რუსული კანონის საწინააღმდეგო, 2024 წლის აპრილ-მაისის აქციების გაშუქება სომხურ და აზერბაიჯანულ მედიებში

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 4 ივლისი 2024

 

შესავალი

 

ეთნიკური უმცირესობები საქართველოს მოსახლეობის თითქმის 1/7-ს (გარდა ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობისა) შეადგენენ. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია აზერბაიჯანული (6.3%) და სომხური (4.5%) თემები. ენობრივი ბარიერიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, საკმაოდ სუსტია მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაცია. 

 

ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლების ინტეგრაციის კუთხით, მედიას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ის  საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების პროცესში დიდ როლს თამაშობს და აქვს იმის პერსპექტივა, რომ იყოს დამაკავშირებელი რგოლი უმცირესობასა და უმრავლესობას შორის. თუმცა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს ენობრივი ბარიერიდან გამომდინარე შექმნილი ინფორმაციული ვაკუუმი. საქართველოში მცხოვრები სომხების საკმაოდ დიდი ნაწილი ინფორმაციას რუსული და სომხურენოვანი მედიასაშუალებების მეშვეობით იღებს, ხოლო აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება აზერბაიჯანული და თურქული მედიასაშუალებები, შედარებით ნაკლებად კი რუსული. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანულ და სომხურ თემში გაიზარდა ადგილობრივი (აზერბაიჯანული და სომხურენოვანი) საინფორმაციო პორტალების როლი, თუმცა ინფორმაციული ვაკუუმის შესავსებად დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. 2021 წელს ჩატარებული  “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულ აზერბაიჯანულენოვან რესპონდენტებს შორის ნდობით სარგებლობდა აზერბაიჯანული (53.4%) და თურქული (40.5%) მედიასაშუალებები, ხოლო სომხურენოვან მოქალაქეებს შორის - სომხური მედიასაშუალებები (57.8%). 

 

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს რუსული დეზინფორმაცია, რომლის მიზანიც საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობებისა და პრორუსული ნარატივების გავრცელებაა, რაც დიდ გავლენას ახდენს განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების შეხედულებებზე რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ხელს უწყობს თემში „განსხვავებული“ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, მათ შორის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებით. NDI-ის ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 79% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებს, ხოლო 67% - ნატოში. მონაცემების თანახმად, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ყველაზე დაბალია. ეროვნული მაჩვენებლის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 66% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს. აღნიშნულ მოსაზრებას ეთნიკური უმცირესობების მხოლოდ 20% ეთანხმება. მათი 28% თვლის, რომ საქართველო რუსეთთან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებით უფრო დიდ სარგებელს მიიღებს. ირკვევა, რომ ეთნიკური უმცირესობების საკმაოდ დიდი ნაწილი (41%) ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ამ ორ მოსაზრებას შორის ვერ აკეთებს არჩევანს, და აცხადებს, რომ არ იცის, თუ რომელი იდეა უფრო დიდი სარგებლის მომტანია ქვეყნისთვის (NDI, 2023).

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, IDFI დაინტერესდა, როგორ გააშუქეს აზერბაიჯანულ და სომხურენოვან მედიებში საქართველოში აპრილ-მაისში “გამჭვირვალობის (რუსული) კანონის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები. საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია აზერბაიჯანთან და სომხეთთანაც. საქართველოს ევროპისგან დაშორება და რუსულ ორბიტაზე გადანაცვლება, რაზეც შიშობს არაერთი პოლიტიკოსი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც,[1] განსაკუთრებით საყურადღებოა სომხეთისთვის. მეზობელ ქვეყანაში, ბოლო პერიოდია მიდის აქტიური საუბარი ევროკავშირთან დაახლოების აუცილებლობაზე და ამ საკითხზე ოთხმა საპარლამენტო პარტიამ რეფერენდუმის ჩატარებაც კი მოითხოვა. საკითხი მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვისაც, რომლისთვისაც საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო და სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს როლი მნიშვნელოვანია აზერბაიჯან-სომხეთისა და სომხეთ-თურქეთს შორის არსებული ვითარების გათვალისწინებით და, ზოგადად, რეგიონის მულტილატერალურ ურთიერთობებში.

 

IDFI-მ, პარტნიორი აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი მკვლევრების დახმარებით, შეისწავლა “რუსული კანონის” ირგვლივ განვითარებული მოვლენების გაშუქება ორივე ქვეყნის მედიებში.



 

გაშუქება აზერბაიჯანულ მედიაში

 

აზერბაიჯანის ტელევიზიებისა და წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების მიერ „რუსული კანონის” ირგვლივ საქართველოში მიმდინარე პროცესების გაშუქების დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ზოგიერთმა ტელევიზიამ და მედიასაშუალებამ, მიმდინარე მოვლენები უარყოფით კონტექსტში გააშუქა, ზოგმაც - ნეიტრალურად.

