IDFI-ის განცხადება საჯარო მოხელეთა სახელფასო სარგოსა და პრემიების გაცემის ერთიანი წესის თაობაზე

განცხადებები 23 ივნისი 2014

დღეს 23 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ გააკეთეს განცხადება საჯარო მოხელეთა სახელფასო სარგოსა და პრემიების გაცემის ერთიანი წესის შემუშავების შესახებ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მთავრობა თანამდებობრივი სარგოებისა და პრემირების ერთიან წესზე მუშაობს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, აღნიშნული პროექტი მთავრობის სხდომას ხუთშაბათს, 26 ივნისს წარედგინება, ხოლო ფართო საზოგადოებისთვის საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის წარდგენა 1 ივლისისთვის არის დაგეგმილი.


პროექტის ფარგლებში, დადგინდება სამთავრობო უწყებებში პრემიის ზღვრული ოდენობა, პრემიის გაცემის პერიოდულობა, პრემიის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების წრე და პრემიის გაცემის მიზნობრიობა. კერძოდ, განისაზღვრება, რომ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე ერთჯერადად გაცემული პრემიის მაქსიმალური ოდენობა მის თანამდებობრივ სარგოს არ უნდა აღემატებოდეს. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში მხოლოდ ერთხელ, შესაბამისი დასაბუთებით. ხელმძღვანელ პირებზე გავრცელდება შეზღუდვა მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარ თავზე პრემიის გამოწერის თაობაზე. ამას გარდა, საჯარო დაწესებულებებში დაინერგება შეფასების ერთიანი სისტემები.


IDFI მიესალმება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე ცვლილებებს და შეგახსენებთ, რომ ინსტიტუტი საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით წლების მანძილზე მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას საჯარო მოხელეთა ანაზღაურების ერთიანი სისტემის შემოღებისკენ. კერძოდ, ინსტიტუტის აზრით, მნიშვნელოვანია რომ კანონმდებლობით განისაზღვროს საჯარო მოხელეებისათვის პრემიის მინიჭების წესი, პრემიის მინიჭების კრიტერიუმები და პრემიის ოდენობის ფარგლები, საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი ანაზღაურება საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგირების მიხედვით და საჯარო სამსახურში შრომითი კანონმდებლობის საფუძველზე დასაქმებული პირების ფინანსური გარანტიები.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განცხადებაში არ არის ნახსენები საჯარო სამსახურში სახელფასო დანამატის გაცემის წესის რეგულირების საკითხი, რომელიც საჯარო სამსახურში ანაზღაურების სისტემის ნაწილს წარმოადგენს. IDFI-ის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამსახურში დარეგულირდეს არა მხოლოდ პრემირების, არამედ სახელფასო დანამატის გაცემის სისტემა და რომ თანამდებობრივი სარგოებისა და პრემიების სისტემის ცვლილება არ იყოს ერთჯერადი ქმედება, არამედ განხორციელდეს საჯარო სამსახურის რეფორმის კონტექსტში. რეფორმამ, გარდა ანაზღაურების სისტემისა, ასევე, კომპლექსურად უნდა მოაწესრიგოს საჯარო სამსახურთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, კერძოდ, განსაზღვროს საჯარო მოსამსახურეთა კლასიფიკაცია, უზრუნველყოს საჯარო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიები, საჯარო მოსამსახურეთა განათლების, მომზადებისა და გადამზადების სისტემა და ა.შ. ვთვლით, რომ სწორედ ასეთი სისტემური მიდგომა შეუწყობს ხელს საქართველოში საჯარო სამსახურის თანამედროვე მოდელის ჩამოყალიბებას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024