IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 31 ივლისი 2024

2024 წლის  30 ივლისს IDFI-მ უმასპინძლა ონლაინ  ლექციასა და დისკუსიას თემაზე -„კორუფციასთან ბრძოლის რეფორმები ევროინტეგრაციის გზაზე: საერთაშორისო ინიციატივები, ვალდებულებები და საქართველოს პროგრესი”. ღონისძიება გაიმართა USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორინგისთვის საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები“ - ფარგლებში.

 

ლექციისა და დისკუსიის მიზანი იყო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და საერთაშორისო ინიციატივებში მისი ჩართულობის  განხილვა.  ასევე, ევროინტეგრაციის გზაზე  კარგი მმართველობისა და კორუფციასთან ბრძოლის  რეფორმების მნიშვნელობის, ევროკომისიის მიერ ამ კუთხით გაწეული რეკომენდაციების, მათი შესრულების პროცესსა და  არსებულ საჭიროებებზე ყურადღების გამახვილება.

 

ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა გიორგი კლდიაშვილი, IDFI-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც, თავის მხრივ, კორუფციასთან ბრძოლის  10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს. 

 

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს  მოწვეულმა სპიკერებმა, რომელთა შორის იყვნენ:

 - ზურაბ სანიკიძე - კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო/OSCE);

 - რუსუდან მიხელიძე - ანტიკორუფციული ქსელის მონიტორინგის პროგრამის ხელმძღვანელი, OECD;

 - სანდრო ქევხიშვილი - ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.

 

ზურაბ სანიკიძემ  გამოსვლის ფარგლებში  ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ორგანიზაციებზე, რომლებიც ქვეყნებთან დაკავშირებით შეფასებებს გასცემენ. მომხსენებელმა დასძინა, რომ  ამ ორგანიზაციათა როლი კორუფციული ფაქტების პრევენციის საქმეში უმნიშვნელოვანესია და მათი ეფექტიანობის  განმსაზღვრელი ისიცაა, რომ  სწორედ ისინი  ქმნიან  საერთაშორისო სტანდარტებს და ეხმარებიან ქვეყნებს ერთიანი მიდგომების დანერგვაში. რაც ყოველი ქვეყნისთვის კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქმიანობისას ამოსავალი წერტილი უნდა იყოს.

 

მომხსენებელმა დაასახელა და მიმოიხილა კონკრეტულად ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამ მიმართულებით მოღვაწეობენ:

 - ევროკავშირი - რომლისგანაც საქართველომ კანდიდატის სტატუსთან ერთად მიიღო ცხრა პუნქტიანი დათქმაც, რომელიც სხვა რეფორმებთან ერთად,  ანტიკორუფციული რეფორმების გატარებასა და ინსტიტუტების ანტიკორუფიულ დამოუკიდებლობის მიღწევასაც  ითვალისწინებს.

 - ევროსაბჭო - რომლის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კანონის უზენაესობა, ანტიკორუფციული მიმართულება და ადამიანის უფლებებია. ასევე, ყურადღება იქნა გამახვილებული ვენეციის კომისიის, ევროსაბჭოს საკონსულტაციო ორგანოს, მიერ  გაკეთებულ დასკვნებზე ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით. მომხსენებელმა ასევე ხაზი გაუსვა GRECO-ს (ევროსაბჭოს კორუფციის  წინააღმდეგ  სახელმწიფოთა ჯგუფის) მანდატის მნიშვნელობასა და არსს  საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების საქმეში.

 - OECD - ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, რომელსაც შექმნილი აქვს ანტიკორუფციული  ქსელი, რომელშიც, საქართველოც მონაწილეობს.

 - ეუთო/OSCE - ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომლის ნაწილია ODIHR-ი, რომელსაც ქართულ კანონპროექტებზე არაერთი რეკომენდაცია გაუცია როგორც ცალკე, ისე ვენეციის კომისიასთან ერთად.