 

აპრილ-მაისის განმავლობაში აზერბაიჯანული ტელევიზიები და საინფორმაციო სააგენტოები მაყურებელს / მკითხველს თბილისში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინტენსიურად აწვდიდნენ ინფორმაციას. დაკვირვების მიზნით, შეირჩა ორი ტელევიზია - აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზია (AzTv) და საზოგადოებრივი მაუწყებელი (İTV – İctimai), ასევე სააგენტოები: Azertac.az, Report.az, APA.az, Azadlıq Radiosu (რადიო თავისუფლება), Meydan.Tv.

 

აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზია (AzTv), სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო (Azertac.az), საინფორმაციო სააგენტოები Report.az და APA.az აპრილ-მაისის განმავლობაში აქტიურად აშუქებდნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს: საპროტესტო აქციებს, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პრეზიდენტის განცხადებებს. საყურადღებოა, ზემოაღნიშნული საინფორმაციო სააგენტოების მიერ გამოქვეყნებული 20-მდე სტატიის შინაარსობრივი მხარე და სხვადასხვა ექსპერტის მოსაზრება (ასევე Az.Tv-ს მომზადებული სიუჟეტები), სადაც, ძირითადად, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დასავლეთის დისკრედიტაცია იყო წინა პლანზე წამოწეული.

 

ძირითადად გვხვდებოდა შემდეგი ნარატივები:

- საქართველოს ხელისუფლებას დაბალანსებული პოლიტიკის გატარება სურს და დასავლეთი მას ამის საშუალებას არ აძლევს;

- მიმდინარეობს პოლიტიკური დაპირისპირება საქართველოსთვის დასავლეთსა და რუსეთს შორის;

- დასავლეთი ცდილობს ჩაერიოს საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში და მას ემუქრება სანქციებით;

- დასავლეთი საქართველოში ხელისუფლების შეცვლას აპირებს;

- დასავლეთის საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს ფინანსურად ეხმარება;

- არასამთავრობო ორგანიზაციები არა მხოლოდ ერევიან პოლიტიკურ პროცესებში, არამედ ძირს უთხრიან მთლიანად ქართული საზოგადოების “საყრდენებს”;

- გამჭვირვალობის საკითხებზე ბევრ დასავლურ სახელმწიფოში, მათ შორის აშშ-ში უფრო მკაცრი კანონმდებლობაა;

- ევროკავშირიც ცდილობს მსგავსი კანონის მიღებას;

- საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი დასავლური კანონების ანალოგიაა;

- მიმდინარე მოვლენები უკრაინის სცენარის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს საქართველოს გადაქცევას გეოპოლიტიკური კონფლიქტის შემდეგ ასპარეზად;

- საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების მიზანია, აზერბაიჯანის მსგავსად, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა.

 

 

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო AZERTAC-ის სტატიები გამოირჩევა ანტიდასავლური ნარატივის შემცველი მესიჯბოქსებით, რაც გულისხმობს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებით დასავლეთის ინტერესების ხაზგასმას, რუსეთის პოლიტიკური გავლენის შესუსტების კუთხით. ერთ-ერთ ინტერვიუში, რესპონდენტი - პოლიტიკურ კომენტატორი რუსტამ თაღიზადე აღნიშნავს, რომ სანამ რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება, დასავლეთის სურვილია გააძლიეროს პოზიციები სამხრეთ კავკასიაში. ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს სასტიკი ბრძოლით სურთ ხელისუფლების გეგმის ჩაშლა. დასავლეთის ქვეყნები კი არ არიან კმაყოფილი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებით. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მათი გავლენის მექანიზმი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე გაძლიერდა. საქართველოსთვის ბრძოლა დასავლეთსა და რუსეთს შორის კი უფრო სერიოზული გახდება, რადგან დასავლეთის პოლიტიკური ელიტა ხელისუფლების შეცვლას აპირებს საქართველოში.

 

 

 

 

AZERTAC-ი არაერთ სტატიაში ამახვილებს ყურადღებას კონკრეტულ დასავლურ ფონდებზე, მაგალითად, ღია საზოგადოების ფონდზე, ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტზე, აშშ-ის დემოკრატიის ეროვნულ ფონდზე, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტზე, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი შეერთებული შტატებისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების გავლენის აგენტების ქსელების ფორმირების პროცესში იღებენ მონაწილეობას და ბოლო მოვლენები ემსახურება საქართველოს გეოპოლიტიკური კონფლიქტის მომდევნო ასპარეზად  გადაქცევას.

