OECD-ACN-ის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების უმრავლესობა შეუსრულებელია

სიახლეები | კარგი მმართველობა | პუბლიკაციები | ანალიზი 14 მარტი 2018

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციულმა ქსელმა (OECD-ACN)2018 წლის თებერვალში გამოაქვეყნა პირველი პროგრესის ანგარიში, რომელიც აფასებს მის მიერ საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმების მეოთხე რაუნდის შეფასების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში. 22 გაცემული რეკომენდაციიდან მხოლოდ ორმა აჩვენა „მნიშვნელოვანი პროგრესი“, 10 მათგანში „პროგრესი“, ხოლო დანარჩენ 10-ში „პროგრესის არარსებობა“ დაფიქსირდა.


ანტიკორუფციული ქსელის მეთოდოლოგიის შესაბამისად, რეკომენდაციების შესრულების შეფასებისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:


- მნიშვნელოვანი პროგრესი – სახელმწიფომ გაატარა მნიშვნელოვანი პრაქტიკული ღონისძიებები რეკომენდაციის მრავალი (ნახევარზე მეტი) ელემენტის ადეკვატურად შესასრულებლად. ეს შესაძლოა მოიცავდეს კანონის მიღებას ან/და განხორციელებას.


- პროგრესი – სახელმწიფომ გაატარა ზოგი პრაქტიკული ღონისძიება რეკომენდაციის შესასრულებლად. მაგალითად, მთავრობამ კანონპროექტები, სულ მცირე, მოიწონა და წარადგინა პარლამენტში.


- პროგრესის არარსებობა – არანაირი ღონისძიება არ გატარებულა.


ანტიკორუფციული ქსელის მეოთხე რაუნდის ანგარიშის გამოცემიდან (2016 წლის ოქტომბერი) ერთი წლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციების დაახლოებით ნახევრის შესრულებისთვის არანაირი ნაბიჯი არ გადადგა, მნიშვნელოვანი ძალისხმევა მხოლოდ ორის შესასრულებლად გაიღო, ხოლო დანარჩენი 10 რეკომენდაციის შემთხვევაში გარკვეული ზომები იქნა მიღებული.


ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციები მრავალ მიმართულებას ფარავს, რომელიც ოთხ ძირითად საკითხში ერთიანდება: 1. ანტიკორუფციული პოლიტიკა, 2. კორუფციის პრევენცია, 3. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გავრცელება კორუფციულ დანაშაულებზე და 4. კორუფციის პრევენცია და სისხლისსამართლებრივი დევნა შერჩეულ სექტორში – ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვები.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურად იყო ჩართული ანტიკორუფციული ქსელის მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიშის შემუშავებაში და შეფასების მისიას აწვდიდა ინფორმაციას. IDFI-მ ასევე მიიღო მონაწილეობა ანტიკორუფციული ქსელის პლენარული სხდომის დისკუსიებში, რომელიც გაიმართა ანგარიშის მიღებამდე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის სათაო ოფისში, პარიზში, 2016 წლის ოქტომბერში.


2017 წლის აგვისტოში, IDFI-მ ანტიკორუფციულ ქსელს მიაწოდა ყოვლისმომცველი ინფორმაცია ალტერნატიული პროგრესის ანგარიშის სახით (იხილეთ მიბმული დოკუმენტი ინგლისურ ენაზე). IDFI-ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია თითქმის სრულად აისახა საბოლოო პროგრესის ანგარიშში.. მეტიც, IDFI-ისა და ანტიკორუფციული ქსელის შეფასებების უმრავლესობა ერთმანეთს ემთხვევა.

