საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება და რეიტინგი რეფორმის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 9 სექტემბერი 2020

2020 წლის 18 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ, თანამდებობა დატოვა. ის აღნიშნულ პოზიციაზე 2017 წლის 6 იანვარს დაინიშნა. მოსვლიდან მალევე, დირექტორმა მასშტაბური რეფორმები დააანონსა. 2017 წლის თებერვალში, ვასილ მაღლაფერიძემ არხის რეორგანიზაციის შესაძლო მოდელი წარადგინა. აღნიშნული მოდელის თანახმად, არხზე კიდევ ერთი რეორგანიზაციის პროცესი დაიწყებოდა, რომლის მიზანი ტექნიკური გადაიარაღება, თანამშრომელთა და ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია, ახალი სამაუწყებლო ბადის შექმნა და ტელეარხისთვის ახალი შენობის შეძენა იყო.  რეფორმის ძირითად ამოცანად მაუწყებლის ტექნიკური განახლება, ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენება და გადაცემების რეიტინგის გაუმჯობესება დასახელდა. საბოლოო მიზანი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის გაზრდა იყო. ვასილ მაღლაფერიძემ ასევე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 2019 წლისთვის 15%-ზე მეტი არ იქნებოდა, ის გადადგებოდა დაკავებული თანამდებობიდან. მაღლაფერიძის რეფორმების პრეზენტაცია შემდეგნაირად გამოიყურებოდა:

 

 

ცვლილებების დაწყებიდან თითქმის ოთხი წელი სრულდება, ვასილ მაღლაფერიძემ კი დაკავებული თანამდებობა დატოვა, რის მიზეზადაც დასახული გეგმის განუხორციელებლობა არ დაუსახელებია. IDFI დაინტერესდა როგორ მიმდინარეობდა რეფორმირების პროცესი 2017-2019 წლებში და მოჰყვა თუ არა მას სასურველი შედეგი. ამის გასაგებად IDFI-იმ პირველ რიგში ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გამოითხოვა, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაციის ჩამონათვალიდან პასუხი ვერ მიიღოსაშტატო ნუსხის, შტატგარეშე თანამშრომლების[1], საქართველოს პირველი არხის საერთო და გადაცემების რეიტინგების შესახებ.

[1] საშტატო ნუსხაზე და შტატგარეშე თანამშრომლების შესახებ ინფორმაციაზე უარის თქმის მიზეზი საშტატო განრიგის არ არსებობაა.

 

ძირითადი მიგნებები

 

- საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, 2019 წელს დამტკიცებული ბიუჯეტი აღებული სესხის ხარჯზე, გასულ წელთან შედარებით, 93%-ით გაიზარდა და 96 მლნ 970 ათასი ლარი შეადგინა.

 

- აღნიშნული სესხის მიზნობრიობა ტექნიკური გადაიარაღება იყო, თუმცა სასესხო თანხის ათვისება 2019 წელს ვერ მოხერხდა. 2020 წლის ბიუჯეტში 7 მილიონი ლარი სწორედ ამ გაუხარჯავი სესხის მომსახურებას უკავია.

 

- საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობის 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ტენდერზე წინადადებების მიღება 2020 წლის სექტემბერში იწყება. ძველი შენობის აუქციონის პირობების თანახმად კი, მაუწყებელი ახალ შენობაში გადასვლას 2023 წელს გეგმავს.

 

- საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასაჯაროებს როგორც არხის წლიურ, ასევე ცალკეულ გადაცემათა რეიტინგებს.

 

- TVMR-ის ყოველკვირეული მონაცემებით გამოთვლილი წლიური რეიტინგის თანახმად, მაუწყებლის ბაზრის წილმა 5.11% შეადგინა. 2017 წლის მაღლაფერიძის გეგმის მიხედვით კი 2019 წლისთვის პირველი არხის რეიტინგი 15%-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.

 

- 2019 წლის ყველაზე მაღალ ხარჯიანი გადაცემები „მასტერშეფი” და „საქართველოს ვარსკვლავი” იყო. ამავე გადაცემებზე დაფიქსირდა ყველაზე მაღალი რეიტინგი, შესაბამისად -  8.91% და 8.60%.