 

აღსანიშნავია AZERTAC-ის ინტერვიუ საჰიბ მამედოვთან, რომელიც, ფაქტობრივად, რუსული პროპაგანდისტული და ქართული სახელისუფლებო ნარატივის კონსტატაციას ახდენს. მამედოვმა AZERTAC-თან განიხილა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი და  აღნიშნა, რომ მსგავსი კანონი ბევრ ქვეყანაში არსებობს და ყველაზე მკაცრი ფორმით ამერიკის შეერთებულ შტატებშია. მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი სახელმწიფო უკან იხევს შიდა და გარე ზეწოლის ფონზე და დიდ ადგილს უთმობს უცხოელი დონორების საქმიანობას. შედეგად, რიგ შემთხვევებში, სუსტდება ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტები, იცვლება საკანონმდებლო სისტემა და იქმნება მრავალი არაკომერციული ორგანიზაცია, მედია ორგანიზაცია და თუნდაც პარტიები, რომლებიც ემსახურებიან სხვადასხვა ინტერესს. მამედოვი აღნიშნავს, რომ, ბოლო ხანებში, ზოგიერთი ზესახელმწიფოს მიერ გამოყენებული გავლენის მეთოდებს შორის ჩანს „ჭკვიანი ძალა“ ან „ინტელექტუალური გავლენის“ პოლიტიკა, რომელიც მოიცავს როგორც ძალის, ასევე რბილი გავლენის ელემენტებს, მაგრამ არ შემოიფარგლება ამით. თვლის, რომ "რბილი გავლენის" დონორებისა და "ძლიერი გავლენის" დონორების პოლიტიკა საკმაოდ განსხვავებულია. მაგალითისთვის კი მოჰყავს USAID-ი, რომელიც მიაჩნია, რომ ფართოდ იყენებს "რბილი ზეგავლენის" ინსტრუმენტებს ლეგიტიმური მოქმედებით. USAID-ი და მსგავსი ორგანიზაციები ქვეყნების ხელისუფლებასთან და ხელისუფლებასთან დაახლოებულ არაკომერციულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით თანდათან აღწევენ ცვლილებებს ქვეყნის კანონმდებლობაში მათი ინტერესების შესაბამისად და რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების ქსელებს ქმნიან. ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელსაც ასევე განიხილავს მამედოვი აშშ-ს ფონდი NED-ია (The National Endowment for Democracy), ის იმეორებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ნარატივს და მიაჩნია, რომ NED-ი “ძლიერი ზეგავლენის”, რადიკალური პოზიციის მქონე დონორებიდან ერთ-ერთია და გამოყენებულია როგორც ხელისუფლებაზე ზეწოლის საშუალება, რომელიც ფარულად ან ღიად აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედია ორგანიზაციებს და ცალკეულ აქტივისტებს, რომლებიც მოქმედებენ ამა თუ იმ ქვეყანაში. ასევე აღნიშნავს, რომ, ამჟამად, სომხეთი არის მოსახერხებელი პლატფორმა შეერთებული შტატებისა და ზოგიერთი დასავლური ქვეყნის ინტერესების გასატარებლად - “ამ ქვეყნის ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტია და ეკლესია მთლიანად არის დამოკიდებული სხვადასხვა გარე ძალაზე. ამ თვალსაზრისით, ქვეყანაში შიდა სტაბილურობა მუდმივად ირღვევა. სომხეთის ხელისუფლება დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. სამშვიდობო პროცესებიც ამ მიზეზით ჭიანურდება”.

 

 

 

AZERTAC-ის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატიის მიხედვით, პოლიტოლოგ იეგანე ჰაჯიევას სტატიაში აღნიშნული იყო, რომ საქართველომ 20 წელზე მეტია დიდი ძალისხმევა ჩადო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ხოლო საპასუხოდ, ევროკავშირი აბსტრაქტულ საკითხებს აყენებს წინ, როგორებიცაა „გადასაწყვეტი პრიორიტეტული საკითხები“. ჰაჯიევა აცხადებს, რომ ნარკოტიკი, პედოფილია და ლგბტ  პროპაგანდა საქართველოში დამკვიდრებული „ევროპული ღირებულებებია“. მისი თქმით, საქართველო ნარკოტიკების მოხმარების სტატისტიკით ლიდერია სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით ახალგაზრდები იყენებენ მას. ის ასევე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით 2021 წლის გადაწყვეტილებაზე და აცხადებს, რომ მისი ინიციატორები - „გირჩი“ და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” დღეს „გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ „დაუღალავად იბრძვიან“. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსგან ასევე ითხოვს ლგბტ პროპაგანდის თავისუფლებას. “საქართველო არის ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, სადაც ლგბტ პროპაგანდა თავისუფლად ხორციელდება, თუნდაც არასრულწლოვანთა შორის“, - აცხადებს ავტორი.

 

 

 

აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზია (AzTv) ცდილობდა ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას, თუმცა მისი ზოგიერთი მასალის ჰედლაინი იყო მიკერძოებული და ტენდენციური: “კავკასიიდან გამოდევნილი დასავლეთი შურს იძიებს - ფარული თამაში საქართველოს ირგვლივ.

 

აზერბაიჯანული მედიასაშუალებების მეშვეობით ვრცელდებოდა ასევე ქართველი პოლიტოლოგების, ექსპერტებისა და ყოფილი პოლიტიკოსების, ამირან სალუქვაძის, დავით აფციაურის, ვასო კაპანაძის, ლევან მამალაძის და სხვათა მოსაზრებები. ისინი „რუსულ კანონზე“ ყოველთვის დადებით კონტექსტში საუბრობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ კანონი საქართველოს სჭირდება სუვერენიტეტის დასაცავად.