 

ანტიკორუფციული ქსელის მეოთხე რაუნდის ანგარიშის შეჯამებაში აღნიშნული იყო, რომ საქართველო შესაძლოა მაღალი დონის, კომპლექსური კორუფციის გამოწვევის წინაშე იდგეს. ამ გამოწვევასთან ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, ანგარიშში აისახა რამდენიმე რეკომენდაცია საქართველოს მთავრობისთვის. მათ შორის იყო მე-3 რეკომენდაცია, რომელიც მოუწოდებდა მთავრობას გადაეხედა ანტიკორუფციული საბჭოს პრაქტიკისთვის და გამოევლინა მაღალი დონის კორუფციულ შემთხვევებთან გამკლავების გზები და აღსრულების საკითხები. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ ამ რეკომენდაციის განხორციელების ღონისძიებები ერთი წლის განმავლობაში ვერ გაატარა. მთავრობამ პროგრესი ვერც კორუფციის საკითხებზე განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ნაწილში აჩვენა (მეორე რეკომენდაცია).


ანტიკორუფციული ქსელის ექსპერტებმა მე-5 რეკომენდაციის შესრულების განხილვისას უარყოფითად შეაფასეს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულ თანამშრომლებზე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის გავრცელების შეზღუდვა და რეკომენდაცია განუხორციელებლად მიიჩნიეს. IDFI-მ თავის შეფასებაშიც სწორედ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების საჯარო სამსახურის შესახებ კანონისგან განთავისუფლება გააკრიტიკა.


ანტიკორუფციული ქსელის ექსპერტთა ჯგუფმა მე-8 რეკომენდაციის შეფასებაში მიუთითა, რომ მთავრობამ მხედველობაში უნდა მიიღოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კრიტიკა ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონთან დაკავშირებით და განიხილოს კანონში ცვლილებების შეტანა.


ანტიკორუფციული ქსელის მიერ მე-9 რეკომენდაციის შეფასებაში გაზიარებულია IDFI-ის შეშფოთება მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მიღების შემთხვევაში კიდევ უფრო შეზღუდავს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის გავრცელებას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებზე.


ინფორმაციის თავისუფლების აქტის შესახებ გაცემული რეკომენდაცია შეუსრულებელი დარჩა. კანონპროექტის შემუშავება 2014 წელს დაიწყო ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში. თუმცა, ამ დრომდე კანონპროექტი პარლამენტისთვის წარდგენილი არ არის და იგი მხოლოდ მოსაზრებების წარდგენისთვის მიეწოდათ დაინტერესებულ მხარეებს. ექსპერტთა ჯგუფმა შეფასებაში აღნიშნა, რომ „ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ცალკე მდგომი კანონის მიღება დიდი ხანია იგეგმება და კანონპროექტის ტექსტის შემუშავება მნიშვნელოვანი შეფერხებით მიმდინარეობს“.


ამავე რეკომენდაციაში, ანტიკორუფციულმა ქსელმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა „შექმნილიყო დამოუკიდებელი საჯარო უწყება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელებაზე ზედამხედველობის მიზნით ... და მიენიჭებინა შესაბამისი უფლებამოსილება, კერძოდ, სავალდებულო გადაწყვეტილებების გამოცემის უფლება.“ IDFI მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყების შექმნა სათანადო უფლებამოსილებით არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც კანონის მიღების შემდეგ უნდა გადაიდგას და ამავე კანონში აისახოს.


მნიშვნელოვანი პროგრესის სტატუსით შეფასდა მე-12 რეკომენდაციის განხორციელება – კეთილსინდისიერების ამაღლება მართლმსაჯულების სფეროში. თუმცა, რეკომენდაციის მესამე ნაწილის განხორციელებისთვის ღონისძიებები არ იყო გატარებული. კერძოდ, არ შემუშავდა მოსამართლეთა დაწინაურების შეჯიბრობითობის პრინციპზე დაფუძნებული პროცედურა, როდესაც ვაკანტური პოზიცია საჯაროდ იქნება გამოცხადებული და ნათლად გაიწერება დაწინაურების კრიტერიუმები. მეორე მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულ იქნა მე-18 რეკომენდაციის – იურიდიული პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობა – განხორციელების ნაწილში.