 

მომხსენებელმა გამოსვლის ბოლოს აღნიშნა, რომ ის, თუ როგორ მოახდენს  საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციას და რამდენად იქნება მისი კანონმდებლობა და პრაქტიკა  საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, პირველ რიგში აისახება საქართველოს შეფასებებში,  ამავდროულად ამ ყველაფერს გავლენა ექნება საქართველოს ურთიერთობებზე  სხვა ქვეყნებთან.

 

მომდევნო მომხსენებელმა - რუსუდან მიხელიძემ,  ისაუბრა  OECD-ის, როგორც  ცალკე აღებული ერთი ორგანიზაციის წვლილზე კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.  საქართველო და ევროკავშირის ასპირანტ სახელმწიფოთა უმრავლესობა OECD-ის წევრები არ არიან, თუმცა აღნიშნულ ორგანიზაციას აქვს  როგორც გლობალური, ისე რეგიონული პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც ცდილობს საერთაშორისო და საკუთარი სტანდარტები გაავრცელოს  ამ ქვეყნებში. მათ შორისაა ანტიკორფუციული ქსელი, რომლის  სამოქმედო არეალი ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპას ფარავს, საქართველო თავიდანვე  შეუერთდა ინიციატივას. მომხსენებელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორგანიზაციის სტანდარტებზე და ხაზი გაუსვა იმასაც, თუ რომელი მათგანი ეხება საქართველოს. სპიკერმა განიხილა კონვენცია საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციებში მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოთა ჯგუფი  ერთმანეთს ხვდება წელიწადში ოთხჯერ და განიხილავენ, თუ რამდენად  უახლოვდებიან ქვეყნები კონვენციის სტანდარტებს და რას აკეთებენ  ამ მიმართულებით არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. გამოსვლის ბოლოს მომხსენებელმა ისიც აღნიშნა, რომ  2021 წლიდან უკვე არსებობს  ევროკავშირისა და  OECD-ის ერთობლივი პროგრამა, რომელიც  მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყნების ხელშეწყობას ანტიკორუფციული რეფორმების გატარების კუთხით.

 

მესამე გამომსვლელმა, სანდრო ქევხიშვილმა, ისაუბრა საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის რეფორმების მიმართულებით სამოქალაქო სექტორის თვალით დანახულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე.  მან ასევე ყურადღება გაამახვილა კორუფციის ფართოდ აღქმის მნიშვნელობაზე, კერძოდ კი საჭიროებაზე, რომ მასთან  ბრძოლისას გათვალისწინებული იყოს მრავალი მიმართულება და არ განხორციელდეს  მხოლოდ წერტილოვანი  რეფორმები. სპიკერის შეფასებით, საქართველოში არსებული რეალობა აჩვენებს, რომ  წვრილმანი მექრთამეობა ქვეყანაში ნაკლებად გვხვდება და ბევრ სხვა უფრო განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით საქართველო წინ დგას ამ მიმართულებით, თუმცა  პრობლემურია მაღალ თანამდებობაზე მყოფი პირების კორუფციულ ქმედებებში ჩართვის შემაკავებელი მექანიზმების არსებობის კუთხით. დამატებით, სპიკერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოფიციალური შეფასებით, დღეს ქვეყანაში შეინიშნება  სახელმწიფო მიტაცების პრეცედენტი, რაც კორუფციის უკიდურესად რთულ და დამაზიანებელ ფორმად შეაფასა.

 

მომხსენებლების გამოსვლათა დასრულების შემდეგ ღონისძიება დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა და მონაწილეებს მიეცათ საშუალება დაესვათ კითხვები. დამსწრეთა კითხვები შეეხო ანტიკორუფციულ ბიუროს და მის საქმიანობას. გაჟღერდა მოსაზრება, რომ უმჯობესი იქნებოდა, აღნიშნული სამსახურის უფროსს პრემიერ-მინისტრი არ ნიშნავდეს. ამასთანავე, დისკუსიის ფარგლებში მონაწილეების მხრიდან გამოიკვეთა ინტერესი GRECO-ს საქმიანობასა და დეკლარაციების შევსების პრინციპებზე, რაზეც მონაწილეებს მომხსენებლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

02.12.2024

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024