 

სააკაშვილის მთავრობის მიერ მსჯავრდადებული, ივანიშვილის მთავრობის მიერ ამნისტირებული და შევარდნაძის მთავრობის დროინდელი მაღალჩინოსანი, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ლევან მამალაძე საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. ბოლო დროს იგი პოლიტიკურად გააქტიურდა და,და მაგალითად, ამბობს, რომ საქართველოს მარცხი 2008 წლის აგვისტოს ომში მაშინდელი რეჟიმის „კომერციული პროექტის შემადგენელი ნაწილი იყო“ და სოციალური ქსელის პირად გვერდზე გამოირჩევა “რუსული კანონის” მხარდამჭერი განცხადებებით.

 

„დასავლეთს და აშშ-ს არ სურთ ძლიერი საქართველოს დანახვა“ - ამ სათაურით გაავრცელა აზერბაიჯანულმა საინფორმაციო სააგენტომ Report.az-მა ლევან მამალაძის ინტერვიუ. მამალაძის თქმით, მედიასაშუალებები ცდილობენ ისეთი ფონის შექმნას „თითქოს საქართველო ევროპას შორდება“. ახალგაზრდები, რომლებიც აქციის მონაწილეების უმრავლესობას შეადგენენ, არც არიან საკმარისად ინფორმირებულნი იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდვილეში. „ამჯერად არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენი ხალხის ბედით ითამაშონ. ხელისუფლების გადაწყვეტილება და პოზიცია ძალიან მკაცრია. ამბობენ, რომ ამ საკითხზე ბოლომდე წავლენ. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ამიტომ დიდ ქვეყნებს აქ საკუთარი ინტერესები აქვთ. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ რეგიონში რუსული ფაქტორიც არის. თუ რუსეთი ხედავს დასავლეთის გადატრიალების სცენარს საქართველოში, მათ ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. ისინი ტანკებს პირდაპირ თბილისში გაატარებენ. ანუ არის საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი. ამიტომ, ხელისუფლება ვერ გარისკავს ხალხის ბედს.“ - აცხადებს მამალაძე.

 

 

 

ვასო კაპანაძე რუსეთის პრეზიდენტის 2024 წლის მარტის ბუტაფორიულ არჩევნებს აკვირდებოდა ანალიტიკური ცენტრის, „ექსპერტ პლუსის“, წარმომადგენლის სტატუსით. იგი პროფესიით ჟურნალისტია და წლების მანძილზე მონაწილეობდა რუს და ქართველ ექსპერტებს შორის სხვადასხვა ფორმატით გამართულ შეხვედრებში. მონაწილეობს ლევან ვასაძის გადაცემებში და ა.შ.

 

 

 

 

ამირან სალუქვაძე პროსახელისუფლებო სამხედრო ექსპერტია, ხშირად მონაწილეობს ტვ “იმედის” გადაცემებში და გამოდის ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

 

 

 

 

საინფორმაციო სააგენტო report.az-ი განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა დასავლეთის მიმართ, მიზანშეწონილად მიიჩნევს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის მიღებას და სტატიათა უმრავლესობაში მტკიცებითი ფორმით გამოირჩევა დასავლეთის მიზანმიმართული ქმედებების განხილვისას. report.az-ი აღნიშნავს, რომ “საქართველოს მიერ დასავლეთის კანონის მსგავსი კანონის მიღების წინააღმდეგობამ მხარეებს შორის კონფლიქტი გამოიწვია. მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ მიიღეს კანონი „უცხოური აგენტის შესახებ“ აშშ-მ, ევროკავშირმა და სხვებმა?” ერთ-ერთ სტატიაში სათაურით - “დასავლეთი საქართველოში თამაშს ცდილობს: პოლიტიკურ ელიტას შორის დაძაბულობა იზრდება” - ავტორი მიიჩნევს, რომ დასავლეთი თავად იღებს ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებს უცხოური გავლენის შესახებ, კრძალავს საგარეო დაფინანსებას, მაგრამ ცდილობს აუკრძალოს სხვა ქვეყნებს. ეს კი ორმაგი სტანდარტების ყველაზე აშკარა მაგალითია. მისი ვარაუდით, აშშ და ევროკავშირი ამას მიზანმიმართულად აკეთებენ - მიზანმიმართულად აყენებენ ხელისუფლებას ხალხის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მიზანი კი, სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის ინტერვენციის შესაძლებლობაა. თვლის, რომ ის, რაც დასავლეთმა გააკეთა რეგიონში, იმაზე მეტყველებს, რომ ვაშინგტონი და განსაკუთრებით პარიზი მზად არიან ბევრი რამ გააკეთონ რეგიონში თავიანთი „ბერკეტების“ გასაძლიერებლად. ავტორი აღნიშნავს, რომ “საქართველოს მთავარი მიზანი სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა. ამისთვის არის გათვლილი კანონის მიღება. მაგრამ დასავლეთი პროცესს ისე განმარტავს, როგორც მას სურს”.