 

- მაუწყებელში კვლავაც არ არის დამტკიცებული საშტატო განრიგი, რაც მაუწყებელში დასაქმებულთათვის არასტაბილურ გარემოს ქმნის.

 

დასკვნა

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის დაწყებიდან სამი წელი შესრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში მაუწყებლის ფინანსური რესურსები გაორმაგდა. დაიწყო ტექნიკური საშუალებების განახლება (კამერები, ხმის აპარატურა, განათებები ა.შ), მაუწყებელმა შეისყიდა ავტოსატრანსპორტო საშუალებები. დაიგეგმა ახალი შენობის აშენება და შეისყიდა არსებული შენობების სარემონტო სამუშაოები. 2017-2019 წლებში, რეფორმის კაპიტალურ ნაწილზე უკვე დაიხარჯა დაახლოებით 14 მლნ. ლარამდე.

 

მნიშვნელოვანია რეფორმის მიმდინარეობა და გაწეული ხარჯები შეფასდეს რეფორმის შედეგებთან მიმართებაში. რეფორმის ძირითადი ამოცანა მაუწყებლის ტექნიკური განახლება და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენება იყო, საბოლოო მიზანი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის გაზრდა. მაუწყებელმა რეფორმის გასაგრძელებლად 45 მლნ ლარის სესხი აიღო. თუმცა, გაურკვეველია მიაღწევს თუ არა სასურველ შედეგს მაუწყებელი ამ თანხის გამოყენებით.

 

ჩვენი მონაცემებით, 2018-2019 წლებში მაუწყებლის რეიტინგს ჰქონდა უმნიშვნელო ზრდა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის არსებული ზრდა მეტწილად გამოწვეულია არხზე დაწყებული ახალი პროექტებითა და მეგაშოუებით. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონით განსაზღვრული როლიდან გამომდინარე, კითხვები ჩნდება, რამდენად ემსახურება აღნიშნული გადაცემები საზოგადოებრივ სიკეთეს.

 

2017 წლის დასაწყისში ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 15%-ზე მეტი არ იქნებოდა 2019 წლისთვის, ის გადადგებოდა დაკავებული თანამდებობიდან. TVMR-ის მონაცემებიდან ჩანს, რომ მაუწყებლის რეიტინგმა 2019 წლისთვის ვერ მიაღწია სასურველ ნიშნულს.მაღლაფერიძე 2020 წლის 18 აგვისტოს გადადგა, თუმცა თანამდებობის დატოვების მიზეზად რეიტინგის პრობლემა არ დაუსახელებია. მისი განცხადებით, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, რათა არჩევნების გაშუქების პროცესში პირველი არხის მიუკერძოებლობის საკითხზე კითხვები არ გაჩენილიყო.

 

2020 წლის 19 აგვისტოდან გამოცხადებულია კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის ასარჩევად. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ კონკურსში მონაწილეობას იღებს თინათინ ბერძენიშვილი, მაუწყებლის ყოფილი დირექტორის მოადგილე და ამჟამად მისი მოვალეობის შემსრულებელი.

 

მნიშვნელოვანია, რომ სამეურვეო საბჭომ და ახალმა გენერალურმა დირექტორმა მკაფიოდ განსაზღვრონ მაუწყებლის პრიორიტეტები, რომელიც თანხვედრაში იქნება მაუწყებლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებთან. ამასთან, აუცილებელია მენეჯმენტმა გაითვალისწინოს მაუწყებლის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და უზრუნველყოს მაუწყებლის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა.

 

/public/upload/GG/Public_Broadcaster_Expenses.pdf

 

/public/upload/Article 2/sazmauone pager_3_GEO (1).pdf

 

 

ანალიზი მომზადებულია პროექტის - „კარგი მმართველობის გაძლიერება საქართველოში 3G“ - ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის მიერ. კვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს საქველმოქმედო ორგანიზაციის პოზიციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024