დანარჩენ რეკომენდაციებს პროგრესის სტატუსი მიენიჭა. მათ შორის იყო მე-7 რეკომენდაცია, რომელიც ეხებოდა დამსახურებაზე დაფუძნებულ დასაქმებასა და დაწინაურებას. თუმცა, რეკომენდაციის შეფასებაში აღნიშნული იყო, რომ „საჯარო სამსახურის ბიუროს შესაძლებლობების და მისი სტატუსის გასაძლიერებლად გადადგმული ნაბიჯების შესახებ, ისევე როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული დასაქმებისა და დაწინაურების წესების პრაქტიკაში განხორციელებისთვის, უწყებებში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ ინფორმაცია არ იყო მოწოდებული მთავრობის მიერ.“


საქართველომ ასევე პროგრესს მიაღწია მამხილებელთან დაცვის შესახებ განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ნაწილში. თუმცა, „მხილების არხების ეფექტიანობა არ შეფასებულა და სამართალდამცავი უწყებების მიერ შემდგომი ნაბიჯების გადადგმა და რეაგირება არ განხორციელებულა.“ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვების შესახებ რეკომენდაციების განხორციელების ნაწილში, პროგრესი არ დაფიქსირებულა „ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეკრულების წესების და პირობების სრულყოფილი ჩარჩოს“ შეთავაზებასთან მიმართებით.


IDFI მიიჩნევს, რომ პროგრესის არარსებობა 22 რეკომენდაციიდან 11-ის შემთხვევაში და მხოლოდ ორი მნიშვნელოვანი პროგრესი ერთი წლის განმავლობაში საგანგაშო ციფრებია. საჭიროა, საქართველოს მთავრობამ გააძლიეროს ძალისხმევა რეკომენდაციების განხორციელების მიზნით და გააგრძელოს ანტიკორუფციული სისტემის რეფორმა. ამასთან, მთავრობამ უნდა აღიაროს ქვეყანაში არსებული მაღალი დონისა და კომპლექსური კორუფციის რისკები და გაატაროს მნიშვნელოვანი რეფორმები მათ დასაძლევად.


ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი შეიქმნა 1998 წელს. მისი მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს წევრ ქვეყნებს კორუფციის პრევენციის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში. ანტიკორუფციული ქსელი უზრუნველყოფს რეგიონულ ფორუმს ანტიკორუფციული აქტივობების ხელშეწყობისთვის, კერძოდ, ანტიკორუფციული ზომების პრაქტიკული განხორციელებისთვის და ანტიკორუფციული სამართლებრივი აქტების ეფექტიანი აღსრულებისთვის, ინფორმაციის გაცვლისთვის, საუკეთესო პრაქტიკის შემუშავებისა და დონორთა კოორდინაციისთვის.


საქართველო ანტიკორუფციული ქსელის წევრი ქვეყანა 2003 წელს გახდა , რის შემდეგაც ქვეყანაში ბევრი რეფორმა განხორციელდა იმ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რომლებსაც ექსპერტთა ჯგუფი გასცემდა. საქართველოში დღემდე ოთხი შეფასების რაუნდი ჩატარდა. ამჟამად მთავრობა მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიშის განხორციელების პროცესშია.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა

31.07.2020

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2019

30.07.2020

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019 - 2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიშის პრეზენტაცია

28.07.2020

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართეს

23.07.2020
განცხადებები

შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის მიმართულებით აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა

21.07.2020

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო

08.07.2020

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის განცხადებას ავრცელებს

26.06.2020

მოვუწოდებთ კახა კალაძეს იფიქროს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე

24.06.2020
ბლოგპოსტები

კოვიდ-19-ის დროს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები

15.06.2020

Covid 19-ის გავლენა საარჩევნო პროცესებზე მსოფლიოში

11.06.2020

ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დამოუკიდებლობა

26.05.2020

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის მითვისება რუსული პროპაგანდის მიერ

08.05.2020