 

საინფორმაციო სააგენტო apa.az-ზე გამოქვეყნებულ სტატიათა ნაწილში საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე მოვლენებს შორის კავშირი ნეგატიურ კონტექსტში განიხილებოდა. სტატიების თანახმად, დასავლეთი საქართველოსა და სომხეთში გავლენების გასაძლიერებლად პარალელურად ეძებს ახალ პლატფორმებს, მაშინ, როდესაც საქართველოში გმობს პოლიციის მიერ აქციების დარბევას, სომხეთის შემთხვევაში ანტისახელისუფლებო აქციების დარბევაზე ხმას არ იღებს. მედიასაშუალება დადებითი ფონით აღწერს მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” 29 აპრილს გამართულ აქციას, ღიად მოიხსენიებს აშშ-ის 14 სენატორის ღია წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართ მუქარად და მრავლად მოჰყავს მმართველი პარტიის განცხადებები, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რომ “ევროკავშირში გაწევრიანება და დასავლეთში ინტეგრაცია ეროვნული იდენტობისა და ღირებულებების დაცვის პარალელურად განხორციელდება, მაგრამ არასამთავრობო სექტორი ცდილობს მათ განადგურებას”.

 

 

 

საინფორმაციო სააგენტო APA ერთ-ერთ სტატიაში განიხილავს ევროკავშირის პოლიტიკას კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებთან მიმართებით და განმარტავს, თუ როგორ ახდენს გავლენას გეოპოლიტიკური ვითარება მათ ხედვებსა თუ გადაწყვეტილებებზე. მაგალითისთვის, ხაზს უსვამს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ პერიოდს, როცა ევროკავშირმა დააჩქარა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გაწევრიანების პროცედურა. სტატიის ავტორი ევროკავშირს ადანაშაულებს ორმაგ სტანდარტებსა და დისკრიმინაციულ მიდგომებში, რის საილუსტრაციოდაც განიხილავს საქართველოს მაგალითს და აღნიშნავს, რომ ევროპულ ინსტიტუციებს, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს არ სურთ საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების არგუმენტებისა და პოზიციების მოსმენა კანონის მიღებასთან დაკავშირებით. პირიქით, ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშად ჩარევით მხარს უჭერენ პროტესტს, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება, რამდენიმე ათასი კაცით შემოიფარგლება და პროცესს ამწვავებს. საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევის დასტურად კი ასახელებს 15 მაისს თბილისში გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციაზე ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოჩენას, ხოლო ლიეტუვის და გერმანიის პარლამენტების წევრების საქართველოს პარლამენტში ვიზიტს. APA განსაკუთრებული კრიტიკით აღწერს დასავლეთის ქმედებებს, რომელსაც დიპლომატიური თავაზიანობის ყველა წესის დარღვევად და საქართველოზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და დიპლომატიურ ზეწოლად მოიხსენიებს. ამავდროულად, აღნიშნავს, რომ “ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირი იყენებს გაწევრიანების პირობებს მეორე მხარეზე მანიპულირებისთვის და ზემოქმედებისთვის”.

 

საინფორმაციო სააგენტო APA, ასევე გარკვეულწილად ცდილობდა საკითხის გაშუქებისას ობიექტური ფონის წარმოჩენას, რის საილუსტრაციოდაც გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ეყრდნობოდა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების შესახებ პოლიტოლოგთა ანალიზს. სტატიაში განხილული იყო რუსული კანონის ინიციირების მიზეზები და ევროკავშირის საპასუხო შესაძლო ნაბიჯები.

 

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ძირითადად, ნეიტრალური სიუჟეტები ვრცელდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის - İTV-ს მიერ. სიუჟეტთა უმეტესობაში შუქდებოდა როგორც ხელისუფლების, ასევე კანონის მოწინააღმდეგეთა პოზიციები.

 

Რაც შეეხება აზერბაიჯანულ კრიტიკულ მედიას (Azadlıq Radiosu / რადიო თავისუფლება, Meydan Tv), ინტენსიურად შუქდებოდა[2] საქართველოში მიმდინარე პროცესები - პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებისგან განსხვავებით აქცენტი გაკეთებული იყო კანონის მოსალოდნელ საფრთხეებზე, რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგებზე, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე თავდასხმაზე, მათთან განხორციელებულ სატელეფონო ზარებზე.ზოგიერთ სტატიაში ავტორები ასევე ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამყარებისკენაა მიმართული.





გაშუქება სომხურ მედიაში

 

