარეობს ამ ორი სისტემის სინქრონიზაცია და 2015 წლის ბოლოსთვის უკვე იგეგმება ელექტრონული სამედიცინო ინფორმაციის ბაზის შექმნა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ელექტრონული მმართველობის დეპარტამენტის უფროსმა - გიგა პაიჭაძემ ისაუბრა დეპარტამენტის ფუნქციასა და სამომავლო გეგმებზე. პაიჭაძის განცხადებით, ელექტრონული მმართველობის დეპარტამენტს სტრატეგიულ დონეზე ევალება ელექტრონული მმართველობის სფეროში სხვადასხვა სამინისტროში მიმდინარე ამოცანების კოორდინირება, სამომავლო სტრატეგიებზე მუშაობა და გეგმების გაწერა. პაიჭაძემ აღნიშნა რომ დეპარტამენტის სამომავლო სტრატეგია შემდგარი იქნება სხვადასხვა უწყებების სტრატეგიების ნაწილებისგან, კერძოდ კი საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიის და “ინოვაციური საქართველო 2020”-ის ზოგადი პრინციპებისაგან.

 

ელექტრონული მმართველობის დეპარტამენტის უფროსმა საზოგადოებას ასევე გააცნო ახლადშექმნილი საკონსულტაციო საბჭო, რომელიც 35 სხვადასხვა სამინისტროსა და სსიპის IT სპეციალისტებისაგან შედგება. პაიჭაძის განცხადებით, საბჭოს ევალება კონსესუსის გზით სხვადასხვა საკითხის გადაჭრა, უწყებებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობა და მონიტორინგის განხორციელება.

 

* მომხსენებელთა სახელებს დართული აქვთ მათი პრეზენტაციის ბმულები

 

დისკუსიის ჩანაწერი იხილეთ მოცემულ ბმულებზე:

 

იხილეთ ფოტო ალბომი

იხილეთ ღონისძიების მედია გაშუქება

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024