2022 წლის 7-9 ივნისს, თბილისში, ევროკავშირის გლობალურმა ინიციატივამ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ (AML/CFT Global Facility) რეგიონული ღონისძიება გამართა. ღონისძიების ადგილობრივი პარტნიორი იყო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI). ღონისძიების მთავარი საკითხი გახლდათ - უკრაინაში რუსეთის შეჭრის გავლენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ინიციატივების ჭრილში.
ღონისძიებაში, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა, მონაწილეობა მიიღო 60 წარმომადგენელმა არასამთავრობო სექტორიდან აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე, ევროკავშირის დელეგაციის, ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის (MONEYVAL) და ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF), ასევე, ევროპის საბანკო ასოციაციის, კერძო სექტორისა და შესაბამისი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა.
ღონისძიების სესიებს უძღვებოდნენ და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები: არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრი (ECNL), ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), არაკომერციული ორგანიზაციების გლობალური კოალიცია FATF-ზე, Stefan Batory Foundation (პოლონეთი), Expertise France (საფრანგეთი), ISAR “Ednannia” (უკრაინა), Promo-LEX Association (მოლდოვა), ჰოლანდიური ბანკი, დანიური ბანკი, საფრანგეთის ბანკი, ABN AMRO, Facebook, MONEYVAL, VENRO (გერმანია), Solidus Lab, Third Sector Foundation of Turkey (TUSEV) (თურქეთი), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), და ა.შ.
რეგიონულ შეხვედრაზე მომხსენებლებმა და მონაწილეებმა სამი დღის განმავლობაში განიხილეს რა გამოწვევები წარმოიშვა რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების წევრებისთვის რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როგორ უნდა უპასუხონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა შექმნილ გამოწვევებს, როგორ უნდა განახორციელონ ჰუმანიტარული დახმარება და უზრუნველყონ გამჭვირვალობა.
ამის გათვალისწინებით, ღონისძიების სესიები ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ემიგრაციაში მყოფი სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ხელშეწყობა; ლტოლვილთა კრიზისზე რეაგირების გზები; ფინანსური ციფრული პლატფორმებისა და კრიპტოვალუტის გაზრდილი რისკების შემცირება; სახალხო დაფინანსება (crowd-funding), შემოწირულობები და გადარიცხვები; ფინანსური რეგულაციების გავლენა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე; საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა მოწყვლად და მაღალი რისკის გარემოში და ა.შ.
პანელურ განხილვებთან ერთად, ღონისძიება მოიცავდა ჯგუფურ სამუშაოებს, სადაც მონაწილეებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები სამოქალაქო საზოგადოების, დონორი ორგანიზაციების, სახელმწიფო დაწესებულებების, ფინანსური ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში მოხდება აღნიშნული რეკომენდაციების გაზიარება ყველა შესაბამისი ორგანიზაციისა და დაინტერესებული მხარისთვის. ასევე, ჩატარდება დამატებითი რეგიონული თუ ადგილობრივი შეხვედრები შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირებისთვის.
IDFI გეგმავს გააგრძელოს შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირება ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მიერ MONEYVAL-ის რეკომენდაციების შესრულებას.
ღონისძიების დღის წესრიგი იხილეთ აქ.
IDFI-მ აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა
01.12.2023მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ხარჯები
27.11.2023