საქართველოში “რუსულ კანონთან”  დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ და ექნებათ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე. ეს ზეგავლენა განსაკუთრებით აისახა სომხეთზე, რომლის შეცვლილი პოლიტიკური კურსი უკვე ევროპისკენაა მიმართული. რამდენიმე წლის წინ, სიტუაცია რადიკალურად განსხვავდებოდა, რაც გამოწვეული იყო მეზობელთან, აზერბაიჯანთან, საუკუნოვანი კონფლიქტებით და იმის რწმენით, რომ მიწების დაკარგვისგან მათ რუსეთი იცავდა, რომელიც სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორად ითვლებოდა. თუმცა, 2023 წელს აზერბაიჯანის მხრიდან მთიანი ყარაბაღის ფაქტობრივ ბლოკადაში მოქცევის შემდეგ, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რადგან CSTO-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) პროცედურების მიხედვით, მის წევრი ქვეყნები ამ სიტუაციაში სომხეთს უნდა დახმარებოდნენ, თუმცა სომხეთმა ეს დახმარება ვერ მიიღო რუსეთის მხრიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სომხეთისთვის უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი გახდა ის, თუ როგორ განვითარდებოდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, რადგან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, სომხეთისთვის ეს პროცესი მეტად გამარტივდება. სომხეთის ხელისუფლებამ პირველად ღიად დააფიქსირა პოზიცია, იმის თაობაზე, რომ მასაც სურდა ევროკავშირში გაწევრიანება და ამისთვის გაივლიდა ყველა საჭირო პროცედურას. ამ პოზიციიდან გამომდინარე “რუსული კანონის” საწინააღმდეგო, 2024 წლის აპრილ-მაისის აქციები სომხურ მედიაში მეტ-ნაკლებად დადებითად იყო განხილული, რაზეც უფრო დეტალურადაც ვისაუბრებთ სომხეთში არსებულ რამდენიმე პოპულარული მედიასაშუალებებისა და ასევე, პოლიტიკური პარტიების განწყობის /პოზიციების განხილვით. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ პარალელურად სომხეთშიც მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, შესაბამისად, საქართველოს თემის განხილვას სხვა პერიოდებისგან განსხვავებით, სომხურ მედიაში ნაკლები დრო დაეთმო.

 

სომხურ მედიასივრცეში სომხეთის წინა, პრორუსული ხელისუფლების მხარდამჭერი მედიასაშუალებების სიმრავლე და გავლენა პირდაპირპროპორციულია მათ მიერ გავრცელებული ანტიდასავლური ნარატივებისა და იმ სტერეოტიპებისა, რომლებიც სომხურ საზოგადოებაში ევროკავშირთან და აშშ-თან მიმართებითაა დამკვიდრებული. მაგალითად, როგორებიცაა: ,,უკრაინაში, რაც ხდება დღეს ამერიკის ხელით კეთდება, იგივე მოხდება საქართველოშიც’’, ,,ამათ, ევროკავშირში უნდათ, რომ ერთსქესიანთა ქორწინება კავკასიაშიც გახდეს შესაძლებელი’’, ,,რატომ არის ეს კანონი რუსული, როცა ამერიკაშიც და ევროპაშიც აქვთ მიღებული’’ და ა.შ.

 

5TV ARM / 5-րդ ալիք ერთ-ერთი ის მედიასაშუალებაა, რომელიც აქტიურად აშუქებდა აპრილ-მაისის თვეში საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებს. მედიასაშუალებამ  სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით - “სასტიკი შეტაკებები საქართველოში. პრეზიდენტი და დასავლეთი მხარს უჭერენ ოპოზიციას’’, რომელიც  ნათლად არ ასახავდა თუ რას მიემართებოდა და რა მიზანს ემსახურებოდა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციები. ვიდეოში ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც წარმოჩენილი იყვნენ “სასტიკი შეტაკებების” წამხალისებლის როლში.  

 

 

 

Tert.am-იც სომხეთის წინა, პრორუსული ხელისუფლების მხარდამჭერი მედიაა, თუმცა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ნაკლებად აშუქებდა. მხოლოდ რამდენიმე სტატია დაიწერა მმართველი პარტიისა და საქართველოს პრეზიდენტის განსხვავებულ მოსაზრებებსა და დამოკიდებულებაზე კანონთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა, როგორ უწოდებდა ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს აგენტს, რასაც მოჰყვა იმის ახსნა-განმარტება, თუ რატომ თვლიდნენ მმართველი პარტიის წევრები ზურაბიშვილი “უცხოეთის აგენტად”. 

 

 

 

კიდევ ერთი მედიასაშუალების, Kentron TV გავრცელებული ინფორმაციებიდან იგრძნობოდა პროვოკაციული დამოკიდებულებები, ისინი იყენებენ ისეთ თემებს, რომლებიც სომხეთისთვისაც არსებითად მნიშვნელოვანია (მაგ. მეორე ფრონტის გახსნის საკითხი). მათი დამოკიდებულება იგრძნობოდა გავრცელებული მასალების სათაურებიდანაც:  “საქართველოს დამოუკიდებლობა არცერთ ვიზაზე არ იყიდება. აშშ-ს და ევროკავშირს თბილისის დასჯა სურთ”; “თბილისის ცენტრი ბრძოლის ველად გადაიქცა, ოპოზიციონერები კი პარლამენტის დარბაზიდან გააძევეს”; “გაბრაზებული ბრბო თავს დაესხა პარლამენტის შენობას, სცადეს კარიბჭის გატეხა. შეტაკებები საქართველოში”; “თქვენ არ შეგიძლიათ აიძულოთ თურქეთი მეორე ფრონტის გახსნას, მაგრამ შეგიძლიათ კი აიძულოთ საქართველო?

 

 

 

 

სომხეთის წინა ხელისუფლების მხარდამჭერი ზოგიერთი მედიასაშუალება, მაგალითად, News.am, Aravot.am ნეიტრალურ პოსტებს აქვეყნებდნენ, თუმცა მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციებში საკითხი განიხილებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მმართველი პარტიის გადმოსახედიდან.

