ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 29 ივლისი 2024

შესავალი

 

2018 წლის 10 აპრილს, ქალაქ თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა და პარკირების სისტემის ოპერირების უფლება თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადასცა. სითი პარკთან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება დასახელდა, რომელიც დაკავშირებული იყო საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობასთან. თბილისის მერის განცხადებით ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ მიზეზს ასევე, წარმოადგენდა  კომპანიის საჯარიმო პოლიტიკა, რომელიც ლახავდა მოქალაქეების უფლებებს.  მისივე განცხადებით, სითი პარკის ოპერირების დროს წლის განმავლობაში დაახლოებით 1.2 მილიონი ჯარიმა იწერებოდა, ხოლო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ოპერირების დროს - 500 ათასი.

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის ოპერირების უფლების გადაცემის შემდეგ, დედაქალაქის  პარკირების სისტემა მნიშვნელოვნად შეიცვალა. მაგალითად, 2019 წლიდან საპილოტედ დაინერგა ზონალური პარკირების სისტემა, რომლის დაფარვის არეალი ყოველწლიურად იზრდება. ასევე, 2022 წლიდან მნიშვნელოვნად გამკაცრდა პარკირების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციები.

 

ქვემოთ ჩვენს მიერ წარმოდგენილია შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან და სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან მიღებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, რომელიც მიმოიხილავს 2018-2024 წლებში ქალაქ თბილისში პარკირების საჯარიმო პოლიტიკას, კომპანიის მიღებულ შემოსავლებს და საპარკინგე ადგილების მოწყობაზე მიმართულ რესურსს.  კერძოდ, 2023 წლის 1 აგვისტომდე აღნიშნული მონაცემების აღრიცხვას აწარმოებდა შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ხოლო 2023 წლის 1 აგვისტოდან, თბილისის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, პარკირების სფეროს მართვა დაევალა სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს. 

 

 

 

ძირითადი მიგნებები

 

- 2018 წლიდან 2024 წლის 1 ივლისამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 3,135,618 ჯარიმა გამოწერა, რამაც 54.7 მილიონი ლარი შეადგინა.

 

- 2022 წელს, პარკირების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ზრდასთან ერთად, მკვეთრად იმატა დაჯარიმებულთა  რაოდენობამ (+35%). 2023 წელს დაჯარიმებულთა რაოდენობა დაახლოებით განახევრდა, თუმცა ჯარიმით დაკისრებული თანხა 51%-ით გაიზარდა.

 

- 2023 წელს პარკირების წესების დარღვევის გამო, სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიყვანეს 9,419 ავტომობილი.  2018  წელთან შედარებით, საჯარიმოზე გადაყვანილი ავტომობილების რაოდენობა 188%-ით არის გაზრდილი.

 

- 2024 წლის მაისის თვეში, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობდა რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები, კომპანია მაქსიმალურად თავს იკავებდა მძღოლების დაჯარიმებისგან. ამ თვეს სულ გამოიწერა 2,079 ჯარიმა და მხოლოდ 43 ავტომობილი იქნა გადაყვანილი ავტოსადგომზე.

 

- 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, თბილისში 27,614 საპარკინგე ადგილია მოწყობილი. 2018-2023 წლებში საპარკინგე ადგილების ჯამური რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა.

-სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახური არ ფლობს თბილისის რაიონების მიხედვით მოწყობილი პარკირების ადგილების შესახებ ინფორმაციას.

 

- საპარკინგე ადგილების მოწყობაზე ყველაზე დიდი თანხა 2022 წელს (640,183 ლარი) დაიხარჯა.

 

- 2018 წლის შემდეგ,  თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ  პარკირების საშვების გაყიდვით და ზონალურ საათობრივი პარკირებისას საათობრივი გადახდით მიღებულმა  შემოსავლებმა დაახლოებით 58 მილიონი ლარი შეადგინა.

 

- პარკირების კონტროლიორის პოზიციაზე ყველაზე მეტი პირი 2022 წელს იყო დასაქმებული (188 პირი). 2023 წელს მათი რიცხვი 118-მდე შემცირდა. თანამშრომელთა გადინების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს ანაზღაურების ერთიანი სტანდარტის არ არსებობა.

 

 

შეჯამება

 

წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ქალაქ თბილისში ყოველწლიურად იმატებს რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა, ხოლო მოწყობილი საპარკინგე ადგილების რიცხვი იკლებს. საპარკინგე ადგილების დეფიციტის მზარდი ტენდენცია წარმოშობს ქაოტური პარკირების დინამიკას, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ძირითადად მხოლოდ საჯარიმო პოლიტიკის გამკაცრებას უპირისპირებს.

 

ბოლო წლებში დაწყებული სატრანსპორტო რეფორმის გათვალისწინებით, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, მოსალოდნელი იყო პარკირების პრობლემის გამწვავება. IDFI მიიჩნევს, რომ თბილისში არსებული პარკირების სისტემის გამოწვევების შემსუბუქებას მნიშვნელოვნად  ხელს შეუწყობდა  საპარკინგე ინფრასტრუქტურის განვითარების  სათანადო სტრატეგიის არსებობა და საჭირო ფინანსური რესურსის ამ მიზნით გამოყოფა. პარკირების სისტემის განვითარების გარკვეული ხედვა  წარმოდგენილია  თბილისის 2023-2043 წლების სატრანსპორტო გეგმაში, სადაც ინფრასტრუქტურის განვითარებასა და დამატებითი საპარკინგე ადგილების შექმნაზე მეტად, ყურადღება გამახვილებულია დამატებითი მოსაკრებლების შემოღებასა  და ამ გზით ავტომობილით მგზავრობის შემცირების მიზნის მიღწევაზე.

 

საკითხის  სათანადო გააზრების პრობლემაზე მეტყველებს, 2024 წლის 17 ივლისს თბილისის მერის მიერ ჟურნალისტებზე გაცემული პასუხი საპარკინგე სივრცეებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რომლის მიხედვით ქალაქში პარკირების პრობლემა არ არის და არსებობს შესაბამისი სივრცეები. ამასთან, მან დამატებით განმარტა, რომ მიწისქვეშა პარკირების მოწყობასთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ შესაბამისი მცდელობები, თუმცა კერძო ბიზნესი მსგავსი შეთავაზებებით არ ინტერესდებოდა.

 

----------

 

 

              

ანალიზი მომზადდა პროექტის - „ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და გამჭვირვალობის სტანდარტების გაზრდა" - ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ვიშეგრადის გრანტების მეშვეობით. ის ასევე დაფინანსებულია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული თანამშრომლობის იდეების განვითარება. 

ანალიზის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხედულებებს. 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024