განცხადება სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის აუცილებლობის შესახებ

განცხადებები 18 სექტემბერი 2019

 

ააიპ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) წლების განმავლობაში აქტიურად აკვირდება საქართველოს ბიუროკრატიული სისტემის გამოწვევებს. ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით, ნებისმიერი ხელისუფლების მნიშვნელოვანი გამოწვევაა სახელმწიფო მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების რაციონალური განკარგვა, რადგან სახელმწიფო ავტოპარკის პერიოდული განახლება და შენახვა მნიშვნელოვან დანახარჯებთანაა დაკავშირებული.


ჯერ კიდევ, 2017 წელს IDFI-ს კვლევის - ბიუროკრატიული სისტემის გამოწვევები საქართველოში (2011-2016), ფარგლებში ნათლად გამოჩნდა რომ, სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციის პროცესი მნიშვნელოვანი შეფერხებებით მიმდინარეობდა. ამასთან, მიუხედავად საწვავის მოხმარებაზე კონტროლის სხვადასხვა მექანიზმების დანერგვისა, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა სამსახურეობრივი ავტომობილების არამიზნობრივი გამოყენების კონტროლის სისუსტეები. ასევე, 2019 წელს IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკი და საწვავის ხარჯები (2017-2018), წარმოდგენილი გუბერნატორების ადმინისტრაციების ბიუროკრატიული აპარატის ავტოპარკის მასშტაბი, არაეკონომიური მაღალი გამავლობის და ძვირადღირებული მოდელების მაჩვენებლები და საწვავის მოხმარების არსებული მაჩვენებლები, ცალსახად ოპტიმიზაციის და კონტროლის მექანიზმების გამკაცრების აუცილებლობაზე მიუთითებდა.


2019 წლის 13 სექტემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა, სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხების უწყებათაშორისი სისტემური შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, სადაც წარმოდგენილია ჯამში 34 უწყების 2017 წლის მონაცემები. აუდიტის სამსახურის მიერ საჯარო დაწესებულებებში დაცულ დოკუმენტაციაზე შეუზღუდავი წვდომის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მძაფრად გამოჩნდა სახელმწიფო ავტოპარკის განკარგვასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები, რომელიც უკავშირდება ავტოპარკის ოპტიმიზაციის თუ მათი შესყიდვების პროცესს, საწვავის ხარჯვას და სხვა.


IDFI მიესალმება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მსგავსი მასშტაბური აუდიტის განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სისტემური ნაკლოვანებების გამოაშკარავებას. ინსტიტუტი იზიარებს აუდიტის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების სულისკვეთებას, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ავტოპარკზე გასაწევი ხარჯების შემცირების მიზნით, სახელმწიფო კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას, ავტომობილების გამოყენებისა და საწვავის მოხმარების კონტროლის მექანიზმების გამკაცრებას და სხვა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები მთელ რიგ შემთხვევაში თანხვედრაშია IDFI-ს რეკომენდაციებთან, კერძოდ სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვასთან, „ჩიპების“ მონიტორინგთან და სხვა საკითხებთან.


IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშსა და ინსტიტუტის კვლევებში სახელმწიფო ავტოპარკის განკარგვასთან დაკავშირებით გამოვლენილ სისტემურ ნაკლოვანებებზე განახორციელოს საპარლამენტო კონტროლი და არსებული რეკომენდაციების შესრულების მიზნით უზრუნველყოს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება. მათ შორის, მნიშვნელოვანია დაიწყოს მსჯელობა, სახელმწიფო ავტოპარკის ცენტრალიზებული სერვისის ჩამოყალიბების შესახებ, რომლის მართვაშიც მოექცევა ყველა სახელმწიფო ავტომანქანა.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024