საინტერესო იყო ცალკეული პოლიტიკოსების მოსაზრებებიც ამ მოვლენებთან დაკავშირებით. სომხეთში მომუშავე პოლიტოლოგი სტეფან დანიელიანი, რომელმაც გამოირჩევა თავისი ანტიდასავლური დამოკიდებულებით, შეეხო საქართველოში გამართულ აქციებს და საკუთარ ფეისბუქზე დაწერა: “საქართველოში ჭკვიანური ტექნოლოგია გამოიყენეს. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მობილიზებული იყო უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის გარშემო, მაგრამ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ახალმა კანონპროექტმა აქციის მონაწილეები ფაქტის წინაშე დააყენა. ფაქტობრივად, მათ უკვე უნდა მოეწყოთ აქციები ამ ორი კანონპროექტის წინააღმდეგ, აქციის მონაწილეები ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერებად გადაექციათ. და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოც არის აღმოსავლური მართლმადიდებლური ცივილიზაციის მატარებელი, ეს აქციის მონაწილეებს ორაზროვან მდგომარეობაში აყენებს.”

 

სომხეთში საკმაოდ ბევრი პროდასავლური მედია გვხვდება (1in.am, Armtimes.com, Youtube - Factortv, Freenews), საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მათ პლატფორმებზეც გავრცელდა ინფორმაცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1in TV-ი, რომელმაც არაერთი გადაცემა მიუძღვნა საპროტესტო აქციათა ციკლს და  ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის ევროპულ მომავალიც სწორედ თბილისის ქუჩებში წყდება. “რუსულ კანონს” კი კონტიტუციის დარღვევად და ნამდვილ სახელმწიფო გადატრიალებად მიიჩნევენ. ამავდროულად, აღნიშნავენ, რომ სომხეთი შეიძლება გახდეს კუნძული, რომელსაც ოთხივე მხრიდან ავტორიტარული სახელმწიფო ეყოლება. ერთ-ერთი გადაცემა ასევე მიეძღვნა რუსეთის ინტერესებს საქართველოში და ხაზი გაესვა, რომ მოსკოვს საქართველოს ოკუპაცია სურს ოკუპირებული აფხაზეთის დაბრუნების დაპირებით.

 

სხვა არაერთმა პროდასავლურმა სომხურმა მედიამ გააშუქა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები, მათ შორის Factor tv-მ - კრემლი საქართველოს თავისკენ იზიდავს. სომხეთს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრებოდა უცხოური აგენტების კანონით; Noyan Tapan-მა - კრემლი შეტევაზე გადავიდა. დამოუკიდებელი ონლაინ მედია და სატელევიზიო პლატფორმა Civilnet-ი კი თბილისიდან აშუქებდა საპროტესტო აქციებს და კანონთან დაკავშირებულ საკითხებს ობიექტურად, ფაქტების დამახინჯებისა და ინტერპრეტაციის გარეშე განიხილავდა და სთავაზობდა მსმენელს/მკითხველს.

 

 

 

 

საქართველოში აპრილ-მაისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან და “რუსულ კანონთან” მიმართებით, პოზიციებისა და ხედვების დაფიქსირებისაგან თავის შეკავება გადაწყვიტეს სომხურმა პოლიტიკურმა პარტიებმა, როგორც პრორუსულმა ოპოზიციურმა: რესპუბლიკური პარტია, სომხური რევოლუციური ფედერაცია, სომხეთის ალიანსი ქოჩარიან ვანეცია, ისე ოპოზიციურმა პროევროპულმა პარტიებმა: პარტია რესპუბლიკისთვის, რესპუბლიკური პარტია, სომხეთის ევროპული პარტია, ქრისტიანული სახალხო პარტია. თუმცა, რიგ შემთხვევებში, ცალკეულ ლიდერების ინდივიდუალურად აკეთებდნენ განცხადებებს. მაგალითად, ევროპული პარტიის პრეზიდენტი ტიგრან ხზმალიანი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ 15 მაისს წერდა: ,,წარმოიდგინეთ რამდენს უხდის პუტინი საქართველოს ხელისუფლებას, რომ ლანძღოს ევროკავშირი და აშშ და უარი თქვას საქართველოში კანონად ქცეულ ევროინტეგრაციაზე...’’ საინტერესოა, რომ ივნისში, ტიგრან ხმზალიანი საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანაში არ შემოუშვა.

 

 

 

 

სომხური მედიასაშუალებების მიერ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით აპრილ-მაისში განვითარებული მოვლენების გაშუქებას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა, რაც გამოწვეული იყო, ხშირ შემთხვევაში, მედიასაშუალებათა ტენდენციურობითა და ფაქტების დამახინჯებით. 

 

აღსანიშნავია, რომ პრორუსული მედიასაშუალებების მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებულ პოსტებზე მოქალაქეთა კომენტარები რადიკალურად განსხვავდებოდა პროდასავლური მედიასაშუალებების აუდიტორიის კომენტარებისგან. მაგალითად, თუ კი პრორუსულ მედიებზე შევხვდებოდით კომენტარებს: “აქაც არიეს ხალხი ევროდებილიზმის გამო, დაანგრიეს უკრაინა, აქაც უნდათ დაანგრიონ’’, “ვინც ამერიკას უსმენს, ამ დღეში აღმოჩნდება’’, “დასავლეთი საქართველოსაც დაანგრევს’’ და ა.შ. განსხვავებული პოზიციები და აზრები დაფიქსირდა ნეიტრალურ მედიასაშუალებათა გვერდებზე განთავსებულ პოსტებზე: “ქართველი ხალხი და დამპალი ხელისუფლება სხვადასხვა ფენომენია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსული კალოშები ქართველებისთვის “ტკბილი’’ იყოს”, “თითქოს საქმე წინ მიიწევდა, ახლა გაიყინა [იგულისხმება ევროინტეგრაცია]”, “პრორუსულმა ძალებმა მიაღწიეს დასახულ მიზანს, არ იციან ქართველ მეთაურებს მომავალში რა ელით, ნელ-ნელა ემზადებიან შვილების რუსულ ჯარში გაგზავნისთვის”.

 

ზოგადი ტენდენცია კი, რაც, საბოლოო ჯამში, სომხური მედიასაშუალებების მიერ აპრილ-მაისის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესების გაშუქებისას სოციალურ ქსელში საზოგადოების მხრიდან გამოიკვეთა, მეტ-ნაკლებად დადებითია: ,,ყოჩაღ ქართველებს, ნეტა, სომეხმა ხალხმაც გაიღვიძოს’’, “რუსეთმა გაყიდა სომხური მიწები, ახლა ქართველებს მიადგა’’, “ეს პუტინის მორიგი თამაშია, საბჭოთა კავშირი უნდა ისევ’’, “რა საინტერესოა, ახლა ჩვენ ვლანძღავთ რუსეთს, საქართველო კი ევროკავშირს და ნატოს’’, “ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს, თორემ ჩვენც ვერ შევალთ ევროკავშირში’’, “სომხეთი თქვენთანაა, ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში’’.



დასკვნა

 

როგორც შესავალში აღვნიშნეთ, საქართველოში განვითარებული მოვლენების საკითხი მნიშვნელოვნად აისახება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზეც, შესაბამისად, აზერბაიჯანსა და სომხეთში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია საქართველოს შიდა პოლიტიკაზე. თუმცა, ორივე მხარეს ინფორმაციის გაზიარებაში შეინიშნება გარკვეული ტენდენციური მიდგომები, რათა, ერთი მხრივ, არ დააზარალონ ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან, მეორე მხრივ, ინფორმაცია მოარგონ საკუთარ მიზნებსა და ამოცანებს. ეს ყველაფერი უფრო მეტად თვალშისაცემია სომხეთის შემთხვევაში, სადაც აქტიურად დაიწყო ევროინტეგრაციის კამპანია, თუმცა, პროევროპული პოლიტიკოსები და მედიები ნაკლებად აქტიურობდნენ საქართველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელების კუთხით.

 

რაც შეეხება აზერბაიჯანულ მედიას, დასავლეთთან მიმართებით,  მეტად ხისტი დამოკიდებულებით გამოირჩევა, რაც გამოიხატება ანტიდასავლური და პროსახელისუფლებო ნარატივების გაჟღერებით, ტვ “იმედისა” და სხვა პროსამთავრობო მედიის მსგავსად. ამავდროულად, აზერბაიჯანის შემთხვევაში, საინტერესოა “ექსპერტების” შერჩევის საკითხი, რომელთა უმრავლესობაც ცალსახად პოზიციონირებს პრორუსული და ანტიდასავლური მესიჯებით. 

 

მიუხედავად იმისა, რომ სომხური და აზერბაიჯანული მედიის მიდგომა განსხვავებულია საქართველოში აპრილ-მაისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მხარე ირჩევს გაშუქების იმ სტანდარტს, რომელიც შეესაბამება მათ ეროვნულ ინტერესებს, ისტორიულ კავშირებსა და რეგიონულ დინამიკას სამხრეთ კავკასიაში.

 

 

 

-

[1]  მაგალითად იხილეთ: https://socialjustice.org.ge/ka/products/rodis-da-ratom-gakhda-kartuli-otsneba-rusuli-otsneba-paata-zakareishvilihttps://formulanews.ge/Phrase/113564https://www.radiotavisupleba.ge/a/33012651.html;
[2] მაგალითად, იხილეთ: https://www.meydan.tv/az/article/gurcu-arzusu-ve-rus-qanunu-vetendas-cemiyyetine-qarsi/https://www.meydan.tv/az/article/gurcustan-feallarinin-hedelendiyi-anonim-zengler-kampaniyasi/https://www.azadliq.org/a/gurcustanda-etirazchilara-hucum/32939878.htmlhttps://www.azadliq.org/a/gurcustanda-qarshidurma/32944751.html.
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

ონლაინ ტრენინგები ციფრული უფლებებისა და ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

01.07.2024

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024